ყვითელ მიკროავტობუსებში ერთადერთი რადიოს მოსმენა იქნება შესაძლებელი- იდეის ავტორი: გოგა ხაინდრავა

ყვითელ მიკროავტობუსებში ერთადერთი რადიოს მოსმენა იქნება შესაძლებელი- იდეის ავტორი: გოგა ხაინდრავა

უახლოეს მომავალში, ე.წ. ყვითელ სამარშრუტო ტაქსებში, მხოლოდ ერთი რადიოს მოსმენა იქნება შესაძლებელი. ჩვენ დავუკავშირდით ამ იდეის ავტორს, რეჟისორ გოგა ხაინდრავას და კომენტარი ვთხოვეთ:


- ეს იქნება რადიომაუწყებლობა, რომელსაც ჩვენ კომპანია "მიკროავტობუსთან" ერთად ვანხორციელებთ. რადიო სპეციალურად იმ მოქალაქეებისათვის იქნება, ყველა იმ ადამიანისთვის ვინც მიკროავტობუსით სარგებლობს.

-რეკლამა თუ გავა რადიოს ეთერით?
-ბუნებრივია, რეკლამაც იქნება.

- ბატონო, გოგა დამკვეთი, რომელსაც სწორედ ამ სეგმენტზე აქვს გათვლილი რეკლამა, სხვა კომპანიაში რეკლამას აღარ მიიტანს და ეს რაა, თუ არა მონოპოლიზაცია?
- უამრავი ტრანსპორტია და იქ არ ისმენენ რადიოს? სამი მილიონი მანქანა დადის ქვეყანაში და იქ ალბათ მოისმენენ.

- და სამარშრუტო ტაქსის მგზავრებს რომ ართმევთ ამ სარეკლამო კომპანიებს?
- მაგას მე რატომ მეკითხებით? კითხეთ იმ კომპანიას, რომელიც რეკლამას უკვეთავს. ახლა რეიტინგების მიხედვით მიაქვთ რეკლამები. საერთოდაც, ესა თუ ის კომპანია სად და როგორ მიიტანს რეკლამას, მე საიდან უნდა ვიცოდე?!

- ასეთი რამ რომ წინა ხელისუფლების დროს ექნა ვინმეს, მოიწონებდით?
- რატომ არ უნდა მომწონებოდა? თუ კარგს გააკეთებს ვინმე, ყველას ღმერთმა ხელი მოუმართოს. ეს რადიო იქნება კომფორტული მგზავრებისათვის, რადგან იგი სპეციალურად მათთვის შეიქმნება. რადიო მათ ინფორმაციას მიაწვდის და ყველანაირ ინტერესს დააკმაყოფილებს. ეს იქნება ერთადერთი რადიო, რომელიც სრულად მგზავრზე იქნება ორიენტირებული. ეთერში გასული გადაცემების ტიპაჟი კვლევების შედეგად ჩამოყალიბდება, რაც უკეთესია, რადგან დღეს მგზავრები ერთი ადამიანის, მძღოლის გემოვნებაზე არიან დამოკიდებულნი. რადიო სრულად დააკმაყოფილებს მგზავრთა ინტერესებს. მაგ. "მაკდონალდსში" თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ კოკა-კოლას დალევა, სხვა გაზიანი სასმელის შეძენა კი არ შეგიძლიათ. რა, ამ დროს ჩემი უფლებები იზღუდება? ბუნებრივია, არა. ისე არ შეიზღუდება მგზავრის უფლებაც ამ რადიოს მოსმენისას.

- ბატონო გოგა, თუ მე კოკა-კოლა არ მინდა და მსურს ლიმონათი, წავალ და სხვა დაწესებულებაში შევალ, მაგრამ თუ ფული არ მაქვს, სამარშრუტო ტაქსს ვერაფრით ჩავანაცვლებ და მომიწევს იმ თქვენი რადიოს მოსმენა, რომელიც შესაძლოა სრულიად არ მომწონს და მაინტერესებს...
- და რაა ამაში ცუდი, თუ სპეციალურად შენთვის იმ სამარშრუტო ტაქსში იქნება რადიო?! მით უმეტეს, რომ თქვენი ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული. გარწმუნებთ, ეს რადიო ყველა მგზავრს დააკმაყოფილებს.

- წინა ხელისუფლების დროს ბევრი ამბობდა, რომ სატრანსპორტო კომპანია არღვევდა მგზავრთა უფლებებს (მაგ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში რადიოს მოსმენა საერთოდ აკრძალეს) და ამის წინააღმდეგ თქვენი მეგობრებიც ილაშქრებდნენ. დღეს ამ კომპანიასთან თანამშრომლობა ერთგვარ დისკომფორტს არ გიქმნით?
-მე არ ვიცი, როდის არღვევდა ეს კომპანია ადამიანის უფლებებს, თქვენ თუ გაქვთ ეს მონაცემები იქნებ გამოაქვეყნოთ და თუ ეს კომპანია ისეთ დანაშაულს სჩადიოდა, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევაა, აუცილებლად გადავხედავთ ჩვენს ურთიერთობას ამ კომპანიასთან.

იყო თუ არა 2012 წელს ხელისუფლების მიერ სამარშრუტო ტაქსებში რადიოს მოსმენის აკრძალვა ადამიანის უფლებების დარღვევა როგორც ხელისუფლების, ისე სატრანსპორტო კომპანიისგან, ამაზე კომენტარი უფლებადამცველ ლაშა ჩხარტიშვილს ვთხოვეთ:

- რა თქმა უნდა, ეს არის ადამიანის უფლებების ცალსახა და უხეში დარღვევა, რადგანაც ესაა ინფორმაციის მიღების უფლების შეზღუდვა, აგრეთვე ეს იყო ინფორმაციის გავრცელების უფლების დარღვევა მედიასთან მიმართებაში. ძირითადად რადიო "პალიტრას" და "მაესტროს" ეხებოდა ეს აკრძალვა.

პ.ს. 2012 წელს არჩევნების წინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" 400-მდე სამარშრუტო ტაქსით ჩამოიყვანა საკუთარი მხარდამჭერები რეგიონებიდან. რამდენი გადაიხდა მაშინდელმა მმართველმა პარტიამ მათ დასაქირავებლად და რამდენად გამჭირვალე იყო ეს პროცესი, არც მაშინ და არც ახლა არავინ უწყის.