,,მოვითხოვ, ან მე დამიჭირონ ცილისწამებისთვის, ან დამნაშავეები დაისაჯონ!’‘

,,მოვითხოვ, ან მე დამიჭირონ ცილისწამებისთვის, ან დამნაშავეები დაისაჯონ!’‘

ლევან ანჯაფარიძემ  კულტურის სამინისტროსთან უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო

ცნობილმა რეჟისორმა და სცენარისტმა, ლევან ანჯაფარიძემ კულტურის სამინისტროს წინ უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო. მისი მტკიცებით, უწყებაში კონკურსები უსამართლოდ ტარდება და სახელმწიფო დაფინანსებაც წინასწარ განსაზღვრულ ადამიანებზე ნაწილდება. რეჟისორი კულტურის სამინისტროსა და კინოცენტრში არსებული ვითარებით დაინტერესებისკენ პრემიერმინისტრსაც მოუწოდებს, პროკურატურისგან კი, სახელმწიფო სუბსიდიის განიავების გამო, დამნაშავეების სათანადოდ დასჯას ითხოვს. ვის ლობირებს კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და რა დარღვევები ფიქსირდება უწყებაში, ,,ვერსია’‘ ლევან ანჯაფარიძეს ესაუბრა.      
 
- კულტურის სამინისტროში ხელოვანებს ან საერთოდ ვერ ამჩნევენ, ანდა შეურაცხყოფას აყენებენ და დასცინიან. როგორც მაჰათმა განდიმ თქვა _ ეს არის ბრძოლის გზა გამარჯვებისკენ. ჩვენც სწორედ ამ გზას მივყვებით. კულტურის სამინისტრო და კინოცენტრი ათი წლის განმავლობაში ჩვენ მიერ გახმოვანებულ დარღვევებზე საერთოდ არ რეაგირებდა, დღეს კი, როცა მათ წინააღმდეგ სასამართლო პროცესის მთავარი სხდომა მოახლოვდა, სამინისტროს თანამშრომლები და საჯარო მოხელეები პრესკონფერენციებს ინტენსიურად ატარებენ, რაც სასამართლოზე ზეწოლის პირდაპირი მცდელობაა. მოგეხსენებათ, კინოცენტრში აუდიტის მიერ აღმოჩენილი დარღვევები სასამართლოში მტკიცებულებად უკვე დევს, ამიტომ ცდილობენ, წინა ხელისუფლების მიერ დანერგილი პრაქტიკა გამოიყენონ და მოსამართლეებს მიანიშნონ, კულტურის სამინისტროსა და კინოცენტრის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება არ გამოიტანოთო.        
- კულტურის სამინისტროში დღემდე ამტკიცებენ, რომ თქვენ სცენარის დაფინანსებისთვის 750 ათას ლარს ითხოვთ და საპროტესტო აქციებიც სწორედ ამ მიზნით განაახლეთ.          
- ამ ეტაპზე, სცენარის დაფინანსება ჩემთვის მეათეხარისხოვან საკითხად იქცა, რადგან ზედაპირზე უამრავი სიბინძურე ამოტივტივდა. ვინც ჩემ სცენარზე დღემდე აპელირებს, ამიხსნას, რატომ დააფინანსა კულტურის სამინისტრომ და კინოცენტრმა ინგლისურენოვანი ფილმი ,,ეპიკა’‘ უკონკურსოდ, მით უმეტეს, რომ მისთვის 2012 წლის 10 ოქტომბერს, ვანო მერაბიშვილმა პრემიერის თანამდებობიდან გადადგომამდე ათი დღით ადრე, 200 ათასი ლარი გამოყო. მოგვიანებით, კულტურის სამინისტრომ იგივე სცენარზე 800 ათასი ლარი გაწერა, საბოლოოდ კი, 700 ათასი ლარით დააფინანსა. ჩემმა კოლეგებმა კარგად იციან, ქართველი რეჟისორები 200 ათას ლარად ფილმებს ვიღებთ, კულტურის სამინისტრომ კი ეს თანხა მხოლოდ კოსტუმებისა და გადასაღები ობიექტების მოსაძებნად გამოყო. ამ პროექტს მანანა ბერიკაშვილი ლობირებდა. რაც მთავარია, კონკურსგარეშე დარჩენილ ფილმში ქართული არც სული და არც შინაარსი დევს. მასში არც ერთი მსახიობი და პროფესიონალი არ მონაწილეობს, მხოლოდ პროდიუსერის _ ვლადიმერ კაჭარავას სახელი ფიგურირებს, რაც უკვე საეჭვოა. ან რატომ უნდა გადაეხადა საქართველოს 700 ათასი ლარი ინგლისურ ფილმში, ინგლისელები ჩვენზე ღარიბები არიან?! ამიტომაც ვითხოვთ, კულტურის სამინისტრომ აგვიხსნას, რატომ დაინტერესდა ასე ძალიან ,,ეპიკის’‘ გადაღებით, რა იდეა დევს მასში და ვინაა მისი ავტორი ბენ ჰოპკინსი. 
         
- კულტურის სამინისტრომ ეს მასალები სასამართლოშიც არ წარადგინა?      
- არა, კულტურის სამინისტრო არ ასაჯაროებს დოკუმენტს, სადაც მითითებულია, ვინ გასცა 700 ათასი ლარი ინგლისურენოვან ფილმზე. თანაც ,,ეპიკის’‘ გარდა, კინოცენტრში უამრავი სხვა დარღვევაც ფიქსირდება. არავინ აკონტროლებს, როგორ ფინანსდება სცენარები კოლოსალური თანხებით. გაჩნდა ფავორიტი სტუდიები, რომლებსაც ნანა ჯანელიძე ლობირებს. ჩვენმა ჯგუფმა კინომაფიის მიერ შემუშავებული სქემა გაშიფრა: თითო სტუდიას ორ-ორი პროექტის შეტანის უფლება მისცეს, შესაბამისად, მათი რაოდენობა 40- მდე გაიზარდა. ხელოვანებს ვერ გავამტყუნებ, დღეს ფილმის გადაღება ყველას უნდა, მაგრამ ჯანელიძის ფავორიტ სტუდიებში სახელმწიფო ფული უკანონოდ ტრიალებს.     
    
- რატომ ხართ წინააღმდეგი, კინოცენტრმა რამდენიმე პროექტი ერთდროულად დააფინანსოს, ნანა ჯანელიძე ამტკიცებს, რომ მსგავსი დამოკიდებულებით ახალგაზრდა რეჟისორებს ებრძვით.           
- მაგ სიმართლით იაროს ნანა ჯანელიძემ! მაინტერესებს, კულტურის სამინისტროსა და კინოცენტრში რომელიმე თანამშრომელმა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში დარიგებული ყალბი დიპლომების სკანდალზე ხმა ამოიღო?! თუ ამის შესახებ არაფერი სმენიათ, ჩვენ გავაგებინებთ! საბედნიეროდ, მარტო არ ვარ, ჩემ გვერდით აღნიშნული უნივერსიტეტის მასწავლებლები, რეჟისორები, მხატვრები, დრამატურგები, კინოპროფესიონალები და, რაც მთავარია, ის ხალხი დგას, ვისაც სამართალი სწყურია. ასე რომ, ახალგაზრდობას სწორედ ქალბატონი ნანა ებრძვის, ჩვენ კი ვცდილობთ, გზა გავუკაფოთ და ეს უზნეობა დავასრულოთ. ნანა ჯანელიძეს იმის თავხედობაც ეყო, აუდიტის სამსახურის დასკვნაზე ეთქვა _ ეს მხოლოდ რეკომენდაციებია და სურვილის შემთხვევაში გავითვალისწინებო. ამაზე ნანა ჯანელიძის მოადგილემ, უვიცმა იურისტმა ნანა კუხალაშვილმა ისაუბრა. ორივე უწყებაში პროექტების დასაფინანსებლად შემდეგი სცენარი შემუშავდა: ჟიურის წევრებად რამდენიმე პროფესიონალს იწვევენ, რომლებმაც, დარწმუნებული ვარ, არ იციან, რა თამაშში მონაწილეობენ. დანარჩენ წევრებს კი საახლობლოდან არჩევენ. მათ წინასწარ იციან, კონკურსში რომელმა პროექტმა გაიმარჯვოს, ამიტომაცაა, ეს პარაზიტები არასასურველ რეჟისორებს გულუხვად უწერენ სამიანებს, ორიანებს, ერთიანებსა და ხშირად, ნულებსაც, უნიჭო პროექტებს კი სახელმწიფო ფულით სოლიდურად აფინანსებენ. არის შემთხვევები, როცა კონკურსში ერთი სუბიექტი იმარჯვებს, დაფინანსებას კი ისეთ ორგანიზაციას ურიცხავენ, კონკურსის შემდეგ რომ ჩამოყალიბდა. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. არის შემთხვევები, როცა კონკურსში თვითონ ჟიურის წევრი იმარჯვებს.   
      
- შეგიძლიათ, დაასახელოთ ის კონკრეტული პირები, თქვენ მიერ გაშიფრულ სქემებში რომ ფიგურირებენ?         
- მაგალითად, ლევან კოღუაშვილი, თითოეულის დასახელება შემიძლია, პრობლემა არ არის, ეს მასალები სასამართლოშია. კომისიის წევრები თავმჯდომარის პროექტებს უმაღლეს ქულებს უწერენ და აფინანსებენ. კერძოდ, ბუბა ხოტივარი თავისივე პროექტს აფასებს და აფინანსებს. სხვათა შორის, ეს დარღვევა გაგვეპარა, მაგრამ კულტურის სამინისტრომ თვენახევარში პროექტი მაინც დააფინანსა, რაც კრიმინალია! საეჭვოა, კონკურსის წარმოების თვითშეფასების ფორმულირებაც, სადაც თითქმის ერთი- ერთზე ემთხვევა სცენარისტისა და რეჟისორის ხედვები. არადა, არ არსებობს ორი რეჟისორი სხვადასხვა სცენარს ერთნაირად ხედავდეს, წარმოუდგენელია! ეს სქემა ერთი ადამიანის დაწერილს ჰგავს, მაგრამ მას ჯერჯერობით არ დავასახელებ, რადგან გამოძიებამ უნდა დაამტკიცოს. კინოცენტრი დღემდე უარს ამბობს დედნების წარმოდგენაზე. ამაზე მეტი რაღა გითხრათ? მინდა, პრემიერ- მინისტრს მივმართო: ბატონო ირაკლი, გთხოვთ, პირად კონტროლზე აიყვანოთ კულტურის სამინისტროსა და კინოცენტრში არსებული ვითარება. ვიცი, ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, რომელსაც აუცილებლად ერთად დავძლევთ, მაგრამ ჩვენი თხოვნა ქართულ კულტურასა და ხელოვნებას ეხება. ბრენდი ,,ქართული ფილმი’‘ უნდა აღორძინდეს, ვირთხები კი სახელმწიფო სუბსიდიებს ფლანგავენ და ანიავებენ. ამ ყველაფერს ბოლო უნდა მოეღოს და კულტურის სამინისტროსა და კინოცენტრში პროკურატურა უნდა შევიდეს! მოვითხოვ, ან მე დამიჭირონ ცილისწამებისთვის, ან დამნაშავეები სათანადოდ დაისაჯონ.   
    
- კულტურის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა, ამბობენ, შვებულებაში გასული გურამ ოდიშარია პოსტზე აღარ დაბრუნდებაო და ,,ფავორიტების’‘ პოლიტიკა მაინც გრძელდება?         
- ზოგიერთები გურამ ოდიშარიას დაბრუნდებით იმუქრებიან! მანანა ბერიკაშვილი ღიად ამბობს, დიახაც, ნანა ჯანელიძეს ვლობირებ და ეს მომავალშიც გაგრძელდებაო. მე კი გპირდებით, რომ ნანა ჯანელიძის უკანონობაზე პასუხისგება მის ლობისტებსაც მოუწევთ. კულტურის სამინისტროსთან კარვები გავშალეთ. ადრე მარტო ვშიმშილობდი, ახლა კი ბევრნი ვართ. ჩემთან ერთად არიან რეჟისორები, მხატვრები და დრამატურგები. შიმშილობას არ ვაპირებ, რადგან მე კი არა, მანანა ბერიკაშვილმა უნდა იშიმშილოს. კულტურის სამინისტროს წინ მანამდე ვისხდებით, ვიდრე სიმართლე არ გაიმარჯვებს.