ჰამარბერგი ბიზნესისთვის საკუთრების ჩამორთმევის ფაქტების შესწავლას მოითხოვს

ჰამარბერგი ბიზნესისთვის საკუთრების ჩამორთმევის ფაქტების შესწავლას მოითხოვს

საქართველოს მთავრობის სპეციალური მრჩეველი საკონსტიტუციო, სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში თომას ჰამარბერგი ბიზნესისთვის საკუთრების ჩამორთმევის კონკრეტული ფაქტების შესწავლის აუცილებლობაზე მიუთითებს.

მისი თქმით, საქმე წინა ხელისუფლების დროს მომხდარ ფაქტებს შეეხება. ვინაიდან საკითხი ამ დრომდე არ გადაწყვეტილა, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა ჯერაც მოუგვარებელია.

აღნიშნულზე ჰამერბერგმა ბიზნესის, სამართლის სფეროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა, სადაც ბიზნესის წინაშე არსებული პრობლემები, წარსულში საკუთრების ჩამორთმევის ფაქტები განიხილეს.

შეხვედრის ორგანიზატორმა – ფონდმა „კრისტალმა“ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების, საერთაშორისო თანამეგობრობის, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოებისადმი მიმართვა შეიმუშავა, რომლის თანახმადაც, სახალხო დამცველის უფლებამოსილებები უნდა გაიზარდოს, ან ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი პარლამენტს დაექვემდებაროს.

მიმართვის თანახმად, საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველა შესაძლო მექანიზმი უნდა წაახალისოს და დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას დამოკრატიზაციისა და მმართველობის რეფორმის პროცესში, მხარი დაუჭიროს ავტორიტეტული საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით საგამოძიებო კომისიის საქმიანობას, რომელიც შეეხება ბიზნესში ჩარევისა და საკუთრების უფლების ხელყოფის შემთხვევებს.

For.ge ფონდ „კრისტალის“ თავმჯდომარეს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარეს არჩილ ბაკურაძე ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ ჰამარბერგის პირდაპირი მოვალეობაა, დაეხმაროს საქართველოს მძიმე სამართლებრივი მდგომარეობიდან გამოსვლაში. ასობით ბიზნესმენი დღევანდელი მთავრობისგან პასუხს ელოდება თავიანთი გაურკვეველი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, რაც წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა.

„დიდი მოთმინებით მოეკიდა ბიზნესსაზოგადოება ამ ძალზე გაწელილ პროცესს. ჰამარბერგმა თქვა, რომ დასავლეთის გზავნილი საქართველო უნდა იყოს ორიენტირებული მომავალზე, არ უნდა იქნას გაგებული, რომ საქართველოს მთავრობამ დაივიწყოს წინა ხელისუფლების დანაშაული. შეუძლებელია, დაზარალებულ ადამიანებს ხაზი გადაუსვან. დასავლეთი არ აბრკოლებს სამართლიანობის აღდგენას, ეს არის არეული გზავნილი. ჰამარბერგის შარშანდელ ანგარიშში წერია, რომ სადაც შესაძლებელია, საკუთრების უფლება მომენტალურად უნდა აღდგეს.

ვფიქრობ, ბატონი ივანიშვილი შეცდომაში შეიყვანეს, რადგან არავის დაუთვლია, რამდენი შეიძლება იყოს ზარალი. სინამდვილეში, დაზარალებულ ბიზნესმენთა რაოდენობა 20 ათასის ნაცვლად, ბევრად უფრო ნაკლებია და საქმეების შესწავლა სულაც არ არის შეუძლებელი. თანხებზე საუბარი სოციალური თემებით სპეკულირების საშუალებაა. თუ ბიზნესმენებს არ დავანახებთ, რომ ხელისუფლებას შეუძლია სამართლის აღდგენა, მაშინ ვერ ვისაუბრებთ ინვესტიციებზე“, - აღნიშნა არჩილ ბაკურაძემ, რომელიც მიესალმება სპეციალიზირებული პროკურატურის მსგავსი ინსტიტუტის შექმნას, რაც პროკურატურას გადატვირთული საქმეების გამოკვლევაში დაეხმარება.

„კავკასუს ონლაინის“ ყოფილი მეპატრონე, მოძრაობა „დააბრუნეს“ დამფუძნებელი მამია სანადირაძე ჰამარბერგის მიერ ბიზნესისთვის საკუთრების ჩამორთმევის ფაქტების შესწავლის მოთხოვნას დადებითად აფასებს. იგი იხსენებს, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში სტრასბურგში პირადად შეხვდა ჰამარბერგის შემცვლელს, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ნილს მუიჟნეკს, რომელსაც აუხსნა საქართველოში არსებული მძიმე სიტუაცია ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენების თაობაზე. მაშინ ნილს მუიჟნეკსი მამია სანადირაძეს დაჰპირდა, რომ სტრასბურგი აუცილებლად მიადევნებდა თვალს ამ საქმეებს და შესაბამის ანგარიშებსაც შეისწავლიდა, რომლითაც გაარკვევდა, რა შეიცვალა ამ მხრივ საქართველოში.

„ისევ ჩავალ სტრასბურგში და კვლავაც შევხვდები ნილს მუიჟნეკს. თუ ჩვენს სახელმწიფოს სურს, ევროპას ანგარიში გაუწიოს, სირაქლემის პოზიციის ნაცვლად, ამ პრობლემას უნდა მიხედოს. პრობლემა თავისით არ გაქრება. მიხეილ სააკაშვილის ჯიბის ბიზნესმენები და ზონდერები ბიზნესმენებს აწიოკებდნენ და ართმევდნენ ქონებას. უნდა მოვიძიოთ ის ქონებაც, რომელიც ერთ ლარად გაასხვისა სააკაშვილმა, აშკარად უზურპაცია გაუკეთა კანონს და ნაცნობ-მეგობრებს, საკუთარ თავს და ახლობელ ბიზნესმენებს გადაულოცა, რადგან თვითონ ვერ იქნებოდა შპს-ების მფლობელი. პრეზიდენტი იყო და ამის უფლება არ ჰქონდა. სამაგიეროდ, ჰყავდა სანდო პირები_ხვიჩა მაქაცარია, შარანგიები, გიორგი და ლევან ყარამანიშვილი, ანუ მისი უნივერსიტეტის მეგობრები, რომლებზეც აფორმებდა შპს-ებს და მათ გადასცემდა ქონებას ერთ ლარად იმ მიზნით, რომ სამომავლოდ ეს მისი საკუთრება იქნებოდა. ეს ქონება უნდა აღირიცხოს, დაუბრუნდეს სახელმწიფოს და აქედან მოხდეს რეპრესირებულთა ანაზღაურება“, - აცხადებს მამია სანადირაძე For.ge-სთან საუბარში.

ამასთან, განმარტავს, რომ დაზარალებულ ბიზნესმენთა და რეპრესირებულ პირთა პერმანენტული აქციები კვლავაც გაგრძელდება იმ მოთხოვნით, რომ სამართლიანობა აღდგეს, სისხლის სამართლის შეჩერებული საქმეები დაიძრას, დაისაჯონ დამნაშავეები.

დაზარალებული ბიზნესმენი, კუს ტბის ყოფილი მფლობელი ბესო ხარძიანი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ ჰამარბერგის განცხადება იმედისმომცემია, რადგან დამნაშავეები თავისი ნებით არაფერს დააბრუნებენ, მათ სახელმწიფოს მკაცრი ხელი სჭირდებათ.

„ჰამარბერგი ავტორიტეტული პიროვნებაა ადამიანის უფლებების საქმეში მთელ ევროპაში. არ არის გამორიცხული, ჩვენი საქმეების შესწავლის შემდეგ თვითონ ევროპამაც გაგვიწიოს დახმარება. როცა საუბარია ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნებაზე, ევროპას აქვს ასეთი დახმარების ფონდები. რა მნიშვნელობა აქვს, წყალი წალეკავდა ჩვენს ქვეყანას, რაიმე ფორსმაჟორული სიტუაცია მოხდებოდა თუ ნაცმოძრაობის რეჟიმი დაგვაზარალებდა? ახლა ქუჩაში ხომ არ დაიწყება საქმის გარჩევები? ამიტომ სახელმწიფომ უნდა დააბრუნებინოს ქურდებს ქონება. ჩემი ქონების დაბრუნების მცდელობა თითქოს იყო, მაგრამ ჩემს საქმეში რაღაცნაირად ნაცვლიშვილმა ამოყო თავი. როგორც ვიცი, მათ იმედი მისცა და შენელდა ეს სიტუაცია. ახლა პროკურატურისა და სასამართლოს იმედი მაქვს, სადაც ჩემი საქმე წინ მიიწევს“, - გვითხრა ბესო ხარძიანმა.