1991 წელს საბჭოთა კავშირი დაშლილად გამოცხადდა. 1992 წელს შემუშავდა ევროკავშირის პროექტი, რომელიც 28 ევროპული ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გაერთიანებას ითვალისწინებდა... 1993 წლის 1 ნოემბერს, მაასტრიჰტის ხელშეკრულების საფუძველზე, ევროკავშირი იურიდიულად გამყარდა.
აღმოსავლეთ ევროპის რიგი სოციალისტური ქვეყნები, რომლებიც საბჭოთა კავშირის სატელიტები იყვნენ, ევროკავშირში შევიდნენ. საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან კი, მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა - ლატვიამ, ლიტვამ და ესტონეთმა მოახერხეს ევროკავშირში გაერთიანება. დასავლეთელი ექსპერტების აზრით, უკრაინის მოვლენების შემდეგ, რუსეთის რისხვა შესაძლოა, ბალტიისპირეთის ქვეყნებს დაატყდეთ...
რა ხდება დღეს
დასვლეთის აშკარა და აქტიური მხარდაჭერით, უკრაინამ რევოლუცია მოუწყო კრემლის დასმულ კორუმპირებულ პრეზიდენტ იანუკოვიჩს და ჩამოაგდო. იანუკოვიჩი რუსეთში გაიქცა, პუტინმა ყირიმში ჯარები შეიყვანა, მაგრამ უბრძოლველადა იღო, რადგან დასავლეთმა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაბმა მიზანშეწონილად არ ჩათვალა.
პუტინი, ასევე, უბრძოლველად აპირებს აღმოსავლეთ უკრაინის მიერთებას, რადგან ამ მხარის მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსი და გარუსებული უკრაინელია - ისინი თვითონ მიილტვიან რუსეთისკენ.
როგორც აღმოჩნდა, რუსეთისთვის აღმოსავლეთ უკრაინის მიერთება დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს და ეს, უბრალოდ, დროის საკითხია.
ჩნდება შეკითხვები:
ღირდა კი რევოლუციის მოწყობა თუ დასავლეთი შუა გზაზე მიატოვებდა უკრაინას?!
ნუთუ, დასავლეთის პოლიტიკოსები იმდენად მიამიტები არიან, რომ სათანადოდ ვერ შეაფასეს პუტინი?!
2008 წლის აგვისტოს ომის დროს ხომ ნათლად გამოჩნდა, რაზეა წამსვლელი კრემლი?!
ყოველივე ამის პასუხად, ახლახან ობამამ განაცხადა, რომ უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში შესვლა არ განიხილება... არ განიხილება არც ახლო და არც შორეულ მომავალში. ერთი სიტყვით, ცივი წყალი გადაგვასხა ყველას, ვისაც დასავლეთის იმედი გვქონდა.
2013 წლის დეკემბრიდან დაწყებული, მთელი ზამთრის განმავლობაში, კიევის მაიდანი იბრძოდა რუსების კლანჭებიდან თავის დასახსნელად, დაიღვარა სისხლი, თავისუფლების მოპოვებას შეეწირნენ გმირები... დასავლეთი აქტიურად იყო ჩაბმული ამ ბრძოლაში, უკრაინელებს მხარს უჭერდა ევროკავშირი და აშშ-ც, ამხნევებდა ხალხს, ლიდერებს, აკეთებდა განცხადებებს მთელი მსოფლიოს გასაგონად.
ბატონი ობამა და ქალბატონი მერკელი ყოველ დღე პუტინს ელაპარაკებოდნენ და მოუწოდებდნენ, შეჩერებულიყო.
ყველაფერი ეს ვნახეთ...
დასავლეთის გავლენიანი ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური, პოლიტიკური და დიპლომატიური სანქციების გატარებით აფრთხილებდნენ პუტინს, მაგრამ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა - ვერ შეაშინეს. როგორცრუსეთშიამბობენ, “რასიუგოლიმირუკამი ნე ვაზმიოშ” და პუტინმა, რუსულ არმიასთან ერთად, თავზეხელაღებული კაზაკი და ჩეჩენი “ბოევიკები” გაუშვა ყირიმში და... გასროლის გარეშე აიღო.
მხოლოდ პოსტფაქტუმ დაიწყო დასავლეთმა თავისი ეკონომიკურ-დიპლომატიურ-პოლიტიკური სანქციების გატარება, რაც, პრაქტიკულად, არაფრის მაქნისია. ხოლო, როგორც ობამას ბოლო განცხადებამ აჩვენა, დასავლეთი არ აპირებს ქმედითი ზომების მიღებას პუტინის შესაჩერებლად... პუტინი უომრად არ დანებდება, დასავლეთს კი არ უნდა პუტინთან ომი და თავისი დალაგებულ-აწყობილი ქვეყნების აოხრება.
დღევანდელი ვითარებიდან ისე ჩანს, რომ უკრაინა ხელში შეატოვეს რუსეთს, მაგრამ არავინ იცის, ყოველ შემთხვევაში, ფართო საზოგადოებამ არ იცის, დაჯერდება კი პუტინი უკრაინას?
რა მოხდება ხვალ
პუტინს შერჩა ჩეჩნეთი - 2000 წელს დაადუღა იქაურობა და ყურმოჭრილ მონად აქცია კადიროვი. მართალია, კრემლს ჩეჩნეთის შენახვა ძვირი უჯდება, მაგრამ რუსულ იმპერიას სჭირდება ეს რეგიონი.
პუტინს შერჩა საქართველოსთან ომი - მიიერთა ცხინვალი და აფხაზეთი...
პუტინს შერჩა ყირიმი - ამჯერად უბრძოლველად მიიერთა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, აღმოსავლეთ უკრაინა პუტინის შესვლას ელოდება და უახლოეს ხანში, თუ რამე სასწაული არ მოხდა, აღმოსავლეთ უკრაინაც რუსეთის ნაწილი გახდება.
პუტინი მხოლოდ ამით არ დაკმაყოფილდება და ე.წ. დაუმორჩილებელი ბანდერელების დაჩოქებას მოინდომებს.
აი, აქ კი, ომის გარეშე არაფერი გამოუვა. მარჯვენა სექტორი უომრად თავის პოზიციას არ დათმობს. პუტინისთვის ღირსების საკითხია უკრაინის აღება, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ობამამ განაცხადა, უკრაინა და საქართველო ნატო-ში არ მოიაზრებაო.
დასავლეთ უკრაინის აღება დროში გაწელილი პროექტი იქნება, რომელიც პირველ რიგში, დასავლეთს აწყობს, რადგან ამით დროს მოიგებს და სასიცოცხლოდ აუცილებელი ნავთობის ალტერნატიულ მომწოდებელს გამონახავს. ამ მიმართულებით უკვე მუშაობს ობამა და საუდის არაბეთთან კავშირებს ამყარებს.
რაც შეეხება პუტინს, ბანდერელებთან ომი ყველაზე ნაკლებად სჭირდება და არა იმიტომ, რომ თავისი შესაძლებლობებით ვერ აჯობებს, არამედ იმიტომ, რომ დასავლეთ უკრაინა ჩეჩნეთი არ არის, ძალიან ბევრი სისხლი დაიღვრება და ჩეჩნეთივით ყურმოჭრილ მონად მაინც ვერ აქცევს. ამ მხარის დაპყრობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ყველას, დიდიან-პატარიანად ამოხოცავს. ამის გაკეთება “ბოლშევიკებმა” ვერ შეძლეს მაშინაც კი, როცა არც ევროკავშირი იყო და არც - საერთაშორისო თანამეგობრობა.
გარდა ამისა, პუტინს არ ენდომება, რომ 21-ესაუკუნეში ჰიტლერის სახელი დაიმკვიდროს.
ასე რომ, დასავლეთ უკრაინა საჯილდაო ქვა გახდება დიდ დასავლეთსა და რუსეთს შორის და ერთმანეთისთვის კბილის მოსინჯვის პოლიგონი, მაგრამ თუ პუტინს ადექვატურად შევაფასებთ და მის სიურეალისტურ აზროვნებას გავითვალისწინებთ (პუტინს ნათქვამი აქვს ობამასთვის, რომ პოლიტიკაში სიურეალიზმი არასოდესაა ზედმეტი), მაშინ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ვლადიმერ ვლადიმიროვიჩმა სწრაფად იმოქმედოს.
“კატასტროფული სცენარი” - ასე დაარქვა ნოვოდვორსკაიამ პუტინის მოქმედების გეგმას, რომელიც მისი აზრით, რეალურად მოსალოდნელია. ვლადიმერ ვლადიმიროვიჩი დასავლეთ უკრაინის აღებას უახლოეს ხანში აპირებს და საამისოდ ნახევარმილიონიანი სამხედრო რესურსი მზადაქვს.
“უკრაინის მორჯულების” შემდეგ, პუტინი ბალტიისპირეთის ქვეყნებზე გადავა და ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის დაბრუნებას შეეცდება. ეს ქვეყნები კი, ნატო-ს წევრები არიან.
ალბათ, მკითხველს ახსოვს ნატო-ს გენერალური მდივნის, რასმუსენის განცხადება: “ნატო მზად არის, დაიცვას უკრაინა რუსეთის ზეწოლისაგან!” ასეთი განცხადებები არაერთხელ გაჟღერებულა ნატო-ს მაღალჩინოსნისგან. იგი საქართველოზეც ამბობდა, რომ უახლოეს ხანში ნატო-ში შევიდოდით. როგორც ჩანს, მსოფლიო ლიდერებს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ობამამ კი, ყველას პირდაპირ და კონკრეტულად უთხრა, უკრაინა და საქართველო ნატო-ში - არაო...
ობამას განცხადების შემდეგ, რასმუსენი, რომელსაც 30 სექტემბერს ეწურებოდა ვადა, დროზე ადრე გადადგა თანამდებობიდან და 28 მარტს ნატო-ს გენერალურ მდივნად დაინიშნა ნორვეგიელი პოლიტიკოსი (მემარცხენე შეხედულების, ევროკავშირში ეკოლოგიური უსაფრთხოების მინისტრი) იენეს სთოლთენბერგი, რომელიც 1 ოქტომბრიდან შეუდგება თავისი მოვალეობის შესრულებას. ოფიციალური წყაროები ზუსტად ასე აცხადებენ, მაგრამ გაუგებარი ხდება, 28 მარტს დანიშნული გენერალური მდივანი 1 ოქტომბერს რატომ იწყებს თავისი მოვალეობის შესრულებას?!
ეს ძალიან, ძალიან უცნაურია!!!
გამოდის, რომ მთელი 6 თვე, მარტიდან ოქტომბრამდე, ნატო უმოქმედოა, პარალიზებულია?!
ეს რას უნდა ნიშნავდეს?!
თუ “კატასტროფული სცენარი”, მართლაც, განახორციელა პუტინმა და აიღო დასავლეთ უკრაინა, მერე კი, ბალტიისპირეთში შევარდა, მაშინ ლატვიას, ლიტვას და ესტონეთს ნატო ვერ დაიცავს? ეს ქვეყნები ნატო-ს წევრები არიან, მაგრამ ნატო 6 თვით უხელმძღვანელოდაა დარჩენილი და ამ ხნის განმავლობაში ბალტიისპირეთზე პასუხისმგებლობას ვერავინ აიღებს?!
მოკლედ რომ ვთქვათ, მოვლენები თავბრუდამხვევი სისწრაფით უნდა განვითარდეს ამ 6 თვისგანმავლობაში...
რა გამოდის, პუტინს კარტბლანში მისცეს?