საქართველოს შეიარაღებული ძალების სამთო-სადაზვერვო ბატალიონი უკვე ავღანეთშია. ქართველი ჯარისკაცები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში, მომავალი 6 თვის განმავლობაში ყანდაღარის პროვინციაში „საჰაერო ძალების“ ბაზაზე პირველად შეასრულებენ ISAF-ის მისიას.
სამთო-სადაზვერვო ბატალიონის პირადი შემადგენლობა, ამერიკელი და ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, „საჰაერო ძალების“ ბაზაზე შემაჯამებელ სწავლებას გადის.
ყანდაღარში ქართული კონტინგენტის განთავსება გეგმის მიხედვით ხორციელდება. სამთო-სადაზვერვო ბატალიონის ახალი დისლოკაციის ადგილი თავიდანვე შეთანხმებული იყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედროებთან და სარდლობასთან.
ნატო–ს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად ქართულმა ქვედანაყოფმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარა. ბატალიონის პირადი შემადგენლობა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც იმყოფებოდა, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გადიოდა. ჯარისკაცების მომზადების დონე და მათი მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად, დადებითად შეაფასეს როგორც ცენტრის ექსპერტებმა, ისე ამერიკელი საზღვაო ქვეითების ტრენერთა და მრჩეველთა ჯგუფმა.