კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში (ვიდეო)

კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში (ვიდეო)

დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყებაში სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე მიიღო. კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი საქართველოში ნატოს კვირეულის ფარგლებში იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მონაწილეობას ISAF-ის მისიაში. ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ ქართულ მხარეს საერთაშორისო ოპერაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი. თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის მომავალშიც გააგრძელოს წვლილის შეტანა საერთაშორისო მისიებში: „ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, იმ პროგრესზე, რომელსაც აფასებს ნატო, საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, განსაკუთრებით თავდაცვის რეფორმაზე. ვისაუბრეთ დიდწილად ჩვენს ერთობლივ ოპერაციაზე ავღანეთში, რომლის შედეგის დემონსტრირება გუშინ მოხდა ჩატარებული მშვიდობიანი არჩევნებით. ჩვენ შეგვიძლია ყველამ ერთად ვიამაყოთ იმით, რომ საქართველომ ამ ისტორიულ პროცესში შეიატანა თავისი დიდი წვლილი. მე მინდა ვუთხრა ნატოს მაღალ წარმომადგენელს, რომ საქართველო გააგრძელებს რეფორმების გზას. საქართველოს შეიარაღებული ძალები ყოველთვის იქნება დასაყრდენი და მხარდამჭერი ნატოს შეიარაღებული ძალებისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ ნატო-საქართველოს შემდგომი ურთიერთობა იქნება მხოლოდ და მხოლოდ გაღრმავებული და საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა, რაც იქნება საქართველოსთვისაც და ნატოსთვისაც კიდევ უფრო მეტი უსაფრთხოების მომტანი.“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ: "მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო საქართველოს იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც ავღანეთში, ISAF-ის მისიაში შეაქვს. საქართველო ნატოს არაწევრი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ქვეყანაა.  ISAF-ის ოპერაციის წარმატებისთვის ძალიან მნიშნველოვანია თქვენი სამხედრო მოსამსახურეების მიერ შესრულებული მისია, რომელსაც ისინი დიდი პროფესიონალიზმით, თავგანწირვით და სიმამაცით ასრულებენ. მე მჯერა, შაბათს ჩატარებულმა არჩევნებმა ყველა ეჭვი გააქარწყლა ავღანეთის მომავლის შესახებ. 7-მა მილიონმა ავღანელმა ნათლად დაადასტურა, რომ ისინი მზად არიან ჩაიბარონ საკუთარი ქვეყნის მართვის სადავეები.  ჩვენ ვგეგმავთ ავღანეთში მისიის გაგრძელებას და "გადამწყვეტი მხარდაჭერის" ოპერაცია დაიწყება, მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერება ორმხრივი უსაფრთხოების (BSA) და ძალთა სტატუსის შესახებ შეთანხმებებს (SOFA). მადლობას ვუხდით საქართველოს, რომ გამოთქვა სურვილი ჩვენთან ერთად დაეხმაროს და ჩაერთოს ავღანელი სამხედროების მომზადების პროცესში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი მიღწევები ავღანეთში. არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველო ნატოსთვის ძვირფასი და დაფასებული პარტნიორია. ჩვენ ვაფასებთ თქვენს ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს. თუმცა, გასაკეთებელი კიდევ არის, როგორიცაა შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზაცია, ადმინისტრაციული რეფორმები სასამართლო სისტემაში და სხვა. ასევე განსაკუთრებით აღნიშვნას იმსახურებს საქართველოში ჩატარებული ბოლო არჩევნები. დღეს ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ ბუქარესტის გადაწყვეტილება ძალაშია და საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა, მას შემდეგ რაც დააკმაყოფილებს გაწევრიანებისთვის საჭირო პირობებს და მოკავშირეები მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას.“