„ოოო, ალექსანდროს გაუმარჯოს, - ატყდა შეძახილები, - როგორა ხარ. ხომ კარგად, როგორ ბრძანდები, ალექსანდრო ბიძია... ახალს რას გვეტყვი!“ „ადამიანთა შორის უკეთესი ურთიერთობისათვის!“ „მიდი, მიდი! დასცხე შენებურად!“ „სიჩუმეს ვითხოვ და ყურადღებას“, - ისევ ხელისგული აჩვენა ხალხს ალექსანდრომ. პირველ რიგში ვიღაცამ ვერ მოითმინა, წამოდგა, ალექსანდროს ხელისგულზე დააკვირდა და უმკითხავა: „ამ ერთ თვეში დაბრმავდები“ „აბა რა მომივა თქვენს შემხედვარეს?! - ხელები გაშალა ალექსანდრომ და ჩაიცინა,- კმარა, დავიწყოთ, თქვენ ბოროტად იხუმრეთ, მე - კეთილად, ახლა კი გვეყოფა, ვიწყებთ“.
(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)
რაღაც გვეყოფა, რაღაცას ვიწყებთ. რაღაცის დაწყება ყოველთვის რაღაცის დასრულების შემდეგ იწყება. კოჰაბიტაცია დასრულდაო და თუ მაგის დასრულება ნაცბოზბანდელების დაკითხვებზე აქეთ-იქით წანწალის დაწყებას გულისხმობდა მხოლოდ, ახლავე ვაცხადებ, რომ ეგ არის ცოტა. რა არის დაკითხვა? დაკითხვა არის კითხვა-პასუხი პროკურატურაში, შემდეგ კითხვა-პასუხი პროკურატურასთან და, ბოლოს, კითხვა-პასუხი პროკურატურის შესახებ რომელიმე სტუდიაში, რომელიმე მყვირალა ან მკნავარა წამყვანთან. სულ ეს, ყოველ შემთხვევაში - ჯერჯერობით.
სხვა საქმეა აი ის - „ფრთები, ფრთები გვინდა, კიდევ ფრთები გვინდა“ და „თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით...“
გავშალოთ, რა, ფრთები, თორემ გაიმაგრეს ფესვები და ეგ არის და ვინ იცის, გავა ერთ-ორი წელიწადი და ვიღაც ისევ დაიჯერებს 2003 წელში ნათქვამს და აწ კვლავ გამეორებულს: „მე ახლავე შემიძლია დავწერო ბედნიერი სახელმწიფოს სრული დეკლარაცია“.
მოკლედ, სულს მოსწყურდა თავისუფლება და მე არ ვიცი, არის თუ არა სადმე სხვა საართველო, მაგრამ ის, რომ ბევრის თავისუფლება ვიღაცეებისთვის თავისუფლების აღკვეთაზე გადის, მგონი, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეპოქის დამახასიათებელი რამ გახლავთ და „უდიპლომო სასიძოს“ თუ გავიხსენებთ, იქ ფერმის გამგე ასეთ სიტყვებს ამბობს: „ეს ფარდული შეჰფერის ჩვენს ეპოქას?“
არამც და არამც!!!
ამბობენ, გამეორება ცოდნის დედააო... დედაა, იქნებ მამაც იყოს, ან სხვა ვინმე ტკბილად ახლობელი. მოკლედ, რაღაც მინდა გავიმეორო, მინდა გავიმეორო ის, რაც ბევრჯერ გამიმეორებია, მაგრამ აქ პირველად ერთი კვირის წინ ვთქვი და ახლა სიტყვა-სიტყვით გავიხსენებ: „რამდენმა უნდა დაიგინოს, რამდენჯერ უნდა დაიგინოს, რა უნდა დაიგინოს... აზრი არ აქვს, უშუბლისძარღვოს რა უნდა ელაპარაკო?! საერთოდაც, ყველა საქმეს ცოდნა უნდა, მათ შორის ლაპარაკსაც. ადამიანების ბევრი სხვადასხვანაირი კატეგორია არსებობს, ზოგს ტკბილი სიტყვა ესმის, ზოგს დაყვავება, ზოგს მკაცრად უნდა უთხრა, ზოგიერთს გინება შველის, ისეთებიც არიან, სანამ ფეხქვეშ არ წაიგდებ, ვერაფრით შეაგნებინებ, რომ თოვლი თეთრია“.
ჰო, აი მაშინ, ერთი კვირის წინ რაღა, დავწერე თუ არა ეს, სულ რამდენიმე წუთში ნიუსი ნიუსზე წამოვიდა და რომ გითხრათ აღვშფოთდი, შევშფოთდი ანაც მოულოდნელი იყო-მეთქი, ნამდვილად არ ვიქნები მართალი.
როგორც გითხარით, ნიუსები ბევრი იყო, მაგალითად ეს: „"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს მოუწოდებს, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანოს. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ის, რაც მოხდა გუშინ, როგორც ჩანს, ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციასთან ბრძოლა გადავიდა თვისობრივად ახალ ეტაპზე, როდესაც კრიტიკული აზრის გამოთქმა უშუალოდ უკავშირდება ფიზიკური არსებობის რისკს. მე მინდა, წინასწარ მოვუწოდო ხელისუფლებას, ნუ ეცდება არსებულის გამართლებას რაიმე კონფლიქტის ან შელაპარაკების ვერსიით. არანაირი შელაპარაკება არ ყოფილა. კარგად მომზადებული და შეიარაღებული რვა ადამიანი სპეციალურად ელოდებოდა დეპუტატს საკუთარ სახლთან, მათ არ მოსვლიათ არანაირი შელაპარაკება, არ თქმულა არც ერთი სიტყვა. მისვლისთანავე პარლამენტის წევრს თავს დაესხნენ და ცდილობდნენ ის ჩაესვათ მანქანაში და გაეტაცებინათ. ეს ვერ მოახერხეს მხოლოდ მისი ფიზიკური წინააღმდეგობის და მეზობლების ჩარევის გამო. ჩვენ მოვითხოვთ ამ ფაქტის უსწრაფეს გამოძიებას, ვინაიდან ნებისმიერი გაჭიანურება ამ საქმის გამოძიებისა დაადასტურებს ეჭვს, ჯგუფი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, გახლდათ კარგად მომზადებული და სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი ჯგუფი, სავარაუდო კავშირებით ძალოვან სტრუქტურებთან თუ სპეცსამსახურებთან“.
პაჰ-პაჰ-პაჰ, ქლიბი რა დღეშია!!! შეგახსენებთ, ეს ის ქლიბია, ფრჩხილებამდე და კბილებამდე შეიარაღებულ ოკუპანტებთან ჩანგლებითა და კოვზებით ომისკენ რომ მოგვიწოდებდა, ახლა კი ირკვევა, რომ ერთ ისე რა აღზრდილ და საშუალოდ გაწვრთნილ ნაციონალს, თურმე, თავისუფლად შეუძლია რვა კარგად მომზადებულ და შეიარაღებულ პირთან გამკლავება ისე, რომ, როგორც წუკლარას სახის დათვალიერების შემდეგ მივხვდი, მას ხელიც კი არ მოხვედრია, ოდენ ჯოხი და ისიც - მსუბუქად.
თან, არ დაგავიწყდეთ, ბაქრაძე-ქლიბაძისა ხელს ძალოვანებისკენ იშვერს.
ანუ: შეიარაღებულია, გაწვრთნილია, ძალოვანია, ჩასაფრებულია, რვა სულია (ახლა ისიც ვიანგარიშოთ, თითო სულზე რამდენი კუნთი მოდის) და ერთ ფარჩაკს ვერაფერს აკლებს.
გაგიკვირდებათ, ავთანდილოვიჩ, ის კიდევ მოვიდა!
გაგიკვირდება კი არა და, საერთოდ წარმოუდგენელი და ბუნებაში შეუძლებელია, ხოლო ის, რაც ბუნებაში შეუძლებელია,მით უმეტეს შეუძლებელია დიღმის მასივის მეხუთე კვარტალში იქ, სადაც რამდენიმე ათეულ მეტრში სახინკლე „ტექსელი“ მდებარეობს.
არა, არა... რაღაცაშია საქმე, სადღაც ძაღლის თავია დამარხული.
სანამ ძაღლის თავის ძებნას დავიწყებდეთ, იმ ნიუსის დასასრუსაც ჩავხედოთ: „ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უმოკლეს ვადაში გამოიძიოს ეს ფაქტი და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პირად კონტროლზე აიყვანოს ეს გამოძიება და უზრუნველყოს ის, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის გატაცების მცდელობა იყოს შესაბამისად გამოძიებული და ყველა დამნაშავე დასჯილი", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს წუხელ ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეპუტატის თქმით, მას სახლთან სამი მანქანით რამდენიმე ნიღბიანი დახვდა, რომელთაც მისი გატაცება სცადეს. წიკლაურის თქმით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს“.
აჰააა... სამი მანქანით ყოფილან და ელეტროშოკებიც ქონიათ.
ახლა, უცებ, ბავშვობაში მრავალჯერ გადაკითხული ლადო მრელაშვილის „იყალთოელი ბიჭები“ გამახსენდა და თქვენც გაგახსენებთ: „ხა-ხა-ხა-ხა! ხალხო, გაიგეთ? - იჭაჭებოდა მერგოლური, - ანგელოზებს თოფები ჰქონიათ“. „ვე-ჰე-ჰე-ჰე! - ბანს აძლევდა მეღორეობის ფერმის მწყემსი, - წინათ ხმლები და შუბები ეჭირათ“. „რას იზამ - ხითხითებდა ზაზანაშვილის მამა, - ტექნიკა წინ მიდის და ანგელოზები რად ჩამორჩებოდნენ?“ „არ შეგიმჩნევია, დიმიტრი პაპავ, რომელიმეს წელზე ატომური ბომბი ეკიდა თუ არა?“
რვა ძალოვანი კაცი სამი მანქანით და... ერთი ასოთამწყობი ნუგზარ წუკლარა. მოდი და ნუ გაგეცინება.
მაგრამ, სად არის ძაღლის თავი დამარხული?
სად და, ჩემი ღრმა რწმენით, აეროპორტის ტრასაზე, გამოქვაბულივით შენობა რომ არის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რომ აწერია. ერთს რომ რვა დაესხას, ეს სწორედაც რომ ნაცთა წესია. მთავრობას წუკლარას ცემა არაფერში აწყობდა, რვა განრისხებული მოქალაქე კი როგორმე მეტს მოახერხებდა. რა ეტყობოდა წაკლა-წუკლარას საიმისო, რომ გამწარებული ადამიანები დახვდნენ? გატაცების მცდელობის ვერსიაც გასათვალისწინებელია. სად უნდა წაეყვანათ? რატომ უნდა წაეყვანათ? თუ ცემაა, იქვე მიჩექმავდნენ და ისიც ხომ ვნახეთ, რომ სულაც არ გავდა მიჩექმილს, ისეთს, სერიოზულად რომ მოხვდა სერიოზული.
ოოო... მაგას კი მოხვდა არმაგედონის ზანგის სერიოზული და კინგ-კონგის უსერიოზულესი!
ისე, კარგი სანახავი იქნებოდა ხრუშჩოვკის სადარბაზოში არმაგედონის ზანგთან ახლად დაახლოებული, ნაგავში, მტვერში წამოკოტრიალებული ნუგზარ წიკლაური „იდენტობის“ წევრობის დამადასტურებელი საბუთით ხელში.
სოციალურ ქსელში წავიკითხე, ერთი წერდა და უამრავი ეთანხმებოდა - ისეთი კაცის დედა ვატირე, რომლის ცემაც მთელ ქვეყანას გაუსწორდებაო. არა, არა, ეს ყველაფერი ნაცების ამბავია, თორემ ვინმე გამწარებული და ღირსეული რომ დახვედროდა, ზუსტად იმ სიტყვებს ეტყოდა, რომლებიც მოხუცმა სანტოსმა უთხრა მასიმოს - „ახლა კი გიშვებ, როგორც ნაბიჭვარს. წადი“.
მაგრამ წიგნი წიგნია, გამოგონილია და ლამაზია, ცხოვრება, სამართლიანობა და კანონის უზენაესობა თავისას მოითხოვს - „ნაცებო, ახლა კი გაგასამართლებთ როგორც ნაბიჭვრებს. მოდით“.
და გასულ კვირაში დაბარება იყო დაბარებაზე, დაკითხვა დაკითხვაზე და წუწუნი წუწუნზე. ტაბულიე ბიცოლამ - ღარიბაშვილს და ივანიშვილს ჯოჯოხეთს მოვუწყობო... თითქოს ყოველდღიურად და ყოველკურიერულად არ იყოს ჯოჯოხეთი და მისი მაშხალები - თეა თუთბერიძე, გიორგი კანდელაკი, გოგა ხაჩიძე, კობა ხაბაზი და კვერცხუჯრედნი მათნი. სადღაც გასუსულები არიან და ქართველი ხალხისთვის ქვესკნელიდან ამნეზიის მოვლინებაზე ოცნებობენ მაია ნადირაძე, ზაზა ბეგაშვილი, კობა ბექაური, ბიძინა ბრეგაძე, გია თორთლაძე, კოკო გამსახურდია, კოტე კემულარია, გიორგი არველაძე და სხვები და სხვები. არავინ და არაფერია დავიწყებული, მაგრამ დახეთ უნამუსო თავხედობასა და ოინბაზურ კუკუზნაკობას - „მიხეილ სააკაშვილი: „სრულიად მზად ვარ მშვიდი ცხოვრებისთვის, მაგრამ აი, პუტინი ისევ არ მასვენებს“.
აბა რა, ბებიაჩემს „წისქვილში“ წილი რომ ქონოდა და დამეყოლიებინა, რომ წილი უსასყიდლოდ დაეთმო, მეც სრულიად მზად ვიქნებოდი მშვიდი ცხოვრებისთვის, მაგრამ ბებია აღარ მყავს და ეგეც არ იყოს, რა დროს სიმშვიდეა? მშვიდად მაშინ ვიქნები(თ), როცა ვიღაცეებს დედები აღარ ეყოლებათ, ოღონდ - ეთიკის, მორალისა და კანონის შესაბამისად, თორემ რომელიმე წუკლარას სადმე გადაეყარო, ლაპარაკში წამოიკიდო და თავ-ყბა გაუერთიანო, ეგ ვერაფერი სახელმწიფოებრივი ხილია და თან... ყოველთვის მოესწრება.
ერთხელ კიდევ გავიხსენოთ გასული კვირის მთავარი მოვლენა, რომელსაც გასული კვირის მთავარი გმირი იხსენებს: „8 ადამიანი დამესხა თავს. მათი მთავარი ამოცანა იყო ჩემი მანქანაში შეტენვა და გატაცება. ბრძოლის დროს ეს ყველაფერი დაინახა მეზობელმა, დაიწყო ყვირილი. ყვირილის შემდეგ ისინი გაიქცნენ. სახეები ჰქონდათ დაფარული. ერთნაირად იყვნენ ჩაცმულები და მოქმედებდნენ ძალიან ორგანიზებულად. ერთი, რაც თქვეს, მთელი ამ ბრძოლის განმავლობაში იყო ის, რომ ვერ ჩამტენეს მანქანაში და გამოეყენებინათ ელექტროშოკი. ამის გაგონების შემდეგ ჯერ თავის არეში, შემდეგ კი მარჯვენა ფეხის არეში ვიგრძენი დენის დარტყმები“.
თითქოს, ყველაფერი მოვყევი, რაც მოხდა და ყველაფერი ვთქვი, რაც ვიფიქრე, მაგრამ ისე როგორ იქნებოდა, ასომთავრულ ენჯეოშნიკებს წაკლა-წუკლარას სიბინძურეშიც რომ არ წაეყოთ თავიანთი ფაქიზი ცხვირები - ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით ორგანიზაციები: "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" და "ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ“.
თქვენი დატრენინგებული შუბა კი დავხიე!!! და, საერთოდ, სულ რამდენი შუბა უნდა დაიხიოს იმისათვის, ამ ქვეყანაში ადამიანებს ნორმალურად ცხოვრების საშუალება რომ მიეცეთ? და სანამ შენ მაგათ შუბებს ხევ, სულ ახალ-ახალი შუბები იკერება და რამდენის ბაბოც არ უნდა გაათხოვო, მოდიან და მოდიან ახლები, ხელში ფალოსებით, თავში ფალოსებით, მოდიან და მოდიან ფალოსოფოსები, მსჯელობენ ფილოსოფიურად და მანამ არ მოოისვენებენ, სანამ ხალხს არ დააფალოსებენ.
აბა, ის რა იყო, შალიკო ნათელასბიჭმა თბილისის მერობის კანდიდატად ასმათ ტყაბლაძე რომ დაასახელა და ასმათ ტყაბლაძე რომ გაინაზა, იმიტომ უნდა მომცეთ ხმა, ქალი რომ ვარო. ოეეე... ქალი არის თინა ბოკუჩავა, მაგრამ ხმას მაინც არ მივცემ. აქეთ მომცეს თუ კაია, და ისიც ხომ კაია, როლანდ ახალაიამ რომ თქვა, უფლის სიყვარულის გამო მსჯიანო! ისიც ხომ მაგარია, მწვანე გაჩეჩილაძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას რომ მოითხოვს და თვალებში რომ ეტყობა, მწვანე უმრავლესობით მოსვლის იმედი რომ აქვს.
მაგაროოო: „ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს, ყურმანბეკ ბაკიევს ბიშკეკის სასამართლომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია მიუსაჯა. ყირგიზეთის ექსპრეზიდენტი ბრიტანელი ბიზნესმენის, სინ დეილის მკვლელობის ორგანიზებისთვის გაასამართლეს. ამასთან, ბიშკეკის სასამართლომ გაასამართლა ბაკიევის ოჯახის წევრებიც. ბრიტანელი ბიზნესმენის მკვლელობის ორგანიზებისთვის ბაკიევის ძმას, ჯანიშ ბაკიევს და ყოფილი პრეზიდენტის ვაჟს, მაქსიმს სამუდამო პატიმრობა, ხოლო კიდევ ერთ ვაჟს – 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“.
დღეს ჩვენ, ყველანი ყირგიზი მოსამართლეები ვართ.
აი, კიდევ ერთი მაგარი: „აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბეინერი საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას დაკითხვას ეხმაურება. ამის შესახებ ჯონ ბეინერი საკუთარ ვებგვერდზე იუწყება. ამასთან, ჯონ ბეინერი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნების დევნის გამო“.
გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ ნიუსს ვიღაც-ვიღაცეებმა მართლა მიანიჭეს დიდი მნიშვნელობა, არადა ძალიან მარტივად არის საქმე - გიგას მაგისთვის პატივი აქვს ნაცემი და იმასაც ამისთვის მასტი ხომ უნდა დაეჭირა და ატმასკა (გახსოვთ ეს სიტყვა?) ხომ უნდა აეღო! ერთი-ორი კვირაც და, მისტერ ჯეინერი უკმაყოფილოდ გააქნევს თავს, აბა მე რა ვიცოდიო და მერე გიგა დააქნევს თავს უკმაყოფილოდ და მისტერ ჯეინერის უმადურ დედას უხამსად მოიხსენიებს.
ხოლო ჩვენ ვერავინ დაგვიშლის, რომ ხშირ-ხშირად მოვიხსენიოთ მათი დედები, პირველი ოქტომბრის შემდეგ თბილისის მერიის სხვადასხვა კანტორების სამეთვალყურეო საბჭოებიდან ქალაქის ბიუჯეტს რომ წოვდნენ.
ვინ დაგვიშლის? ვერც ვერავინ! ჩვენ ხომ სრულიად საქართველოს ხალხთან არსებული შპს „სამართლიანი ბილწსიტყვაობის“ სამეურვეო საბჭოს წევრები ვართ.
ე.ა. (ეჰ, ადამიანებო) ...არეულობით ყველამ ისარგებლა და დიდი, გრანდიოზული ჩხუბი გაიმართა. “ადამიანებო - სცენიდან ყვიროდა ალექსანდრო - ნუთუ თქვენზე ასე იმოქმედა ჩემმა დამყვავებლურმა საუბარმა, ადამიანებო!
(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)