რისთვის ემზადებიან ნაციონალები, ანუ მაიმუნისა და ყუმბარის პრინციპი მუშაობს

რისთვის ემზადებიან ნაციონალები, ანუ მაიმუნისა და ყუმბარის პრინციპი მუშაობს

თუ აკვირდებით, ბოლო დროს, პარლამენტში სასესიო კვირა ისე არ ჩაივლის, გვარიანი გაწევ- გამოწევა არ მოხდეს. საპარლამენტო უმცირესობა მაქსიმალურად ცდილობს, უმრავლესობის იმ წევრებს ,,შეუჩხიკინოს’‘, რომლებსაც ადვილად ,,ააგდებს’‘, მერე კი ამბების განხილვა და თითისგაშვერა მიდის _ ხედავთ, ვინ აირჩიეთ პარლამენტშიო. ყველაფერთან ერთად, ნაციონალები იმ მოკლე პოლიტიკური მეხსიერების იმედად არიან, რომელიც, ზოგადად, ქართველ ამომრჩეველს ახასიათებს, თორემ კარგად რომ დავფიქრდეთ, წინა მოწვევის პარლამენტშიც არ ხდებოდა ნაკლები და მაშინდელ უმრავლესობას გასატანი ხან მუშტით გაჰქონდა, ხან კიდევ გინებით. კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია _ თუ აკვირდებით, საპარლამენტო უმცირესობა აქცენტს იმ დეპუტატებზე აკეთებს, რომლებიც პოლიტიკოსობაზე თავს არ დებენ.

მაგალითად, რესპუბლიკური პარტიის წევრებმა იციან, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებშიც უნდა მიიღონ მონაწილეობა და ისევ პოლიტიკაში იყვნენ, ამიტომ არც მწვადს წვავენ და არც შამფურს, რა იცი, ვისთან და როგორ მოგიწევს საარჩევნოდ გაერთიანება, ამიტომაცაა, დავით უსუფაშვილმა რომ დაივიწყა თავის დროზე სოზარ სუბარისთვის ნათქვამი ,,ნაძირალა’‘ და არც სუბარი იხსენებს, პოლიტიკაა ასეთი. დაივიწყებდა იგივეს თუნდაც სოსო ჯაჭვლიანი? _ არა და იმიტომ არა, რომ პოლიტიკოსი არ არის, იგი ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანია, რომელიც ამბობს იმას, რასაც ფიქრობს ანუ, რეალურად, ამომრჩევლის პოზიციას აფიქსირებს და, როგორც ხალხშია დუღილის ტემპერატურა აწეული დაპირებული სამართლიანობის აღდგენის გადავადებითა თუ მივიწყებით, ისევე დუღს ჯაჭვლიანის გულიცა და გონებაც. ნერვებმა გიორგი გაჩეჩილაძესაც უმტყუნა. არც ისაა საპარლამენტო ცხოვრებაში გამოცდილი პოლიტიკოსი და, როცა ვეღარ მოითმინა ის, რასაც რიგითი მოქალაქე ვერ ითმენს, სათქმელი ბოლომდე თქვა. გვერწმუნეთ, გაჩეჩილაძეს რომ სცოდნოდა, კამერები ყველაფერს არ იღებდნენ, გვარიან გინებასაც არ დაამადლიდა. რამდენიმე კვირის წინ ნაციონალებმა კარგად ითამაშეს გიორგი ცაგარეიშვილის ნერვებზეც და ამ ემოციურმა კაცმა ბოთლიც გაისროლა, იგინა კიდეც და თავს დავდებ, უკან სხვა დროსაც არ დაიხევს, იმიტომ კი არა, ნერვებს ვერ თოკავს, არამედ იმიტომ, რომ მასაც აწუხებს მიმდინარე პროცესები და რადგან ამაზე პარტიის შიგნით ხმამაღლა ვერ საუბრობს, ემოციებისგან დაცლას პარლამენტში, ნაციონალებთან კამათში ცდილობს.

უფრო ადრე იყო ლევან იზორიას ,,აგდების’‘ მცდელობა და მანაც ვერ მოითმინა. შთაბეჭდილება რჩება, ნაციონალური მოძრაობის წევრებს შეგნებულად მიჰყავთ ყველაფერი ერთ დიდ ჩხუბამდე, რადგან მერე ნუგზარ წიკლაურივითა თუ ჩიორა თაქთაქიშვილივით ევროპელებს დალურჯებული ადგილები ანახონ და დაანამუსონ, ხედავთ, ვის ხელში ჩაგვყარეთო. წიკლაური ვახსენეთ და, ისიც სათქმელია, რომ თურმე ბოცოს უკვე თავადაც ეპარება ეჭვი, ეს ყველაფერი ჩემივე თანაგუნდელებმა ხომ არ მომიწყვესო. ხვდება ნუგზარბატონი, რომ რეალურად, რვა კაცის გამლახავი არ იყო, ხოლო ის, რაც ელექტროშოკად მოეჩვენა და გაასაღა, შესაძლოა უწყინარი ჩქმეტა ყოფილიყო. იმასაც ხვდება წიკლაური, რომ მომხდურები მეზობლის ნასროლი კარტოფილის გამო არ გაიქცეოდნენ და მაშინ რა გამოდის?! ვიღაცას მისი ცემა კი არა, დალურჯებული თვალი სჭირდებოდა და მიიღო კიდეც. მიმდინარე მოვლენები აშკარად საპარლამენტო უმცირესობის წისქვილზე ასხამს წყალს და, ჯერჯერობით, კოალიციაში შემავალი პარტიები ვერაფერს ახერხებენ. დავით უსუფაშვილმა კი დაიმუქრა, ვინც პარლამენტში მუშტი- კრივს გამართავს, პასუხს აგებსო, მაგრამ ამ დაპირების ტყვედ იქცა. ნაციონალები ჯიუტად განაგრძობენ პროვოკაციებს და ცეცხლზე იმ საწვავს ასხამენ, რომლის ერთი ლარით გაიაფებასაც გვპირდებოდა ამჟამინდელი ხელისუფლება, საშველი კი ვერ დააყენა.

ნაციონალები აქტიურობენ სოციალურ ქსელებშიც მაშინ, როცა უმრავლესობა სოცქსელებს დიდ ყურადღებას არ უთმობს. არადა, ახალგაზრდობა სწორედ ინტერნეტსაა მიჯაჭვული და ძირითად ინფორმაციას იქიდან იგებს. სხვათა შორის, ყბადაღებული საპარლამენტო იმუნიტეტის კანონპროექტს კულუარებში ,,ქართული ოცნების’‘ წევრებიც იწუნებენ. ერთ-ერთმა პარლამენტარმა ჩვენთან პრივატულ საუბარში თქვა, არ ვამბობ, რომ როლანდ ახალაია დამნაშავე არ არის, მაგრამ ერთი კაცის გამო კანონის შეცვლას დიქტატისკენ მივყავართ, რადგან ნებისმიერ თემაზე საკუთარი აზრი თუ გამოვთქვი და ეს ვინმეს არ მოეწონა, ზემოთ დამიბარებენ და პროკურატურა დამაშინებსო. ამ პარლამენტარმა ისიც თქვა, ყველა წევრს მცირე თუ დიდი ბიზნესი აქვს, ეს ყველამ იცის და შესაბამისად, პროკურატურასა თუ ფინანსურს ადვილად შეუძლია დაგარწმუნოს იმაში, რაც შენ გგონია, რომ ცუდიაო. არის ამ სიტყვებში ლოგიკა, მაგრამ ამ თემაზე ხმამაღლა საუბარს ისინი თუ გაბედავენ, ვისაც მომავალ პარლამენტში არც მოხვედრის იმედი აქვს და არც ამის ამბიცია. ისინი ცდილობენ, ეს 4 წელი მაქსიმალურად გამოიყენონ იმისთვის, შემდეგ ვინმე რომ ჰკითხავს, რას აკეთებდითო, სათქმელი ჰქონდეთ. ბედით თუ უბედობით, ასეთი პარლამენტარი დღეს ძალიან ბევრია და თუ ერთ მშვენიერ დღეს ყველამ ერთად ამოიღო ხმა, აქეთ კოალიციის ერთობას გაუჩნდება დიდი ბზარი, იქეთ კიდევ ნაციონალური მოძრაობის წევრებს არ ასცდებათ წიკლაურის მაკიაჟით სიარული. წინ კი არჩევნებია. ხელისუფლება გვიმტკიცებს, იმ გველეშაპს, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ჰქვია, სამი თავი ჰქონდა, ორი მოვჭერით და მესამესაც თუ მოგვაჭრევინებთ, სიკეთეს მერე იგრძნობთო. სამართლიანობის აღდგენას დანატრებულ ამომრჩეველს კი, თავის მოჭრის ნაცვლად, ის სჭირდება, უმრავლესობამ უმცირესობას შეუძახოს _ ,,ნუ ბლატაობთ, თქვე ჩმორებო’‘, მაგრამ ამას რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები და კონსერვატორები არასოდეს იზამენ. შესაბამისად, დარჩნენ ის პარლამენტარები, რომლებსაც პოლიტიკური ამბიციები არ აქვთ და იმას ამბობენ, რასაც ფიქრობენ. ეს ყველაფერი მაიმუნის ხელში მიცემულ ყუმბარას ჰგავს, როცა არ იცი, როდის გამოაძრობს რგოლს მაიმუნი და როდის აფეთქდება. ვინ არის ამ შემთხვევაში მაიმუნი და ვინ ყუმბარა, თავად განსაჯეთ