მას შემდეგ, რაც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილის რამდენიმე ოლქში რუსეთის მომხრეები გააქტიურდნენ, რუსეთის დროშები ააფრიალეს და დამოუკიდებლობაც კი გამოაცხადეს, გაძლიერდა ეჭვი იმის თაობაზე, რომ - კრემლი შეჩერებას არ აპირებს და თანმიმდევრულად ახორციელებს იმპერიალისტურ გეგმებს. უკრაინის მაგალითის მიხედვით, მოსალოდნელ საფრთხეებზე ლაპარაკობენ საქართველოშიც, სადაც უსაფრთხოებისა და სტაბილურობის იმედებს კვლავაც მტკიცედ უკავშირებენ ევროკავშირსა და ნატოს.
უკრაინის დაქუცმაცების პროცესი გრძელდება. 7 აპრილს სახელდახელოდ შექმნილმა დონეცკის საოლქო სახალხო საბჭომ დონეცკის ოლქი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა და გადაწყვიტა ასევე უახლოეს პერიოდში ჩატარდეს რეფერენდუმი დონეცკის რუსეთთან მიერთების საკითხზე. დონეცკის ადმინისტრაციულ შენობასთან მიტინგი, რუსეთის ჰიმნის ფონზე, რუსეთის დროშების ფრიალით მიმდინარეობს. მომიტინგეები აცხადებენ, რომ კიევის მხრიდან წინააღმდეგობის შემთხვევაში, ისინი იძულებული იქნებიან დახმარება სთხოვონ რუსეთს და თვითგამოცხადებულ ”დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში” რუსი მშვიდობისდამცველები დაპატიჟონ.
ბევრისთვის ცხადია, რომ რუსეთის გეგმაა უკრაინა ნაწილ-ნაწილ დაიქვემდებაროს. მაგალითად, ოპოზიციონერი ლიდერის იულია ტიმოშენკოს თქმით, რუსეთი ცდილობს ”აღმოსავლეთ უკრაინის ანექსია მოახდინოს ყირიმის სცენარით”. აქვე გავიხსენოთ, რომ პრორუსულად განწყობილმა აქტივისტებმა ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს აღმოსავლეთ უკრაინის კიდევ ორ ქალაქში - ლუგანსკსა და ხარკოვში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას თქმით, ის, რაც ჩვენს მეგობარ და მეზობელ უკრაინაში ხდება, საქართველოს სერიოზულ შეშფოთებასა და პროტესტს იწვევს. იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა გააუქმა ლიტვაში ვიზიტი, დავით ჯალაღანია ვარაუდობს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენები სერიოზული ხასიათისაა და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, თუმცა მან გამოთქვა ასევე იმედი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მეტი კონსოლიდირებით და კიევის ”ძალზედ მოზომილი და პრაქტიკული, ძალზედ რაციონალური პოლიტიკით, მოხერხდება ”კრიზისის გამწვავების თავიდან აცილება” და ”უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე სტაბილურობა და ერთიანობა შენარჩუნდება”.
რაც შეეხება საქართველოს, ინტერნეტში გავრცელდა გარკვეული ვარაუდები რუსეთის ფედერაციის ავი ზრახვების თაობაზე მის მიერ ოკუპირებულ ქვეყანასთან მიმართებით. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, მისთვის სიახლეს არ წარმოადგენს რუსეთის განზრახვა - დააქუცმაცოს საქართველო და ძირი გამოუთხაროს მის სახელმწიფოებრიობას, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია კონკრეტული გეგმები:
”რა თანმიმდევრობით რომელ მიმართულებას აამოქმედებს აგრესორი, ეს ამ წუთში - ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის - ნამდვილად არ არის ცნობილი. თუმცა ყველა ის შესაძლო საფრთხე, რისკი შესაბამისად არის გასაანალიზებელი და, რა თქმა უნდა, ადეკვატური მზადყოფნაა ქვეყნიდან საჭირო მათზე რეაგირებისათვის”.
რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე უფრო კონკრეტულად ლაპარაკობს საქართველოს გეოსტრატეგიული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია. როგორც ანალიტიკოსი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მოსალოდნელია, რომ რუსეთმა რეფერენდუმი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც ჩაატარებინოს:
”სავარაუდოდ, მაის-ივნისში ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი, ალბათ, რეფერენდუმის იდეას წამოაყენებს ისევ ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთებასთან დაკავშირებით. ადგილობრივმა მმართველმა ძალამ - ”ედინსტვომ” - ამ იდეის აგიტაცია დაიწყო უკვე თამამად. პლუს დაიწყო ჩრდილოეთ ოსეთიდან სამხრეთის მიმართულებით შეიარაღებული ძალების გადასროლა”.
ყველასათვის გასაგებია, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ გაკეთებულ მტკიცე არჩევანს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სასარგებლოდ, მაგრამ რადგანაც პრობლემების ძირითადი გასაღები ისევ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერაშია, რუსეთისგან მოსალოდნელი საფრთხის ფონზე, საქართველოში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ქვეყნის სწრაფვას ევროკავშირისა და ნატოსკენ. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ქვეყნის უსაფრთხოების უალტერნატივო გარანტიად განიხილება.
7 აპრილს საქართველოში ნატოს კვირეული გაიხსნა და თბილისს, სხვა უცხოელ სტუმრებთან ერთად, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი ესტუმრა. როგორც მასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა, უკრაინის ოკუპაციასთან დაკავშირებული პროცესები რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში განიხილებოდა:
”ნატოში ძალიან შეშფოთებულები არიან რეალურად, კონკრეტული ზომებიც განიხილება ერთობლივი ვარჯიშების, წვრთნების... დახმარების, მხარდაჭერის გზების და შესაძლებლობების. რა თქმა უნდა, ჩვენ, ჩვენი მხრივ, გავაცანით ჩვენი ხედვა”.
სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა შედეგს შეიძლება მოელოდეს საქართველო ალიანსის უელსის სამიტზე შემოდგომით, თუმცა, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩის თქმით, ნატოში მყარია აზრი, რომ დამატებითი ნაბიჯი უნდა გადაიდგას და საკმარისი არ იქნება მხოლოდ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გამეორება - რომ საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.