“თუ ევროპამ ძალიან გარიყა, რუსეთი ისლამის გვერდით დადგება!”

“თუ ევროპამ ძალიან გარიყა, რუსეთი ისლამის გვერდით დადგება!”

ბოლო დროს არასამთავრობო ორგანიზაციები განსაკუთრებით გააქტიურდნენ. ორი - პრორუსული და პროდასავლური დაჯგუფების დაპირისპირებაც თვალშისაცემია. თბილისს მრავალათასიანი მიტინგები და ცემა-ტყეპაც ახსოვს, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, უფრო პროვოკაციას ჰგავს... ამასობაში კი, პრეზიდენტყოფილი მიხეილ სააკაშვილი უცხო ქვეყნიდან იმუქრება, პუტინის ხელდასმულ ხელისუფლებას დავამხობო... რატომ ეშინია სააკაშვილს სამშობლოში დაბრუნება და უმცირესობის წარმომადგენლის, ნუგზარ წიკლაურის საკუთარ სახლთან გალახვა იმას ხომ არ მოასწავებს, რომ ხალხინაციონალებსთავად გაასამართლებს? - ,,ქართული სიტყვაპოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

 

- ბატონო რამაზ, პრორუსული და ანტირუსული ძალების ერთდროულად გააქტიურებას რითი ხსნით?

- რუსეთის მხარდამჭერი აქციები 2008 წლამდე რომ გამართულიყო, მაშინ ორგანიზატორებს გაცილებით ნაკლები სირთულეები ექნებოდათ. ისე, ეს სერიოზული დესტაბილიზაციის მომტანი არაა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რუსეთის მხარდამჭერთა რიცხოვნობა მცირეა. თბილისში ბევრად მასშტაბური აქციებიც გვინახავს... სხვათა შორის, სანტერესოა პრორუსული ძალების განაცხადი - ეს ის აღარაა, ანგარიში გავუწიოთ რუსეთს და მასთან კულტურულ-დიპლომატიური ურთიერთობები დავამყაროთო. ეს სრულიად ახალი ხილია.

-,,ნაციონალებიხომ არ დგანან რუსეთის მომხრეთა უკან?

- არ მგონია, თუმცა “ნაციონალები” ყველა შემთხვევას კარგად იყენებენ, რომ ხელისუფლება გააკრიტიკონ.

- პრეზიდენტყოფილი თავისიანებს უცხო ქვეყნიდან მოუწოდებს, ქუჩის აქციებისგან თავი შეიკავეთო...

- მიშა მიკროფონთან სხვაა, რეალობაში კი, - სხვა.

- თბილისში პრორუსული გამოსვლები იმას ხომ არ მოასწავებს, რომ კრემლი, უკრაინის შემდეგ, იერიშს, საქართველოზე მოიტანს? ისე, რუსეთი თავს იგიჟებს, ყირიმი ჩემიაო. უკრაინის ახალი ხელისუფლება კი, დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, აცხადებს, ანექსიას ჰქონდა ადგილიო...

- არგუმენტები ორივე მხარეს აქვს და ექნება, რაც გასაკვირი არაა. საერთოდ, ტერიტორიული საკითხები ადვილად არ ლაგდება. საზღვარი დროში ცვალებადი მოვლენაა. ვინმეს შეუძლია მიგვითითოს, თუ რომელი დრო უნდა ავიღოთ ყირიმის საზღვრების ისტორიული არგუმენტის საყრდენად?

- ზოგი მიიჩნევს, რომ საქართველოში უკრაინის მხარდასაჭერი აქციების გამართვა უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა...

- გავიხსენოთ, 2006 წელს რუსეთიდან ქართველთა დეპორტაცია, მაშინ რუსები ქუჩაში გამოვიდნენ წარწერით: ,,ია გრუზინ!” ეს იყო საზოგადოებრივი განწყობის გამამყარებელი მხარდაჭერა და არა - ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევა. საბედნიეროდ, ხელისუფლება უკრაინის კრიზისის მიმართ თავის დამოკიდებულებას თავშეკავებულად გამოხატავს.

- რატომ საბედნიეროდ?

- ,,ნაციონალების” მოთხოვნაა, რომ მთავრობამ მკვეთრი განცხადებები გააკეთოს, რაც შიდა პროცესებში ჩარევა იქნება. თუკი ქართული სახელმწიფო მხარს არ დაუჭერს ყირიმის ახალ ხელისუფლებას, გამოდის, რომ მასთან არც დიპლომატიური ურთიერთობა ექნება, არც - სავაჭრო და ასეთ დროს ნებისმიერი ნაბიჯი ზეწოლად და ჩარევად აღიქმება...

- ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არ განიხილება, რასაც  არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა...

- დღევანდელი რეალობა ისაა, რომ ვერც უკრაინა იტყვის და ვერც - საქართველო, ნატო-ში შესასვლელად მზად ვარო, თუმცა ყველასთვის გასაგებია, რომ ობამ ამ ამ სიტყვებით ეს ორი რეგიონი რუსეთის რისხვისგან იხსნა. ამიტომ, ჩვენი რეაქცია ცოტა წინდაუხედავია. ამდენი უბედურება გადაგვიტანია და ხომ უნდა დავფიქრდეთ? თუ ის გაგვიხარდება, ობამამ რომ თქვას, რუსეთი არაფრად მიღირს და საქართველო ნატო-ში უნდა გაწევრიანდესო?! ისე, ობამას განცხადებას სკანდალური ფორმულირება ხელისუფლებამ კი არა, მედიამ მისცა. საზოგადოებას უფრო წყნარი, მშვიდი რეაქცია ჰქონდა, არა უშავს, თუ მაპ-ს არ მოგვცემენ, თავს სხვანაირად მივხედავთო.

- ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე სირთულეების წარმოშობას კარგად იყენებენ პრორუსები...

- შეიძლება, მაგრამ რუსეთისგან ამდენი გასაჭირის მნახველ ქართველ ხალხს დასავლეთმა ხელი ერთხელ მაინც თუ გადააფარა? ერთ ამბავს გავიხსენებ: ვიდრე შევარდნაძე საქართველოში ჩამოვიდოდა, ტელეგადაცემა ,,ვზგლიადს” ინტერვიუ მისცა და ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როგორ ესახებოდა თავისი ქვეყნის მომავალი, უპასუხა, საქართველოსნაირი ქვეყნისთვის შვეიცარიის მსგავსი ნეიტრალიტეტია მისაღებიო, ანუ აქცენტი არც რუსეთზე გაუკეთებია  და არც - დასავლეთზე. ამ ინტერვიუს აფხაზეთის პრობლემა მოჰყვა... ეს ამბავი საუკეთესო მაგალითია, რომ პოლიტიკას არც ემოციები უყვარს და არც - ზრახვების წინასწარ გამჟღავნება.

- დღეს თუ არის სათანადო ნიადაგი ნეიტრალიტეტისთვის?

- არა. როცა ნატო-სკენ აქტიური სვლა დავიწყეთ, ამას დიდი პრობლემები მოჰყვა, მაგრამ დასავლეთისკენ სწრაფვა ცალმხრივი არ უნდა დარჩეს... ის არგუმენტი ჯერ არ მომწიფებულა, რის გამოც დასავლეთი ხელის ერთი მოსმით გადაწყვეტს საქართველოს საკუთარ საფარქვეშ მიღებას.

- რა არგუმენტს გულისხმობთ, ბატონო რამაზ?

- თუკი ოდესმე აგრესიული მუსულმანური სამყარო აჯანყდა და დასავლეთისკენ დაიძრა, ჩვენ სასაზღვრო ზოლი ვართ და ასეთ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ბუფერული ზონა ნებისმიერ ქვეყანას დასჭირდება.

- ანუ, ისევ იმ ეპოქაში ვართ, როცა სულხან-საბა ორბელიანი ევროპას სთხოვდა, დახმარებოდა პატარა მართლმადიდებლურ ქვეყანას მუსულმანურ სამყაროსთან ომში?

- ჩვენი ისტორიული და დაუძინებელი მტრები - მონღოლეთი და ირანი ტერიტორიების მაძიებელნი აღარ არიან, თურქეთიც მეგობარია. მართალია, მუსლიმანურქვეყნებს ჩვენს მიმართ ანგარიში არ აქვთ, მაგრამ დასავლეთის მიმართ აგრესია დააფიქსირეს, ანუ დასავლეთი დარტყმის ქვეშ თავადაა და თუ ზემოხსენებული პროცესი დაიძრა, ჩვენი მფარველი რუსეთი ვერ იქნება - ის მაჰმადიანურ სირიასა და ირანთან ზედმეტად კარგ ურთიერთობაშია... მოკლედ, დასავლეთთან ურთიერთობა ჩვენი პრინციპული პოზიციაა. მოსახლეობისთვისაც დასავლეთი რუსეთისგან დამცველად აღიქმება და თუკი დასავლეთმა ეფექტურობა არ, ან ვერ აჩვენა, ან სულაც არ მოინდომა, მის მიმართ განწყობა შეიცვლება, რაც ქვეყნის განვითარებისთვის სასარგებლო არ იქნება. დასავლეთი მოვალეა, თავის რეიტინგს გაუფრთხილდეს, მაგრამ თვითკმარია და საკუთარ იმიჯს დაუდევრად ექცევა.

- ესე იგი, ევროპა საფრთხეებს არ თვლის და დღევანდელი დღით ცხოვრობს?

- საიმისოდ პატარა ქვეყანა ვართ, რომ ჩვენზე დიდი ენერგია დახარჯოს. თუ ევროპამ ძალიან გარიყა, რუსეთი ისლამის გვერდით დადგება. დასავლეთისთვის რუსეთი ისლამის წინააღმდეგ ურთიერთობაში დიდი ბუფერია. საქართველო კი, წვრილი ხურდაა. დღევანდელი ევროპული ელიტა ჩერჩილისდროინდელი ელიტა არაა - ის ათეული წლობით წინ იხედებოდა და ნაბიჯებს ისე დგამდა. სამწუხაროდ, ასეთი ლიდერები დღეს აღარ არიან.

- როცა ამბობთ, საქართველო და უკრაინა მზად არ არიან ნატო-ში გასაწევრიანებლადო, ტერიტორიულ მთლიანობას გულისხმობთ?

- არა მარტო, ეს ერთ-ერთი სერიოზული მიზეზია. ამას წინათ, ერთი რუსი თანამდებობის პირის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებაზე ლაპარაკობდა, ეს შესაძლოა, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე მოხდესო. რუსეთის მხრიდან დეზინფორმაცია გასაკვირი არაა. თუ ლაპარაკობ, რომ ევროკავშირში შესვლა აღიარებულ საზღვრებში უნდა მოხდეს, მაშინ უნდა გავარკვიოთ, რა საზღვრებზეა ლაპარაკი - დე ფაქტო თუ დე იურეზე? ალბათ, ეს ფრჩხილები ოდესმე გაიხსნება.

- რა ფრჩხილები გაიხსნება ყარსი-არდაგანის ხელშეკრულების ამოქმედების შემთხვევაში?

- აჭარასთან მიმართებაში, არ მგონია, რამე სერიოზული პრობლემა იყოს, რადგან მისი სტატუსი დღეს ისე საფრთხილო არაა, როგორც - ე.წ. სამხრეთ ოსეთის. დღეს ყირიმელი თათრების ბედ-იღბალი უფრო მძიმეა, ვიდრე  - მაჰმადიანი აჭარლების მიმართ დამოკიდებულება. ჩვენი მოქალაქეები გადადიან თურქეთის ტერიტორიაზე, მუშაობენ საწარმოებში და ამის გამო მათ არავინ ავიწროვებს. M

- ,,ნაციონალური მოძრაობაგანრისხებულია, როგორ გაბედეს და ექსპრეზიდენტი დაკითხვაზე დაიბარესო...

- აპელირებას ისევ ქართულ ჟურნალისტიკაზე მოვახდენ, რომელსაც სკანდალები სჭირდება და ეს ,,ნაციონალებს” კარგად აქვთ ათვისებული. გაუგებარ რეალობაში ვცხოვრობთ: ყურადღების ცენტრში არიან პოლიტიკურად ათპროცენტიანი პარტიის წარმომადგენლები...სააკაშვილს გამოძიება აშინებს და ეს იმაზე მიუთითებს, რომ მინიმუმ, დანაშაულის მონაწილეა და რატომ ვიჩენთ ამდენ ყურადღებას დამნაშავის მიმართ? რატომ ვეწევით კრიმინალის პიარს? სააკაშვილისნაირი ადამიანისთვის ყველაზე მწარე ნიველირება და დაცინვაა. სწორედAამას ვერ აიტანს. ჩვენ კი, ძალიან სერიოზულად განვიხილავთ მის ყოველ სიტყვას. არადა, ის ერთი არასერიოზული, მატყუარა, ყველაფერზე წამსვლელი, უბედური ახალგაზრდაა, იმდენ ცოდვაში შეაბიჯა, გაუგებარია, ცხოვრების დანარჩენი ნაწილი როგორ უნდა გაიაროს. იმდენი ცოდვა აქვს ჩადენილი, რომ საკუთარ ქვეყანაში არ ჩამოესვლება, ნამუსის კი არა, უფრო შიშის გამო! ქუჩაში თავისუფლად ვერც დანარჩენი ,,ნაცები” დადიან!

- სიმართლე რომ ვთქვათ, ,,ნაციონალებიხალხზე ისევ დიდ ზეგავლენას ახდენენ, სააკაშვილიც იქადნება, საქართველოში ,,პუტინის ხელისუფლებასმალე დავამხობო. “ნაციონალებსდასავლეთში მართლა მრავალი მხარდამჭერი ჰყავთ?

- თითქმის ყველა მხარდამჭერის უკან კორუფციული ბიოგრაფია დგას. მექრთამეები განა, მხოლოდ  საქართველოში არიან? რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება ერთეულ პოლიტიკოსებს, ევროპა ხომ ერთი არ არის, იგი შედგება მრავალი ქვეყნისგან. ხელისუფლებამ წარმატებით გადადგა ნაბიჯები და ევროპაში სააკაშვილისეული იდეების ჩრდილიც კი აღარ არის.

- საზოგადოების ნაწილი დაკითხვებს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს, ნაწილი კი, წინასაარჩევნო კამპანიას მიაწერს...

- ,,ნაციონალებს” არჩევნების უამრავი ცნობილი და უცნობი ბერკეტი ჰქონდათ, მაგრამ მაინც წააგეს... საზოგადოება მაშფოთებს: თუ არ ფიქრობს, ანკესზე ყოველთვის წამოეგება და “ნაციონალებიც” ნებისმიერ ფრაზას, რომელიც ემოციას გააჩენს, იმის ანგარიშით ისვრიან, რომ ხალხში მოფიქრალი არავინაა. საკუთარი სისულელის მსხვერპლი ვხდებით და როდემდე? სამწუხაროა, რომ საზოგადოება მზად არაა, ყველაფერი ინტელექტუალურად შეაფასოს.

- მოდით, აქვე ვთქვათ, თუ როგორ შეაფასა საზოგადოებამ ჩრდილში გადასული ბიძინა ივანიშვილის ფენომენი...

- წამგებიანად...

- ამის მიზეზი ის ხომ არაა, რომ ივანიშვილისთვის ,,ძალიან მაგარი კაციმარგველაშვილი უცებ ცუდი აღმოჩნდა?

- ამას ცოლ-ქმრის ჩხუბს შევადარებ, რომელშიც მტყუან-მართალს ვერ გაარკვევ. ისე, თუკი პრეზიდენტს საკუთარი ინიციატივები ექნება და გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს, ამაში ცუდი რა არის? ივანიშვილმა გადაწყვიტა, გაეკრიტიკებინა პრეზიდენტი, მაგრამ ამან მარგველაშვილის რეიტინგი ასწია, რადგან საზოგადოებამ ის დამოუკიდებელ ფიგურად აღიქვა... არ მინდა, ბიძინა ივანიშვილს საქართველოში რეიტინგი დაეკარგოს, ხალხს ვიღაცის ხომ უნდა სჯეროდეს? ურიგო არ იქნება, მისი გარემოცვა ამაზე უფრო მეტად თუ იფიქრებს...

- ამბობენ, რომ ივანიშვილსა და ბევრ მის თანამოაზრეს  შორის ,,შავმა კატამგაირბინა...

- არ მიმაჩნია, რომ რამე განსაკუთრებული ხდება. თანამებრძოლთა შორის აზრთა სხვადასხვაობა ჩვეულებრივი მოვლენაა.

- დიდი ხმაური მოჰყვა პრემიერის განცხადებას, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობააო...

- ეს ფაქტი ჩემთვის ღიმილის მომგვრელია, მაგრამ თუკი ეს დასავლეთის მოძულეებს დააწყნარებს, ჩაიწეროს. ევროპა ქვეყანათა ერთობაა, ზოგან არის დამკვიდრებული სექსუალურ უმცირესობათა რაღაც უპირატესობები, ზოგან - არა. საქართველო თითო-ოროლა პრეცედენტით აზროვნებს, მაგრამ ხომ არ შეიძლება, ყველაფერზე ეგზალტირებული დამოკიდებულება გვქონდეს? არავის უთქვამს, ეკონომიკურ მხარდაჭერას არ მოგცემთ, თუ ერთსქესიანთა ქორწინებას არ დაუშვებთო. ამაზე მინიშნებაც არ ყოფილა. რწმენა, ხმლის ქვეშ, ოცი საუკუნის განმავლობაში ვერ შეგვაცვლევინეს და ახლა ასეთი რა დაგვემართა, რომ შიშის ზარი გვცემს და ვკანკალებთ, კაცები არ დაგვიქორწინონო?Dდიმიტროვმაც კი, რომელიც დიპლომატიის ვარსკვლავად ნამდვილად ვერ ჩაითვლება, დაგვაწყნარა, ნუ გეშინიათო. ხედავთ, ერის დეგრადაცია სადამდე მიდის, დიმიტროვის დასაწყნარებელი რომ გახდები? ასეთ სასაცილო დღეში რომ ჩავარდები, ცრემლიც მოგადგება, სულელებს ვემსგავსებით! ისტორიულად, გამოუვალი მდგომარეობა მას შემდეგ შეგვექმნა, რაც ფული გახდა პრიორიტეტული. მეცხრამეტე საუკუნეში არასერიოზული თავადები ქეიფისთვის ყიდდნენ ადგილ-მამულს. სისხლის კალოებს გვიწყობდნენ, გვანადგურებდნენ, მაგრამ გავუძელით, ბურჟუაზიის ცხოვრების წესს კი, - ვერა. მოგვწონს არასერიოზული კაცის იმიჯი, რომელსაც ფილმიც მივუძღვენით. ამასობაში, სამყარო ნახტომებს აკეთებს, უამრავ ევროპულ ქვეყანაში ქვეყნის მომავალს ინტელექტი წყვეტს. ჩვენ კი, ინტელექტუალურ რესურსებზე მხოლოდ ინერციით ვლაპარაკობთ.