„თუ უფლის სიყვარულისთვის მსჯიან, ეს ჩემთვის დიდი პატივია და ამით ამაყი ვარ“(?!)

„თუ უფლის სიყვარულისთვის მსჯიან, ეს ჩემთვის დიდი პატივია და ამით ამაყი ვარ“(?!)

„თუ უფლის სიყვარულისთვის მსჯიან, ეს ჩემთვის დიდი პატივია და ამით ამაყი ვარ“, - ამის შესახებ for.ge-ს ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა როლანდ ახალაიამ განუცხადა, რომელსაც მთავარი პროკურატურა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

სანამ გიორგი ბადაშვილის უწყება როლანდ ახალაიას ბრალს ოფიციალურად წაუყენებს, მანამდე პარლამენტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები უნდა დაამტკიცოს, რომლის მიხედვით, დეპუტატის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას და მისთვის ბრალის წაყენებას პარლამენტის თანხმობა არ დასჭირდება.

აღნიშნული კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. პარლამენტში საკითხის განხილვის პარალელურად კი, პოლიტიკურ წრეებში ვნებათაღელვა არ ცხრება. ნაციონალები ახალაიების ოჯახის პოლიტიკურ დევნაზე აპელირებენ, მმართველი ძალა კი კანონში არსებული ხარვეზის გამოსწორებაზე.

for.ge-სთან საუბარში ოპოზიციონერი დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი ინტერესდება, თუ სამართლებრივი კოლიზია არსებობდა, უმრავლესობას ეს როლანდ ახალაიას საქმეზე რატომ გაახსენდა.

მისი შეფასებით, პოლიტიკურ პროცესს პარლამენტი კი არ განსაზღვრავს, არამედ პრემიერი და ფარცხალაძე.

„პოლიტიკური პროცესის საცეცები არის არა პარლამენტში, არამედ პროკურატურაში. პარლამენტის თავმჯდომარეს პრაგმატულად არ უნდოდა, რომ ეს საკითხი უწყებაში გასულიყო და ამიტომ, თავიანთი ჭკუით გამოსავალი ნახეს - კანონი შეცვალეს. დეპუტატების მიმართ პოლიტიკური დევნა დაიწყება. როცა არ გჯერა, მაგრამ საკითხებს იცავ, ეს ძალიან კარგად გეტყობა. ეს გავლილი გვაქვს“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.

კანონმდებელის განცხადებით, წინა ხელისუფლებამ დეპუტატის მანდატი გაზარდა, ახალი მთავრობა კი ამცირებს.

„სტანდარტი მაინც შევქმენით, რომ უმრავლესობის დეპუტატი იქნები, თუ ოპოზიციის, ხელშეუხებელი იყო და გადაწყვეტილება პროკურორმა ვერ მიიღოს. თავის დროზე, ამ ცდუნებას ჩვენც ძლივს გავუმკლავდით, მაგრამ სამწუხაროდ, პარლამენტი ქვევრი ხდება. პარლამენტს პროკურატურა რასაც ჩასძახებს, იმას იძახის. ბურჯანაძე-ბაქრაძის დროს კი ინიციატივებს, რომლებიც მიუღებელი იყო, ვკეცავდით და უკან ვგზავნიდით. მსგავსი რამ ახლა არ მახსოვს“, - დასძინა მაჭავარიანმა.

ოპონენტისგან განსხვავებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა შავგულიძე კანონსა და კონსტიტუციაში არსებულ კოლიზიაზე საუბრობს.

შავგულიძის განმარტებით, კანონპროექტის მიღება აუცილებელია, რადგან საჭიროა კოდექსი კონსტიტუციას შეესაბამებოდეს.

მისი თქმით, საპროცესო კოდექსის ნორმა, აფართოებს რა პარლამენტის წევრის იმუნიტეტის კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებს, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან.

„დეპუტატის იმუნიტეტის საკითხი მხოლოდ კონსტიტუციით რეგულირდება. 2004 წლის აპრილში, როდესაც კონსტიტუციიდან ამოღებულ იქნა სადეპუტატო იმუნიტეტის ის ნაწილი, რაც პარლამენტის წევრის სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად პარლამენტის თანხმობის ვალდებულებას ეხებოდა, მაშინ ნორმა კოდექსიდანაც ამოიღეს. მოგვიანებით კი, კოდექსში ცვლილებები განხორციელდა და ჩაიწერა, რომ პარლამენტის წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმე პარლამენტის თანხმობის გარეშე ვერ აღიძვრება. ეს ნორმა კონსტიტუციას ეწინააღდეგება, რის გამოც ცვლილებები მომზადდა“, - განუცხადა for.ge-ს შავგულიძემ.

კანონმდებელის ცნობით, დეპუტატის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, პარლამენტის წევრის იმუნიტეტის შეჩერებასთან კავშირში არ არის.

„შეიძლება, დეპუტატის მიმართ გამოძიება მიმდინარეობდეს, მაგრამ ის საქმიანობაში არ იყოს შეზღუდული. თუ პარლამენტის წევრის მიმართ გამამტყუნებეული განაჩენი დადგება, ან მისი დაკავება მოხდება, მაშინ იმუნიტეტის შეჩერებაზე საკითხი დადგება“, - განმარტავს შავგულიძე.

ოპონენტისგან განსხვავებით, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების მომზადებას თავად როლანდ ახალაია პოლიტიკურ დევნას უკავშირებს და თავს უდანაშაულოდ ცნობს.

for.ge-სთან საუბარში ახალაია ამბობს, რომ მზად არის ყველა კითხვას პასუხი გასცეს, მაგრამ არა „ყაჩაღ“ ფარცხალაძეს და მის ჯგუფს.

„ეს პოლიტიკური დევნაა და მეტი არაფერი. დანაშაული არ ჩამიდენია და პასუხს ვერ მაგებინებენ, რადგან დანაშაულის ნიშნები არ არის იმაში, რასაც ესენი თითხნიან. თუ უფლის სიყვარულისთვის მსჯიან, ეს ჩემთვის დიდი პატივია და ამით ამაყი ვარ“, - აღნიშნა ახალაიამ, რომელიც გვიმტკიცებს, რომ ბიზნესმენებისგან საპროცესოს გაფორმების სანაცვლოდ აღებული ფული ანგარიშზე ინახება, რომლითაც საპატრიარქოსთვის ოდა უნდა აშენებულიყო.

დეპუტატის თქმით, მის მიმართ საქმეს წელიწადნახევარია „თითხნიან“.

„რამდენი ხანია, ამ საქმეს თითხნიან და ხელში ეს შერჩათ? - ეს თანხა არ გახარჯულა და დღესაც არსებობს. თუ უნდათ საპატრიარქომ წაიღოს, თუ უნდათ ბიზნესმენებმა დაიბრუნონ. იმის გამო, რომ სხვა თანხები ვერ იქნა მოძიებული, მშენებლობა გაჩერდა. როგორ გგონიათ, ამდენი ხანი პროკურორად ვმუშაობდი და ვინმეს ფულს სხვა მიზნით ჩავარიცხვინებდი და ამას ამ ხელისუფლებას დავუტოვებდი პასუხი რომ მეგო? - ეს აბსურდია“, - აღნიშნა ახალაიამ, რომელიც იმ სქემის საკუთარ ვერსიაზე საუბრობს, რომელიც პროკურატურამ ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა.

კერძოდ, გიორგი ბადაშვილის უწყების ცნობით, 2009 წელს, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად მუშაობის პერიოდში, როლანდ ახალაია მოქალაქე მარინა ესებუას შეხვდა, რომელსაც მან მსჯავრდებულ მეუღლესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, არარსებული „ანაკლიის განვითარების ფონდის“ ანგარიშზე 150 000 ლარი ჩარიცხვა მოსთხოვა. მათი ინფორმაციით, 150 000 ლარი ახალაიას ახლობელის ბიზნესმენის სერიოჟა გვარამიას კუთვნილ კერძო კომპანია „სანის“ საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა, რომელიც ფირმის კომერციული მიზნებისათვის სრულად იქნა გახარჯული.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ როლანდ ახალაიას მიერ განხორციელებულ ანალოგიურ ქმედებაზე კიდევ ერთი ინფორმაცია გაასაჯაროვა და აღნიშნა, რომ ანალოგიური ხერხით, 2009 წლის დეკემბერში როლანდ ახალაიამ, ალექსანდრე ტყებუჩავას, ზურაბ ხარგელიას და დავით კაჭკაჭიშვილის ბრალდების საქმეზე, ბრალდებულების ოჯახის წევრებს უკანონოდ მოსთხოვა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, 60 000 ლარი კვლავ „სანის“ ანგარიშზე შეეტანათ.