„დაუბეგრავი მინიმუმის“ გავლენით, შესაძლოა, 500 ლარი სტანდარტულ ხელფასად იქცეს

„დაუბეგრავი მინიმუმის“ გავლენით, შესაძლოა, 500 ლარი სტანდარტულ ხელფასად იქცეს

საქართველოში საკმაოდ ბევრი დაბალშემოსავლიანი ადამიანი აღმოჩნდა. „დაუბეგრავი მინიმუმის“ დაბრუნების მიზნით ბანკებსა და საშემოსავლო სამსახურის ვებგვერდზე დეკლარაციები საკმაოდ სწრაფი ტემპით ივსება. ბოლო მონაცემებით, რეგისტრაცია 325 ათასმა მოქალაქემ გაიარა. მათ მესამედზე მეტს დაუბეგრავი მინიმუმი უკვე დაუბრუნდა.

საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული შეღავათი ვრცელდება იმ ფიზიკურ პირზე, რომლის მიერ 2013 წელს მიღებული დასაბეგრი ხელფასი არ აღემატება 6000 ლარს. მაგალითად, თუ ფიზიკური პირის მიერ 2013 წელს დარიცხული ხელფასი შეადგენს 6000 ლარს და მან საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი თანხა მიიღო 4800 ლარი, უფლებამოსილია ისარგებლოს დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით.

დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების მიზნით მოქალაქეებს დეკლარაციის შევსება 30 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ. შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ წინასწარი გათვლებით, დაუბეგრავი მინიმუმი 600 ათასამდე ადამიანს დაუბრუნდება.

„არსებული მონაცემების გათვალისწინებით ნავარაუდევი იყო, რომ დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად საკმარისი იქნებოდა 160 მილიონი ლარი, დაზუსტებები დაიწყეს ბუღალტრებმა, მაგრამ ეს მნიშვნელოვნად არ შეცვლის ამ თანხას. სრულად რომ გავისტუმრებთ, შემდეგ გვეცოდინება, ზუსტად რა თანხა დასჭირდა დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებას“, - განუცხადა For.ge–ს შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა.

დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებით კმაყოფილია დაბალშემოსავლიანი დასაქმებულების უმეტესობა, ეკონომიკის საკითხთა ექსპერტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების აღნიშნული გადაწყვეტილება ეკონომიკური კუთხით გაუმართლებელია.

მიხეილ ჯიბუტი ერთ–ერთია იმ ექსპერტთაგან, ვისაც დაუბეგრავი მინიმუმის საკითხზე ხელისუფლების გემოვნება არ მოსწონს.

„მიმაჩნია, რომ არ არის საჭირო დაუბეგრავი მინიმუმი. ხელფასი უნდა იყოს ნორმალური და არ უნდა იყოს საჭირო ამგვარი შეღავათები. თუ გაქვს დაუბეგრავი მინიმუმი, ის უნდა გაიცემოდეს ხელფასის პარალელურად. ამ სახით დაუბეგრავი მინიმუმის გაცემა ეკონომიკისთვის, შესაძლოა, სიურპრიზი აღმოჩნდეს. ამ ოდენობის ფულის მასის მიმოქცევაში ერთად გაშვება ეკონომიკისთვის არასწორი ინფორმაციაა“, - განუცხადა for.ge-ს მიხეილ ჯიბუტმა. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებამ სამომხმარებლო ბაზარზე ზოგიერთი პროდუქტის ფასის ზრდა გამოიწვიოს.

მიხეილ ჯიბუტი ყურადღებას საქართველოში მოქმედ საშემოსავლო გადასახადის მაღალ განაკვეთზეც ამახვილებს და აცხადებს, რომ 20%–იანი გადასახადი საკმაოდ მაღალია. ექსპერტი მიიჩნევს, რომ საშემოსავლო გადასახადის შემცირება შესაძლებელი გახდება, თუ აღნიშნული თანხა ცენტრალურის ნაცვლად ადგილობრივ ბიუჯეტებში შევა.

 „ჯერ იყო 12%, შემდეგ, ზურაბ ნოღაიდელის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, გახდა 25%, ახლა არის 20%. ძალიან მაღალი განაკვეთია, შეიძლება ითქვას, დამანგრეველიც. არ შესრულდა წინა ხელისუფლების მიერ დანაპირები და არც ახალმა ხელისუფლებამ გაითვალისწინა საშემოსავლო გადასახადის შემცირება. საშემოსავლო გადასახადი უნდა იყოს ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლის წყარო, ამ შემთხვევაში ამ გადასახადთან დაკავშირებული ცენტრალური ხელისუფლების მადაც შემცირდება“, – აცხადებს მიხეილ ჯიბუტი.

„საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი რომან გოცირიძე კი აცხადებს, რომ თანხის უკან დაბრუნების მექანიზმი არის ტექნიკურად ძნელი, აღსარიცხად რთული და ბიუროკრატიული. საჭიროებს გარკვეულ დამატებით ხარჯებსაც. ასევე, ხელს უწყობს ხელფასების შეგნებულად შემცირებას დამქირავებლების მხრიდან და ხელზე, ე.წ. კონვერტით ანგარიშსწორების ძველი მახინჯი წესის წახალისებას.

„მომავლში გამოიწვევს დაუსაქმებელი ნაცნობ-მეგობრების და ე.წ. მკვდარი სულების ფიქტიურ გაფორმებას დაუბეგრავი შემოსავლის მიღების მიზნით, ძირითადად, საშუალო და მცირე საწარმოებში. დამქირავებელი ამ გზით შეეცდება ხელფასის ირიბ ზრდას ბიუჯეტის ხარჯზე. უბრალოდ, ხდება საგადასახადო ხვრელის გაჩენა და დანაშაულის წახალისება, რომელსაც ზოგიერთებისათვის ცუდი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ეს ცდუნებისთვის მექანიზმის შექმნას ჰგავს. დამქირავებელს ექნება სურვილი, ასევე არ გაზარდოს დაბალშემოსავლიანი მუშაკების შრომის ანაზღაურება და 500 ლარი სტანდარტულ ხელფასად იქცევა. აღნიშნული ცვლილება ნიშნავს ასევე ერთიანი გადასახადის განაკვეთიდან დიფერენცირებულზე გადასვლას, რაც არ არის სამართლიანი,“- განუცხადა for.ge-ს რომან გოცირიძემ.

მისივე განმარტებით, სოციალური საკითხების ერთადერთი მომგვარებელი არის ბიუჯეტი და არა საგადასახადო, საბაჟო თუ სხვა სახის შეღავათები. ამიტომ, დახმარება უნდა იყოს მიზნობრივი, უნდა შეიქმნას სიღარიბეში მყოფთა დადგენის გამართული სისტემა.

„სწორედ, ასეთი მექანიზმების უქონლობის ბრალია ის, რომ ვჩუქნით მაგალითად, შუქის და კომუნალური მომსახურების ვაუჩერებს იმათ, რომელთაც ძალიან უჭირთ და იმათაც, ვისაც ეს არაფერში სჭირდება. უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როცა გვინდა დავეხმაროთ ღარიბს, შედეგს კი იმკიან მდიდრები. წელს 180-200 მილიონს თუ აბრუნებენ, მომავალში იგი მეტი იქნება, რადგან იმ კატეგორიის ადამიანებიც დაემატებიან, რომლებიც დღესაც იხდიან გადასახადებს, მაგრამ ხელფასს არ იღებენ ბანკების მეშვეობით. ბიუჯეტში ეს თანხები, ერთად თავმოყრილი ერთი-ორი მნიშვნელოვანი პრობლემის სამუდამო გადაწყვეტას ეყოფოდა, მაგალითად, ჯანდაცვის ხარისხიან უზრუნველყოფას“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

„საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ დღეს ქვეყნის ბიუჯეტიდან გაუმართლებელი ხარჯების დასაფარად ვალები საკმაოდ სწრაფი ტემპით გროვდება, ასეთ პირობებში კი საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთის შემცირებაზე საუბარი არარეალურია, თუმცა, ზომიერი ბიუჯეტის პირობებში ბიზნესს მეტი ფული დარჩებოდა და ხელფასებიც 500-ლარზე გაცილებით მეტად გაიზრდებოდა, რადგან, სწორედ, გადასახადების შემცირება არის ხელფასების ზრდისთვის ყველაზე დიდი სტიმული.

„დიდი, გაბერილი ბიუჯეტი ნიშნავს კერძო სექტორში დაბალ ხელფასებს, ნაკლებ მოგებას, ნაკლებ ზრდას. დღეს ბიუჯეტიდან რა არ ფინანსდება: ხვნა, თესვა, კერძო საფეხბურთო კლუბებიც კი. აგერ ახალ სახელმწიფო ბანკს ქმნიან ისევ ბიუჯეტის ფულით. ანუ ჯანსაღმა ბიზნესმა უნდა დააფინანსოს საეჭვო და არაპერსპექტიული. სახელმწიფო ბანკს კი არ უნდა მისცე ფული, ბიზნესში უნდა დატოვო, ამ შემთხვევაში კი ხელფასებიც გაიზრდება და სამუშაო ადგილებიც“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსის განმარტებით, კანონში დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების შესახებ სპეციალური ჩანაწერი არსებობს და თუ კანონი არ შეიცვლება, შემოსავლების სამსახური დაუბეგრავ მინიმუმს მომავლ წლებშიც გასცემს.