"ხელისუფლებაში ერთი ჯგუფი ახალ პრეზიდენტზე ოცნებობს და მარგველაშვილის იმპიჩმენტის იდეას ავითარებს"

"შალვა თათუხაშვილის საქმეზე ჩვენ ვნახეთ ორი დასკვნა. თათუხაშვილის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით, ცხედარს დაზიანებები აღენიშნებოდა და ამაზე აკეთებდნენ აქცენტს. პროკურატურის დასკვნის მიხედვით კი გარდაცვალების მიზეზი ინტოქსიკაცია გახდა. ამავე დასკვნის თანახმად, თათუხაშვილის სხეულზე არსებული არც ერთი დაზიანება არ იყო სიცოცხლისთვის საშიში. სიმართლე გითხრათ, მე უფრო პროკურატურის ვერსიისკენ ვიხრები. თუმცა, პროკურატურამ არც ერთი კითხვა არ უნდა დატოვოს უპასუხოდ, უპირველესად კი შალვა თათუხაშვილის ოჯახის წევრთა კითხვები", - აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის"მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ნაციონალური მოძრაობის” ოცნებაა, რომ "თბილისური მაიდანი" მოაწყოს" / "პროკურატურას უამრავი ნაკლი კი აქვს, მაგრამ არა მგონია, დღეს იქ მოწმეებს აწამებდნენ". 

"დღეს მთავარია, თათუხაშვილის საქმეზე გამოირიცხოს პოლიტიკური სპეკულაციები. ასევე, თუ დადგინდა, რომ ტრაგედიასთან პირდაპირ ან ირიბად პროკურატურაა დაკავშირებული, ყველამ პასუხი უნდა აგოს. თუმცა, ვიმეორებ - პროკურატურას უამრავი ნაკლი კი აქვს, მაგრამ არა მგონია, დღეს იქ მოწმეებს აწამებდნენ. მოკლედ, ველოდები პროკურატურის სრულ და ამომწურავ პასუხს თათუხაშვილის საქმეზე. რაც შეეხება წიკლაურზე თავდასხმას, წიკლაურის მიერ გავრცელებულ ვერსიაში ეჭვი მეპარება, ელექტროშოკით შეიარაღებული რვა კაცი დამესხა თავს და მანქანაში ვერ ჩამსვესო - რვა მამაკაცი ამ მიზანს მიაღწევდა. შსს-მ უნდა დააკავოს ის ხალხი, ვინც წიკლაურს სცემა, შემდეგ ისინი წარუდგინოს საზოგადოებას და ჩვენ თვითონ ვიმსჯელებთ, ეს სპექტაკლი იყო თუ პოლიტიკურ ოპონენტზე თავდასხმა. დეპუტატის ცემა მიუღებელია. წარსულს უნდა ჩაჰბარდეს წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებული პრაქტიკა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ზოგიერთ ჩვენს თანამოქალაქეს, რომელსაც გაუცრუვდა სამართლიანობის აღდგენის იმედი, წიკლაურის ცემა ეამა კიდეც", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი. 

"ნაციონალური მოძრაობის" ოცნებაა, რომ "თბილისური მაიდანი" მოაწყოს. მთავარი "ნაციონალი", სააკაშვილი, უკრაინაშია ბიძასთან ერთად და ტრენინგებს გადის. თუმცა, არა მგონია, საქართველოში მაიდნის გამეორება შეძლონ. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება ყურადღებით უნდა იყოს და დესტაბილიზაციის შექმნის ყოველგვარი მცდელობა აღკვეთოს. უკრაინელებმა კი იკითხონ, რომელი სახელმწიფოების ინტერესებით მოქმედებენ მათ ქვეყანაში სააკაშვილი და ბიძამისი. თემურ ალასანია რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა "კაგებეს პოლკოვნიკად" მოიხსენია. ეტყობა, ალასანიას ეწყინა, ჩინით რომ დააქვეითეს და მაშინ პირველად ამოიღო ხმა. მას ალბათ, ურჩიეს, რომ უფრო საჯარო ფიგურა გამხდარიყო. უახლოეს მომავალში ვნახავთ, რისთვის სჭირდება ეს ალასანიას. თუმცა, როგორც უნდა იმოქმედოს მან, ფაქტია, საქართველოში არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ თემურ ალასანია დაკავშირებული იყო იარაღით ვაჭრობასთან. ადრე თუ გვიან, ალბათ, შეისწავლიან იმ გადაწყვეტილებებსაც, რომელთაც თემურ ალასანიას რჩევით მისი პრეზიდენტი დისშვილი იღებდა", - განაგრძობს ექსპერტი.

"მძღოლების ბრალდებაზე კახა კალაძისგან ამომწურავი პასუხი ვერ მივიღეთ -განცხადებები, რომ "აქციები მართულია" და ამ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს, პასუხი არ არის. შესაძლოა, აქციები მართლაც მართული იყოს, ოღონდ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მძღოლების ბრალდებები სიმართლესთან ახლოს იყოს. ამიტომ ამით უნდა დაინტერესდნენ ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. კონკრეტულ ფაქტებს ვერ დავასახელებ, მაგრამ საზოგადოებაში არის ეჭვი, რომ ზოგიერთ ჩინოსანს ბიზნესინტერესებიც აქვს. ბიძინა ივანიშვილს პრემიერობისას საკმაოდ მკაცრი პოზიცია ჰქონდა - საჯარო მოხელეებს ბიზნესში ხელები არ უნდა ეფათურათ. ივანიშვილს დღეს უკვე აქვს თავისუფალი დრო, რათა მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გაეცნოს და თუ შეამჩნევს ტენდენციებს, რომ ბიზნესში ხელებს აფათურებენ, რეაგირება მოახდინოს. თუმცა, ალბათ, თავად ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს პოლიტიკური ნება, რომ ასე არ მოხდეს. მინდა მჯეროდეს, რომ ასეთი პოლიტიკური ნება არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ზოგჯერ უფრო მეტი პოლიტიკური ნებაა საჭირო. ამის მაგალითი თუნდაც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობაა, რომლის განხილვასაც წელიწად-ნახევარი მოანდომეს, რაც მართლაც საოცარია", - მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი. 

"დიახ, ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის ურთიერთობას დაპირისპირებას ვუწოდებ. ამას ადასტურებს თუნდაც ის, რომ გიორგი მარგველაშვილს ვიზიტებზე მთავრობის არც ერთი წევრი არ დაჰყვება. ვეჭვობ, მთავრობა პრეზიდენტის კუთხეში მიყენებას ცდილობს, რაც ნამდვილად არასწორია. თუ დაპირისპირება უფრო გაღრმავდა, ეს ქვეყანას მძიმე შედეგს მოუტანს. მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, რომ ეს დაპირისპირება დაარეგულიროს. მას ეს ნამდვილად შეუძლია. მით უმეტეს, ივანიშვილისგან მარგველაშვილის საჯაროდ გაკრიტიკებას ამ დაპირისპირების გაღრმავებაში უკანასკნელი წვლილი არ შეუტანია. პრობლემა უფრო ღრმაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ხელისუფლებაში არის ჯგუფი, რომელიც ახალ პრეზიდენტზე ოცნებობს", - დასძენს სოსო ცისკარიშვილი და შეკითხვას - "რომ დავაკონკრეტოთ?" - პასუხობს:

"ზემოხსენებული ჯგუფი ავითარებს იდეას, რომ იმპიჩმენტი მოუწყონ მარგველაშვილს და ქვეყანაში ჩატარდეს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები. არ ვამბობ, რომ ამ ჯგუფში მთავრობის მთავარი ფიგურები შედიან, მაგრამ ეს დაჯგუფება ცდილობს, თავისი იდეის მართებულობაში ღარიბაშვილი და ივანიშვილი დაარწმუნონ. ასეთ "მაამებლებს" ყოფილმა თუ მოქმედმა პრემიერმა საკადრისი პასუხი უნდა გასცენ, რათა მტრის წისქვილზე არ დაასხან წყალი. ქვეყანას არევა ნამდვილად არ სჭირდება"