ბზის მოჭრაზე მკაცრი კონტროლია, მაგრამ უნიკალური კოლხური ენდემური ჯიშის გადასარჩენად, უმჯობესია, ტყის მასივების დროული მკურნალობა დაიწყოს. ბოლო 9 წლის განმავლობაში სოკოვანი დაავადება ისეთი სისწრაფით გავრცელდა, რომ ასწლოვანი ხე-მცენარეებიც კი გაახმო. აჭარასა და სამეგრელოში უკვე უმძიმესი მდგომარეობაა.
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო და საპატრიარქო მოქალაქეებს მოუწოდობენ, თავი შეიკავონ ბზის ხეების უკანონო მოჭრისაგან. მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს. მათ მოსახლეობას მოუწოდეს თავი შეიკავონ ბზის ხეების უკანონო მოჭრისაგან. მინისტრმა და მეუფემ იმედი გამოთქვეს, რომ მოსახლეობა მათ რჩევებს გაითვალისწინებს.
გარემოს დაცვის მინისტრის თქმით, კოლხური ბზა შეტანილია წითელ ნუსხაში და მათი უკანონოდ მოპოვება კანონით ისჯება. ბოლო წლებში ბზის გავრცელების არეალი მცირდება, რისი უმთავრესი მიზეზი სწორედ უკონტროლო ჭრაა.
„კოლხური ბზა ენდემური სახეობაა და მნიშვნელოვან მერქნულ რესურსს წარმოადგენს. იგი არის დასავლეთ საქართველოს ტყეების დომინანტი და უძვირფასესი მცენარე. კოლხური ბზა შეტანილია წითელ ნუსხაში და მათი უკანონოდ მოპოვება კანონით ისჯება. კანონმდებლობის მიხედვით, უკანონოდ მოჭრილი ბზის გამოვლენის შემთხვევაში პირი 200-დან 500 ლარამდე თანხით დაჯარიმდება, ხოლო თუ ზიანი 1 000 ლარს გადააჭარბებს, პირის მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან“, – განაცხადა ხათუნა გოგოლაძემ.
მეუფე თეოდორემ, მოსახლეობას ბზობის დრესასწაული წინასწარ მიულოცა და მიმართა, რომ უფლისადმი სიყვარულის გამოვლენა დიდი რაოდენობით ბზების შეძენაში არ გამოიხატება, დღესასწაულზე საკმარისია თუნდაც ერთი ტოტის შეძენა.
„ბზის ტოტებით მაცხოვრის იერუსალიმში შესვლის დღესასწაულს აღვნიშნავთ. ამდენად, ხშირად ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით უმოწყალოდ იჭრება და ნადგურდება უნიკალური კოლხური ბზა. უფლისადმი სიყვარულის გამოვლენა დიდი რაოდენობით ბზების შეძენაში არ გამოიხატება, დღესასწაულზე საკმარისია თუნდაც ერთი ტოტის ყიდვა. უმჯობესია სპეციალურად ამ დღისათვის სანერგეებში გამოყვანილი ბზების შეძენა, რომელსაც აკურთხებენ ეკლესიაში და მთელი წელი მორწმუნეს შესაძლებობა ექნება მოუაროს და მცენარე გაახაროს“, – განაცხადა მეუფე თეოდორემ.
ბზის ჭრაზე კონტროლი წლიდან წლამდე სულ უფრო მკაცრდება და ამის მიზეზი მხოლოდ ბზობის დღესასწაულზე მცენარეების დაზიანება არ არის. საქმე ისაა, რომ საქართველოს ტყეებში ბზის ნარგავების მოცულობა, სოკოვანი დაავადების გამო, კატასტროფულად იკლებს.
რამდენიმე წელიწადში ბზის უნიკალური სახეობა თითქმის მთლიანად განადგურდა. იგი „წითელ წიგნში“ ისედაც იყო შეტანილი, მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ დასაცავიც აღარაფერი დარჩება. ჯერჯერობით მისი მკურნალობა ვერ ხერხდება და იმის ნაცვლად, რომ სახელწიფომ ამ მიმართულებით გაამახვილოს ყურადღება, მოსახლეობის ყოველწლიურად უზრდის ჯარიმებს.
რა თქმა უნდა, უნიკალური მცენარის უკანონო მოპოვება უნდა აღიკვეთოს, მაგრამ ამით კოლხური ბზა ვერ გადარჩება თუკი ტყის მასივებს დროული მკურნალობა არ ჩაუტარდა.
სოკოვანი დაავადების გამო, განადგურებულია ბზის კორომების 90 პროცენტამდე. სპეციალისტები აცხადებენ, რომ მდგომარეობა საგანგაშოა, აუცილებელია ჩარევა, რომლის შედეგადაც, შესაძლოა, ბზა გარკვეულ ტერიტორიებზე მაინც გადარჩეს. ბოლო 9 წელიწადში დაავადება ისეთი სისწრაფით გავრცელდა, რომ ასწლოვანი ხე-მცენარეებიც კი გაახმო. აჭარასა და სამეგრელოში უკვე უმძიმესი მდგომარეობაა.
დაავადება, რომელიც ბზის კორომებს ახმობს, საქართველოში 2004 წელს გამოჩნდა და დღეისთვის, თითქმის, მთელი საქართველო მოიცვა.
„საუკეთესო პირობები აქვს თბილ და ნესტიან ადგილას, რომელიც ნაკლებად ნიავდება. ამ მხრივ საუკეთესო გავრცელების ადგილი აჭარასა და სამეგრელოში იპოვა, სადაც უნიკალური ბზის კორომებია. 5 საათის განმავლობაში სოკო იზრდება, 48 საათში კი უკვე ახალ გენერაციას იძლევა. ამ თვისებების გამო, რამდენიმე წელიწადში ბზის კორომების 90-95 პროცენტი სრულიად განადგურდა“, - ამბობს კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-პატრონობის დეპარტამენტში ადასტურებენ, რომ ბზის კორომების დიდი ნაწილი სავალალო მდგომარეობაშია, მაგრამ 2014 წლიდან უკვე კონკრეტული ღონისძიებები იგეგმება.
კითხვაზე თუ რატომ ვერ მოხერხდა წლების განმავლობაში ამ დაავადების გავრცელების შეჩერება, სატყეო სააგენტოს წარმომადგენელი ამბობს, რომ ჯერჯერობით, მეცნიერებიც კი ვერ შეთანხმებულან, ბრძოლის რა მეთოდები იქნება სოკოვან დაავადებასთან ეფექტური. ამიტომაც კოლხური ბზის გადარჩენის პროცესი მნიშვნელოვნად შეფერხდა.