რა ფაქტებით ხსნიან პატიმრები შინაგან საქმეთა მინისტრის სკანდალურ განცხადებებს და ვინ გადაიხადა 150 ათასი დოლარი სტამბოლის სასტუმროში სისხლიანი გარჩევის ,,სკაიპით’‘ ყურებაში
ბოლო დროს საქართველოში კრიმინოგენული ვითარების გაუარესებაზე ოპოზიცია თითქმის ყოველდღიურად ატარებს ბრიფინგს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ სტატისტიკას აქვეყნებს და აცხადებს, რომ საზოგადოებას ამგვარი დასკვნის გაკეთების ილუზია მხოლოდ იმის გამო ექმნება, რომ ნაციონალური ხელისუფლება ცხრა წლის განმავლობაში მალავდა და აყალბებდა რეალურ მონაცემებს, დღეს კი ყველა ფაქტი საჯაროა და დანაშაულის გახსნის კუთხითაც პროგრესი აშკარაა. კრიმინალური ფაქტებით პოლიტიკური ლავირება, როგორც ჩანს, ნაციონალური მოძრაობის კოზირია.
ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი კრიმინალური ფაქტები ყოველდღიურად ხმაურდება და, თუ დანაშაულის სპეციფიკას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ განსაკუთრებით გახშირდა ყაჩაღობის ფაქტები, თანაც იმდენად თავზეხელაღებული, იმდენად მოუმზადებელი და სპონტანური, რომ გარკვეული კითხვები ჩნდება. ,,საქართველოს ბანკის’‘ ოფისებზე პერმანენტულ ყაჩაღურ თავდასხმებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, გასულ კვირას მოდულის შენობის მოპირდაპირე მხარეს, 22 წლის ახალგაზრდამ აფთიაქი დააყაჩაღა _ რბილად რომ ვთქვათ, ეს იმ უწყების შეურაცხყოფის მცდელობა იყო, რომლის მოპირდაპირედაც ის აფთიაქი მდებარეობდა. მართალია, სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი მალევე დაიჭირეს, მაგრამ ამ შემთხვევის გამო, პრემიერ- მინისტრს ძალიან მძაფრი რეაქცია ჰქონია და თავისი მეგობარი ალექსანდრე ჭიკაიძეც გვარიანად დაუტუქსავს. სწორედ ამის შემდეგ ალაპარაკდა ჭიკაიძე და საგაზეთო ინტერვიუმაც არ დააყოვნა. მან მინიშნებით თქვა ის, რაც რეალობასთან ძალიან ახლოსაა, თუმცა მთავარი არ უთქვამს _ თავზეხელაღებული ყაჩაღობა კარგად მოფიქრებული გეგმის ნაწილია. სოზარ სუბართან დიდი ბოდიშის მოხდით ვიტყვით, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მობილური ტელეფონები ისევ არის და პატიმრებთან მუდმივი კავშირიც არ გახლავთ პრობლემა.
სწორედ მათი მეშვეობით შევიტყვეთ, რომ საპატიმროებში ე.წ. მალიავები მიდის და მათი გამგზავნები ,,კანონიერი ქურდები’‘ არიან. ქურდები ახალგაზრდა პატიმრებს სთხოვენ, ძველი დიდების დასაბრუნებლად აუცილებელია კრიმინალის გახშირება, რათა ხელისუფლება იძულებული გახდეს, ვითარების დალაგება ისევ ქურდებს სთხოვოს. ამ ,,სამსახურის’‘ სანაცვლოდ კი საქართველოში დაბრუნება მოითხოვონ. ყველაზე მეტად ხელისუფლებას გასულ ზაფხულს, ტურისტულ სეზონზე, გაუჭირდა. ,,ვერსიის’‘ ინფორმაციით, მაშინ საქართველოში საბერძნეთიდან და იტალიიდან სამი კანონიერი ქურდი ჩამოვიდა. მათ ერთი კვირა დაჰყვეს თბილისში და საინტერესო შეხვედრები გამართეს. შედეგად კრიმინალმა მომენტალურად იკლო. სწორედ ამ ინფორმაციამ გაჟონა ახლა და ნაციონალური მოძრაობის წევრები, რომლებიც, კრიმინალთან გამოცხადებული ომის მიუხედავად, ქურდებთან საქმიან ურთიერთობას არასოდეს ერიდებოდნენ, ამოქმედდნენ. უკრაინაში მაიდნის აქციების მხარდასაჭერად ჩასული ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ქართველ ,,კანონიერ ქურდებსა’‘ და კრიმინალურ ავტორიტეტებს შეხვდნენ. რადგან ქურდები სამშობლოში ვერ ბრუნდებიან, შუამავლის როლი ავტორიტეტებმა იკისრეს და კვირაში ერთხელ რამდენიმე ადამიანი საქართველოში ჩამოდის, შეხვედრებს მართავს და უკან მიფრინავს. სწორედ მათი დავალებაა, საქართველოში კრიმინალი გახშირდეს. უნდა გახშირდეს, კონკრეტულად, ყაჩაღობის ფაქტები, რადგან ქურდობა ძალიან არ ყვირის, იარაღით სადმე შევარდნა კი უკვე რეზონანსულია. ნაციონალური მოძრაობის წევრებს ამით სერიოზული უკმაყოფილების გამოწვევა სურთ და აკი ისმის კიდეც უკმაყოფილო მოსახლეობის განცხადებები, ძველი დრო ბრუნდებაო.
ბოლო კვირის განმავლობაში, რუსთავში, 25 ავტომობილი გაძარცვეს და აკუმულატორისა და მაგნიტოფონის გარეშე დატოვეს. რეალურად, ერთიცა და მეორეც ძალიან იაფი ღირს და მისი გასაღება პრობლემაა, მაგრამ შეგრძნება, რომ ავტომობილს მშვიდად ვეღარ დატოვებ, მინიმუმ დისკომფორტს იწვევს. რუსთავში ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება. აქეთ გაფიცულ მძღოლთა პრობლემა, იქით კრიმინალი და წინასაარჩევნოდ ქვემო ქართლის რეგიონში არსებული ქართველებით ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის დაკარგვის სერიოზული პრობლემა დგას. იგივე ითქმის სამცხე- ჯავახეთზეც, სადაც ნაციონალურ უმცირესობას გიგი უგულავა შეხვდა და, მართალია, იქიდან გამოსულს საპროტესტო აქცია დაახვედრეს, სათქმელი მაინც ითქვა. უგულავა ნაცუმცირესობით დასახლებულ რაიონებში მუდმივად ჩადის. ეს ოფიციალურად არ შუქდება, მაგრამ მარნეულის მოსახლეობა ამბობს, რომ თბილისის ყოფილ მერს ქალაქში, მინიმუმ ორჯერ ხედავენ, იქით გარდაბნელები იმეორებენ იგივეს და ბოლნისსა და დმანისშიც დაგვიდასტურეს, რომ უგულავა მათი რაიონების ხშირი სტუმარიცაა. როგორც ჩანს, ნაცუმცირესობასთან მუშაობა სწორედ გიგის ავალია მაშინ, როცა ზემოხსენებული თემა მთლიანად საკუთარ თავზე აიღო გივი თარგამაძემ. საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე ორი კვირით ადრე სააკაშვილმა 150-ზე მეტი პატიმარი ე.წ. სპეცშეწყალებით გაუშვა და მათ შორის რამდენიმე ისეთი კრიმინალიც მოხვდა, რომელსაც 30 წელი ჰქონდა მისჯილი. ორი მათგანი უკრაინაში ცხოვრობს და გასულ კვირას ორივე თბილისში იმყოფებოდა. ერთ-ერთს, რომელიც ძალიან გახმაურებული საქმისთვის იხდიდა სასჯელს, საქართველოში დაჭერის შიშით დაბრუნება არ სურდა, მაგრამ მას სამდღიანი ხელშეუხებლობის გარანტია სწორედ თარგამაძემ მისცა და შეუსრულა კიდეც. როგორ და რა გზებით მოახერხა ვასილიჩმა ეს, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ მოახერხა და კრიმინალებმა თბილისსა და რუსთავში ძალიან საინტერესო შეხვედრები გამართეს. სხვათა შორის, არც თურქულ და არც ქართულ მედიას არ გაუშუქებია ის ფაქტი, რომ ერთი თვის წინ, სტამბოლის ერთ-ერთ სასტუმროში, ორი ქართველი კრიმინალი დანით დაჩეხეს. ერთ-ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი, ქუთაისის მკვიდრი, გადარჩა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ისინი სკაიპით თბილისს ესაუბრებოდნენ და აქეთა მხარემ სისხლიან გარჩევას პირდაპირ ეთერში უყურა. ჩვენი ინფორმაციით, თავდამსხმელებს შორის ერთი ის პიროვნება იყო, რომელიც საქართველოში უკრაინიდან გასულ კვირას ჩამოვიდა და ქვეყანა უკვე დატოვა. საქმის სანაცვლოდ კი 150 ათასი დოლარი მიიღო მისგან, ვინც კომპიუტერით ამ სისხლიან გარჩევას უყურა. ალექსანდრე ჭიკაიძემ, სავარაუდოდ, იცის რაც ხდება, თუმცა უცნობია, როგორი იქნება, ხელისუფლების სამოქმედო გეგმა. ისეა თუ ასე, გახშირებული ყაჩაღობის რიცხვი უფრო მოიმატებს და ,,მალიავებით’‘ შეგულიანებული ახალგაზრდა კრიმინალები, რომლებსაც ორ ჯადოსნურ სიტყვას _ ,,ქურდულს სჭირდება’‘ ეუბნებიან, მოდულის წინ კი არა, საქმე საქმეზე თუ მიდგა, მოდულის შენობაშიც იყაჩაღებენ.