"სამართლიანობის სისტემური აღდგენის ნასახიც კი არ ჩანს"

"დღეს, ჩემი აზრით, საზოგადოებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა სამართლიანობის აღდგენა გახლავთ. ივანიშვილის "ქართულმა ოცნებამ" სძლია სააკაშვილის "ნაციონალურ მოძრაობას" ორი მიზეზით: პირველი, ხალხს აღარ სურდა ეცხოვრა სახელმწიფოებრივ ტერორში, და მეორე, ხალხს იმედი ჰქონდა, რომ მისი მაწამებელი და შეურაცხმყოფელი უზურპატორები დაისჯებოდნენ. მაწამებელთა და შეურაცხმყოფელთა დასჯა მრავლისმიმტევებელ ქართველ საზოგადოებას სურდა არა რამე ბნელი შურისძიების მიზნით, არამედ იმისთვის, რომ ქვეყნის ჯანმრთელობისათვის აუცილებელი სამართლიანობის განცდა აღდგენილიყო საქართველოში.წლინახევრის თავზე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერჯერობით ტერორი შეწყდა, მაგრამ სამართლიანობის სისტემური აღდგენის ნასახიც კი არ ჩანს", - წერს ბიზნესმენი ლევან ვასაძე გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ საავტორო წერილში სათაურითლევან ვასაძე: სამართლიანობის აღდგენა.

"აქვე უნდა დავძინოთ, რომ როდესაც ამის გამო ახალ ხელისუფლებას აკრიტიკებენ, არ უნდა დაგვავიწყდეს ის უდიდესი მსხვერპლი და ღვაწლი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გაიღო ჩვენი საზოგადოებისათვის, ჩაიგდო რა თავი უკიდურეს საფრთხეში სააკაშვილის დესპოტურ რეჟიმთან პირადი დაპირისპირებით. ეს თავგანწირვა ბევრ ჩვენგანს არ გამოუჩენია და ასეთი ნაბიჯის გადამდგმელ პიროვნებას უსათუოდ ეკუთვნის ჩვენი საზოგადოებისაგან მეტი ნდობა და მოთმინება. და ამ კონტექსტში საკმაოდ უმწიფარად ჩანს მისი უსამართლობაში დადანაშაულება, მით უმეტეს, ისეთი პოლიტიკოსებისაგან, რომლებიც თავიდანვე სააკაშვილის კარზე ვერ მოხვდნენ ამის დიდი სურვილის მიუხედავად, ან რომლებიც სააკაშვილის რეპრესიული რეჟიმის ნაწილი იყვნენ და მხოლოდ იმიტომ განუდგნენ მას, რომ დესპოტის გადმოგდებული ლუკმა ეცოტავათ", - აღნიშნავს ლევან ვასაძე.

"სამართლიანობის აღდგენის პროცესს ჩვენი საზოგადოება უკვე წელიწადზე მეტია ელოდება. იგი გაგებით ეკიდება ახალი მთავრობის რთულ მდგომარეობასაც, რომელიც განპირობებულია საქართველოს საგარეო პოლიტიკური საჭადრაკო დაფის უკიდურესი სირთულით. მაგრამ მიუხედავად დასავლეთის დიდი წნეხისა, მაინც გაუგებარია, რატომ არ ჩანს არანაირი სისტემური წინსვლა სამართლიანობის აღსადგენად. ხშირად გვესმის, რომ ჩვენს სახელმწიფოს ახლა არც მაგისთვის სცხელა და არც მაგის საკომპენსაციო ფული აქვს. მაგრამ ქართველი საზოგადოებისათვის ფული არ არის მთავარი, მადლობა ღმერთს, ჯერ ასე არ გადავგვარებულვართ. მიუხედავად უდიდესი გაჭირვებისა, ჩვენს საზოგადოებას ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს ღირსების შეგრძნება. ასეთ ქვეყანაში ძალიან ძნელია სახელმწიფოებრივი მშენებლობა წინ წასწიო, თუ ადამიანებს ჩამორთმეული ღირსების შეგრძნება არ დაუბრუნე. ახალი მთავრობის მოხელეებისაგან ხშირად გვესმის, რომ ეს ძნელია(?!). ეგ ჩვენთან ბავშვმაც კი იცის, მაგრამ ის, რომ ხალხი ვერ ხედავს ახალი მთავრობისგან სამართლიანობის აღდგენის სისტემურ მცდელობასაც კი, არის ან ახალი ხელისუფლების პირველი სერიოზული შეცდომა, ან საზოგადოებისათვის ჯერ გაუგებარი სტრატეგიული ჩანაფიქრი", - განაგრძობს წერილის ავტორი.

"330 000 - ეს არის ციფრი სააკაშვილის რეჟიმის ცხრაწლიან პერიოდში დაპატიმრებული ადამიანებისა. იგი ამ მაჩვენებლით საქართველოს მსოფლიოში პირველ, სამარცხვინო ადგილზე ამყოფებს. ეს არის ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 7.5%, ქართული ეთნოსის დაახლოებით 10% და სამუშაო ასაკის ქართველი მამაკაცების 35%. ამდენი ხალხი, თავისი ქვეყნის მოსახლეობასთან შეფარდებით, ციხეში 9 წელიწადში არ ჩაუყრია მსოფლიოს არც ერთ თანამედროვე ხელისუფლებას. თუ დავუშვებთ, რომ ერთ ქართველ კაცს საშუალოდ 4 უახლოესი ოჯახის წევრი-ნათესავი მაინც ჰყავს, გამოდის, ეს უბედურება ოჯახის დონეზე შეეხო 1.5 მილიონ კაცზე მეტს. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყნის 40%-მდე "იყო ციხეში", რადგან ქართულ ოჯახში ადამიანისათვის შვილის, ძმის, დის ან მშობლის ციხეში მოხვედრა უარესია, ვიდრე თავად ამ ადამიანის დაპატიმრება. და თუ საქართველოში 3 მილიონი ქართველიღა დავრჩით, ეს 1.5 მილიონი ნიშნავს, რომ ყოველი მეორე ქართველი "იყო ციხეში" ამ ცხრა წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის წყალობით", - მიიჩნევს ლევან ვასაძე. 

"ამ 330 000-დან, თითქმის არც ერთი პატიმარი არ გამოუშვიათ ციხიდან ფულის გადახდის გარეშე. ხალხი აიძულეს გაეყიდათ ყველაფერი, რათა გაეთავისუფლებინათ თავიანთი ახლობლები. სააკაშვილის რეჟიმის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენების ოფიციალური სტატისტიკა იყო გამაოგნებელი 0.1%, რაც 5-ჯერ ნაკლებია პუტინის სასამართლოს 0.5%-ზეც კი და 120-ჯერ ნაკლებია სტალინის ტროიკების 12%-ზე გასული საუკუნის 30-იანი წლების მიწურულს. ახალი ხელისუფლება ვერავითარ ახალ საქართველოს ვერ ააშენებს ასეთი დათრგუნვილი, დაშინებული, შეურაცხყოფილი, ღირსებააყრილი მოსახლეობით. იგი ვერ შეძლებს ეკონომიკის წინ წაწევას, ქვეყანაში ჯანსაღი კულტურული პროცესების სტიმულირებას, გადაშენების პირას მისული ეროვნების შობადობის გაზრდას, თუ არ გააჩენს სამართლიანობის განცდას მოქალაქეში, შეგრძნებას იმისა, რომ მისი ღირსეულად და შეურყვნელად ცხოვრების უფლებები დაცულია, არა მხოლოდ უახლოეს მომავალში, არამედ უახლოეს წარსულშიც", - განმარტავს ავტორი.

"ახალ ხელისუფალთ არგუმენტად მოჰყავთ ის ფაქტი, რომ ჩვენს სახელმწიფოს არა აქვს ფული, რომ დაუბრუნოს ამ გაწეწილ და დაჩაგრულ ხალხს - მერე აიღონ და ყველა ის პოლიტიკოსი, მოსამართლე, პროკურორი და ბადრაგი გაასამართლონ კანონით, ვინც ამას სჩადიოდა, მათი უკანონო ქონების კონფისკაცია მოახდინონ და რამდენსაც შეძლებენ, იმდენი კომპენსაცია მისცენ ხალხს. სხვა სახის კომპენსაციებიც მოიფიქრონ. სამართლიანობის აღდგენის კომისია შექმნან, რომელშიც შევლენ სახელისუფლებო სამივე შტოს ხელმძღვანელი და პატრიარქი და გამოიმუშაონ სამართლიანობის აღდგენის მეთოდიკა - აიყვანონ ეს პროცესი სახელმწიფო პრიორიტეტის რანგში არა სიტყვებით, არამედ საქმით... აგერ, სააკაშვილის სასამართლო 330 000 კაცის უკანონო დატუსაღებასა და გაწეწვას მოერია და ახალი ბიუროკრატია იმ ბანდის კანონით გასამართლებას ვერ უნდა მოერიოს, ვინც ეს ხალხი აწამა? აბა, რისთვის აირჩია ხალხმა ახალი მთავრობა? მხოლოდ იმისათვის, რომ ტერორი შეწყვეტილიყო?" - თვლის ბიაზნესმენი. 

"როდემდე უნდა ვაუპატიუროთ ქართველი საზოგადოება ტელევიზორში "ნაციონალების" და მათი გოშია ფსევდოჟურნალისტების მოსმენის დაძალებით? ნუთუ არ არის გასაგები, რომ თუ კანონდამრღვევი პოლიტიკოსები, მოხელეები, მოსამართლეები და იდეოლოგები სამაგალითოდ და ჯგუფურად არ დაისჯებიან კანონის შესაბამისად, ერთიანი სამართლებრივი პროცესის ფარგლებში, მაშინ ახალ პოლიტიკოსებსა და მოხელეებს ვეღარაფერი შეაჩერებთ იმავე გზაზე? რა გადაარწმუნებს აწი მათ იმ აზრში, რომ შეგიძლია მოქალაქეებზე იძალადო, აუპატიურო, მილიონები წაართვა, მოჰპარო ფული გზებისა და შენობების სამშენებლო ხარჯებიდან და მერე დაუსჯელად დაჯდე ოპოზიციაში და იქიდან მათვე ჭკუა არიგო, ან სულაც დასავლეთს, შენს მენტორს, შეაფარო თავი და იქ იცხოვრო ნებისმიერ დასავლელ მოქალაქეზე დაცულად და დალხინებულად? შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული ელიტის დაუსჯელობამ ხომ არ შვა სააკაშვილის კორუმპირებული ელიტა? და მათი დაუსჯელობა რას შობს მომავალში? რა არის ერთი წლის განმავლობაში ორი კინკილა მერაბიშვილისა და ახალაიას დაკავება იმასთან შედარებით, რაც ამ ბანდამ გაუკეთა ქვეყანას ცხრა წლის მანძილზე?" - აცხადებს სტატიის ავტორი. 

"რა სამართალზე ვაპირებთ დავაფუძნოთ ქართული სახელმწიფოს მშენებლობა, თუ მოსახლეობას ვთავაზობთ ამხელა უსამართლობის ჩაყლაპვას? ვის უნდა მერე ასეთი რამის ჩამყლაპავი მოსახლეობის მთავრობად ყოფნა? რის შექმნას შეძლებს ასეთი ეროვნული გვამი მომავალში, რომელი ქვეყნის გამთლიანებას და რომელი სამშობლოს დაცვას? რატომ არ შედგა "ნაციონალური მოძრაობის", როგორც რეპრესიული, ანტიეროვნული და დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის სასამართლო პროცესი აქამდე, რა, დასავლეთი არ გვაძლევს უფლებას? ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია, თუ იგი არის ჭიაყელა რესპუბლიკა, რომელსაც ელჩები და დასავლეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოები მართავენ დღემდე? განა ჩვენ თვითონვე არ ვახდენთ დასავლური სისტემის მართლა კარგი და მისაბაძი მხარეების დისკრედიტაციას დასავლეთის ასეთი მითოლოგიზაციით საქართველოში? ჯერ ერთი, დასავლეთს არა აქვს უფლება, ქვეყნის სუვერენულ პროცესებში ჩარევისა და თუ იგი სამართლიანი და დემოკრატიულია, რატომ ვერ უნდა გაიგოს ჩვენი სიმართლე? და თუ იგი არ არის სამართლიანი და დემოკრატიული, მაშინ რაღას ნიშნავს საქართველოს სწრაფვა დასავლეთისაკენ? - ამბობს ბიზნესმენი. 

"9 940 - ეს არის ჯერ კიდევ დაუდგენელი ციფრი სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაწეწილი ბიზნესმენებისა. ერთი წელი გავიდა და მათგან ერთმა კაცმაც კი ვერ დაიბრუნა საკუთარი ქონება. ისევ გვესმის, სახელმწიფოს ამის ფული არა აქვსო. ფული რა საჭიროა იმ აქტივის შემთხვევაში, რომელიც ერთს წაართვეს და მეორეს გადაუფორმეს?! დაუბრუნეთ ძველ მფლობელს, საარბიტრაჟო კომისია მაინც შექმენით, მიწითა და სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი სხვა აქტივებით მაინც გაუკეთეთ ხალხს ნაწილობრივი კომპენსაცია, პროცესის დასაწყისი მაინც დაგვანახეთ! ვინ არ გაიგებს, რომ ამას დრო სჭირდება, ვინ არ გაიგებს, რომ კომპრომისები საჭიროა ყველა მხრიდან? ასე პირში წყლის ჩაგუბება და წაყრუება წელიწად-ნახევრის განმავლობაში როგორ შეიძლება? მიუხედავად, პირადად ბიძინა ივანიშვილის დიდად დასაფასებელი თავგანწირვისა ქვეყნისათვის, იძულებულნი ვართ, ვაღიაროთ, რომ ახალი ბიუროკრატიის ნაწილმა სუსტად დაიწყო, ხალხის მთავარ მოთხოვნას ყური არ უგდო და ამით საფუძველი ჩაუყარა სრულიად უადგილო და მოულოდნელ უკუსვლას ახალი ხელისუფლების რეიტინგისა და გააჩინა სივრცე პოლიტიკური გვამების რეანიმაციისათვის", - დასძენს ლევან ვასაძე. 

"ღმერთმა ნუ ქნას, რომ სახელმწიფოს დემონსტრატიული არასისტემური მიდგომის შედეგად გაწამებულმა ადამიანებმა თავად აიღონ ხელში სისხლის სამართლის აღდგენა, მიაკითხონ სახლებში ტელევიზორებიდან ჩვენს დამმოძღვრავ "ნაციონალ" აქტივისტებს, ჩააკითხონ მათ იდეურ მამებს თუ დედებს ბუდაპეშტებსა და შეერთებულ შტატებში და ადგილზე აგებინონ მათ პასუხი ღირსების აყრისათვის და სიცოცხლის უფლების ჩამორთმევისათვის. ზოგჯერ გვესმის, რომ "გაფუჭებულ" ყოფილ ტუსაღებს ამის გამბედაობა არ ეყოფათ და რომ საქართველოში კაცი ვერ მოინახება, რომელიც თავს დაიცავს სახელმწიფოს გარეშე. ისინი, ვინც ასეთ აზრს გამოთქვამენ და ვინც ასეთი ახალი ქართველის ჩამოყალიბებაზე ოცნებობენ, არ იცნობენ ჩვენი ერის ხასიათს და ძალიან ცდებიან ამ შეფასებაში. ვშიშობ, თუ ასე გაგრძელდა და სისხლის სამართლის აღდგენა ადამიანებმა თავად დაიწყეს, მაშინ ეს დიდ დარტყმას მიაყენებს საქართველოს სრული ვესტერნიზაციის პროცესს, რომელზეც ასე ოცნებობენ ჩვენი ლიბერასტები, მაგრამ ასევე იგი დიდად დააზიანებს ქართული სახელმწიფოს განვითარებას, რაზეც ასე ოცნებობს ყველა მამულიშვილი. ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს სრული ვესტერნიზაციისა და სელექტიური ვესტერნიზაციის მომხრეთა ინტერესები ამ შემთხვევაში ემთხვევა და იქნებ ეს არც იყოს პარადოქსი ჩვენი მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური სინამდვილისა", - დაასკვნის წერილის ავტორი.