„მცხეთა იქ არის, სადაც ღმერთნი ღმერთობენ და მეფენი მეფობენ“

„მცხეთა იქ არის, სადაც ღმერთნი ღმერთობენ და მეფენი მეფობენ“

ამიერიდან მცხეთას წმინდა დედაქალაქი ეწოდება. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა.

უწმინდესმა კათოლიკოს მელქისედეკ პირველის (მე-11 საუკუნე) ანდერძზეც ისაუბრა, რომელიც, მისივე თქმით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს. სწორედ ამ ანდერძში მელქისედეკ კათოლიკოსი ასახელებს სოფლებს, აგარაკებს, რომელიც მან ეკლესიას შესწირა და ამბობს, რომ ვინც მის შემდგომ იქნება, ანდერძი აღასრულოს. ანდერძში მელქისედეკ კათალიკოსი მცხეთას წმინდა ქალაქად მოიხსენიებს.

„სადაც კი ახსენებს მცხეთას, ამბობს - წმინდა დედაქალაქი მცხეთა, ეს მცხეთის უძველესი სახელწოდება იყო. ამიტომ ჩვენ მივიღეთ განჩინება, რომ ამიერიდან აღდგეს მცხეთის სრული ტიტული და მას ეწოდოს წმინდა დედაქალაქი მცხეთა, როგორც მელქისედეკ პირველი ამბობს“, - განაცხადა ილია მეორემ.

ცნობილია, რომ სწორედ მელქისედეკ პირველის დროს აშენდა სვეტიცხოველი იმ სახით, როგორც დღეს არის. მანამდე, წმიდა ნინოს პერიოდში, მეფე მირიანმა ამ ადგილას ხის პირველი ეკლესია ააგო, შემდეგ ვახტანგ გორგასალმა ქვის პირველი ტაძარი ააშენა, რომლის ნაშთები დღესაც იხილვება სვეტიცხოველში. მოგვიანებით კი მელქისედეკ პირველმა ააშენა დიდი სვეტიცხოველი.

რაც შეეხება მცხეთის გამორჩეულობას, ეს სვეტიცხოველში დავანებულ უფლის კვართს უკავშირდება. კვართი ყველაზე დიდი სიმდიდრეა, რაც მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებიდან, მის ამაღლებამდე დარჩა. თუმცა მსოფლიოში არსებობს სხვა სიწმინდეებიც, მათ შორის, სამსჭვალი, შუბი, ნახევრად მითიური თასი, რომელსაც მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში ეძებდნენ. ასევე, უდიდეს სიწმინდედ ითვლება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში დაცული ეკლის გვირგვინი. ამის მიუხედავად, სწორედ კვართის ხილვის გამო გამოემართა წმიდა ნინო საქართველოსკენ...

გადმოცემით, მცხეთაში სვეტის ამაღლების დროს წმიდა ნინოს ჩვენება უხილავს, თითქოს მტკვარი და არაგვი ადიდდა და ყველაფერი წალეკა. როგორც განმარტავენ, ეს კეთილი ჩვენება იყო, რაც მხოლოდ წმიდა ნინოს ეუწყა და რაც მოასწავებდა, რომ მდინარეები განბანდნენ იმ ბიწიერებას, რაც თავის დროზე კერპთაყვანისმცემლობამ დანერგა.

რაც შეეხება პატრიარქის მიერ მცხეთისთვის წმინდა ქალაქის ტიტულის მინიჭებას, საინტერესოა, რას შეცვლის ეს მცხეთისთვის?! დაიცავს თუ არა მას პერიოდული ხელოვნური ჩარევისგან, რაც ისტორიულ დედაქალაქს თავის პირვანდელ იერს უკარგავს?!

For.ge-სთან საუბარში სამების ტაძრის დიაკონი მამა ელიზბარ დიაკონიძე აცხადებს, რომ ამ სტატუსის მინიჭება მცხეთისთვის დაგვიანებულიცაა და დიდი ხანია, ქალაქი მცხეთა წმინდა ქალაქის სტატუსს იმსახურებდა. უბრალოდ, ანგარიშს უწევდნენ ყველაფერს - ხელისუფლება რას იფიქრებს... სხვა მართლმადიდებლური სახელმწიფოები როგორ იფიქრებენ... - ამის გამო ეს საკითხი გადავადდა. თუმცა სახელწოდება „წმინდა ქალაქი“ სიკეთეს მოუტანს არა მარტო მცხეთას, არამედ მთელ საქართველოს. ეს გამოცხადება ადამიანთა მიერ აღიარებას ნიშნავს, თორემ მცხეთა ისედაც წმინდა ქალაქია, რადგან აქ უფლის კვართია დავანებული და მას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

„ძველი დროიდან მოყოლებული, წმინდა ქალაქ მცხეთას მეორე იერუსალიმს ეძახდნენ, რადგან პირველ იერუსალიმში, ანუ უწმინდეს ქალაქში იშვა უფალი იესო ქრისტე და დაიფლა იქ, ხოლო მისი კვართი წამობრძანდა და მცხეთაში დაიფლა. ამიტომაც უფალი მეორედ მოსვლის ჟამს, პირველ რიგში, იმ ადგილს მოიკითხავს, სადაც მისი ტანსაცმელი, ანუ მისი კვართი ბრძანდება. ქართულ ცნობიერებაში ჩვ. წ. აღ-მდე მცხეთა ღმერთთა ქალაქი იყო. აქ იყო ძველი კერპები, რომლებიც წმიდა ნინოს ლოცვამ დაამსხვრია. სალომე უჯარმელი როცა აღწერს წმიდა ნინოს მოგზაურობას, განმარტავს, ფარავნის ტბასთან მისულ წმიდანს მწყემსნი შეეგებნენ. მან ჰკითხა, საით ბრძანდება წმინდა ქალაქი მცხეთა, მწყემსებმა სიამაყით უთხრეს, მცხეთა იქ არის, სადაც ღმერთნი ღმერთობენ და მეფენი მეფობენო. მხოლოდ ამის შემდეგ აუხსნეს გეოგრაფიულად, როგორ მისულიყო მცხეთამდე. ეს ნიშნავს, თუ რა არის ჩვენთვის მცხეთა. იერუსალიმში უფლის საფლავი ბრძანდება, ხოლო მცხეთში - მისი კვართის დიდება“, - გვითხრა მამა ელიზბარმა.

ისტორიის მეციერებათა დოქტორი დიმიტრი შველიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მცხეთას ქართველი ხალხისთვის ისედაც სხვა დატვირთვა აქვს და სხვა ქალაქებისგან განსხვავდება. იგი ძველი ქართული სახელმწიფოს პირველი დედაქალაქია. ამავდროულად, ძველი ღმერთების ცენტრია.

„მეფე მირიანის დროს დედაქალაქი მცხეთა იყო. თავისუფლად შეიძლებოდა, მე-11-12 საუკუნეებში გაჩენილიყო იდეა, ან ამბიცია, რომ ქალაქი მცხეთა წმინდა ქალაქად გამოცხადებულიყო. იმ დროის ქართული სახელმწიფო აღმავალ პროცესში იყო და „სხვა ათინად“ და „სხვა იერუსალიმად“ შეპაექრებას ცდილობდა. წმინდა ქალაქის სტატუსი სოციალურად შეიძლება დიდს არაფერს ნიშნავდეს თუნდაც არაბების, ბერძნების და იტალიელებისთვის, რომლებსაც, ასევე, აქვთ თავიანთი წმინდა ქალაქები, მაგრამ ეს არის საეკლესიო რელიგიური ცენტრები. მცხეთის შემთხვევაში კი, ხაზი ესმევა მცხეთის უძველეს ტრადიციულობას, რელიგიური თვალსაზრისით, გნებავთ, წარმართობის და გნებავთ, ქრისტიანობის ხანაში. ეს არის მცხეთის საკრალურ ქალაქად გადაქცევა“, - აცხადებს დიმიტრი შველიძე და მიიჩნევს, რომ ამით თბილისი არაფერს წააგებს.

პირიქით, ბოლო დროს მივეჩვიეთ, რომ ყველანი თბილისში უნდა ჩამოვიდნენ, ამ დროს არ უნდა დავივიწყოთ სხვა საქართველოც. ამიტომ ბათუმს ბათუმის მნიშვნელობა უნდა დავუტოვოთ, ფოთს-ფოთის, თელავს-თელავის, ხოლო მცხეთა ამ პარამეტრით აღმატებული უნდა იყოს.

ჩვენ დავუკავშირდით მცხეთის ქალაქ-მუზეუმის ყოფილ დირექტორს თემურ ბიბილურს. იგი პატრიარქის ინიციატივას იწონებს, მაგრამ შიშობს, მცხეთის ახალი სტატუსი ვიღაცებმა სათავისოდ არ გამოიყენონ. მისი სურვილია, აღდგეს მცხეთის საერო სახელწოდება­ - დიდი სამეუფეო ქალაქი.

„წმინდა ქალაქი და წმინდა დედაქალაქი მცხეთა - ეს არის საეკლესიო დეფინიცია. თუმცა არის საერო განსაზღვრებაც - დიდი სამეუფეო ქალაქი მცხეთა. წმინდა ქალაქის სტატუსმა დაიცვა კონსტანტინეპოლი თურქების შემოსევისგან, აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებისა და მუზეუმად გახდომისგან? კონკორდატში უწერიათ, რომ საქართველოში უნდა იყოს სამი წმინდა ქალაქი- მცხეთა, თბილისი და ბიჭვინთა. რა გამოდის? მცხეთა იმიტომ უნდა იყოს წმინდა ქალაქი, რომ ლეგენდის თანახმად თუ რეალურად, აქ არის უფლის კვართი დაბრძანებული და აქ წმიდა ნინომ იქადაგა?! ეს კიდევ გასაგებია, მაგრამ საეკლესიო კუთხით, თბილისი რატომ არის წმინდა ქალაქი? რაც შეეხება ბიჭვინთას, ეს იმიტომაა წმინდა ქალაქი, რომ აქ იჯდა ბერძენთა ეპისკოპოსი სტრატოფილე და მიიღო მონაწილეობა პირველ საეკლესიო კრებაში? განა ეს რამეს ნიშნავს?! ბოლო დროს ძალიან დიდი აღრევები ხდება. სინამდვილეში, მეორე იერსუალიმად და ახალ ათინად იწოდებოდა გელათი. შემდეგ კათალიკოს-პატრიარქმა ნიკოლოზ გულაბერიძემ, კარგმა ფილოსოფოსმა (რომელიც გაძევებულ იქნა საქართველოდან, თამარმა დააბრუნა და დასვა აღმოსავლეთ საქართველოში პატრიარქად) ნახა, თუ რამდენად სავალალო მდგომარეობაში იყო მცხეთა, როგორც ქალაქი. დაწერა „საკითხავი სუეტისა ცხოველისაი, კუართისა საუფლოისა და კათოლიკე ეკლესიისა“. ამ ფილოსოფიურ-რელიგიურ ტრაქტატში ნიკოლოზ გულაბერიძე გადმოსცემდა, რომ ხალხი უფრო პომპეზურად აღნიშნავდა საკუთარ დღეობებს, ვიდრე - სვეტიცხოვლის დღეობას. ამიტომ გადაწყვიტა, შემოეტანა ახალი დეფინიცია. მას შემდეგ წამოვიდა მცხეთის განსაზღვრებად მეორე იერუსალიმი. ზუსტად ნიკოლოზ გულაბერიძის დროიდან იწყება მცხეთაში იერუსალიმური სახელწოდებების დანერგვა - ბეთლემი, ანტიოქია, გეთსიმანია (სინამდვილეში - ქრისტეს ჯვარი)“, - აცხადებს თემურ ბიბილური.

მისივე თქმით, თუ მომავალში ოფიციალურად ყველანაირი საბუთით დადასტურდება, რომ უფლის კვართი დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოველში, მაშინ საოცრება მოხდება და მართლაც მიენიჭება წმიდა ქალაქის სტატუსი მცხეთას. ჯერ ამაზე მსოფლიო საეკლესიო კრება არაფერს ამბობს. მაშინ ამ პატარა მიწის ნაკვეთზე უცებ მოინდომებენ ტაძრების აგებას მართმადიდებლები, კათოლიკები, გრიგორიანელები და აქ ააშენებენ ეკლესიებს, ისევე, როგორც ჩვენ ვცდილობთ იერუსალიმში მიწის ყიდვას. ამიტომ ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა, მცხეთა გადაქცეულიყო სამეცნიერო და კულტურულ ცენტრად, დედაქალაქის თანამგზავრად, როგორც ეს უნდოდათ 70-იან წლებში.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ოთხმეზური აცხადებს, რომ წმინდა დედაქალაქად მცხეთა იწოდება არა მარტო მელქისედეკის ანდერძში, არამედ შემდგომი პერიოდის სხვა საბუთებშიც. ასე რომ, პატრიარქის ინიციატივა ისტორიული ფაქტის კონსტატაცია და რეალობის აღდგენაა. ასე იყო ყოველთვის, მცხეთა იყო სასულიერო-რელიგიური ცენტრი, საქართველოს დედაქალაქი, სადაც კათალიკოს-პატრიარქის რეზიდენცია მდებარეობდა.

„ის, რომ მცხეთაში აპირებდნენ კაზინოების მშენებლობას და სხვა უკანონო მშენებლობებს, კინაღამ იუნესკოს ნუსხიდან მისი ამოღების საფუძველი გახდა. ასეთი ჩარევისგან დაიცავს ეს ტიტული მცხეთას“, - განმარტავს გიორგი ოთხმეზური For.ge-სთან საუბარში.