ის ციხეში პირველად კი არა, მეხუთედ მოხვდა...
ამბობდა, როცა “ვახტა”-ს გადავაბიჯებ, ციხის ცხოვრება მავიწყდებაო.
ის იმ იშვიათთაგანი იყო, ვისაც ციხეში უფრო მეტი მეგობარი ჰყავდა, ვიდრე - გარეთ, თავისუფლებაზე...
მისი ციხის ცხოვრება 16 წლის ასაკში დაიწყო. ხუმრობდა ხოლმე, როცა ციხეში მოვხვდი, ჩემი თავი “პიონერთა ლაგერში” მეგონაო.
- ჩემი ნენა, კვირაში ერთხელ, გურიიდან ჩამოდიოდა და ტილოში გადახვეული მჭადი მოჰქონდა, თან ფულს მიტოვებდა და მეუბნებოდა, არავის დეეჩაგვრინო, აბდალი არ ეგონო ვინმესო...
გავიდა დრო და... ნენე მიხვდა, რომ შემთხვევით არ მოხვდა ციხეში... სასჯელის დასრულებიდან ერთი წლის მერე, ისევ ციხეს “მოაკითხა” ბრალდებულის სტატუსით...
მე რომ გავიცანი, სოფო მეხუთედ იყო პატიმრობაში...
ყავის, სიგარეტ “პრიმისა” და სარეცხის საპონზე მეტს არაფერს ითხოვდა...
ძველები იხსენებდნენ:
- როცა სოფო პირველ პატიმრობაში მოვიდა, ქალთა “ზონაზე” სილამაზის კონკურსი ჩატარდა, სოფოზე ლამაზი არავინ იყო და მისმა სილამაზემ თავად მინისტრიც გააოცა...
მაშინ კი, როცა მე გავიცანი, უკვე ორიენტაციაშეცვლილი იყო, ქალობის ნაკვალევი აღარ ემჩნეოდა, ხან რომელ პატარა ახუნდრუცებულ ვაგზლის მეძავს აეკიდებოდა და ხან - რომელს...
რთულია იმ დღეების გახსენება, რაც ვიხილე და ავიტანე...
არა, ქსენოფობი არ ვარ, მაგრამ აბა, როგორია ორ ქალს შორის ფლირტის, ალერსის ყურება და თუ ხმას ამოიღებ, მოგიბრუნდებიან და გეტყვიან, რომ მათ პირადულს შეეხე... დაიწყება „რაზბორკა“... და ისე არ დასრულდება, თუ რომელიმე მათგანს თვალი არ დარჩა ჩალურჯებული...
ჩხუბი უცნაურად იწყებოდა ციხეში: რომელიმე ძველი, არაერთგზის „ნასროკალი“ იტყოდა, რას “ბლატაობ”, შენი წონა “ბალანდა” მაქვს ნაჭამიო და...
უბედურება ის გახლდათ, რომ ყველა ეს ძველი და არაერთგზის “ნასროკალი” აუცილებლად ადმინისტრაციის მაფარველობას ქვეშ იყო, ანუ ტიპური “ნასედკა” იყო და ისე ასრულებდა თანამშრომელთა დავალებას, როგორც დედის მითითებებს ასრულებს პირველკლასელი...
***
სოფოს, ყოველი თვის ბოლოს, ნენა საკუთარ პენსიას ურიცხავდა ანგარიშზე, თუმცა ერთ თვეს ფული არ დაერიცხა, ვიღაცამ, სამადლოდ, ტელეფონის ბარათი აჩუქა და სოფომ ნენას დაურეკა...
მობილური გამორთული იყო...
მეზობელთან საუბრის მერე, სოფო აღმუვლდა:
- მძულხარ, ნენა, მძულხარ! ისე წახვედი, არ მითხარი სიმართლე... ასე დამტანჯე მთელი ცხოვრება, რაფერ გაპატიო, ნენა, რატომ აგინთო სანთელი?!
“ზონა” უსმენდა...
დუმდა ყველა და ვერ იგებდა, რატომ ღმუოდა სოფო...
სოფო კი მიწაზე იჯდა, თმა გაეშალა, სახეზე ჩამოეფარებინა და აი, ასე, მხეცივით ღმუოდა და ღმუოდა:
- არ გაპატიებ, ნენა, წასვლას არ გაპატიებ! როცა გამოვალ, დავწვავ მაგ სახლს და არც მიწას გაღირსებ!.. რატომ დამტანჯე ასე, რატომ?.. რა დაგიშავე? რისთვის გამზარდე, თუ არ მეტყოდი, ვინ ვარ, ნენა?
მერე, უცებ ისევ ტელეფონისკენ მიბრუნდა და სადღაც დარეკა... ღმუოდა და ყვიროდა...
- ვინ იყო ნენასთან სიკვდილის წინ? რაფერ, ვინცხას მაინც არ დაუბარა რამე ჩემთან?.. გადაჩხრიკეთ სახლი, იქნება იყოს წერილი ჩემთვის, ეცოდინებოდა მაგ კუდიანს, როდის უნდა მომკვდარიყო და დაწერდა რამეს... არ წავიდოდა ისე, რომ არაფერი ეთქვა... დამპირდა, რომ სიკვდილის წინ მეტყოდა... გადაჩხრიკეთ, გადაჩხრიკეთ!..
აი, ასე: იდგა და ითხოვდა რაღაცას... ყველას გვაინტერესებდა, რა იყო ეს რაღაც...
პირველად ვნახე შვილი, რომელმაც ციხეში დედის სიკვდილი გაიგო და მიცვალებულზე ჩხუბობდა...
არა, ამას ჩხუბი არ ერქვა. სოფო მძვინვარებდა, მძვინვარებდა ისე, როგორც ყაენი...
ვინ იყო სოფო?
რამდენიმე დღის მერე, სოფომ მითხრა, რომ არ იყო ნენეს შვილი... 16 წლის ასაკში მეზობელს უთქვამს, რომ აყვანილი იყო და ნენასთვისუ კითხავს, მართალიაო? მას ჯერ უარუყვია, ბოლოს კი, აუხსნია, და-ძმა აუყვანიათ შვილებად, გოგო სოფოს ნენეს და მის ქმარს წამოუყვანიათ, ბიჭი კი, - ნენეს ძმასა და რძალს...
16 წლის სოფომ თავის ბიძაშვილს თუ ძმასაც უთხრა სიმართლე, და-ძმა გამზრდელ მშობლებს სთხოვდა, ეთქვათ ბიოლოგიური მშობლების ვინაობა, მაგრამ მშობლები არ გატყდნენ... მერე ბავშვებმა, გამზრდელების დასჯის მიზნით, გადაწყვიტეს, რომ რამე ძალიან ცუდი ჩაედინათ...
90-იანი წლების დასაწყისი იყო, ძმამ დას მიაკითხა, იარაღი და “ლიმონკა” აჩვენა, შესთავაზა, ოზურგეთის პოლიციას დასხმოდნენ თავს...
არ ვიცი, ეს რა იყო: პროტესტი მშობლების მიმართ, ქარიზმას აყოლილი ახლაგაზრდული სისხლის ყიჟინი თუ მაშინდელი საქართველოს სახე და გამოძახილი...
სოფომ და მისმა ძმამ ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანეს - ოზურგეთის მილიციაზე თავდასხმა სოფოს ძმის სიკვდილით დასრულდა, სოფო კი... დააპატიმრეს...
მიუხედავად იმისა, რომ სოფო ნენეს კვლავ ეხვეწებოდა, გაემხილა ბიოლოგიური მშობლების ვინაობა, ნენე ჯიუტად დუმდა, სოფო კი, სთხოვდა... ძმას, სიკვდილის წინ, პირობა მისცა, რომ იპოვიდა ბიოლოგიურ მშობლებს და პასუხს მოსთხოვდა...
ალბათ, ნენეს სოფოს ფიცხი ხასიათის ეშინოდა და თვლიდა, რომ თუ მათ ვინაობას ეტყოდა, შვილი აუცილებლად გაუსწორდებოდა...
იქნება, სოფოს დაკარგვის შიშიც ჰქონდა ნენეს...
ასე გავიდა დრო...
ასე მოიხადა სოფომ სასჯელი ოთხჯერ...
ასე დაბერდა ნენე...
ასე დარჩა სოფოს ნატვრად, გაეგო, ვინ იყო მისი ნამდვილი დედა, ან მამა...
სიკვდილის ეშინოდა. ამბობდა, რომ ძმას პასუხს ვერ მიუტანდა და ამიტომ...
ნენეს წერილი
„ლენინგრადში გიშვილეთ შენც და ვალერიც, ვალერის ვალოდია ერქვა, შენ - სოფია. ტყუპები იყავით, მაგრამ სხვა და სხვა კვერცხუჯრედიდან და, შესაბამისად, ერთმანეთს არ ჰგავდით...
დედა მშობიარობის დროს დაგეღუპათ - შენ და ვალერის გაჩუქათ სიცოცხლე...
მამა “კანონიერი ქურდი” გყავდათ და დაუმალეს, რომ გაჩნდით...
მაშინ ჩემი ძმა “ემ-ვედე”-ში მუშაობდა, ლენინგრადელმა ძმაკაცმა აცნობა თქვენი დაბადების შესახებ და... ასე გიშვილეთ. 6 თვისები იყავით, რომ ჩამოგიყვანეთ...
როცა იზრდებოდით, ხშირად ვფიქრობდი, უნდა მეთქვა თუ არა სიმართლე... მიუხედავად იმისა, რომ არაფერს გაკლებდით, რაღაც მაინც გაკლდათ... სამაგიეროდ, გქონდათ რაღაც სხვა... ვერ ავხსნი, რა იყო ეს “რაღაც სხვა”...
ალბათ, სისხლის ყივილი...
მამათქვენი ძველი თაობის “კანონიერი ქურდი” იყო, აღარაა ცოცხალი... არასოდეს ჰყოლია ოჯახი და არც ეყოლებოდა...
ჩემი ძმა მეუბნებოდა, ძალიან დესპოტი და მკაცრი კრიმინალი იყოო...
მერე, როცა პატარებმა გამზრდელი მშობლების დასჯა მილიციაზე თავდასხმით გადაწყვიტეთ, საბოლოოდ მივხვდი, რომ ეს ამბავი შენთვის არ უნდა მეთქვა...
რამდენჯერაც ციხეს ტოვებდი, სულ მქონდა იმედი, რომ ეს ბოლო იყო, მაგრამ უფრო და უფრო მალე ბრუნდებოდი ციხეში... აი, ასე: ახლა გწერ ამას... ალბათ, შენი მეხუთე სასჯელი ისე დასრულდება, რომ ცოცხალი აღარ ვიქნები,
მაგრამ მაგაზე არ ვდარდობ... ვდარდობ იმაზე, რომ ამ ამბის მერე აღარც შენ გექნება ამ ქვეყანაზე საზრუნავი და ვინ იცის, შენს ძმასთან, ზეცაში შეხვედრის ნატვრაც დაიწყო.
ძალიან მიყვარხარ, ნენეს ქალო...
როცა ამას წაიკითხავ, ალბათ, გამლანძღავ, მაგრამ მაინც მიყვარხარ...
შენი ნენე“.
ნენეს გარდაცვალებიდან ძალიან მალე, სოფოს ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმა დაუდგინეს.
მიუხედავად იმისა, რომ “ტუბი” განკურნებადია, არ მგონია, რომ სოფო ახლა ცოცხალია...
მას ხომ სიკვდილი უყვარდა...