პატიმარი ლაშა შავაძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მსჯავრდებული ამბობს, რომ პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ირაკლი ფირცხალავამ (ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, რომელიც გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს) მას მოკლული ახალგაზრდის, ბუტა რობაქიძის დედის ლიკვიდაცია დაავალა. პატიმარი უკვე დაკითხა სახალხო დამცველმა. ინფორმირებულია პროკურატურაც, - Ambebi.ge-სთან ინტერვიუში 2004 წლის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი ამბობს, რომ ლაშა შავაძის ინფორმაციის სისწორეში დარწმუნებულია და პატიმრის ნაამბობი პირადად შეატყობინა მთავარი პროკურორის მოადგილეს, ირაკლი შოთაძეს. ლაშა შავაძის ინტერვიუ პრესაშიც გავრცელდა. იგი ჯერ ხონის დაწესებულებაში იყო მოთავსებული, ამის შემდეგ კი სასჯელს რუსთავის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის.
ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი: ეს პატიმარი 8-9 თვეა მიკავშირდებოდა და მიყვებოდა, რომ მას ფირცხალავამ ჩემი მკვლელობა დაუკვეთა. თავიდან ყურადღება არ მივაქციე, ჩავთვალე, რომ პატიმარია და თავისი პირადი ინტერესებისთვის რაღაცას იგონებდა. მერე უკვე, ხშირად რომ მირეკავდა და ითხოვდა ადვოკატების და პროკურორის შესვლას, ძალიან დამაჯერებლად საუბრობდა. დავრწმუნდი, რომ მართალია, რასაც ის ამბობს.
- რა გითხრათ პატიმარმა, შეგიძლიათ გაიხსენოთ?
- მისი ინფორმაციით, სცენარი ასეთი იყო, მაღაზიაში უნდა შემომყოლოდა, ისიც მითხრა, რომ ფირცხალავასთან შეხვედრაზე უთხრეს, რომ მასტერა მისცემდა მას იარაღს. ეს ბიჭი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო და ამიტომ აარჩიეს. სცენარის მიხედვით, მას უნდა გაეთამაშებინა მაღაზიაში ბანდიტური თავდასხმა და ჩემთვის ესროლა, სანაცვლოდ კი, შეუხებლობას და ნარკოტიკებს სთავაზობდნენ. როგორც ყვება, ეს 2008 წლის აგვისტოს ომამდე ხდებობა და ომის გამო ხელი შეეშალათ გეგმის განხორციელებაში.
- თქვენ ახსენეთ, რომ ადვოკატების და პროკურორის შესვლა მოითხოვა პატიმარმა. მოჰყვა ამას რეაგირება?
- დიახ, მან ჩვენება მისცა ადვოკატებს, შემდეგ მე ეს ჩვენება გადავეცი ომბუდსმენს. პირადად ვესაუბრე ბატონ უჩა ნანუაშვილს და ვუთხარი, რომ შესულიყვნენ და გაერკვიათ. ორჯერ იყვნენ ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები შესული და ეს ჩვენება გამოიტანეს. ეს ბიჭი ჩემს გარდა, ძალიან ბევრ რაღაცებზე ლაპარაკობს, მათ შორის ვაზაგაშვილის საქმეზეც. ამ ბიჭმა თვითონ მომიყვა, რომ ფირცხალავა იყო იმ ოთახში, სადაც შეიყვანეს და სადაც უხსნიდნენ, როგორ უნდა მოეწყო ლიკვიდაციის სცენა. ამას ეუბნებოდა ფირცხალავა. ვერ დავადასტურებ, რომ გადაჭრით ასე იყო, ამისთვის ინფორმაცია უკვე მივაწოდე პროკურატურას. ვესაუბრე მთავარი პროკურორის მოადგილეს ირაკლი შოთაძეს, რომელმაც მითხრა, რომ პროკურორს გაგზავნის ლაშა შავაძესთან. პატიმარი ამბობს, რომ ვერაფრით ვერ გამაჩერებენო, ძალიან ნაწამები ვარო. ამ ეტაპზე მას ამ ყველაფრის მოგონება არაფერში სჭირდება, იმიტომ რომ მალე თავისუფლდება. ძალიან დამაჯერებელია ისიც, რომ 2008 წელი იყო, ომი დაიწყო და ხელი შეეშალათ – ჩემი ლიკვიდაციისთვის არ ეცალათ.
ბევრი საშუალება არსებობს,- ქიმიური ნივთიერებებით, რაც ადამიანის სიკვდილს იწვევს. ალბათ ქიმიური რაღაც შეყარეს და რაღაც დაემართა ირინა ენუქიძეს. მე ველოდებოდი მთელი ჩემი აქტიურობის მანძილზე, რომ რაღაცას მომიწყობდნენ. იგივე ფორმით არა, მაგრამ მილიონი საშუალება არსებობს. თუნდაც ფონდი "ქომაგის" შემქნის შემდეგ, აქეთ-იქით ორ-ორი მანქანა მყარაულობდა და ისეთი დაძაბული პერიოდი მქონდა, რომ სახლში დავბრუნდებოდი თუ არა, არ მეგონა. ეს პატიმარი ხშირად მირეკავს და საუბარშიც ვატყობ, რომ სიმართლეს ყვება და უკვე ყველამ იცის, გამოიძიონ.
- ოფიციალურად მიმართეთ პროკურატურას?
- არ ვაპირებ. ჯერ ჩემი შვილის საქმე არ გამოუძიებიათ, ის არ არის ბოლომდე მისული. ნეტავ ის მიიყვანონ ბოლომდე. გახმაურდა ეს ფაქტი, უკვე ყველამ იცის და თუ უნდათ გამოიძიონ.
- სანამ ამ ამბავს გაიგებდით, შეგიძლიათ გაიხსენოთ ბუტას საქმეზე ირაკლი ფირცხალავასთან როდესმე გქონიათ შეხება?
- ეს ფირცხალავა საერთოდ არ ვიცოდი მე ბუტას საქმეში თუ არსებობდა. ის გამოჩნდა გურამ დონაძესთან ერთად, ვითომ რაღაც ფირი რომ გამოაქვეყნეს და საზოგადოების დაბნევა უნდოდათ. მერე გავარკვიეთ, რომ ბუტას მკვლელობის დროს, ფირცხალავაც იქ ბრძანდებოდა და პოლიციის დიდუბე-ჩიღურეთის რაიონის სამმართველოს უფროსი იყო. აღმოჩნდა, რომ მაგან და გვაზავამ მოატანინეს ტყვიები ბუტასთვის ჩასადებად.
- რაც შეეხება თქვენი შვილის საქმეზე სასამართლო განხილვების დაწყების გაჭიანურებას, ამაზე როგორია თქვენი პოზიცია?
- ჩემთვის გაუგებარია, ამდენი ხანი რატომ დასჭირდა ასეთ გახმაურებულ საქმეებს, რომ აქამდე არ მოხდა ამ ყველაფრის ბოლომდე მიყვანა. იმედი მაქვს, რომ მალე დაიწყება. მირჩევნია, პროკურატურამ დროში გაწელოს და მომზადებული შევიდეს სასამართლოში, ვიდრე დამნაშავეები სასამართლოდან გაათავისუფლონ.