„თუ ჩვენ, ჩვენი სიბრძნე არ გვყოფნის, სხვის შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ ჭკუა“

„თუ ჩვენ, ჩვენი სიბრძნე არ გვყოფნის, სხვის შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ ჭკუა“

ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ და პროკურატურამ იჩქარეს, როდესაც შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმეზე კომიტეტის საგანგებო სხდომა დანიშნეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ საქმეზე არსებობს ბევრი შეკითხვა, რომელზეც პროკურატურას ახლა არ აქვს პასუხი და თათუხაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვები რჩება. დეპუტატი განმარტავს, რომ გამოსაძიებელია - თუ არა დაკითხვის დროს, მაშინ, სად მიიღო თათუხაშვილმა დაზიანებები.

For.ge. ზაქარია ქუცნაშვილს ესაუბრა.

შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი არ აღმოჩნდა მზად კითხვებზე პასუხის გასაცემად?

ზაქარია ქუცნაშვილი: ადამიანის სიცოცხლე ეს არის უზენაესი ღირებულება, რასაც ემსახურება ყველაფერი. სახელმწიფო იმიტომ გვაქვს შექმნილი, რომ ადამიანის სიცოცხლეს, როგორც უმთავრეს ღირებულებას მოემსახუროს. როდესაც საუბარია ადამიამის სიცოცხლეზე, აქ აჩქარება და კიდევ სხვა მოქმედებები გაუმართლებლად მიმაჩნია. საზოგადოებაში არსებულ კითხვებს დამაჯერებელი პასუხები თუ არ გაეცა, ბუნებრივია, ეჭვი ყოველთვის იმოქმედებს ხელისუფლების წინააღმდეგ.

აქედან გამომდინარე, არც მე და არც ჩემი მეგობრები არ აპირებენ ხელი დააფარონ ვიღაცას და მეორე მხრივ, არ შეუქმნან პროკურატურას ის გარემო, რა გარემოც აუცილებელია ობიექტური და ეფექტური გამოძიების საწარმოებლად. ამიტომ გამოვედი წინადადებით, რომ „ნაცინალურ მოძრაობას“ გადაედო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა 2-3 კვირის ვადით, სანამ რამდენიმე დღის დაწყებული გამოძიება რაღაცა შედეგამდე მივიდოდა. სამწუხაროდ, ნაჩქარევი გადაწყვეტილება გამოამჟღავნა როგორც „ნაცილნალურმა მოძრაობამ“, ასევე ადამიანის უფლებათა კომიტეტმა.

როგორ ფიქრობთ, რატომ არ მოინდომა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოსმენის გადადება?

- ისინი პირდაპირ ისწრაფვიან იმისკენ, რომ ამ საქმიდან შექმნან „გირგვლიანი N2“. ამის ყველა ნიშანი არის. ჩვენ ამას არ უნდა ავყვეთ. მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დავუჭიროთ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი, თუ პროკურატურის გამოძიება არ იქნება დამაჯერებელი და კვალიფიციური. როცა პროკურატურას არ ვაძლევთ გონივრულ დროს იმისათვის, რომ აწარმოოს გამოძიება, ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები, ჩაატაროს ექსპერტიზა, დაკითხოს მოწმეები და ა.შ. (უამრავი საგამოძიებო მოქმედებაა ჩასატარებელი და შვიდი დღე სრულიად არასაკმარისია), აჩქარებითი დამოკიდებულება უკვე აჩენს ეჭვს, რომ ვიღაცა ან იმის გამო ჩქარობს, რომ ამ საკითხის პოლიტიზირება უნდა, ან საკითხის დეპოლიტიზირების მიზნით ახდენს მასზე რეაგირებას, რაც ასევე შეცდომა მგონია.

საკითხის დეპოლიტიზირების მიზნით მიიღო ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ნაჩქარევი გადაწყვეტილება?

- მიმაჩნია, რომ ნაჩქარევი იყო კომიტეტის გადაწყვეტილება. იმიტომ, რომ ერთი მხრივ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს და მეორე მხრივ პროკურატურას უნდა გაეაზრათ, რომ ისინი მზად არ იყვნენ მთელ რიგ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად. როდესაც გამოძიება დასრულებული არ გაქვს, არ უნდა წარსდგე შუალედური, ნედლი მასალით, რაც კიდევ უფრო მეტ შეკითხვას ბადებს და კიდევ უფრო გააღრმავებს იმ ეჭვს, რაც პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს. ამით იყო ჩემი უკმაყოფილება გამოწვეული. შეუძლებელია შვიდ დღეში გამოიძიო საქმე და დადო სრულყოფილი გადამოწმებული მონაცემები. დადეს შუალედური ნედლი მასალა, რამაც კიდევ უფრო მეტი კითხვები გააჩინა პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების მიმართ. არასწორია, როცა ჩქარობ და ცდილობ, საქმეს მიუდგე ამ დამოკიდებულებით. იჩქარა ძალიან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ როცა ზურაბ ჟვანიას საკითხის შეფასებები გააკეთა და დღემდე ნანობენ ამას. თუ ჩვენ, ჩვენი სიბრძნე არ გვყოფნის, სხვის შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ ჭკუა.

რა იყო მოტივი, რატომაც იჩქარა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ?

- გუშინ მან განასაჯაროვა თავისი გადაწყვეტილების დასაბუთება. თავისი გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ უნდოდა ყველასთვის ეჩვენებინა, რომ პროკურატურა ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე და მეორე, შეკითხვებს ისინი არ გაურბიან. ამ შემთხვევაში კი არაა საჭირო იმის ჩვენება ვინ გულადია და ვინ არა. ამ შემთხვევაში საჭიროა გონივრული დრო, საგამოძიებო მოქმედებების სრულყოფილად ჩატარება, შეკითხვების დასმა, პასუხების მიღება და გადამოწმებული მასალების საზოგადოების წინაშე წარდგენა  და არა იმის ჩვენება, რომ შეკითხვების დასმის არ გვეშინია, და, რომ პროკურატურა არ ემალება პარლამენტს.

ეს ბევრად ნაკლები მნიშვნელობის ღირებულებაა, ვიდრე ობიქტური ჭეშმარიტებით დასრულებული გამოძიების შედეგებით წარსდგენა. ამაზე უნდა ყოფილიყო სწორება. როგორ შეიძლება პროკურატურას აწყობდეს საკუთარი მთავარი მოწმის ლიკვიდაცია?! ეს ხომ დიდი უაზრობა გამოდის.

სამართალში არსებობს პრინციპი - მტკიცებულებათა ერთობლიობა, ანუ ერთი მოწმის ჩვენებაც არაა საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანს დანაშაული დაუმტკიცო. უნდა არსებობდეს ორი-სამი მოწმე, სამხილები, ეს ერთობლიობა უნდა იძლეოდეს ჯამში დანაშაულის დადასტურების უტყუარ ნიშნებს. ასე რომ, ეს იყო სწორი მიდგომა, როგორ შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ პროკურატურა საკუთარი მთავარი მოწმის გაქრობით ან ლიკვიდაციით იყო დაკავებული.

მე მხარს ვუჭერ გამოძიების დასრულებას. შეეცადოს პროკურატურა, რომ დასაბუთებული პასუხები გაგვცეს კითხვებზე და ამის შემდეგ ვისმჯელოთ საკითხის გაგრძელებაზე. იქნება საკმარისი კითხვები თავისი სიმართლიდან გამომდინარე საზოგადოებისთვის და ოჯახისთვის, - თემა დაიხურება. არ იქნება საკმარისი, თემა არ დაიხურება. სადაც არის სისხლი, იქვე უნდა იყოს სამართალი. სამართალმა უნდა დააბალანსოს დაღვრილი სისხლის შედეგები.

პროკურატურა დეტალურად აღწერს თათუხაშვილის დაკითხის ფაქტს და მიზეზს, რატომაც დაუყენეს მას დაცვა. მაგრამ, არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, გისოსებიანი ფანჯარა, საიდანაც მოწმე ვერ გადახტებოდა. პირადად თქვენ თუ გაქვთ პროკურატურასთან შეკითხვები?

- ბუნებრივია, კითხვები ყველას აქვს. კითხვები უფრო იმატებს, როცა ნედლი და დაუსრულებელი მასალით გადიხარ საზოგადოების წინაშე. ამას ჯობია, რომ დაასრულო საგამოძიებო მოქმედება და ისე გაახმოვანო, ვიდრე გამოძიების დაუსრულებელი ნაწილი გაახმოვანო. რამაც ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი შეკითხვის გაჩენას შეუწყო ხელი. ამიტომ ვამბობდი, რომ ნაჩქარევად იყო ყველაფერი წარმოდგენილი. არ შეიძლება ამ საკითხის ნაჩქარევად გახმაურება, თუმცა არც გაჭიანურება შეიძლება. ამიტომაც არსებობს სამართალში გონივრული ვადა, რაც უნდა გამოიყენო.

ჩნდება ლეგიტიმური კითხვა, რატომ ქრებიან, ან თვითმკვლელობით რატომ ასრულებენ სიცოცხლეს ძმები ახალაიას საქმის მოწმეები. ამ კითხვებზე გამოძიებამ არ უნდა გასცეს პასუხი?

- სწორად სვამთ კითხვას და ამას ვამბობ მეც, როგორ შეიძლება პრკურატურას აწყობდეს მოწმის გაქრობა ან განადგურება. ეს ხომ გამორიცხავს თავშივე ამ ვერსიას. ამ შემთხვევაში ისმის მთავარი კითხვა, ვის აწყობს მთავარი მოწმის გაქრობა? - იმას, ვინც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას. ამ შემთხვევაში უამრავი ვერსიის განხილვა შეიძლება. ვისაც შეუძლია ამ საქმეზე რეაქციის მიცემა, ზოგი გაქცეულია, ფინანსურადაც არ უჭირთ და უამრავი მოქმედების ვარაუდი შეიძლება. ვარაუდი მარტო პროკურატურის საწინააღმდეგოდ ხომ არაა, ვარაუდია ასევე ამ ოჯახის წინააღმდეგაც.

ამიტომაც ვამბობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ამ საქმიდან გამოიყვანონ „გირგვლიანი N2“. თავიდან ბოლომდე აქითკენ არის მიმართული მათი მოქმედება. თუ ჩვენ ამ ნაჩქარევი და არასწორი ნაბიჯებით ხელი შევუწყვეთ ამ პროცესს კითხვები დარჩება და ეჭვი ყოველთვის მუშაობს ხელისუფლების საზიანოდ. როგორც წიკლაურს საქმე, ადრე თუ გვიან ზიანს მიაყენებს ხელისუფლებას, ასევე,  ეს საქმე ზიანს აყენებს ჩემს ხელისუფლებას. ეს არის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ჩადენილი აქტი, ისევე როგორც წიკლაურის ცემა.

იმ შემთხვევაში თუ კი აღმოჩნდა, რომ თათუხაშვილის საქმეში პროკურატურამ გადააჭარბა უფლება-მოსილებას, შესაძლებელია ეს გახდეს თქვენი უმრავლესობის დატოვების მიზეზი?

- მე მარტო არ ვარ უმრავლესობაში, ვინც ასე ფიქრობს. ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი ასე ფიქრობს, პრემიერ-მინისტრიც ჩვენს მხარეს არის, რომ ჩვენ არ ვიკადრებთ დანაშაულს დავაფაროთ ხელი, ან ძალადობაზე ვთქვათ, რომ ეს ძალადობა არ იყო. ამიტომაც გვჭირდება ობიექტური და ეფექტური გამოძიება, რომ დავადგინოთ ვისი მხრიდან იქნა დანაშაული ჩადენილი. როგორც გითხარით, მიმაჩნია, რომ ეს აქტი განხორციელებული იყო „ქართული ოცნების“ და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მთელი თავისი არსით. ასე რომ, მათ მოუწევთ ხელისუფლების დატოვება, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა და არა იმ ხალხს, ვინც ამ დანაშაულის მხილებისთვის და დამნაშავის დასჯისთვის ვიბრძვით.