შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავრი სამმართველოს უფროსი ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებს შეხვდა

შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავრი სამმართველოს უფროსი ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან კვიციანი, რუსთავის საქალაქო სამმართველოს ხელმძღვანელი და თანამშრომლები ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში რუსთავის 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა მათ ბიონარკოტიკის მოხმარების წინააღმდეგ მიმართული კამპანია გააცნეს და ამ თემასთან დაკავშირებით მოზარდების კითხვებს უპასუხეს.

შსს-ს წარმომადგენლებმა მოზარდებთან შეხვედრის დროს კამპანიის ფარგლებში გადაღებული საინფორმაციო ვიდეორგოლების ჩვენება მოაწყვეს. საინფორმაციო ვიდეორგოლებში მონაწილე ექიმები მოქალაქეებს აწვდიან ინფორმაციას, თუ რა შედეგებს იწვევს ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება. საინფორმაციო რგოლები ტელე- და რადიოეთერებში, კინოთეატრებსა და სოციალურ ქსელებში განთავსდა.

მოზარდებთან შეხვედრაზე ასევე შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის „112“-ის მიერ მომზადებული საინფორმაციო რგოლის ჩვენებაც მოეწყო, რომლის მეშვეობით საზოგადოება იმ პირველადი სიმპტომების შესახებ შეიტყობს, რაც ე.წ. „ბიოს“ მოხმარებას ახასიათებს და აღნიშნული სიმპტომების შემთხვევაში, სასწრაფო დახმარების გამოძახების აუცილებლობაზე მიიღებს ინფორმაციას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანია 24 მარტს დაიწყო. კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“, მიზანი კი ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირებაა.