რატომ არ უნდა სარგებლობდნენ დეპუტატები აბსოლუტური იმუნიტეტით
პარლამენტში შალვა თათუხაშვილის საკითხთან დაკავშირებით დანიშნული საგანგებო სხდომა, რომელზეც მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე იყო მოწვეული, ჩაიშალა. ნაციონალებმა გამოაქვეყნეს კითხვები, რომლებზეც შოთაძემ არგუმენტირებული პასუხი ვერ გასცა. პარლამენტის სხდომაზე მწვავე დებატები დეპუტატებისთვის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებითაც გაიმართა. ,,ვერსია’‘ უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილს ესაუბრა.
- ჯერ კიდევ 2004 წელს, პარლამენტში ცვლილებები წარვადგინე, რომელთა თანახმად, პარლამენტის წევრებს აბსოლუტური იმუნიტეტით არ უნდა ესარგებლათ. აბსოლუტური იმუნიტეტი ნიშნავს, რომ პარლამენტის თანხმობის გარეშე, დეპუტატის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაც კი არ შეიძლება ანუ პარლამენტი ყაჩაღებისა და ბანდიტების თავშესაფარია. თუ მოახერხე და პარლამენტის წევრი გახდი, მით უმეტეს, თუ უმრავლესობას წარმოადგენ, დანაშაულზე პასუხს ვერავინ გაგებინებს.
- ვინ არის გარანტორი, რომ კანონპროექტი, დამტკიცების შემდეგ, პოლიტიკური დევნის იარაღად არ იქცევა?
- ცვლილებების მიხედვით, დეპუტატის დაპატიმრების, ჩხრეკამოსმენისგან დაცულობის პრინციპი მცირედით შეიზღუდა, რადგან, როგორც ვთქვი, პარლამენტის თანხმობის გარეშე, გამოძიების ეტაპზე დეპუტატის მიმართ ჩხრეკის უფლებაც კი არ არსებობს. პარლამენტის წევრის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება, ავტომატურად, მის დაკავებას არ ნიშნავს. პირიქით, გამოძიებამ სამხილები უნდა შეაგროვოს და დეპუტატის დაკავება მხოლოდ ამის შემდეგ მოითხოვოს. ასე რომ, ამ კანონპროექტით ყოველგვარი სპეკულირების წინააღმდეგი ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ ცვლილებები პარლამენტში დანაშაულებრივი წარსულის მქონე ადამიანების მოხვედრას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.
- თუმცა იმუნიტეტის მოსახსნელად დეპუტატთა მხოლოდ 50 ხმაა საჭირო. რატომ გახდა აუცილებელი კონსტიტუციაში ცვლილება ან რატომ ფიქრობთ, რომ პროკურორი რანგით დეპუტატზე მაღლა უნდა იდგეს?
- ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციებს არ აკნინებს. თუ დეპუტატის მიმართ რაღაც ეჭვი ჩნდება და ამ დროს საგამოძიებო მოქმედებას ვერ აწარმოებ, ვერც ექსპერიმენტს ატარებს და აუდიო- ვიდეომასალის მოპოვების უფლებაც არ აქვს, ნორმალურია?
- საკონსტიტუციო ცვლილება პროკურატურის მხრიდან როლანდ ახალაიასთვის იმუნიტეტის მოხსნას რატომ დაემთხვა?
- ამ დამთხვევის გამო უხერხული ვითარება მართლაც შეიქმნა, თუმცა ცვლილება კონსტიტუციის გასწორებას უკავშირდება და პერსონალურად არავის ეხება.
-რატომ არ თანხმდებით ნაციონალების მოთხოვნას, ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომისია შეიქმნას?
- ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტი სასწრაფოდ და ეფექტურად გამოსაძიებელია, რადგან ძალადობა დაუშვებელია. მნიშვნელობა არ აქვს, საგამოძიებო მოქმედებებს ვინ განახორციელებს, მაგრამ მიმაჩნია, რომ არსებული სტრუქტურებიც საკმარისია. ,,ქართული ოცნება’‘ ამ პროცესისგან პოლიტიკურ სარგებელს ნამდვილად ვერ ნახულობს, რადგან ჩვენ ხელისუფლებაში ვართ და პასუხისმგებლობაც გვაკისრია. მნიშვნელობა არ აქვს, ნუგზარ წიკლაური ვინ სცემა, ეს პროვოკაცია იყო თუ ანგარიშსწორება, ორივე შემთხვევაში, ეს ,,ქართული ოცნებისა’‘ და სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებაა.
- შალვა თათუხაშვილის საქმეზე ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა. იმაზე ვინაა პასუხისმგებელი, რომ ამ საკითხის განხილვა პარლამენტში ჩაიშალა?
- არ ვიცი, ვინ იყო მთავარი პროკურორის მოადგილის პარლამენტში მოწვევის ორგანიზატორი, მაგრამ ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო. ინიციატორი თუ ეკა ბესელია იყო, იჩქარა ან პროკურატურამ. შალვა თათუხაშვილის საქმეზე გამოძიება შვიდი დღის წინ დაიწყო. ეს იმდენად მცირე პერიოდია, რომ ექსპერტიზას, გარემოებების გადამოწმებას ვერ ასწრებ. ერთია, დანაშაულის გახსნა, მტკიცებულებების მოძიება _ მეორე. ეს საკითხი ამ ფორმით არ უნდა წყდებოდეს. სხვა დეტალებზე კი ვერ ვისაუბრებ, რადგან შესაბამისი ინფორმაცია არ მაქვს.