„ძველ თბილისში ბიზნესზონის გაკეთება დანაშაულია“

„ძველ თბილისში ბიზნესზონის გაკეთება დანაშაულია“

საბაგირო გზები, დახრილი ლიფტები, შუშის პანორამული კაბინები, – ასეთი იქნება „პანორამა თბილისი“ ძველი თბილისის ტერიტორიაზე.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი უძრავი ქონების სფეროში 0.5 მილიარდი აშშ დოლარის საინვესტიციო ღირებულების პროექტის - „პანორამა თბილისის“ განხორციელებას იწყებს. პროექტის ფარგლებში ქალაქის ცენტრალური და ისტორიული უბნები საბაგირო გზებითა და დახრილი ლიფტებით დაუკავშირდებიან გამწვანებულ შემოგარენს. პროექტი ოთხ მრავალფუნქციურ კომპლექსს აერთიანებს: სოლოლაკის მაღლობს, სოლოლაკის ბაღებს, თავისუფლების მოედანს და ერეკლე მეორეს მოედანს.

მისი დასრულება ეტაპობრივად, ოთხწელიწადში იგეგმება. შედეგად თავისუფლების მოედანზე იქნება „5+“–ვარსკვლავიანი სასტუმრო, „4+“–ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება ძველ თბილისში, ხოლო ზემოთ, სოლოლაკში იქნება 4–ვარსკვლავიანი სასტუმრო.

თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი ირწმუნება, რომ„ პანორამა თბილისი“ დედაქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება. ის მოიცავს სასტუმროებს, სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს, საოფისე და სავაჭრო ფართებს, საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზებს, გამაჯანსაღებელ და დასასვენებელ ცენტრებს, სპორტულ მოედნებსა და აუზებს, ასევე, ყველა აუცილებელ ინფრასტრუქტურას.

ცნობილია, ასევე, რომ მიწის ნაწილი, სადაც „პანორამა თბილისის“ პროექტი უნდა განხორციელდეს, ბიძინა ივანიშილის საკუთრებაა, ნაწილი კი– სხვა კერძო პირების. ამდენად, „თანაინვესტირების ფონდი“ მიწის გარკვეულ ნაწილს ფონდის ერთ-ერთი ინვესტორის, ბიძინა ივანიშვილისგან შეიძენს.

პროექტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ქალაქის ახალ ოთხ მსხვილ ტურისტულ და ბიზნეს-ცენტრს შორის დღის ყველაზე დატვირთულ პერიოდშიც კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება ავტოტრანსპორტის გარეშე, საბაგირო გზებისა და დახრილი ლიფტების საშუალებით. ამასთან, შუშის პანორამული კაბინებით მგზავრობისას დამთვალიერებლებს დედაქალაქის ულამაზესი ხედებით დატკბობის საშუალება მიეცემათ. ხსენებული უპირატესობის გათვალისწინებით, აღნიშნულ პროექტს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

როგორც ფონდში აცხადებენ, პროექტი იმითაც არის შესანიშნავი, რომ ის მწვანე არქიტექტურის უპრეცედენტო მაგალითს წარმოადგენს. მის ფარგლებში დაირგვება 30 000 ახალი ხე, რაც გააჯანსაღებს ქალაქის ეკოსისტემას.

„პანორამა–თბილისს“ მოწინააღმდეგეები უკვე გამოუჩნდნენ. ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნული პროექტი უხეში ჩარევა დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში და წინა მთავრობის პრაქტიკის გაგრძელებაა.

თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარის“ ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე ელისაშვილი „პანორამა თბილისის“ პროექტს უპასუხისმგებლოს უწოდებს. მისი განმარტებით, დედაქალაქს სჭირდება განაშენიანების რეგულირების გეგმა, ანუ რეგულირების და განვითარების ერთიანი კონცეფცია.

ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარის“ გამგეობის წევრი, არქიტექტორი ცირა ელისაშვილი ვერანაირ აუცილებლობას ვერ ხედავს, რომ მსგავსი ტიპის ბიზნესცენტრები განთავსდეს თბილისის ცენტრში და, განსაკუთრებით, თბილისის ისტორიულ ნაწილში. პირიქით, მისი აზრით, ეს ოდიოზური პროექტი საფრთხეა ძველი ქალაქისთვის.

მისი თქმით, ძალიან ბევრი პრობლემაა ქალაქში, განსაკუთრებით, ისტორიულ ნაწილში და ის ნახევარი მილიარდი, რომელიც ამ სრულიად გაუგებარი პროექტისთვისაა გათვალისწინებული, უმჯობესია, დაიხარჯოს ძველი ქალაქის ცხოვრების რეაბილიტაციისთვის. ეს საშვილიშვილო საქმე იქნება და ჩვენ შევუნარჩუნებთ მომავალ თაობებს ძველ თბილისს.

„უკვე ვადებიც დასახელდა. ითქვა, რომ პროექტ „პანორამა თბილისის“ პირველი ეტაპი 2015-ში დამთავრდება, მეორე ეტაპი -2017-ში. თუმცა ვინ განიხილა და ვინ მოიწონა ეს პროექტი? რატომ ვაყენებთ საზოგადოებას ფაქტის წინაშე? რატომ გვაქვს იმის ამბიცია, რომ, თურამე, უნდა გაკეთდეს, ეს უნდა გაკეთდეს საზოგადოებისა და პროფესიული ნაწილისგან გარიყულად. მთავარი მომენტია, რომ ჩვენ ფუნქციურ სახეს ვუცვლით თბილისს. თუ აქამდე თბილისი გახლდათ ძირითადი საცხოვრებელი ზონა, ამ პროექტის განხორციელების შემდეგ იქცევა საქმიან ზონად. საქმიანი ზონა კი ისტორიული ქალაქის სიკვდილია. ამ პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე ისტორიული ძეგლები მდებარეობს. ეს ნიშნავს, რომ რაღაცის ნგრევის ხარჯზე უნდა განხორციელდეს ეს პროექტი. რა თქმა უნდა, ამას ვეწინააღმდეგები, ამას სჭირდება ძალიან მძლავრი საპროტესტო ტალღის აგორება, რომელშიც მონაწილეობას მეც მივიღებ. ეს უნდა იყოს მკვეთრი გზავნილი ხელისუფლებისთვის, რომ, მიუხედავად იმისა, ვინ არის ხელისუფლებაში და ვინ რამხელა კაპიტალს დებს, სამოქალაქო საზოგადოების, პროფესიული ნაწილის გარეშე არავინ მისცემს არავის უფლებას, ისტორიული ქალაქი დამთავრდეს 21-ე საუკუნის ათიან წლებში. ეს გამორიცხულია“, - აღნიშნა ცირა ელისაშვილმა For.ge-სთან საუბარში.

მისი თქმით, ძველი თბილისი იუნესკოს ძეგლთა ნუსხაში შესატანად არის ნომინირებული. ამდენად, თუ მსგავსი ტიპის მშენებლობა განხორციელდება, ეს ნიშნავს, რომ იუნესკოში თბილისი ვერასდროს ვეღარ შევა და ამით საერთაშორისო დონეზე ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციის საკითხს დავამთავრებთ.

„არსებობს ცუდი გამოცდილებაც, როდესაც მთლიანად ბიზნესი შევიდა ისტორიულ ქალაქში და ამის გამო ქალაქები დაიკეტა ექვსი საათის შემდეგ. ეს დაემართა რიგას, სტამბულის აზიურ ცენტრს და სხვა. ეს ქალაქები მიჩნეულია იმის მაგალითად, თუ როგორ არ უნდა განავითარო ისტორიული ქალაქი. ეს უარესია იმასთან შედარებით, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა ისტორიულ ქალაქთან მიმართებით. ახლა გაცილებით მეტ თანხასა და მასშტაბზეა საუბარი, რაც ძველ ხელისუფლებასაც არ მოსვლია თავში“, - აღნიშნა ცირა ელისაშვილმა.

For.ge-სთან საუბარში მხატვარი გია ბუღაძე განმარტავს, რომ „პანორამა თბილისი“ საგრძნობლად ცვლის ქალაქის ლანდშაფტს, მის ისტორიულ ნაწილს, არქიტექტურულ შენობებს, რაც ძველ თბილისში სერიოზულ კორექტივს შეიტანს. ეს მით უფრო სახიფათოა, რომ ჩვენ ძალზე ცუდად, უკულტუროდ მოვექეცით ისტორიულ წარსულს და იგი გავანადგურეთ.

„წინა ხელისუფლებას იმას უწუნებდნენ, რომ ასე აქტიურად შეიჭრა ძველი თბილისის ქსოვილში, არქიტექტურულ სხეულში და საშინელი ცვლილებები შეიტანა. მე მგონი, ესენი უარესს აკეთებენ. ასეთი დახრილი ლიფტები ესპანეთშიც მინახავს და იტალიაშიც, მაგრამ იმდენად ფაქიზად არის გაკეთებული, რომ ისტორიულ ქსოვილთან მისადაგებულია და თითქმის არ ჩანს. მაგალითად, იტალიაში, პერუჯა ისეა გაკეთებული, გაოგნდებით, აქ არის პატარა მონორელსური ვაგონეტები, დაახლოებით ათკაციანი, შიგნით არ ზის მემანქანე, მოძრაობს ყოველ სამ-ოთხ წუთში ერთხელ. პერუჯაში ვაგონები ადის ქალაქის სხვადასხვა სიმაღლეზე, დაახლოებით რვა სიმაღლეა და რვა გაჩერება აქვს. თუნდაც ტოლედოში ლიფტები და ესკალატორები ისე შერწყმულია, რომ გარედან თითქმის არ ჩანს, მოძრავი ესკლატორი ადის ქალაქის ერთი ქვედა ნაწილიდან ციტადელის ბოლოში. ბარსელონაშიცაა ამის მსგავსი. ისე, როგორც ჩვენ ვექცევით თბილისის ისტორიულ ლანდშაფტს, ევროპაში არ იქცევიან“, - აღნიშნა გია ბუღაძემ.

მისი თქმით, მთელი მსოფლიოს ისტორიული ქალაქების წინაშე დგას პრობლემა, რაც ისტორიულ მემკვიდრეობასთან თანამედროვეობის მორგებაში გამოიხატება. ასეთივე პრობლემაა რომში, სხვა უძველეს ქალაქებში, მაგრამ იქ მოიძებნა შეთავსება-შეთანხმების საინტერესო მომენტები. რაც შეეხება თბილისს, ის საკმაოდ დიდი და მრავალრიცხოვანი ქალაქია, უამრავი დამთვალიერებლით და ინოვაცია საჭიროა. ამიტომ პროფესიონალები უნდა შეიკრიბონ და იმსჯელონ ამ საკითხზე, თორემ ვერც წარსულს ვერ გავუფრთხილდებით და ვერც თანამედროვეობას ვერ ავუღებთ ალღოს.

ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ბიზნესცენტრისა და ტურისტული ზონის გაიგივება არ შეიძლება. მისი თქმით, არსებობს დაუნთაუნები, ბიზნესზონები, სადაც მაღლივი შენობები, ოფისები და ბინებია განთავსებული. ეს არის ცალკე ერთი უბანი და სრულიად განსხვავდება ტურისტული ზონისგან.

„ტურისტული ზონა ისედაც გაათახსირეს და თავი დაანებონ. პროექტი – „პანორამა თბილისი“ არ მინახავს, მაგრამ არსად გამიგია, ისტორიული ზონა ბიზნეს ზონას გაუტოლონ. ძველ თბილისში ბიზნეს ზონის გაკეთება დანაშაულია“, - აღნიშნა გოგი ხოშტარიამ.