სისხლიანი პროვოკაცია გარუსებული სომხების დასაცავად
რუსეთის ფედერაცია საქართველოში, შვეიცარიის საელჩოს დახმარებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონისა და, საერთოდ, საქართველოს რუსულენოვან მოსახლეობაზე რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელ მოწმობებს გამარტივებული წესით გასცემს. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ყირიმის შემდეგ, რუსეთის მთავარი სამიზნე საქართველო იქნება ანუ კრემლი სომხეთსაქართველოს კონფლიქტის გაღვივებას შეეცდება. სწორედ ამას ემსახურება ჯავახელი სომხებისთვის რუსული პასპორტების დარიგება. ვითარებამ კრიტიკულ ზღვარს, შესაძლოა, ზაფხულში, მას შემდეგ მიაღწიოს, რაც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს. ჯავახელი სომხები, რომლებსაც რუსული პასპორტები ექნებათ, ევროკავშირის საწინააღმდეგო აქციებს დაიწყებენ. ,,ვერსიის’‘ ინფორმატორები ეჭვობენ, რომ ამ აქციებს, შესაძლოა, სისხლიანი პროვოკაციები მოჰყვეს, რაც რუსეთისთვის საბაბი იქნება, საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნით, ჯავახეთში არმია შეიყვანოს და ამ კონფლიქტში სომხური ჯარიც ჩართოს. სხვათა შორის, ეს ახალი სცენარი არ არის და, როგორც კავკასიის საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, ჯავახეთში რუსული პასპორტები 2006 წლიდან რიგდება.
- ჯავახეთის მოქალაქეები, განცხადების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობდნენ, შემდეგ ერევანში ჩადიოდნენ და რუსულ პასპორტს საელჩოში იღებდნენ. მოგვიანებით, საქართველოში ბრუნდებოდნენ და საქართველოს მოქალაქეობაზე განცხადებას ავსებდნენ. სხვათა შორის, ამ სქემაზე ბევრი ხელსაც ითბობდა _ რუსული პასპორტი სამი ათასი დოლარი ღირდა.
- ამის შესახებ მაშინდელი ხელისუფლება ინფორმირებული იყო ან რუსულ პასპორტის მქონე პირები საქართველოს მოქალაქეობის მიღებას რატომღა ცდილობდნენ?
- ამაზე პასუხი არ მაქვს... ეს კითხვა მეც გამიჩნდა, მაგრამ ვერავინ მიპასუხა. წარმოიდგინეთ, 2006 წელს, მხოლოდ ორი თვის განმავლობაში, ჯავახეთის რუსული პასპორტი 170- მა ადამიანმა აიღო. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთმა პატიოსანმა თანამშრომელმა შემატყობინა, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს. პარალელურად, რუსეთში ამუშავდა სისტემა, რომელსაც ,,თანამემამულეების დახმარება’‘ ეწოდება. ეს პროგრამა ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში მცხოვრები ადამიანების, რომლებსაც რუსეთში ცხოვრების სურვილი აქვთ, დახმარებას გულისხმობს. როგორც რუსეთის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, ეს პროცესი რუსეთის ტერიტორიაზე დემოგრაფიული კატასტროფის შესამცირებლად მიმდინარეობდა.
- დღეს რუსეთის ხელისუფლება უფრო ღიად მოქმედებს და რუსული პასპორტების მისაღებად სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ბევრად გამარტივებულ პროცედურებს სთავაზობს _ მაგალითად, რუსულ პასპორტებს საბჭოთა სამხედრო ბილეთის სანაცვლოდაც გასცემს. რა პროვოკაციას ამზადებს კრემლი საქართველოს წინააღმდეგ?
- ჩემი ინფორმაციით, რუსული პასპორტის მისაღებად აუცილებელი პირობა რუსული ენის ცოდნაა. ბუნებრივია, ამ ფონზე ყირიმის მოვლენების საქართველოში გამეორების ალბათობა არსებობს, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყირიმში რუსეთთან მიერთების სურვილი საკმაოდ დიდი იყო, საქართველოში კი, მსგავსი განწყობა სუსტია. იგივე შემიძლია ვთქვა კონკრეტულად ჯავახეთზეც.
- რუსეთი საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობის დაძაბვას არ შეეცდება? გაჩნდა ვერსია, რომ სომხეთის პრემიერმა ამ სცენარში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და თანამდებობიდან ამიტომაც გადადგა...
- ამ მიმართულებით კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს. ყველაფერია შესაძლებელი, თუმცა ვფიქრობ, სომხეთის პრემიერის თანამდებობიდან გადადგომა ევროკავშირთან სომხეთის ურთიერთობის საკითხს უკავშირდება.
- ჯავახეთში რუსული პასპორტების დარიგების კონტექსტში რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, ვინმე ტევონიანის გვარმა გაიჟღერა, რომელიც ჯავახეთში ავტორიტეტით სარგებლობს და მოსკოვში რეგიონიდან ჩასულ ე.წ. შრომით მიგრანტებს ასაქმებს...
- ტევონიანის უკან რუსეთში მოღვაწე კანონიერი ქურდი, მეტსახელად ნორიკა დგას, რომელსაც ჯავახეთში საკმაოდ სერიოზული გავლენა აქვს. ტევონიანი სწორედ მისი წარმომადგენელია, თუმცა თავად ნორიკაც საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა. მას საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა ვანო მერაბიშვილთან და ბათუმში მისი პირადი სტუმარიც იყო. ჩემი ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილმა მას ჯავახეთში გაზმომარაგების საკითხები ჩააბარა. ტევონიანის გააქტიურება ნაციონალურ მოძრაობას რეგიონში, შესაძლოა, არეულობისთვის სჭირდება.
- ჯავახეთში პასპორტიზაციასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის რა კავშირია?
- ვიცით, რომ ნაციონალური მოძრაობა მოახლოებული არჩევნების კონტექსტში გარკვეული ექსცესებისთვის ემზადება. ნაციონალებმა კარგად იციან, რომ არჩევნებში სასურველ შედეგს ვერ მიიღებენ, ამიტომ ქვეყანაში დაძაბული ფონი სჭირდებათ. მათი მიზანია, დაძაბულობის ფონზე, ხელისუფლებას ევროკავშირთან ურთიერთობა გაუჭირდეს, ან ქვეყანაში შიდაარეულობის პროცესი დაიწყოს. სხვათა შორის, სააკაშვილმა სწორი პიარსვლა განახორციელა, როცა თანაგუნდელებს მიმართა 17 მაისის ღონისძიებასა და, ზოგადად, მასობრივი მიტინგების მხარდაჭერისგან თავი შეიკავეთო. ამით იმის თქმის უფლება დაიბევა, რომ საქართველოში არეულობის წინააღმდეგია, შესაბამისად, მოსალოდნელი ექსცესები ხელისუფლებას დაბრალდება.
- ექსპრეზიდენტმა ჯავახეთში მოსალოდნელ საფრთხეებზეც ისაუბრა და ჩახალიანიც ახსენა. რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მოსალოდნელ პროვოკაციებზე ამერიკული დაზვერვაც ღიად საუბრობს...
- საქართველოს წინააღმდეგ მოსალოდნელ პროვოკაციებსა და აგრესიაზე საუბარს არც სააკაშვილი სჭირდება და არც ამერიკული დაზვერვა, ამას მოვლენათა განვითარების ლოგიკაც გვკარნახობს. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ: თუ რუსეთმა, ყირიმის მოვლენების შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გეგმის განხორციელება შეძლო, საქართველოს საკითხიც იგივე მეთოდით ,,მოგვარდება’‘. ეს წელი ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით რთულია _ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი უნდა მოვაწეროთ, სექტემბერში კი მაპ-ის საკითხიც უნდა გადაწყდეს. შესაძლოა, რუსეთმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება დათმოს, მაგრამ საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებას არ დაუშვებს!
- რუსეთის მხრიდან, პრაქტიკულად, ღიად გაცხადებული ომის ფონზე, დასავლეთში საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების მყარი პოზიცია რატომ ვერ ჩამოყალიბდა?
- დიახ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნატო- ში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით დასავლეთში მყარო და ერთიანი პოზიცია არ არსებობს. გერმანიის ხელმძღვანელობას ამ საქმეში მონაწილეობა იმდენად არ უნდა, გერმანიის ელჩი საქართველოში ღიად ამბობს, საქართველოს სურვილისთვის ომს არავინ დაიწყებსო. საქართველოს ნატო- ში გაწევრიანება საქართველოსა და მისი ზოგიერთი პარტნიორის სურვილია და ამ სურვილის დაცვას მხოლოდ საქართველო ვერ მოახერხებს. ჩემთვის უცნობია, საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით რა ღონისძიებებს მიმართავს, მაგრამ რუსეთიდან სერიოზული ხიფათის იმპულსები უკვე მოდის, რომელსაც ლიკვიდაცია სჭირდება. ჩემი აზრით, დროებით პაუზა უნდა ავიღოთ და მოვლენების განვითარებას დავაკვირდეთ, რათა დანარჩენმა მსოფლიომ რუსეთს უკანდახევა აიძულოს. გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსეთი დამარცხებულია და ყირიმის მოვლენები არ შერჩება.
- რას ნიშნავს ,,პაუზის აღება’‘ _ მაპ-ზე უარი ვთქვათ?
- მაპ-ზე უარის თქმა არასწორი იქნება, რადგან უკანასკნელ სავაჭრო თემაზე უარს ვიტყვით, მაგრამ ვითარებიდან გამომდინარე, ამ პროცესის გადადება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვლენათა განვითარება გვიკარნახებს. როცა ნატო- ს ერთ-ერთი მთავარი წევრი სახელმწიფო ამბობს, საქართველო ნატო- ს გზაზე არ დგასო, შესაძლებელია, კვლავ ბუდაპეშტის სამიტის მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ.
- და ამჯერად აშშ-მ დაბლოკოს საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭება?
- რა თქმა უნდა, ობამას განცხადება რუსეთის დასაწყნარებლადაც იყო მიმართული, მაგრამ მეორე მხრივ, მართლაც, უცნობია, ევროპელები როგორ მოიქცევიან... ამიტომ ვამბობ, პროცესების მონიტორინგი მაღალ დონეზე უნდა მოხერხდეს, რათა ერთი მხრივ, რუსეთთან უმძიმეს მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, მეორე მხრივ კი ვერაფერი მივიღოთ.