[თეონა ხარაბაძე]
20-ლარიანი ელექტროვაუჩერების დარიგება ბიუჯეტს 20 მილიონი ლარი დაუჯდება. ამ ვაუჩერების დარიგება კი - 265 ათასი ლარი. თავად ვაუჩერების დაბეჭდვა კი რა დაჯდა, ჯერჯერობით, არავინ იცის. უხეში გაანგარიშებით კი, 100 ათასზე ნაკლები არ იქნება. თუმცა, ეს 350 ათას ლარზე მეტი რისთვის იყო საჭირო, ამაზე არავინ არაფერს ამბობს. არადა, არც ისე მცირე თანხაა.
საქართველოს მთავრობის N205 განკარგულებაში, რომელიც 2011 წლის 31 იანვარს არის გამოცემული, გაწერილია მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად საჭირო ღონისძიებები.
ამ დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ 20-ლარიანი ვაუჩერები უნდა დაურიგდეს ზუსტად 941 634 ოჯახს, რომელიც ელექტროენერგიის აქტიური მომხმარებელია.
სხვა საკითხია, რომ ეს ღონისძიება არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება ანტიინფლაციურ ღონისძიებად ჩაითვალოს და თავისი არსით არათუ ინფლაციას ებრძვის, არამედ, პირიქით, უფრო მეტად უწყობს ხელს.
ამ შემთხვევაში, საინტერესო ის არის, თუ 1 მილიონი ოჯახისთვის გამოყოფილი 20-ლარიანი ვაუჩერი საერთო ჯამში, რა ხარჯებს იწვევს და ეს ხარჯები, რომელიც ბიუჯეტიდან იხარჯება, სად მიდის.
დავიწყოთ იმით, რომ პრემიერ-მინისტრიც და პრეზიდენტიც საუბრობდა იმაზე, რომ 20-ლარიანი დახმარება 1 მილიონ ოჯახს გადაეცემოდა. არადა, მთავრობის განკარგულებაში ნათქვამია, რომ ვაუჩერები 941 634 ელექტროენერგიის აქტიურ მომხმარებელს დაურიგდება. გამოდის, რომ 58 366 ოჯახი „მოტეხილია“. მათთვის მისაცემი 20 ლარი კი ჯამში 1 მილიონ 167 ათას 240 ლარია. ანუ, 1 მილიონ 167 ათასი სადღაც გაქრა.
ამას კი ისიც ემატება, რომ ამ ვაუჩერების დასარიგებლად, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2 650 ადამიანის დაქირვების უფლება მიეცა.
ამ ადამიანებს ვაუჩერების დასარიგებლად რამდენს გადაუხდიდნენ, მთავრობის განკარგულებაში არაფერია ნათქვამი. მაგრამ ის ადამიანები, ვინც ამ ვაუჩერებს არიგებდნენ, ამბობდნენ, რომ მათ ამისთვის 100-100 ლარს მისცემდნენ. გამოდის, რომ ბიუჯეტს ამ ვაუჩურების დარიგებისთვის დამატებით, მინიმუმ 265 ათასი ლარი დაუჯდა.
არადა, დაბეჭდილი ვაუჩერების დარიგება არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენდა, რადგან ამავე განკარგულებაში ნათქვამია, რომ „ვაუჩერით გათვალისწინებული შეღავათი აბონენტის პირად ბარათზე აისახება ავტომატურად და არ საჭიროებს მის წარდგენას სადისტრიბუციო კომპანიაში“.
თუკი ვაუჩერის წარდგენა არ იყო საჭირო, მაშინ ჩნდება კითხვა, თუ მისი დაბეჭდვა და დარიგება რაღა საჭირო. მით უმეტეს, რომ დარიგებაზე ნაკლები ხარჯები დაბეჭდვას არ დასჭირდებოდა.
აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების მხრიდან არანაირი განმარტება არ კეთდება ამ ხარჯებთან დაკავშირებით. სპეციალისტების ვარაუდით კი, თითო ვაუჩერის დაბეჭდვა, მინიმუმ, 10 თეთრი მაინც დაჯდებოდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მილიონი ვაუჩერის დაბეჭდვა 100 ათასი ლარი დაჯდა. საერთო ჯამში კი, დაბეჭდვიან-დარიგებიანად 350 ათასი ლარი მაინც არის დახარჯული.
ცხადია, ეს თანხა ბიუჯეტიდან არის დახარჯული. მნიშვნელობა არა აქვს, რომელი პუნქტიდან და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ეს ფული არაფრისთვის რატომ გადაყარეს.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ პარლამენტში ეს საკითხი საერთოდ არ ადარდებთ და როგორც დარგობორივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, ვაუჩერების დარიგება სოლიდარობისთვის იყო საჭირო და ამისთვის გაღებული ხარჯებიც ბევრი არ ეჩვენება.
„არა მგონია, რომ აქ დიდი ხარჯი იყოს გაწეული, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ მოხდა სოლიდარობის გაწევა. ის ინფორმაცია, თუ რამდენი დაიხარჯა, ჯერ არა გვაქვს. თუმცა დავინტერესდებით და გეტყვით“, - აცხადებს გიორგი მელაძე.