ივანიშვილი და ღარიბაშვილი ბოკერიას ცოლის „ჯოჯოხეთს“ ამ ეტაპზე გადაურჩნენ

ივანიშვილი და ღარიბაშვილი ბოკერიას ცოლის „ჯოჯოხეთს“ ამ ეტაპზე გადაურჩნენ

მილონობით საბიუჯეტო თანხის არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტები და ლობისტების საკითხი, - ეს ის მთავარი თემებია, რომელზეც გიგა ბოკერიას მთავარ პროკურატურაში კითხვებზე პასუხის გაცემა მოწმის სტატუსით მოუხდა. უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა პროკურატურის შენობა 5–საათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა.

ბოკერიას ხელმძღვანელობის პერიოდში უშიშროების საბჭოს წლიური ბიუჯეტი 25 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული, უწყება დამატებით თანხებს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდანაც იღებდა. დღეს პროკურატურას კითხვები, სწორედ, ამ თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით აქვს. უშიშროების საბჭოს მიერ დახარჯულ საბიუჯეტო მილიონებზე გარკვეული კითხვები აქვს საზოგადოების წარმომადგენლებსაც. საქმეს კი საიდუმლო გრიფი ადევს.

გიგა ბოკერიას პარტიული მეგობრები და თანამოაზრეები პროკურატურის ინტერესს პოლიტიკური ანგარიშსწორების კვალიფიკაციას აძლევენ, მისი მეუღლე „ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი კი ბოკერიას დაჭერის შემთხვევაში, ყოფილ და მოქმედ პრემიერ–მინისტრებს „ჯოჯოხეთის მოწყობით“ ემუქრება.

„რეალურად, ეს მოწმის სახით დაკითხვაც ხომ ფარსია. ბრალის წაყენება უნდათ ხომ? ვნახოთ, რით დამთავრდება ეს ყველაფერი. სადაც ნელსონ მანდელა იჯდა ციხეში 23 წელი, რამენაირად ჩემი ქმარიც ამას გადაიტანს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს და მის პაჟს, ღარიბაშვილს ვპირდები, რომ ჯოჯოხეთს მოვუწყობ“,- აცხადებს ჩერგოლეიშვილი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი კანდელაკი კი ამტკიცებს, რომ ქართველ საზოგადოებას დღეს სამართლიანობის აღდგენა არ აინტერესებს და ხელისუფლება მხოლოდ საკუთარი ინტერესით მოქმედებს, როცა სამართლიანობის აღდგენის სახელით პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ებრძვის.

„მთავარ პროკურატურაში გიგა ბოკერიას დაბარება, ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილის მიმართ დევნის წამოწყება, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს დღევანდელ მთავრობას, უბრალოდ, მოშლილი აქვს მუხრუჭები. ხელისუფლებას მყარად აქვს გადაწყვეტილი, რომ პოლიტიკური მანდატი, რომელიც მას ჯერ კიდევ აქვს ამომრჩევლისგან, დახარჯოს არა ხალხის ყოფის გაუმჯობესებაზე, პენსიების გაზრდასა და დასაქმებაზე, არამედ - პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე. ბოლო დროს ჩატარებული ყველა გამოკითხვა ადასტურებს, რომ ე.წ. სამართლიანობის აღდგენა, აინტერესებს მოსახლეობის 3, მაქსიმუმ, 5%-ს. დანარჩენს ყელში ამოუვიდა ეს გაუთავებელი დაკითხვები და დაპატიმრებები“, - განუცხადა For.ge–ს გიორგი კანდელაკმა. იგი უპასუხოდ ტოვებს კითხვას, აქვს თუ არა საზოგადოებას უფლება და ინტერესი, იცოდეს, რა მიზნით დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონობით ლარი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი კი მიიჩნევს, რომ, სწორედ, 25მილიონი ლარის ხარჯვის საკითხი არის მთავარი პროკურატურის და საზოგადოების ინტერესი და ამ კუთხით, უშიშროების საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის მიმართ ბევრი ობიექტური კითხვა არსებობს.

„უშიშროების საბჭოს ბიუჯეტი იყო 25 მილიონი ლარი, ამის გარდა კიდევ არსებობს ასევე ბიუჯეტის თანხები, რომლებიც, სავარაუდოდ, გიგა ბოკერიას ხელმძღვანელობით იხარჯებოდა. რამდენადაც ვიცი, ამ ხარჯებს საიდუმლო გრიფი ადევს, აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, პროკურატურას აქვს ლეგიტიმური კითხვები. დაკითხვაზე რომც არ დაებარებინათ, ბოკერია ვალდებული იყო, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებით ანგარიში მოემზადებინა. მე რამდენადაც გავიგე, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით პროკურატურაში გია ცაგარეიშვილიც არის დაბარებული და მას პრობლემა არ აქვს, მივიდეს და პასუხები გასცეს. სამართლიანობის აღდგენა და საერთოდ, რეალობის დადგენა არ უნდა უკავშირდებოდეს წინასაარჩევნო პოლიტიკურ კონიუნქტურას“, - განუცხადა for.ge –ს გიორგი ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლეოსბის წარმომადგენელი განმარტავს, რომ საქართველოს დასავლელ პარტნიორებს გიგი უგულავას, გიგა ბოკერიას და სხვა პირების პროკურატურაში დაბარების გამო საქართველოს ხელისუფლების მიმართ კითხვები არ აქვთ.

„ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები კატეგორიულად მოითხოვენ ჩვენგან, რომ დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია და ვიმოქმედოთ არსებულ კანონებთან სრულ შესაბამისობაში. პროკურატურის შეკითხვებზე პასუხებია გასაცემი. რამდენადაც ვიცი, ამასთან დაკავშირებით კითხვები არ გააჩნიათ არც ვაშინგტონში, არც ბრიუსელში, არც სხვა დედაქალაქებში. ერთადერთი ადგილი არის კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი, სადაც იკრიბებიან და სახავენ გეგმებს, როგორ შექმნან დაძაბულობა, ქაოსი და შეუშალონ ხელი ევროინტეგრაციის პოლიტიკას. ცდილობენ, აამღვრიონ წყალიდა იმედი აქვთ, პატარა ლიფსიტა მაინც დაიჭირონ საკუთარი პოლიტიკური პარტიისათვის“, - აცხადებს ვოლსკი და აღნიშნავს, რომ„ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის აწევას ცდილობს და პარტიის წევრები დაძაბულობის შესაქმნელად ყველა ღონეს ხმარობენ – აკეთებენ პროვოკაციულ განცხადებებს და საპარლამენტო ტრიბუნებიდანაც კი უზრდელობენ.

„ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულები გადაფარონ შელაპარაკებებით, ლანძღვა-გინებით, უსაფუძვლო გამოსვლებით, გარკვეული სტრუქტურების დემონიზაციით. პროკურატურის წინააღმდეგ მას შემდეგ გაილაშქრეს, რაც ამ უწყებამ აქტიურად დაიწყო შესაძლო დანაშაულების შესწავლა“, - განმარტავს გიორგი ვოლსკი.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი კი ყურადღებას პროკურატურის მიერ დასმული კითხვების გამო საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის დაპირისპირებაზე ამახვილებს, რაც, მისი თქმით, ქვეყნისთვის არანაირი სიკეთის მომტანი არ არის.

„უშიშროების საბჭოს მიერ გაუგებარი ხარჯების თემა უკვე მოძველდა კიდეც, საკმარისზე მეტი დრო გავიდა იმისთვის, რომ თავად ამ საბჭოს ყოფილ მდივანს თუნდაც საკუთარი ინიციატივით აეხსნა და განემარტა თანამდებობის პირებისთვის - ვისაც ეს აბარია, თუ რა ხდებოდა უწყებაში და რა ტიპის ხარჯებთან ჰქონდათ საქმე. უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, თუ სწორედ გიგას ინიციატივა იქნებოდა ამ თემაზე საუბარი. აცდებოდა ის პროკურატურაში დაბარებასაც და თუნდაც რამდენიმესაათიან დისკომფორტს“, - განუცხადა For.ge-ს სოსო ცისკარიშვილმა.

მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე შესვლის წინ გიგა ბოკერიას და მისი მეუღლის მიერ გამოთქმული ვარაუდი ამ ეტაპზე არ გამართლდა, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. შესაბამისად, ივანიშვილი და ღარიბაშვილი ჩერგოლეიშვილის დაპირებულ „ჯოჯოხეთს“ ამ ეტაპზე გადაურჩნენ. დადგება თუ არ კვლავ დღის წესრიგში გიგა ბოკერიას პროკურატურაში დაბარების და ჩერგოლეიშვილისგან „ჯოჯოხეთის მოწყობის“ საკითხი, ეს საგამოძიებო მოქმედებების მსვლელობისას გაირკვევა.