რუსეთის ხელისუფლებას უკრაინასთან ახალი პრეტენზიები აქვს - ტერიტორიადაკარგულმა ქვეყანამ სწორედ ამ ტერიტორიის, ანუ ყირიმის დაკარგვის გამო, რუსეთს 11 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს.
საქმე იმაშია, რომ უკრაინა რუსულ გაზზე ფასდაკლებას ხარკოვის შეთანხმების საფუძველზე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სევასტოპოლში ყოფნის ვადის გახანგრძლივების სანაცვლოდ იღებდა.
„ინვესტკაფეს“ მთავარი ანალიტიკოსის, გრიგორი ბირგის თქმით, შეთანხმება ძალაში 4 წლის წინ შევიდა და საწვავზე ჯამურმა ფასდაკლებამ, რომელიც იმ პერიოდში გაკეთდა, დაახლოებით, 11 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ხარკოვის შეთანხმება, რომელსაც ხელი 2010 წელს რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა და მისმა უკრაინელმა კოლეგამ, ვიქტორ იანუკოვიჩმა მოაწერეს, რუსეთის ფლოტის უკრაინის ტერიტორიაზე ბაზირების შეთანხმებას 25 წლის ვადით ახანგრძლივებდა და მოსკოვის მიერ ბუნებრივ აირზე ფასის 30%-ით შემცირებას ითვალისწინებდა (მაგრამ არა უმეტეს 100 დოლარისა 1000 კუბურ მეტრზე).
ამასთან, ფლოტის ბაზირების ახალი, 25 წლიანი შეთანხმება, 2017 წლიდან უნდა დაწყებულიყო, რადგან წინა 1997 წლის ხელშეკრულების ვადა ზუსტად ამ პერიოდში იწურებოდა. რაც შეეხება ფასდაკლებას, რუსეთმა უკრაინას გაზი დაბალი ტარიფით ხელშეკრულების გაფორმებისთანავე მიაწოდა. სწორედ ეს გახდა რუსული მხარის ფინანსური პრეტენზიების საფუძველი.
პირველად ეს პრეტენზია გასული კვირის დასაწყისში დიმიტრი მედვედევმა გაახმოვანა. რუსეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ყირიმი რუსეთის ტერიტორია გახდა, ამიტომ იურიდიული საფუძველი 100 დოლარიანი ფასდაკლების შენარჩუნებისთვის აღარ არსებობდა - გარდა ამისა, გაჩნდა საფუძველი უკვე გაკეთებული ფასდაკლებების ანაზღაურებისთვის.
გუშინ კი იგივე პრეტენზია ფედერაციის საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმაც გამოთქვა და სენატორებს ხარკოვის შეთანხმების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
- 16 მარტის რეფერენდუმის შედეგად ყირიმის მრავალეროვნულმა მოსახლეობამ ავტონომიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების, ხოლო შემდეგ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ამიტომ ამ დროისთვის რაიმე საფუძველი არსებული შეთანხმებების გაგრძელებისთვის არ არსებობს, - განაცხადა კარასინმა.
კიევის ენერგეტიკული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის, დიმიტრი მარუნიჩის თქმით, ათას კუბურ მეტრზე 480-485 დოლარის დისპროპორცია უკრაინის ბიუჯეტის შესრულებას შეუძლებელს გახდის.
იურიდიული ნიუანსები
ხარკოვის ხელშეკრულება უკრაინისთვის მიწოდებულ გაზზე ფასდაკლებას არა გაზპრომის, არამედ რუსეთის ბიუჯეტის ხარჯზე ითვალისწინებს. ამის შესახებ 2010 წლის აპრილში, მედვედევის და იანუკოვიჩის ხარკოვში შეხვედრის შემდეგ, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
2014 წლის 21 მარტს კი საკითხის განმარტებისას მედვედევმა ხაზი საერთაშორისო სამართლის პრინციპებს გაუსვა, რომელიც ლათინურად ჟღერს, როგორც clausula rebus sic stantibus - შეთანხმება ძალაშია მანამ, სანამ ქმედითია მისი წარმომშობი გარემოებები.
რუსეთთან ყირიმის შეერთება, პრემიერის არგუმენტაციით, ცვლის შეთანხმების მოქმედების ერთ-ერთ პირობას.
ეკონომიკის უმაღლესი სკოლის საერთშორისო სამართლის კათედრის ხელმძღვანელის, იური იუმაშევის თქმით, რუსეთის ხელისუფლების ქმედება ყირიმში საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.
- clausula rebus sic stantibus-ის პრინციპი არ შეიძლება მოცემულ შემთხვევაში ხარკოვის ხელშეკრულების დენონსაციის გამართლება იყოს, რადგან თვითონ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი, როდესაც ჯარები შეიყვანა ყირიმში, - აღნიშნავს იუმაშევი.
მისი თქმით, უკრაინას შეუძლია ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიმართოს, მაგრამ რუსეთი, შესაძლოა, პროცესში მონაწილეობასაც არ დათანხმდეს. გარდა ამისა, თუ პროცესი შედგა და გადაწყვეტილება რუსეთის სასარგებლოდ იქნა მიღებული, სავსებით შესაძლებელია, რომ წაგებულმა მხარემ ვალდებულებები აღარ შეასრულოს. ამის პრეცედენტებიც არსებობს, - აღნიშნავს ექსპერტი.
„გაზის ომი“
უკრაინელი ანალიტიკოსები მოსკოვსა და კიევს შორის „გაზის ომის“ შესაძლებლობაზე საუბრობენ.
მსგავსი შემთხვევა 2009 წელს მოხდა, როდესაც რუსეთმა უკრაინისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტა, ხოლო უკრაინამ ტრანზიტული მილსადენებიდან ევროპელ მომხმარებლებისთვის განკუთვნილი საწვავის დაბლოკვა დაიწყო.
ენერგეტიკული პროგრამების ცენტრის „ნომოსის“ დირექტორის მიხაილ გონჩარის თქმით, რუსული მხარე უკრაინისთვის მაქსიმალურად რთული სიტუაციის შექმნას და „ჩარევისთვის“ დამატებითი საბაბის შექმნას შეეცდება.
განსხვავებულად ფიქრობს კიევის საერთაშორისო ენერგეტიკული კლუბის Q-club-ის ექსპერტი, ალექსანდრ ტოდიიჩუკი. მისი თქმით, ამ კონკრეტული სიტუაციიდან და წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე „გაზის ომს“ არ უნდა ველოდოთ.
- გაზის ომის შედეგად 2006-2009 წლებში ყველაზე მეტი „გაზპრომმა“ დაკარგა. კომპანიამ დაკარგა ლიდერობა ევროპულ ბაზარზე. მისი ადგილი ნორვეგიამ დაიკავა. ახლა უკრაინაზე გაზის მხოლოდ 16% გადის, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში გამოიყენება. რუსეთიდან გაზის მიწოდების შეჩერება უკვე ასეთი კრიტიკული აღარ იქნება, როგორც ადრე. მე დარწმუნებული ვარ, რომ გაზპრომი კრემლს დაჟინებით მოსთხოვს, ამ სიტუაციაში „გაზის ონკანი“ არ გამოიყენოს. თუ რუსეთი ლოგიკით იხელმძღვანელებს და არა ემოციებით, მესამე გაზის ომი აღარ იქნება, - დარწმუნებულია ანალიტიკოსი.
ენერგეტიკული უსაფრთხოების საერთაშორისო ასპექტებში უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი უფლებამოსილი პირი, ბოგდან სოკოლოვსკი თვლის, რომ პერსპექტივაში ერთადერთი გამოსავალი უკრაინისთვის მოსკოვზე დამოკიდებულების ლიკვიდაციაა.
- რუსულ გაზზე უარი უნდა ვთქვათ. ჩვენ, ფაქტორივად, რუსეთთან ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით. ძნელად წარმოსადგენია ბრიტანელები, რომლებიც ჰიტლერისგან ტანკებს ყიდულობდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს, - განუცხადა სოკოლოვსკიმ ბი-ბი-სის უკრაინულ სამსახურს.
მისი თქმით, მნიშვნელოვან მომენტად ითვლება რევერსული ნაკადის შექმნა სლოვაკეთის გავლით.
- შესაძლებელია 10-12 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდება სლოვაკეთიდან. დამატებით პოლონეთსა და უნგრეთსაც შეუძლიათ დანაკლისის 5-6 მილიარდით შევსება. ერთობლივად კი ეს მოცულობა საკმარისია იმისთვის, რომ მომავალი ზამთარი გადავიტანოთ, - აღნიშნავს სოკოლოვსკი.