თათუხაშვილის სისხლსა და შარდში აღმოჩენილია ბენზოდიაზეპინის ჯგუფის ნივთიერებები

თათუხაშვილის სისხლსა და შარდში აღმოჩენილია ბენზოდიაზეპინის ჯგუფის ნივთიერებები

დათა ახალიას ადვოკატმა ალტერნატიული ექსპერტის დასკვნა გაასაჯაროვა. ირაკლი ზაქარეიშვილი ირწმუნება, რომ ყველა სიმართლე მის მხარესაა. ადვოკატმა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც პროკურატურამ დაანონსა შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიღების შესახებ.

გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ოჯახის ადვოკატის, ირაკლი ზაქარეიშვილის ინფორმაციით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შალვა თათუხაშვილის გვამზე არსებული დაზიანებები მკვრივი და ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებითაა გამოწვეული. ამავე დასკვნის მიხედვით იარები თათუხაშვილს გარდაცავალებამდე, 5-7 დღით ადრე ჰქონდა მიღებული, მაგრამ რატომღაც ექსპერტისთვის გარდაცვალების ზუსტ მიზეზზე კითხვა არ დაუსვამს.

„დასკვნაში ნათქვამია, რომ შალვა თათუხაშვილის გვამზე არსებული დაზიანებები, ნაჭდებისა და სისხლნაჟღენთების სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებით. მკვრივ, ბლაგვ საგანს წარმოადგენს მკვრივი კონსისტენციის და ბლაგვი ზედაპირის ნებისმიერი საგანი, როგორიც შესაძლებელია იყოს ადამიანის მუშტი, ხელკეტი და სხვა. თუ რითაა აღნიშნული დაზიანებები მიყენებული, დასადგენია გამოძიების მიერ“, - განაცხადა ირაკლი ზაქარეიშვილმა.

მისივე განმარტებით, დასკვნაში ისიც მითითებულია, რომ გვამის დათვალიერების ოქმში, რომელიც გამომძიებლის მიერაა შედგენილი, არასრულყოფილადაა აღწერილი ის დაზიანებები, რომელიც გვამს აღენიშნება. ადვოკატის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თათუხაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებებიდან, თითის ნაჭდევის ხანდაზმულობის ვადაა არა ნაკლებ 8-10 დღისა, ხოლო სხვა დაზიანებები - არა ნაკლებ 5-7 დღისა.

გარდაცვლილი თათუხაშვილის ძმა, გიორგი თათუხაშვილი დამოუკიდებელი ექსპერტიზის მიერ დღეს გავრცელებულ დასკვნას ენდობა, სადაც ნათქვამია, რომ შალვა თათუხაშვილს დაზიანებები ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული. 

შალვა თათუხაშვილს გვამზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით, ექსპერტიზა, დამოუკიდებელმა სასამრთლო-სამედიცინო ექსპერტმა ალეკო გეჯაძემ ჩაატარა. როგორც გეჯაძე ამბობს, ადვოკატმა წარმოადგინა გვამის გარეგანი დათვალიერების ოქმი და ფოტო, რომელიც თვითონ გადაიღო, სადაც აღბეჭდილია დაზიანებები სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების წარმომადგენლის მიერ. ექსპეტრი ამბობს, რომ დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია, თუმცა ის სიკვდილის მიზეზი ვერ გახდებოდა.

„ოქმსა და ფოტოებს შორის, რომელიც ადვოკატმა წარმოადგინა ძირითადი თანხვედრაა. თუმცა, ფიქსირდება მცირედი სხვაობა. არის გარკვეული სხვაობა, რაც გამოიხატება იმაში, რომ გარკვეული დაზიანებები, რაც ფოტომასალაზეა ასახული, გვამის გარეგანი დათვალიერების ოქმში დაფიქსირებული არაა. დაზიანებები განლაგებულია მუხლების მიდამოებში. ამ დაზიანებებში ძირითადში არის ნაჭდევები, ეს დაზიანებები არის ბლაგვი ხასიათის.

რა პირობებში შეიძლება მიეღო ეს დაზიანებები მიცვალებულს, ეს გამოძიების დასადგენია. ექსპერტის კომპეტენციაში არ შედის განსაზღვროს ცემით მიიღო დაზიანება თუ რომელიმე საგნის ჩარტყმით. არაა გამორიცხული, რომ ეს დაზიანება ბლაგვი ზემოქმედების შედეგად ყოფილიყო განვითარებული და არც ისაა გამორცხული, რომ დაქანებული ზედაპირიდან არასწორ ზედაპირზე არაერთჯერადი დაცემის ან ჩაგორების შემთხვევაში. ბუნევრივია, გვამის გაკვეთას არ დავსწრებივარ. ვისარგებლეთ ფოტოებით და გვამის გარეგანი დათვალიერების აღწერილობით. ბუნებრივია, გვამის გაკვეთაში რომ მიმეღო მონაწილეობა უფრო კატეგორიული ვიქნებოდი. ამჟამად, მთელი ჩემი მსჯელობა აგებულია ვარაუდის და არაკატაგორიულ ფორმატზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ალეკო გეჯაძე.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო დასკვნა მიიღო. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N001435914 დასკვნის მიხედვით დადგენილია, რომ შალვა თათუხაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, განვითარებული ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად, ბენზოდიაზეპინის ჯგუფის ფსიქოტროპული ნივთიერებების მოქმედების ფონზე.

გვამის გამოკვლევის მონაცემით (24.03.2014 წ. 05:00 სთ) მისი სიკვდილის დადგომიდან გასულია დაახლოებით 4-6 საათი, ანუ ექსპერტიზით დგინდება, რომ თათუხაშვილის გარდაცვალების დრო არის 2014 წლის 23 მარტის დაახლოებით 23:00 საათი. 

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე დადგინდა, რომ ეთილის სპირტის შემცველობამ გარდაცვლილის სისხლში შეადგინა 5 პროცენტი, შარდში ეთილის სპირტის რაოდენობამ 5,63 პროცენტს მიაღწია, ასევე შალვა თათუხაშვილის სისხლსა და შარდში აღმოჩნდა ბენზოდიაზეპინის ჯგუფის შემდეგი ნივთიერებები - დიაზეპამი, ნორდაზეპამი და ტემაზეპამი. 

სასამართლო ექსპერტიზა ჩატარდა ყველა სათანადო პროცედურის დაცვით, შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებიდან 4-6 საათის განმავლობაში. გვამის ფოტოგრაფირება მოხდა ექსპერტის მიერ სწორედ გვამის დათვალიერებისას, ფოტოსურათები დაერთო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას. გვამის დათვალიერების ოქმი შედგენილია გამომძიებლის მიერ, ექსპერტის, ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის და შ.თათუხაშვილის სიძის კ.ელიზბარაშვილის თანდასწრებით, სადაც დაფიქსირებულია გვამზე არსებული დაზიანებები და ოქმის სისწორე დადასტურებულია ყველა ზემოხსენებული პირის ხელმოწერით. 
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება თათუხაშვილის გვამზე არსებული დაზიანებები და მათი ხანდაზმულობა, კერძოდ: ნაჭდევი მარცხენა წინამხრის მიდამოებში - ხანდაზმულობა სიკვდილამდე 1-2 დღით ადრე; ნაჭდევი მარჯვენა მტევნის პირველი თითის მიდამოებში, ხანდაზმულობა სიკვდილამდე 6-7 დღით ადრე; ნაჭდევი წელის არეში, ხანდაზმულობა სიკვდილამდე 1-2 დღით ადრე.

სისხლჩაქცევა წელის მიდამოებში, ხანდაზმულობა სიკვდილამდე უახლოეს პერიოდში-23 მარტს; ნაჭდევი ორივე ფეხის მუხლის სახსარზე, ხანდაზმულობა სიკვდილამდე 1-2 დღით ადრე; ნაჭდევი მარცხენა ფეხის კოჭ-წვივის სახსრის არეში, ხანდაზმულობა სიკვდილამდე 1-2 დღით ადრე. ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ყველა დაზიანება, რომელიც აღენიშნებოდა გარდაცვლილის სხეულს, არის მსუბუქი კატეგორიის და არანაირი კავშირი არ აქვს სიკვდილის დადგომასთან, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში გარკვევით მითითებულია, რომ დაზიანებები განვითარებულია მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და დამდგარ შედეგთან ანუ სიკვდილთან მიზეზობრივ კავშირში არ არის. ყველა დაზიანება არის სიცოცხლის დროინდელი. 

ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი კი ამბობს, რომ ადვოკატის მიერ გავრცელებული ფოტოებიდან შეემქმნა შთაბეჭდილება, რომ ეს დაზიანებები ერთდროულად არაა წარმოქმნილი, ანუ განსხვავებულ დროშია წარმოქმნილი.

„ფოტოები, რომელიც მე ვნახე ადვოკატის სოციალურ გვერდზე, გადაღებულია არაპროფესიონალურად. ცალკეა ტერფი, ცალკეა წინა მხარე. ერთიანობაში ვის ეკუთვნის გვამი, ამის თქმა ძალიან გამიჭირდებოდა. რაც მე ვნახე ფოტოებით, აქ არის სხვადასხვა ზომის და ფორმის დაზიანებები, სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. იმ ფოტოების ხარისხიდან გამომდინარე ძნელია თქმა, რომ ეს არაა ხანდაზმული. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ დროში ცოტა განსხვავებული იყვნენ ხანდაზმულობით“, - აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი.

მისი თქმით, მას რომ ჰქონდეს კითხვების დასმის საშუალება, ის დასვამდა კითხვას, შესაძლებელია თუ არა ეს დაზიანება წარმოშობილიყო 24 თებერვალს, როცა პირველად დაკითხეს და ან შესაძლებელია თუ არა, ეს დაზიანებები წარმოქმნილიყო 19 მარტს, როცა მეორედ დაკითხეს.

„ძალიან სერიოზული კითხვებია. ყველა დაზიანება დროის ერთ პერიოდშია წარმოქმნილი, თუ სხვადასხვა დროს არის მიღებული. ამ ფოტოებიდან შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ეს დაზიანებები განსხვავებულ დროშია წარმოქმნილი“, - განაცხადა for.ge-სთან მაია ნიკოლეიშვილმა.