სამხრეთ ოსეთის მიერთება ჩრდილოეთ ოსეთთან - რეფერენდუმს ზაფხულში ელიან

სამხრეთ ოსეთის მიერთება ჩრდილოეთ ოსეთთან - რეფერენდუმს ზაფხულში ელიან

"სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, შესაძლებელია, სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდეს და ამ გზით მოხდეს გამოვლენა იმისა, სურს თუ არა ხალხს ჩრდილოეთ ოსეთთან მიერთებით რუსეთის შემადგენლობაში შესვლა. ყირიმისა და სევასტოპოლის შესვლამ რუსეთის შემადგენლობაში, ასევე დონეცკის სინდრომმა აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში დასმა უკვე გამოკვეთა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ რეფერენდუმის ჩატარება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში მოსალოდნელია. მართალია, დე ფაქტო პარლამენტის არჩევნების თარიღი უკვე ცნობილია, მაგრამ რეფერენდუმზე ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. ამის მიუხედავად, ცხინვალის პოლიტიკური ისტებლიშმენტი არაოფიციალურად ამ თემაზე მუდმივად საუბრობს და მათგან თითქმის ყველა რეფერენდუმის ჩატარებას პროგნოზირებს. ეს იდეა ოფიციალურად ადგილობრივი მმართველი პარტიის "ედინაია ოსეტიის" ლიდერმა, დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა ანატოლი ბიბილოვმა ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალში დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბლოვთან წამოჭრა", - წერს გაზეთი "რეზონანსი"სტატიაში სათაურით სამხრეთ ოსეთის მიერთება ჩრდილოეთ ოსეთთან / რეფერენდუმს ზაფხულში ელიან.

"სწორედ ამ რეფერენდუმზე საუბრობს ევროპული კვლევების ცენტრის წარმომადგენელი, პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი. მისი თქმით, რაც უფრო მეტად გააღიზიანებს ევროკავშირი თავისი სანქციებით რუსეთს, ეს უკანასკნელი მით უფრო მალე გადაწყვეტს სამხრეთ ოსეთის საკითხს. "სამხრეთ ოსეთის მიერთება პირდაპირ რუსეთის ფედერაციასთან ძალიან ადვილი შესაძლებელია. ამის გაკეთება რუსეთს ნამდვილად შეუძლია. თუ რუსეთს არ მოეწონება ევროკავშირის სანქციები, ამას გამოიყენებს იმისათვის, რომ სამხრეთ ოსეთის ანექსია მოახდინოს. გააჩნია, ევროკავშირი რა დონის სანქციებს შემოიტანს. ამ დროისთვის მისი სანქციები საკმაოდ რბილია, რაც რუსეთს ამ მიზნით არ გამოადგება. რუსეთი თავის მხრივ იქნება ფრთხილად, რომ უფრო მეტად არ გააღიზიანოს ევროკავშირი. თუ ევროკავშირი ამის მიუხედავად სანქციებს დაამძიმებს, მაშინ შეიძლება ასეთი შეტრიალება მოხდეს - რუსეთმა მას ახალი აგრესიით უპასუხოს. ეს იქნება სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის საკითხი. სრულიად მოსალოდნელია, კრემლმა სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმიც ჩაატაროს", - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

"ცხინვალურმა მედიამ დაახლოებით ერთი თვის წინ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ "სამხრეთ ოსეთის პარლამენტი მთლიანად უჭერს მხარს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყეტილებას, რუსეთის სახელმწიფოში ყირიმისა და სევასტოპოლის შეყვანას." "ეს ისტორიული ნაბიჯი არის ყირიმისა და სევასტოპოლის მოსახლეობის მრავალწლიანი ბრძოლის ღირსეული შედეგი. რუსეთის ხელმძღვანელობის ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად შეესაბამება საერთაშორისო უფლებებს და პირველ რიგში ხალხის უფლებას. ეს ერთადერთი სწორი გადაწყეტილებაა იმ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდირე, რაც დღეს უკრაიაშია", - წერია დე ფაქტო ხელისუფლების საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ცნობისათვის, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ჩრდილოეთ ოსეთთან მიერთებას მხარს უჭერს, რის ლოგიკურ მიზეზებადაც ასახელებენ რუსეთის ბიუჯეტზე მიბმულობას და ვლადიკავკაზთან ინტერგრირებულობის სურვილს. თუმცა დაახლოებით 40%-ს დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით არსებობა ურჩევნია. ასეთები მიიჩნევენ, რომ "სამხრეთ ოსეთმა დამოუკიდებლად უნდა შეძლოს განვითარება და არა რუსეთის შემადგენლობაში". აღსანიშნავია, რომ გასული წლის 24 ივლისს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ღიად და ოფიციალურად განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანება მთავარ მისიად მიაჩნია. "თუ სამხრეთ ოსეთი, მისი მოქალაქეების სურვილით, რუსეთს შეუერთდება და ოსების გაერთიანება მოხდება, მე ჩემს საპრეზიდენტო მისიას შესრულებულად მივიჩნევ. ყველა ოსისათვის პირველ ადგილზეა ერის გაერთიანება", - აღნიშნა თიბილოვმა, რომელმაც სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის (ვლადიკავკაზის) გაერთიანება იგულისხმა. ეს უკანასკნელი, როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შედის.

"კავკასიური სახლის" დირექტორი გიორგი კანაშვილი გოგოლაშვილის მსგავსად ფიქრობს, რომ ეს იქნება რუსეთის პასუხი და სამაგიეროს გადახდა ასოცირების ხელშეკრულებაზე. "იმ მოვლენების პარალელურად, რაც მოხდა უკრაინაში (ვგულისხმობ ყირიმის ანექსიას, ბოლო დროს კი აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის ესკალაციას), აბსოლუტურად შესაძლებელია, იმავე საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდეს არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთში, არამედ აფხაზეთშიც. თუკი ადრე მოსკოვი თითქოს უარს ამბობდა ამ მიერთებაზე, დღეს ეს წითელი ხაზი უკრაინასთან მიმართებაში უკვე გადალახა და არ არის გამორიცხული, რომ საქართველოსთან მიმართებაშიც ასევე მოხდეს. ასე რომ, სამწუხაროდ, სრულიად მოსალოდნელია ამგვარი რეფერენდუმი და, რა თქმა უნდა, ეს იქნება რუსეთის მხრიდან საქართველოს დასჯა ასოციაციის ხელშეკრულებისა და ნატოსკენ სწრაფვის გამო", - აღნიშნავს გიორგი კანაშვილი.

"დე ფაქტო პარლამენტის არჩევნები კი 8 ივნისს ჩატარდება. პარტიების რეგისტრაცია გასული წლის ზაფხულს მოხდა. მსურველი 30-მდე პარტია იყო. დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მათგან სულ 15 დაარეგისტრირა. მონაწილეობას მიიღებენ სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების დე ფაქტო მინისტრი ანატოლი ბიბილოვი პარტია "ედინაია ასეტია"-დან, საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრი დავით სანაკოევი პარტია "ნოვაია ასეტია", დე ფაქტო მთავრობის ვიცე-ხელმძღვანელი ალა ჯიოევა პარტია "პლოშოდ სვაბოდი", დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური სიტუაციებს დარეგულირებაში ხოხ გაგლოითი პარტია "სპრავედლივოსტ ი რაზვიტია ტრუდა", დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი სტანისლავ კოჩიევი თავისი კომუნისტური პარტიით, ვიაჩესლავ გობოზოვი პარტია "ოტეჩესტვო", დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ კოკოევი პარტია "ედინსტვო", ედუარდ გაბარაევი პარტია "ჩესტ ი სპრავედლივოსტ". ასევე მონაწილეობენ ჯემალ კოზაევი, როინ კოზაევი, დომბაი გასიევი, რუსლან გაგლოევი, ვლადიმერ ქელეხსაევი, ფელიკს ბიტიევი, კოსტა კოშტე", - აღნიშნავს გამოცემა.

"კანაშვილის მოსაზრებით, არჩევნები განსაკუთრებული ვნებათაღელვის ფონზე ჩაივლის. "რაც ყველაზე მთავარია, საქართველოსთან მიმართებაში და, საერთოდ, ქართულ-ოსური კონფლიქტების მხრივ არაფერს შეცვლის. შესაბამისად, ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ოსურ პარლამენტში რა ნაწილი შეიცვლება, მითუმეტეს, რომ რადიკალური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის", - აღნიშნავს "რეზონანსთან" საუბრისას "კავკასიური სახლის" დირექტორი.