პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უმდიდრესი ადამიანია და მისი ანგარიშები უნდა გაიყინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ ქვეყნებში “აორთქლდება”, სადაც მასზე ძებნა წითელი ცირკულარით არ იქნება გამოცხადებული:
- მიხეილ სააკაშვილს ბავშვობიდან ვიცნობ და მისი ფსიქოტიპის დახასიათება ყველაზე კარგად შემიძლია. ის მშიშარა და მხდალი ადამიანია, სკოლიდანვე ასეთი იყო. თუ ასეთი ტიპის ადამიანს ძალაუფლებას მისცემ, საქმე მძიმე შემთხვევასთან გექნება - მინიმუმ, ტოტალიტარული რეჟიმისკენ გადაიხრება და ამიტომაც დაამყარა სააკაშვილმა ქვეყანაში ასეთი რეჟიმი.
- ლალი, როგორც ჩანს, სააკაშვილის ფსიქოტიპი შეისწავლეთ...
- რამდენიმე წლის წინ, მსოფლიო ტირანებზე სტატია დავწერე. ეტიმოლოგიურად რომ გადავხედოთ, თუ საიდან მოდის სააკაშვილში ტირანის ხასიათი, გაირკვევა: ეს ხასიათი დაკნინებული ბავშვობის ფონზე ჩამოუყალიბდა. ალბათ, მის ბავშვობაში ისეთი რამ მოხდა, რამაც ფსიქიკაზე უარყოფითად იმოქმედა. 2003 წლიდან, სააკაშვილთან ურთიერთობა გავწყვიტე და მთელი 9 წლის განმავლობაში მხოლოდ კონსულტაციის სახის შეხვედრები მქონდა, თუმცა უშედეგოდ - არასოდეს გაუზიარებია ჩემგან მიწოდებული აზრი, თუნდაც იმ გუნდთან დაკავშირებით, რომელიც გვერდს უმაგრებდა. მან ძალაუფლება 1 ოქტომბერს დაკარგა, შემდეგ, მისი უფლებამოსილების ვადაც შეჩერდა და საქართველო დატოვა, რადგან გარეთ უსაფრთხოდ ვერ გავიდოდა. სააკაშვილმა ზუსტად იცის, რომ ჩადენილი ცოდვების გამო პასუხი მოეკითხება. ძალიან ეშინია, რომ მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ, გისოსებს მიღმა არ აღმოჩნდეს. სააკაშვილი ერთ-ერთი მდიდარი ადამიანია მსოფლიოში.
შემიძლია, პიარის წიგნში გვერდი მიგითითოთ, სადაც რიტორიკული ხერხებია მითითებული: როცა გინდა, ადამიანები ბურანში ამყოფო, უნდა დაიწყო წუწუნი და თავი ხალხის ყველაზე დაკნინებულ კატეგორიასთან გააიგივო. სწორედ ასე იქცეოდა სააკაშვილი ცხრა წლის განმავლობაში და მუდმივად ჩაგრულის მანტია ჰქონდა მოსხმული.
- თქვენი აზრით, დისტანციური დაკითხვისას სიმართლეს იტყვის?
- მიშა მშიშარა ადამიანია, შესაბამისად, მისგან ტყუილი არავის უკვირს. სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის ეშინია, კარგად უწყის, რომ დაკითხვის დროს, მისგან გამწარებული ადამიანები პროკურატურასთან მივლენ და აქციას ჩაატარებენ. უნდა თუ არა, სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს დაკარგულ ტერიტორიებზე, გარდაცვლილ ადამიანებზე, მათ შორის, ზურაბ ჟვანიაზე, დაწიოკებულ ბიზნესმენებსა და ყველა იმ უბედურებაზე, რომელიც საქართველოს დაატეხა.
სხვათა შორის, ტალიავინის დასკვნა ისევ არსებობს და ვინც წერა-კითხვა იცის, წაიკითხავს, სააკაშვილმა 2008 წელს საკუთარი ქვეყანა თუ რა რეალობის წინაშე დააყენა. სად იყო ქვეყნის მთავარსარდალი მაშინ, როცა ჩვენი ბიჭები აბსოლუტურად დაუგეგმავ შეტაკებაში აღმოჩნდნენ? როდესაც ქვეყნის მთავარსარდალი ხარ, თითოეული ჯარისკაცის სიცოცხლე შენს ხელშია. მან კი, არათუ ამ ბიჭების სიცოცხლე, არამედ, ქვეყნის ტერიტორიებიც საკუთარი ნებით დათმო... ფსიქოლოგიაში ძალიან ცნობილი მომენტია და ამაზე საუბარი ჩინურ ფილოსოფიაშიცაა - თუ სახელმწიფოს სახელს შეუცვლი, ის თავის არსს აბსოლუტურად შეიცვლის. ასე მოხდა კოდორის ხეობის შემთხვევაშიც - სააკაშვილმა სახელი შეუცვალა, ზემო აფხაზეთი დაარქვა და მაშინვე გასაგები გახდა, რომ ის ტერიტორიაც დასაკარგად იყო განწირული. იმ საწარმოებისა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების ნუსხა რომ ამოვიღოთ, რომლებიც სააკაშვილმა რუსებზე გაასხვისა, გასაგები იქნება, თუ რასაც ემსახურებოდა. ამიტომ, სააკაშვილი საქართველოში, ვერ ჩამოვა! მოწმის სტატუსით დაკითხვა ვერ გადაარჩენს, რადგან გაცილებით მეტი ბრალდება ექნება წაყენებული. ისღა დარჩენია, კატა-თაგვობანა ითამაშოს.
ამასთან, ექსპრეზიდენტი დიდი ფულის პატრონია და ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულება იქნება, მისი ანგარიშების გაყინვა მოითხოვოს. სხვა შემთხვევაში, საზღვარგარეთ დარჩება და უზრუნველად იცხოვრებს.
- “კატა-თაგვობანას თამაშში” რას გულისხმობთ?
- გაზაფხულზე საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით - პატარ-პატარა ნაღმები უკვე დადებულია. პირადად ვიცნობ ისეთ სტუდენტებს, რომლებიც „ნაცმოძრაობასთან” გადამზადებას გადიან, რომ ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობას”, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ფარსში მონაწილეობას არ მიიღებს, მაგრამ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია შეიქმნება, რომელიც ქვეყანაში არეულობით იქნება დაინტერესებული და მოქმედებაზეც გადავა. სიტუაცია, მართლაც, მძიმეა, სააკაშვილი თავის მანქანას აამოქმედებს და ეს არ გაუჭირდება, რადგან დიდი ფული აქვს. ფულს კი, ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.
- იმის თქმა გინდათ, რომ სააკაშვილი საქართველოში არეულობას დააფინანსებს?
- აბა, სხვას რას უნდა დავაბრალო, რომ “ნაციონალების” მხარდამჭერი სტუდენტებისგან ჰიტლერული ორგანიზაცია ყალიბდება? ისინი დაფინანსებულები არიან და უცხოეთში გადიან გადამზადებას, თუმცა მგონია, რომ ეს ბოლო გაფართხალებაა... თითქმის ყველა რეგიონში ვკითხულობ ლექციებს და აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, სამცხე-ჯავახეთი ერთ-ერთი ის რეგიონია, საიდანაც სიტუაციის არევის მცდელობა დაიწყება, მაგრამ ამის უფლებას ვერავის მივცემთ, იქ მცხოვრებ ქართველებსა და სომხებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ. ამიტომ, თუ ვინმე რამეს ითხოვს, ეს იმ გეგმის ნაწილია, რომელსაც “ნაციონალები” ახორციელებენ.
როცა შიდა ქართლიდან ლტოლვილთა ნაკადი მივიღეთ, მაშინვე ვთქვი, ამ ადამიანებს ასანთის კოლოფებივით სახლები კი არ უნდა დაურიგოთ, არამედ, სამცხე-ჯავახეთში უნდა ჩაასახლოთ, სადაც ბევრი მიწაა. ვიღაცას ეს ვარიანტი არ აწყობდა, სამაგიეროდ, სამშენებლო კომპანიებმა ბევრი ფული გააკეთეს, ვინ ვისთან იყო შეკრული, ეს კიდევ ცალკე საუბრის თემაა.
- ბოლო დროს კეთდება განცხადებები, რომ “ნაციონალები” ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ემზადებიან. მსგავსი განცხადება თქვენც გააკეთეთ...
- ამასთან დაკავშირებით მასალები იგზავნება იქ, სადაც საჭიროა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ვარ უწყების წარმომადგენელი, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მოქალაქეობრივი პოზიცია არ უნდა მქონდეს. როგორ უნდა მოიხსენიო ისინი, ვინც სავარძლებში სხედან და არ აცნობიერებენ, რომ საომარ ვითარებაში ვიმყოფებით? დიახ, ძალიან ბევრ უწყებაში არიან “ნაციონალების” ნდობით აღჭურვილი პირები, ბევრი მათგანი სისხლის სამართლის დამნაშავეა. თუ 26 მაისთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილია დასჯილი, მასთან ერთად ისინიც უნდა იყვნენ, ვისაც ხელკეტი ეჭირა, ვინც ბრძანებას ასრულებდა და ადამიანთა წამებაში უშუალოდ მონაწილეობდა. ასეთი ადამიანები, სამწუხაროდ, კიდევ თანამდებობებზე არიან, მათი საშუალებით სააკაშვილი ყველა უწყებას აკონტროლებს და ჰგონია, რომ ხელისუფლებაში მოსასვლელად ყველაფერი მზად აქვს. მათ ერთმანეთთან აქვთ მუდმივი კონტაქტი სოციალური ქსელისა და “სკაიპის” მეშვეობით - ეს გადამოწმებული ინფორმაციაა და ამას სკანდალისთვის არ ვამბობ. ამის დამადასტურებელი ინფორმაცია მივიტანე იქ, სადაც საჭირო იყო, ეს ჩემი მოქალაქეობრივი ვალი გახლდათ და ამასთან დაკავშირებით სულ მალე საზოგადოება ბევრ რამეს გაიგებს.
- გიგა ბოკერიამ ობამას განცხადება ამ ხელისუფლების ცუდი მუშაობის შედეგით ახსნა და პრემიერ ღარიბაშვილის შეფასება, რომელიც ობამას დაეთანხმა, საგანგაშოდ მონათლა...
- ღარიბაშვილმა მნიშვნელოვანი რამ გააკეთა - საზოგადოებას ვარდისფერი სათვალე ჩამოხსნა და აჩვენა, რეალურად და გეოპოლიტიკურად სად ვიმყოფებით. მესმის, რომ დესტრუქციულ ელემენტებს დიდი სურვილი აქვთ, საქართველო დაპირისპირებაში ჩააბან. მართლაც, საფრთხილოა ჩვენი ყველა ნაბიჯი, უკრაინა მრავალმილიონიანი ქვეყანაა და ისიც კი მოექცა ოკუპაციის ქვეშ. ვფიქრობ, დღეს საქართველო გონებით იმართება და არა - იმპულსებით, ან პიარ-აქციებით.
- ზურაბ ჟვანიას საქმის წამოწევას “ნაცმოძრაობა” მომავალი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს და მიიჩნევს, რომ ამ საქმით ხელისუფლებას ქულების დაწერა სურს...
- ბოლო დროს, როცა სატელევიზიო ეთერში გამოჩნდნენ ე.წ. ჟვანიას მეგობრები, სახეზე შიში ეწერათ. რეალურად, ის ადამიანები, ვინც მართლა ზურას მეგობრები იყვნენ, პოლიტიკას დიდი ხანია, ჩამოშორდნენ.
- როცა პენიტენციალურ სისტემაში რამე დარღვევა ხდება, ოპონენტები თითს სოზარ სუბარისკენ იშვერენ და ამტკიცებენ, რომ აღნიშნული დარღვევების მიზეზი სუსტი მინისტრია. რამდენად არსებობს ამის თქმის საფუძველი?
- “ნაცმოძრაობას” პენიტენციალურ სისტემასთან მიმართებაში სალაპარაკო არაფერი აქვს, რადგან მათ დროს პენიტენციალური სისტემა არ არსებობდა, ციხე გეტო, საკონცენტრაციო ბანაკი იყო. ციხის კადრები ორ თეთრზე გაყიდულ ადამიანებს ხშირად უნდა ვაჩვენოთ, რათა დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლები აღარ დაიცვან.
- ლალი, როგორც პიარ-ტექნოლოგიის სპეციალისტი, როგორ აფასებთ “ნაციონალებისა” და ახალი ხელისუფლების პიარს? საქმე ორ უკიდურესობასთან ხომ არ გვაქვს?
- პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გადავედით სხვაგვარ პოლიტიკურ წყობაზე, გვყავს ძლიერი პრემიერი და შეზღუდული უფლებების პრეზიდენტი. პრემიერ-მინისტრი ისედაც ქარიზმატული პიროვნებაა და მას გაპიარება არ სჭირდება. ირაკლი ღარიბაშვილის კახური გენეტიკაც იძლევა ამის საფუძველს... პრემიერს ჭედურ ნაკეთობას ვადარებ - მისგან ძლიერი ძარღვი მოდის.
რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, რომელსაც კარგად ვიცნობ, ის კარგი ორატორი და ფილოსოფოსია, უფრო აქტიურად უნდა დაეჭირა სოციალური ნიშა, რადგან წარმოუდგენელია, ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი აკეთებდეს ყველაფერს. პრეზიდენტის პრეროგატივა უნდა იყოს სოციალური სფეროს კურირება დავით სერგეენკოსთან ერთად. დღეს კითხულობენ, ვინ უნდა მოაწეროს ივნისში დაგეგმილ პარაფირების ხელშეკრულებას ხელი? ამაზეც კი ვერ ჩამოვყალიბდით, ასე რომ, კარგი იქნება, მარგველაშვილმა სოციალური სფეროს მოწყობას მიხედოს!