ქართველი მომხმარებელი რუსულ მედიკამენტებს ვერ ელევა

ქართველი მომხმარებელი რუსულ მედიკამენტებს ვერ ელევა

საქართველოში ფარმაცევტული საშუალებების მწარმოებელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ნდობა რუსეთის მიმართ აქვთ. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად, ასეთ დასკვნამდე მივიდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

კვლევის ფარგლებში („რა იცის საქართველოს მოსახლეობამ თავისი ჯანდაცვის უფლებების შესახებ“) ორგანიზაციამ 1918 ადამიანი გამოკითხა.

აღმოჩნდა, რომ ფარმაცევტული საშუალებების მწარმოებელი ქვეყნებიდან რუსეთის შემდეგ ნდობა ევროკავშირის მიმართ აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ფარმაცევტული მრეწველობა საერთაშორისო სტანდარტებთან (GMP) შესაბამისობაში უამრავ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებს.

რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებლებს, რუსულ ფარმაცევტულ საშუალებებს გამოკითხულთა 37% სრულად ენდობა, ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებულს - 29%, აშშ–ში დამზადებულს კი 20%.

თუ რამ განაპირობა საქართველოს მოსახლეობის არჩევანი რუსული ფარმაცევტული ბაზრის სასარგებლოდ, ამის შესახებ For.ge ჯანდაცვის კონსულტანტს თინა ტურძილაძეს ესაუბრა.

რით ახსნით, რომ ფარმაცევტული საშუალებების მწარმოებელი ქვეყნებიდან საქართველოში ყველაზე მაღალი ნდობა რუსეთის მიმართ აქვთ?

- რუსული წამლების მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობა სიახლეა, რომელსაც მე ეჭვის თვალით ვუყურებ და ვუშვებ იმის ალბათობას, რომ ამ განწყობის დასადგენად შერჩეული კვლევის მეთოდოლოგია და, მათ შორის, საკვლევი ველიც არასაკმარისად ვალიდური იყო. მით უფრო, ჩვენი ემპირიული მონაცემებით იმ ფონზე, როცა უამრავი ადამიანი მოგვმართავს წამლებთან დაკავშირებით ობიექტური ინფორმაციისთვის, მათი მეტი წილი კეთილგანწყობილია ევროპული, უფრო მეტიც, დასავლეთ ევროპული წამლების მიმართ.

იმ ადამიანების განწყობა, რომლებიც მაინც რუსულ ფარმაციას ანიჭებენ უპირატესობას, ინერციით ხომ არ მოდის საბჭოთა კავშირის პერიოდიდან? ზოგადად, ადგილობრივი ფარმაცევტული პროდუქციის პერსპექტივა როგორია?

- საბჭოთა ფარმაცია არასოდეს არ ყოფილა მსოფლიოში მოწინავე, მაშინ როცა ამერიკასა და ევროპაში ახალი წამლები, ახალი ფორმულები იქმნებოდა, რომლებიც კაცობრიობის ბედს ცვლიდა და მილიონობით ადამიანებს სიცოცხლის შანსს უბრუნებდა, საბჭოთა ფარმაცია ძველ დერივატებს აწარმოებდა. ამიტომ საბჭოთა ფარმაციისადმი ნოსტალგიას ობიექტური საფუძველი არ აქვს. რუსული წამლები დღესაც არ გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით და სანდოობით. მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური გარემოებების გამო, თავად რუსულ ბაზარზე მათი წილი 20%-ს არ აღემატება.

იმისათვის, რომ ენდო წამალს, მწარმოებლის იმიჯი საკმარისი არ არის, აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს რისკის მართვის სათანადო სტანდარტები და ჰყავდეს მაღალკვალიფიციური სახელმწიფო მარეგულირებელი, როგორც სანდო და მიუკერძოებელი არბიტრი. თუკი ქვეყანას არც სტანდარტები აქვს და არბიტრიც საეჭვო რეპუტაციისა, მაშინ ამ ქვეყნის პროდუქცია ნაკლებად სანდოა, ეს პრობლემები აქვს რუსეთს და ეს პრობლემები გვაქვს ჩვენც. სანდოობის ზრდის პერსპექტივაც ამაზეა დამოკიდებული. თუკი შეიცვლება ეს მოცემულობა, შეიცვლება დამოკიდებულებაც, თუ არადა, გაიზრდება უნდობლობა.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ რუსული ფარმაცევტული მრეწველობის საერთაშორისო სტანდარტებთან (GMP) შესაბამისობა უამრავ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებს. კონკრეტულად, რა იწვევს ამ ეჭვებს?

- რუსეთში ფარმაცევტული წარმოების ორგანიზაციის და ხარისხის კონტროლის წესებს ადგენს ე.წ. „გოსტი - 52249“, ეს არის წარმოების რუსული სტანდარტი და იგი სავალდებულოა რუსეთის ტერიტორიაზე, ანუ რუსეთი თამაშობს თავისი წესებით, რუსული გოსტი განსხვავდება საერთაშორისო GMP-ის სტანდარტისგან. შესაბამისად, მას არ აღიარებს ევროპა და ამერიკა და ამ ბაზრებზე შესასვლელად რუსულ წამალს სჭირდება დააკმაყოფილოს ევროპული ან ამერიკული სტანდარტი.

და ბოლოს, რით არის განპირობებული, რომ ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებული ფარმაცევტული პროდუქცია მეორე ადგილზეა, ხოლო აშშ-ს მესამეზე?

- რეალობა ის არის, რომ ამერიკული წამლებისთვის არ არის ქართული ბაზარი საინტერესო, არც კონკურენციის და არც მსყიდველუნარიანობის თვალსაზრისით. შესაბამისად, ამერიკული კომპანიები არ ახორციელებენ მათი პროდუქციის პრომოუშენს ჩვენთან. ამერიკული წამლების წილი საქართველოში წამლების საერთო იმპორტში დაახლოებით 1%-ია. ეს ძალიან ცოტაა, ჩვენი მოსახლეობა თითქმის არ იცნობს ამერიკულ წამლებს. ამ დროს კი, გემოვნებისთვის ცნობადობა აუცილებელია.