კინოსურათის გადაღება შრომატევადი პროცესია და ხშირად რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში მსახიობებს განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნიათ. ისინი მოწყვეტილები არიან ჩვეულებრივ ცხოვრებას და მთელ თავიანთ დროს შემოქმედებით მუშაობაში ატარებენ.
რასაკვირველია აქტიორები ხშირად სხვადასხვა არაორდინალურ სიტუაციებშიც ხვდებიან, რომლებსაც მოგვიანებით დიდი სიამოვნებით იხსენებენ. ეს „არასამუშაო” პერიპეტიები მაყურებლებისათვის ხშირად უცნობია და დღევანდელ წერილშიც კინოსა და თეატრალურ სამყაროში დაფიქსირებულ სხვადასხვა ნაკლებად ცნობილ შემთხვევებს გავიხსენებთ.
1979 წელს კინორეჟისორმა ნანა მჭედლიძემ სურათი „იმერული ესკიზები“ გადაიღო. საინტერესოა რომ ამ ფილმში ერთ-ერთ როლს თავად ქალბატონი ნანა ასრულებს.
„ეს ფილმი 1979 წელს გადავიღე. როცა ადამიანი, მარტო რჩები საკუთარ თავთან, სურვილი გიჩნდება, თვალი გადაავლო შენს განვლილ ცხოვრებას. მეც გამიჩნდა სურვილი და ნოსტალგია, განსაკუთრებით - ჩემი ბავშვობის მიმართ და გადავწყვიტე, ფილმში ყველაფერი ერთად მომექცია.
ერთ მშვენიერ დღეს, დავჯექი და ყველაფერი დავწერე. სანამ ფილმზე მუშაობას დავიწყებდი, პატარა ნოველები მქონდა დაწერილი, რომელსაც ასევე ერქვა - „იმერული ესკიზები“. ძალიან მინდოდა, ეთამაშათ არა ცნობილ მსახიობებს, არამედ იმ ადამიანებს, ვინც ხონში ცხოვრობდა. მართალია, ხონელი ვარ, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებდი მთავარი როლის შესრულებას, აზრადაც არ მომსვლია თავში. ვფიქრობდი, რომ ამ როლს ძალიან მოუხდებოდა სესილია თაყაიშვილი. თვითონაც თანახმა იყო, მაგრამ, გადაღებები რომ უნდა დაგვეწყო, ავად გახდა და ვეღარ გადავიღეთ. საგონებელში ჩავვარდი. მერე ვიფიქრე, ქეთევან ბოჭორიშვილს ვათამაშებ-მეთქი - „ჯარისკაცის მამაში“ სერგო ზაქარიაძის „ცოლს“ ვინც თამაშობს. მართალია, ქართლელი იყო, მაგრამ, შეიძლებოდა, ეთამაშა. გავიარეთ გორში. დავინახე, ეს ქალი ყავარჯნებით მოდის - დაცემულა და ფეხი მოუტეხავს. მაშინ კინოსტუდიის დირექტორი რეზო ჩხეიძე იყო. პირობა მივეცი, რომ აუცილებლად ვიპოვიდი მთავარი როლის შემსრულებელს. სწორედ მან მომაწოდა იდეა, თვითონ მეთამაშა. ჯგუფის დირექტორმაც მითხრა: შენი თავი მოსინჯე. თუ არ მოგეწონება, ნუ ითამაშებო. მომეწონა, მაგრამ, სხვებს უფრო მოეწონათ და ასე დავრჩი ეკრანზე“.
„იმერულ ესკიზებში“ პატარა გოგონას როლს შვიდი წლის ნანა ქვათაძე თამაშობდა. რეჟისორმა პატარა „მსახიობი“ მოულოდნელად აღმოაჩინა.
„იმ დროს, როცა ბებიის როლის შემსრულებელს ვეძებდი, პარალელურად ვეძებდი პატარა გოგოს როლის შემსრულებელსაც. მთელი საქართველო მოვიარე მის ძებნაში. მინდოდა, ხასიათი დამეჭირა. ფილმს ძირითადად ხონსა და თერჯოლაში ვიღებდი.
ხონში რომ ჩავედით, სკოლებში გავედით ასარჩევად. ეს ბავშვი თვითონ მოვიდა ჩვენთან. მაშინ ნანა 7 წლის იყო. ძალიან საცოდავად გამოიყურებოდა: მოკლესახელოებიანი პალტო ეცვა, დახეული „ბათინკები“, საიდანაც თითები უჩანდა და მხარზე გადაკიდებული ჰქონდა ჩანთა. გაკვეთილები მთავრდებოდა. ვიღაცას უთქვამს, კინოს იღებენო და მოვიდა. აპარატთან რომ დავაყენეთ და რაღაცეებს ვეუბნებოდით, ყველაფერი ისე ბუნებრივად გააკეთა, რომ გავვოცდით, ძალიან შთამბეჭდავი იყო. მაშინვე დავამტკიცეთ როლზე. როცა ფილმს ვახმოვანებდით, ისიც მშვენივრად ახმოვანებდა ჩემთან ერთად. იმ პერიოდში ჩემთან სახლში რჩებოდა. სხვათა შორის, მონათლული არ იყო და მე მოვნათლე. ვინმე რომ დარეკავდა კარზე ზარს, აქედან გაჰყვიროდა, მობრძანდითო. ჩემი გამზრდელი, ვერა ეუბნებოდა – გოგო, ჯერ გაიხედე, ვინ არის და მერე უთხარი, მობრძანდით, ასე არ შეიძლებაო. დაეთანხმებოდა აღარ ვიზამო, მეორე წუთს კი ავიწყდებოდა და იმავეს აკეთებდა. ცხოვრებაშიც ძალიან სასაცილო გოგონა იყო. მერე საბავშვო ზღაპარში გადავიღე „უკვდავების თეთრ ვარდში“. სკოლა რომ დაამთავრა, ძალიან უნდოდა თეატრალურში ჩაბარება, მაგრამ, მე არ ვურჩიე. იმ დროს ქვეყანაში არეულობა იყო. როცა გასინჯეს, აღმოჩნდა, რომ ის სითამამე, რაც მსახიობს სჭირდება, აღარ ჰქონდა. არადა, ცხოვრებაში საკმაოდ თამამი იყო. როგორც ჩანს, დაკომპლექსდა. თან, მაშინ მსახიობობისთვის არავის ეცალა, სრულიად უპერსპექტივო პროფესია გახდა.
იცით, რა? იმერეთი თვითონ არის არტისტული მხარე, იქ ყველა არტისტია. რასაც ვეუბნებოდი, ყველაფერს ზუსტად აკეთებდნენ. მინდოდა, ნატურალური სახეები დამეფიქსირებინა და ამიტომაც გამოვიდა ასეთი კარგი. ფილმის ფინალი სხვანაირად მქონდა მოფიქრებული: ანა ჩამოდის სოფელში და დაინახავს, რომ ირგვლივ ყველაფერი შეცვლილია - დანგრეულია იმერული სახლები და მათ ნაცვლად, თანამედროვე სახლები დგას. კიდევ, იყო ერთი ასეთი სიუჟეტი: რეალურად, ჩვენთან, ხონში, გასვენების დროს აუცილებლად მოჰქონდათ წითელი დროშა. ეს დროშა ფილმშიც გამოვიყენე, რამაც დიდი ეფექტი მოახდინა, მაგრამ, მოსკოვმა არ მოიწონა და ამომაღებინეს“.
ნანა მჭედლიძის შემდეგ სიტყვას ქართველ მსახიობს მიშა გომიაშვილს გადავცემ. ბატონი მიშა ერთ საინტერესო ისტორიას მოგვიყვება. ალბათ გაინტერესებთ მსახიობის მამა არჩილ გომიაშვილი როგორ აღმოჩნდა თავის დროზე გახმაურებული სურათი „თორმეტი სკამის“ მთავარი გმირის - ოსტაპ ბენდერის როლის შემსრულებელი.
„მამას ერთი მსახიობის, პანტომიმის თეატრი ჰქონდა და თავისი ბენდი ჰყავდა - „დიქსილენდი”. მარტო თამაშობდა ხოლმე შვიდ და რვა როლს ერთად. ერთ-ერთ მის წარმოდგენას ერქვა „ოსტაპ ბენდერი ესტრადაზე”, რომელმაც მთელი საბჭოთა კავშირი მოიარა. გასტროლებზე იალტაშიც იყო. მის იქ ყოფნას დაემთხვა „12 სკამის“ გადაღებები. ფილმის პირველი სერია უკვე დამთავრებული იყო და ოსტაპ ბენდერის როლზე ცნობილი მსახიობი, ბელიავსკი ჰყავდათ. ფილმის დირექტორმა შემთხვევით წაიკითხა მამას აფიშა და სპექტაკლის სანახავად წავიდა. პირველი აქტის დასრულების შემდეგ გაიდაის მოსაყვანად გავარდა. იმდენად მოეწონათ მამა, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყეს. მერე ჭორი წავიდა, ვითომ მამაჩემს გაუგზავნია გაიდაისთვის დეპეშა - ჩამოვდივარ და დამხვდითო. ქვემოთ კი, „ოსტაპ ბენდერი“ მიუწერია“.
ცნობილი ქართველი მსახიობი ბაადურ წულაძე პოპულარული სურათი „ფეოლას“ რეჟისორია. გაგიკვირდებათ და წულაძეს ამ კინოსურათის გადაღება სრულიად შემთხვევით დაუწყია.
„მოსკოვიდან თბილისში რომ ჩამოვედი, ვიღებდი მოკლემეტრაჟიან ფილმს - „სამნი ზღვის პირას”, რომელიც ჩემი სადიპლომო სურათი უნდა ყოფილიყო. ვიღაცამ რაღაც გადაიღო. ხრუშჩოვს არ მოეწონა და ამბები ატყდა - მთელი ცეკას დადგენილება ამ ფილმზე იყო. გავჩერდი, ვიყავი ასე უსაქმოდ, ტრამვაის ფულიც არ მქონდა. მერე, მიშა კობახიძე ჩამოვიდა. სადიპლომო ფილმს ვიღებ და მინდა, ჩემთან ითამაშო, ოღონდ ფული არ მაქვსო. თანხმობა მივეცი. გადაიღო, მაგრამ არ მოეწონა. ახალი სცენარი დაწერა და გადაიღო „ქორწილი”. აქედან დაიწყო ჩემი მსახიობობა, ასე ვთქვათ, უსაქმურობამ გამხადა მსახიობი. მას მერე, ხან სად მეძახდნენ, ხან - სად. მაგრამ, ეს რას მიშველიდა. დიპლომს თუ არ დაიცავდი, ისე ვინ მოგცემდა დიპლომს?
საგონებელში ჩავვარდი. ამ დროს, შენგელაია ფილმში „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” მთავარ როლს თამაშობდა. პარალელურად, მოკლემეტრაჟიან ფილმს - „ჯილდოს” იღებდა. მე სულ დაკავებული ვიქნები, მოდი, ჩემთან მეორე რეჟისორად იმუშავე და სადიპლომოში ჩაგეთვლება, თორემ ისე, შენ ფილმს არავინ მოგცემს, გამორიცხულიაო. ვმუშაობდი, მაგრამ დამდგმელი რეჟისორი მაინც გიორგი იყო. ვინაიდან „ვგიკში“ უკვე კარგად მიცნობდნენ და პატივსაც მცემდნენ, დიპლომი მომცეს. ჩამოვედი, მაგრამ მაინც არ მაძლევენ ფილმს. რეზო გაბრიაძე უკვე ცნობილი სცენარისტი იყო. მივედი და ვთხოვე, რამე ჩემთვისაც დაეწერა, რომ გადამეღო. „ფეოლას” მოკლე შინაარსი მომიყვა. ვუთხარი, დაწერე-მეთქი. რეზო რომ დასვა და დააწერინო, დიდი პრობლემაა. ასე, მიყვებოდა და მიყვებოდა. რაღაც პერიოდი კინოსტუდიას გაუჭირდა, გეგმას ვერ ასრულებდა. რეზოს ვუთხარი - აი, ახლა მაქვს შანსი, რომ გავძვრე და უნდა მიშველო-მეთქი. როგორც იქნა, დაწერა „ფეოლას” სცენარი. მიიღეს, მაგრამ ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ჩემი საქმე. პირველ მასალას რომ გადაიღებ, თუ მოგვეწონა, მაშინ გააგრძელეო. გადავიღე პირველი ეპიზოდი, მოეწონათ. გავაგრძელე. ასე გავხდი რეჟისორი. („მოცურავე”, „პეპელა“). მერე გია დანელია ჩამოვიდა და „არ დაიდარდოში” გადამიღო“.
დღევანდელი მოგონებების ბოლო სტუმარი გია ფერაძე იქნება, ტრაგიკული ბედის ადამიანი, რომელსაც „საკვირაო ისტორიებში“ ხშირად ვიხსენებ და მომავალშიც არაერთხელ დავუბრუნდები.
გია ფერაძეს კინოსა და თეატრში ორმოცამდე როლი აქვს შესრულებული, მაგრამ მის ცხოვრებაში საეტაპო სამი ძირითადი როლი იყო - „კავკასიური ცარცის წრე”, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა” და „არასერიოზული კაცი”.
დიმა ბათიაშვილის „არასერიოზული კაცი” უცხოეთში რამდენიმე ფესტივალზეა დაჯილდოებული. ფილმი მოსკოვმაც აღიარა და მას ქართული კინოს შედევრი უწოდეს. როცა ფილმი ფედერიკო ფელინიმ ნახა, უტირია. ამ ფილმით დიმამ და გიამ დედას ბავშვობის ოცნება აუსრულეს და ხანში შესული მარტოხელა ქალის როლზე მიიწვიეს, რომელსაც გია ორჯერ მიჰყიდის კატას.
ეს გულიანი ფილმი მეოცე საუკუნის ბოლო პერიოდის, თბილის-ქალაქის და ქალაქური ურთიერთობების ნამდვილი ანთოლოგიაა და ბევრი ქალაქელი ბიჭის სახეს ინახავს, რომლებიც დღეს უკვე ცოცხლები აღარ არიან.