ქართული მრავალჟამიერი თუ ახალზელანდიური „ჰაკა“?

ქართული მრავალჟამიერი თუ ახალზელანდიური „ჰაკა“?

დღეს კვირაა და მორიგ სპორტულ მოგონებებს შემოგთავაზებთ. დღევანდელი „ისტორიების“ მთავარი გმირები ქართველი მორაგბეები იქნებიან. ცოტა ხნის წინ „ბორჯღალოსნებმა“ მომავალ წელს ინგლისში დაგეგმილი მსოფლიო თასის საგზური ღირსეულად მოიპოვეს და უახლოეს მომავალში „ნისლიანი ალბიონის“ ქვეყანაში საასპარეზოდ მომზადებას დაიწყებენ.

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში საქართველოში რაგბი კალაბურთთან ერთად სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობად გადაიქცა. რასაკვირველია ადგილობრივი გულშემატკივრების გული ძირითადად მის უდიდებულესობა - ფეხბურთს ეკუთვნის, მაგრამ მობურთალებმა „იმდენი მოახერხეს“ რომ თანამემამულე თაყვანისმცემლებს საფეხბურთო სტადიონებისაკენ მიმავალი გზები თანდათან გადაავიწყეს.

მომავალ წელს, ინგლისში, საქართველოს ეროვნული გუნდი ახალი ზელანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. სპორტის ამ სახეობაში კუნძულელები ისეთივე რეპუტაციითა და ავტორიტეტით სარგებლობენ როგორც ფეხბურთში ბრაზილიელები. რასაკვირველია ქართველ მორაგბეებს ჯონა ლომუს თანამემამულეებთან მოგებას ვერ ვთხოვთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართველები ამ თამაშში თავს არ შეირცხვენენ.

დღევანდელი „მოგონებების“ პირველი სტუმარი ლაშა ხმალაძე გახლავთ. ლაშამ მსოფლიო თასის წინა გათამაშებაში იასპარეზა და იმ პირველობასა და ახალ ზელანდიას კიდევ ერთხელ გაიხსენებს.

„ხანგრძლივი ფრენის შემდეგ ჩავედით ახალ ზელანდიაში. საფრანგეთიდან ჯერ ჩავფრინდით დუბაიში, იქიდან სიდნეიში და სიდნეიდან უკვე ზელანდიაში. აეროპორტშივე ვიგრძენით საზეიმო განწყობა, რომელიც იქ იყო. საქართველოს დროშებით დაგვხვდნენ ბავშვები, დიდები. იქვე ვიგრძენით რამხელა განსხვავებაა ჩვენი ქვეყნების ტრადიციებს შორის. მოგვილოცეს ჩასვლა და იყო დიდი ჟრიამული.

ჩვეულებრივი, ევროპული ტიპის სახელმწიფო წყობა აქვთ, უბრალოდ, ტომებს დღემდე კარგად აქვთ შენახული ტრადიციები. ქუჩაში ნაციონალური სამოსით არ დადიან. ტომის ბელადი ქვეყნის უმაღლესი პირი არ არის. როგორც ჩვენ გვაცვია კონცერტებსა და ქორწილებში ჩოხა, ისეა იქაც. მაგრამ, ტრადიციებსა და რელიგიურ რიტუალებს, სხვა შემთხვევებშიც დიდი გამოყენება აქვს. მისი ძალის დღემდე სწამთ. მაგალითად, ახალზელანდიელ რაგბისტებს რიტუალური მისალმება თუ მუქარა აქვთ, არ ვიცი ზუსტად რა შეიძლება დავარქვა - „ჰაკას“, რომელიც მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია.

მოქმედებს. კი არ თრგუნავს, პირიქით, მოწინააღმდეგესაც სტიმულს აძლევს - ჰაკა გმუხტავს და გაგიჟებს, ერთი სული გაქვს როდის დაიწყება თამაში და შეერკინები. ამ რაღაც მოძრაობების, ხელების ქნევისა და ღრიალის გარდა, ისინი იჭყანებიან, სისინებენ, ენას გიყოფენ... თამაშის მუღამზე კი არა, შეიძლება საცემრადაც გაიწიო, ისეთი სახეები აქვთ. მთელი სხეული ტატუირებული აქვთ. ამასაც რაღაც რიტუალური დატვირთვა აქვს.

მოკლედ, ჩავედით და დაახლოებით, ისეთი რაღაცეებიც გააკეთეს, რაც პრემიერ-მინისტრის ძალიან პოპულარულ ვიდეოში. მისალმებები გვქონდა ზუსტად ასე - ცხვირების ერთმანეთში მიდებით. როგორც ჩვენთან გადაკოცნაა, საფრანგეთში როგორც ორჯერ ან სამჯერ კოცნაა მიღებული, ისეა მათთვის ცხვირის მიდება. აეროპორტიდან წავედით ქვინსთაუნში, ულამაზეს საკურორტო ქალაქში. მთებშია ჩაკარგული ეს ქალაქი, ულამაზესი ტბა, ტყე, თოვლი, ძალიან ლამაზია. ზელანდიაში, რაც ვნახე, ისე არ არის როგორც ავსტრალიაში. ჩვენთან რომ ზოოპარკშია, ის ცხოველები ქუჩაში არ დადიან. ერთადერთი, ძალიან ბევრია ირემი, ლამები ჰყავთ. ძალიან ბევრია ცხვარი. იმასაც კი ამბობენ ზელანდიაში ადამიანებზე მეტი ცხვარიაო.

იმ ქვეყანაში  ყველაფერს ცხვრის ხორცისგან აკეთებენ. მაგრამ სამაგიეროდ, ვერ იტანენ კურდღლის ხორცს. სანადიროდ წაგვიყვანეს კურდღლებზე. ყველაზე მეტად კურდღლების მოშორება უნდათ და როგორც ჩვენ ვირთხას, ისე უყურებენ. იქ როგორ არის იცით? მგელი გარბის და კურდღელი მისდევს. „წითელქუდაც” კი კურდღელზეა და არა მგელზე. ვხუმრობ, რა თქმა უნდა, მაგრამ მიწამოთმოქმედებაში რომ ხელს უშლით, ამის გამო ხოცავენ.

საკმაოდ ცივილიზებული ქვეყანაა, რომელიც სხვებზე მეტად ცდილობს, ტრადიციების შენარჩუნებას. სხვათა შორის, მასტერტონში თამაშის წინ ძალიან დიდი აღლუმი მოეწყო. ჩვენ ჩოხებით ჩავიარეთ, მთელი ქალაქი ქუჩაში იყო გამოსული, დროშებს აქნევდნენ“.

ახალ ზელანდიაში ჩატარებულ მსოფლიო თასის შეჯიბრებაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ეროვნებით შოტლანდიელი რიჩი დიქსონი გახლდათ. ბატონი რიჩის ერთ მოგონებას ყოველგვარი კომენტარის გარეშე შემოგთავაზებთ.

„საქართველოში რომ ჩამოვედი, ერთი ქართული სიმღერა მომასმენინეს, ძალიან ლამაზი მელოდიაა. მითხრეს, რომ შოტლანდიელი პოეტის, რობერტ ბერნსის ლექსზე იყო დაწერილი. ისიც მითხრეს, იმდენად ქართული შინაარსისაა ტექსტი, რომ ვერც წარმოვიდგენდით, თუ სხვა ერის წარმომადგენელი იქნებოდა მისი ავტორიო (საუბარია გიორგი ცაბაძის სიმღერაზე „კაცი ვარ და ქუდი მხურავს“). ბერნსის ასეთი სიახლოვე ქართულ რეალობასთან, გასახარია ჩემთვის. მით უფრო, რომ იგი ჩემი სოფლის სიახლოვეს დაიბადა. ძალიან პოპულარულია შოტლანდიაში, რადგან ხალხური ფესვები აქვს მის ნააზრევს. თუნდაც ამ ფაქტმა მიმანიშნა, რომ საოცრად ახლობელი უნდა ყოფილიყო ქართული კულტურა, ქართველი ხალხი ჩემთვის. როგორც კი ჩამოვედი საქართველოში, ვიგრძენი თუ რაოდენ ახლოს დგას მენტალურად ქართველი ხალხი შოტლანდიელებთან. ხშირად მიფიქრია, რომ ჩემს მშობლიურ გარემოში მოვხვდი. ჩემს თავს აქაურობის განუყოფელ ნაწილად მივიჩნევ.

ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი ხართ, ისევე როგორც შოტლანდიის საზღვრისპირა მოსახლეობა. ეს თვისება ჩემს ერს განსაკუთრებული სიმძაფრით აქვს სისხლში გამჯდარი. მახსოვს, როცა მამაჩემი და ჩემი ძმები ბრუნდებოდნენ სამუშაოდან, ბევრი ხალხი გვხვდებოდა შინ. გაშლილი იყო სუფრა და უამრავი უცხო ხალხი იჯდა. დედაჩემი მათ უმასპინძლდებოდა თავისი გამომცხვარი ტკბილეულით. ყველას იცნობდა, ყველას უდიდეს პატივს სცემდა. ძალიან ხშირად, არც კი ვიცოდით ვინ იყო ეს ხალხი. არადა, ისე გულუხვად უმასპინძლდებოდა მათ ჩვენი ოჯახი, ვხვდებოდი, ეს უპირველესად, ეროვნული ტრადიციებისადმი პატივისცემა იყო. ძალიან სტუმართმოყვარე დედა მყავდა, მისი სტუმართმოყვარეობა გენეტიკურად მეც გამომყვა. სამუშაო ეთიკა და ადამიანთა პატივისცემა მამაჩემისგან მერგო“.

ნება მომეცით სიტყვა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს, ბატონ გია ნიჟარაძეს გადავცე, რომელიც ქართველი გულშემატკივრებისთვის ერთ უცნობ ისტორიას მოგვიყვება.

„ქართველი მორაგბეების ყველაზე დიდი გატაცება კარგი საქმეების კეთებაა - ასეთი ბიჭები გვყავს ჩვენს დიდ ოჯახში. ერთ ისტორიას მოგიყვებით: ანჩისხატის ეკლესიასთან ახლოს „რებეკას ბარია“, იქ უცხოელებს უყვართ სიარული, რაგბის უყურებენ ხოლმე ხშირად. ერთ დღეს რებეკამ საჩუქარი გაუკეთა თავის კლიენტებს და ჩვენც დაგვპატიჟა, თან გვითხრა, მაისურები წამოიღეთო. მასპინძელმა კარგად გვიმასპინძლა, ცოტა ხნის შემდეგ კი მოვიდა, მაგიდაზე ფული დაგვიდო და გვითხრა: ეს თქვენი წილიაო. რა წილი-მეთქი, - ვკითხე გაოცებულმა. ყველა მაისური გავყიდეო.

ჩვენ სასტიკად ვიუარეთ იმ ფულის აღება, მაგრამ რებეკა ამაზე ვერ დავიყოლიეთ, ბიზნესი ბიზნესიაო, გაიძახოდა. ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდით, ბიჭებმაც უარი თქვეს ფულის აღებაზე, რა უნდა გვექნა? ცოტა ხანში ბიჭებმა აიღეს ფული, გავიდნენ ბარიდან და მალევე დაბრუნდნენ. როცა ყველა გამოვედით ბარიდან, იქვე ახლოს მღვდელი დაგვხვდა: - თქვენ გელოდებით, რომ არ მეთქვა არ შემეძლოო - გვითხრა, - თქვენმა მორაგბეებმა ეკლესიას 600 დოლარი შესწირესო. აი, ასეთი გემრიელი და მართალი ბიჭები არიან ჩვენი მორაგბეები, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ვიყო ამ ოჯახის ყოჩი“.

ინგლისის მსოფლიო თასზე „ბორჯღალოსნების“ ღირსებას საფრანგეთის „კლერმონში“ მოასპარეზე დავით ზირაქაშვილიც დაიცავს. საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე 2010 წელს ჩვენი ქვეყნის წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.

„2005 წლის 25 იანვარს, ჩემი მეუღლის დაბადების დღეზე, ხელი მოვაწერე პროფესიონალ კონტრაქტს „კლერმონთან” და ეს იყო ჩემთვის რაგბიში ყველაზე დიდი ნახტომი, ამაზე ვერც ვიოცნებებდი. ადვილი მისახვედრი რომ იყოს, ეს არის ევროპაში ყველაზე მაღალი დონის გუნდი, ისეთივე, როგორიც ფეხბურთში „მილანი”, მადრიდის „რეალი”.

თავდაპირველად ძალიან ძნელი იყო. საფრანგეთში მივდიოდი და არ ვიცოდი, იქ რა დამხვდებოდა. თანაც, საქართველოში ყველაფერი უნდა დამეტოვებინა, უარი უნდა მეთქვა იმაზე, რაც მანამდე ავაწყვე. ვტოვებდი 8 თვის შვილს და 19 წლის მეუღლეს. ისიც ბავშვი იყო იმ დროს და მეც, მაგრამ, სულ იმას ვფიქრობდი, რომ ჩავალ, არავის გავუცრუებ იმედებს-მეთქი. ყოველთვის ვამბობ, დაქორწინებული რომ არ ვყოფილიყავი, შეიძლება, არც წავსულიყავი. უცოლო ბიჭისთვის 150 დოლარი ჯიბის ფული არ იქნებოდა ცუდი, თან, როდესაც „ნაციონალ ერთში” დავიწყე თამაში, იქ, ნამდვილად არ იყო სამოთხე - 400 ევრო მქონდა ხელფასი, რომელიც თბილისში 150 დოლარს არ უდრიდა, რადგან, ბინის ქირასაც ვიხდიდი, უნდა მეჭამა და ოჯახისთვისაც უნდა გამომეგზავნა. შეიძლება ითქვას, მიჭირდა და ვიჭირვებდი კიდეც, რომ მეტისთვის მიმეღწია.ახლა ანაზღაურება ძალიან კარგი მაქვს, ზუსტ თანხებზე არ ვისაუბრებ.

საფრანგეთში ძალიან დატვირთული დღის გრაფიკი გამაჩნია. ყოველდღე ოთხშაბათის გარდა, დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე ვარ გასული, თუმცა, ჩემი მეუღლეც მუშაობს და ამიტომ ამ თემაზე არავინ წუწუნებს. მაიკომ თამაშს რომ არ უყუროს, ალბათ, გაგიჟდება. ჩემს ქალაქში როცა არის თამაში, ყოველთვის ესწრება ან ტელევიზორში უყურებს. დიდი ემოციები აღარ აქვს, მიეჩვია უკვე. ადრე წესებიც კი არ იცოდა, ახლა კი უკვე ყველაფერი იცის და მსაჯების მიმართ შენიშვნებიც აქვს ხოლმე. დილით ბავშვები ჩემს მეუღლეს მიჰყავს, საღამოს მე გამომყავს”.