დაკანონებული საბიუჯეტო მაფია

დაკანონებული საბიუჯეტო მაფია

ვინ უნიშნავს სახელმწიფო შპს-ებისა და სააქციო საზოგადოებების ხელმძღვანელებს შოკისმომგვრელ ჯამაგირს და რას ითხოვს პრემიერი ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებისგან    

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) იმ სააქციო საზოგადოებებისა და შპს-ების ხელმძღვანელების შემოსავლები გამოაქვეყნა, რომლებიც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა. კვლვის მიხედვით, ,,საქართველოს საპარტნიორო ფონდისა’‘ და ამავე ფონდის შვილობილი კომპანია ,,სახელმწიფო ელექტროსისტემის’‘ ხელმძღვანელებს ყველაზე მაღალი ხელფასები აქვთ. წლის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც მთავრობამ არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები გაითვალისწინა და ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’‘ საქართველოს კანონში ცვლილებები განახორციელა, ქონებრივი დეკლარაციების წარდგენა იმ საწარმოების ხელმძღვანელებსაც დაევალა, რომლებიც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა და რომელთა წლიური ბრუნვაც 100 000 ლარზე მეტია. 
   
ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევა მარტში გამოქვეყნდა, თებერვლის დასაწყისში კი სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, საქართველოს პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესდა, რატომ აქვს საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა (სსიპ) და სახელმწიფო შპს-ების ხელმძღვანელთა დიდ ნაწილს არარეალურად მაღალი ანაზღაურება. ოფიციალური ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა ამ კითხვაზე პასუხი ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებისგან მოითხოვა... IDFI-ის კვლევით, 2014 წლის მარტის მდგომარეობით, სააქციო საზოგადოება ,,საპარტნიორო ფონდის’‘ აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ, თანამდებობრივი სარგოს სახით, ყველაზე მეტი ანაზღაურება _ 323 250 ლარი მიიღო; შედარებით ნაკლები _ 218 329 ლარი, ს/ს ,,სახელმწიფო ელექტროსისტემის’‘ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის, სულხან ზუმბურიძის შემოსავალია. ,,საქართველოს რკინიგზის’‘ გენერალურმა დირექტორმა, მამუკა ბახტაძემ 194 925 ლარის შემოსავალი დააფიქსირა, მანვე 46 409-ლარიანი ანაზღაურება იმ დროს მიიღო, როდესაც შპს ,,ჯორჯია ტრანზიტის’‘ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო; ს/ს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის’‘ გენერალური დირექტორის, ვახტანგ ამბოკაძის ანაზღაურება 118 606 ლარი იყო, ს/ს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის’‘ გენერალური დირექტორის, დავით თვალაბეიშვილისა 25 000 ლარი, მანვე 115 500-ლარიანი შემოსავალი მაშინ მიიღო, როდესაც ს/ს ,,საპარტნიორო ფონდის’‘ აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლად მუშაობდა, ხოლო 44 400 ლარი _ შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის’‘ გენერალური დირექტორის მრჩევლის პოსტზე; ს/ს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის’‘ დირექტორის, გიორგი ბეჟუაშვილის შემოსავალი 84 625 ლარი იყო. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს-ების ხელმძღვანელების შემოსავლებიც არანაკლებ შთამბეჭდავია. მაგალითად, 2013 წელს, შპს ,,ბათუმის აეროპორტის’‘ დირექტორის, მეთე ერქალის ანაზღაურება 379 915 ლარი იყო; შპს ,,ბათუმის აეროპორტის’‘ დირექტორმა, ჰასანტარიქოს მანაღაოღლუმ შარშან 234 880 ლარი მიიღო; შპს ,,ბათუმის საზღვაო ნავსადგურის’‘ ხელმძღვანელის, ირაკლი ცივაძის ანაზღაურება 155 036 ლარი იყო; შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის’‘ ხელმძღვანელმა, არჩილ ცაბუტაშვილმა 142 499 ლარი მიიღო; შპს ,,ბათუმის აეროპორტის მენეჯერმა, მერთ ქანდიელმა 120 572, შპს ,,ენერგოტრანსის’‘ ხელმძღვანელმა კახა სეხნიაშვილმა 112 000 ლარი მიიღო, შპს ,,საქართველოს ფოსტის’‘ ხელმძღვანელმა, ლევან ჩიკვაიძემ 35 966, მანვე 66 573 ლარის შემოსავალი საქართველოს ლატარიის კომპანიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობისას მიიღო; შპს ,,ბათუმის აეროპორტის’‘ დირექტორმა, თამაზ ანდღულაძემ _ 98 421 ლარი; ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის’‘ გენერალურმა დირექტორმა, მამუკა კობახიძემ 96 000, შპს ,,საქაერონავიგაციის’‘ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა მეზვრიშვილმა 89 733 ლარი; შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის’‘ გენერალურმა დირექტორმა, ლევან კოპლატაძემ 83 200 ლარი, შპს ,,ენგურჰესის’‘ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან მებონიამ 80 600 ლარი.

IDFI-ის მკვლევარების განცხადებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს-ებისა და სააქციო საზოგადოებების ხელმძღვანელთა ანაზღაურება პირველად გახდა ხელმისაწვდომი. თანამდებობის პირების ჩამონათვალის გაფართოება წინგადადგმული ნაბიჯია ხელისუფლების ღიაობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით, რაც კორუფციასა და ინტერესთა შეუთავსებლობასთან ბრძოლის კონტექსტში, საკმაოდ მნიშვნელოვანია. საზოგადოებას საშუალება ეძლევა, გადაამოწმოს სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელი მენეჯმენტის ქონებრივი მდგომარეობა, შეაფასოს მათი შემოსავლების პროპორციულობა საწარმოთა მასშტაბებსა და წარმატებულ საქმიანობასთან. არის თუ არა კანონით განსაზღვრული, რა რაოდენობის ხელფასი უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს-ს ან სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელს? მაშინ, როდესაც საქართველოს პრემიერმინისტრის შემოსავალი 5 000 ლარს არ აღემატება, რამდენად ლოგიკურია, ,,საპარტნიორო ფონდის’‘ ხელმძღვანელს 300 000-ლარიანი ანაზღაურება ჰქონდეს? როგორ და რა მექანიზმებით უნდა დაარეგულიროს სახელმწიფომ ეს პრობლემა? ,,ვერსიას’‘ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი ესაუბრება. _ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს-ს ან სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელის ანაზღაურება კომპანიის შიდაწესდებით განისაზღვრება - კომპანიის გამგეობა ან შიდა ბრძანება ადგენს. სხვათა შორის, არ გვაქვს ინფორმაცია, ამ ტიპის სტრუქტურების ხელმძღვანელებს ადრე რა რაოდენობის ხელფასი ჰქონდათ. კიდევ კარგი, მოვახერხეთ და ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმის რეკომენდაციებში ჩავწერეთ, რომ თანამდებობის პირებს, რომლებსაც ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნება ევალებათ, სახელმწიფოს კუთვნილი არაკომერციული იურიდიული პირების, ასევე შპს-ებისა და სააქციო საზოგადოებების ხელმძღვანელებიც დამატებოდნენ. მთავრობამ ჩვენი რეკომენდაცია გაითვალისწინა და შესაბამისად, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’‘ კანონში ცვლილება შევიდა... ქონებრივ დეკლარაციებს იმ შპს-ებისა და სააქციო საზოგადოებების ხელმძღვანელები ავსებენ, რომელთა ბრუნვა 100 000 ლარზე მეტია, თორემ ისეთი კომპანიებიც არსებობენ, რომლებსაც ამხელა ბრუნვა არ აქვთ.

სამწუხაროდ, არ ვიცით, რა რაოდენობის ხელფასს იღებენ იმ სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები, რომელთა ბრუნვა 100 000 ლარზე ნაკლებია, რადგან კანონის მიხედვით, მათ ქონებრივი დეკლარაციების წარდგენა არ ევალებათ. - სახელმწიფომ როგორ გააკონტროლოს, ან რა უნდა გააკეთოს, რომ სახელმწიფო შპს-ებისა და სააქციო საზოგადოებების ხელმძღვანელთა ანაზღაურება შემცირდეს? - ჯერ უნდა განვსაზღვროთ, რამდენად მიზანშეწონილია, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებობდეს ასეთი კერძო სამართლის სუბიექტები, ამის შემდეგ კი ამ უწყებების ხელმძღვანელთა ხელფასები უნდა დავარეგულიროთ. არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია ამ საკითხის დარეგულირება მთავრობის დადგენილებით ან განკარგულებით, მაგრამ ფაქტია, ეს თემა სხვა სამართლებრივ ჭრილში უნდა განვიხილოთ. რაც შეეხება სახელმწიფო ჩინოვნიკების, მინისტრებისა თუ პრემიერ- მინისტრის შემოსავლების სიმცირეს, განსხვავება ისაა, რომ საჯარო დაწესებულება მოგებაზე ორიენტირებული არ არის და არც უნდა იყოს. შპს ან სააქციო საზოგადოება, მნიშვნელობა არ აქვს, სახელმწიფოს მიერაა დაფუძნებული თუ არა, კერძო სუბიექტია და შესაბამისად, შემოსავლების მიღებასა და მოგებაზეა ორიენტირებული. სამართლებრივ საკითხებში კომპეტენტური არ ვარ და ვერ გეტყვით, ეს საკითხი კონკრეტულად რომელი იურიდიული დოკუმენტით უნდა განისაზღვროს, მაგრამ მსგავსი რეგულაციების მიღება მთავრობას ხელეწიფება. იმის გამო, რომ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს ან სააქციო საზოგადოება, რეალურად, სახელმწიფოს საკუთრებაა და გამგეობის წევრებიც მთავრობის მიერ წარდგენილი პირები არიან, ამ ტიპის საწარმოების ხელმძღვანელთა ანაზღაურების ოდენობა მთავრობამ, ამ შემთხვევაში, პრემიერ- მინისტრმა უნდა განსაზღვროს.