[ნიკა ასლანიძე]
რეგიონებში საბავშვო ბაღების გადასახადი იზრდება, თბილისში კი ამ კუთხით ჯერ კიდევ “ბრძოლა” მიმდინარეობს. საკრებულომ მუნიციპალური სკოლამდელი დაწესებულებების სავალდებულო დაფინანსების პროექტი არ დაამტკიცა. პროექტი რესპუბლიკელი თინა ხიდაშელის მიერ იყო მომზადებული.
საკრებულოს სხდომაზე ხიდაშელი ითხოვდა 2011-14 წლებში თბილისის ბიუჯეტიდან მუნიციპალური სკოლამდელი დაწესებულებების დაფინანსება სავალდებულო წესით მომხდარიყო. კერძოდ, არ დაწესებულიყო არანაირი გადასახადი, გარდა არასტანდარტული მომსახურების გადასახადისა.
საკრებულოს სხდომაზე ითქვა, რომ 2011-14 წლების შესაბამისი დაფინანსება თბილისის ბიუჯეტში ისედაც გათვალისწინებულია და ეს პროგრამა ერთ-ერთ პრიორიტეტად არის გამოცხადებული. ამდენად, იგივე შინაარსის აქტის მიღება საკრებულოს წევრებმა მიზანშეწონილად არ სცნეს.
გარდა ამისა, საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარე ვატო ნაცვლიშვილმა თავად საკანონმდებლო პროექტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები გამოთქვა. მისი განმარტებით, ხიდაშელის მიერ წარდგენილი პროექტი სამართლებრივი კუთხითაც გარკვეულ ხარვეზებს შეიცავდა.
ეს ნიშნავს, რომ დედაქალაქის მთავრობა მართლაც ფიქრობს საბავშვო ბაღებში გადასახადების შემოღებაზე. ხიდაშელის ცნობით, ქალაქის ხელმძღვანელობა სახელმწიფო ბაღებში ყოველთვიურად 30-50-80 ლარის ოდენობით გადასახადის დაწესებას აპირებს.
მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა კი აცხადებს, რომ ხიდაშელის ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება. “სახელმწიფო საბავშვო ბაღებში გადასახადი არ დაწესდება, ბაღებს არავინ აძვირებს. პირიქით, სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებისთვის ეს ბაღები გაცილებით ხელმისაწვდომი იქნება”, - აღნიშნა ქაცარავამ.
იგი სოციალურად დაუცველი რამდენიმე ათასი ბავშვის პრობლემასაც ეხმაურება. მისი თქმით, გადავსებული სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გამო, სოციალურად დაუცველი ბავშვები ბაღებში ვერ დადიოდნენ. ამის მიზეზი ის იყო, რომ სახელმწიფო ბაღების გარემონტების გამო მშობლებმა კერძო ბაღებიდან სახელმწიფო ბაღებში გადაიყვანეს შვილები.
ქაცარავას განცხადებით, სოციალურად დაუცველი ბავშვების მიღება ამიერიდან სირთულეს არ წარმოადგენს. შესაძლოა, ამ მიზნით, დედაქალაქს რამდენიმე ბაღიც შეემატოს.
დედაქალაქში ხელისუფლების წარმომადგენლები თავს მაინც იმართლებენ, რეგიონებში კი პირდაპირ გაძვირებები მიმდინარეობს. 2011 წლის დადგომისთანავე ქვეყნის სხავადასხვა ქალაქებში მეთოდურად დაიწყო ბაღის გადასახადის მატება. ამჯერად აჭარის ჯერია.
როგორც ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “ბათუმის” თავმჯდომარემ ნაზი ქობულაძემ განაცხადა, პირველი მარტიდან ბათუმის საბავშვო ბაღებში გადასახადი 10 ლარით იზრდება. მისი თქმით, ბათუმში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები უკვე ფასიანია და მისი გადასახადი 25 ლარს შეადგენს.
ქობულაძემ თვითმმართველობისგან კატეგორიულად მოითხოვა საფასურის ზრდის შეჩერება, რადგან, როგორც აღნიშნა, მძიმე სოციალური ფონის გამო მოსახლეობას დაწესებული 25 ლარის გადახდაც უჭირს.
“ცალკე პრობლემაა ის, რომ საბავშვო ბაღების გაერთიანების შედეგად, სკოლამდელ დაწესებულებებში კადრების შემცირება დაიწყო, რასაც თანხის დაზოგვა უნდა გამოეწვია. ამასთან, მიმდინარე წლის ბიუჯეტში საბავშვო ბაღების დაფინანსება გაიზარდა, თუმცა ამას მშობლებისთვის შეღავათი არ მოუტანია”, - აღნიშნა ქობულაძემ.