გამომძიებლების თქმით, დემონსტრანტების დახოცვის „კრიმინალური ბრძანება“ იანუკოვიჩმა გასცა

გამომძიებლების თქმით, დემონსტრანტების დახოცვის „კრიმინალური ბრძანება“ იანუკოვიჩმა გასცა

უკრაინის უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენელთა განცხადებით, თებერვალში კიევში დემონსტრანტების დახოცვის ფაქტი განხორციელდა აწ უკვე გადაყენებული პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, „პირდაპირი ხელმძღვანელობით“. ამასთან, უკრაინა რუსეთის უშიშროებას სდებს ბრალს რეპრესიებში მონაწილეობაში.

შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა კიევში ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იანუკოვიჩმა „გასცა კრიმინალური ბრძანება 18-20 თებერვალს დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გახსნის“ თაობაზეო.

გასული წლის ნოემბერში დაწყებული დემონსტრაციების დროს 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს - მათი უმრავლესობა 18-20 თებერვალს დახოცეს. დაღუპულთაგან ბევრი, როგორც ჩანს, სნაიპერთა ტყვიებმა იმსხვერპლა.

იანუკოვიჩი მიმალვაში წავიდა სნაიპერთა მიერ გახსნილი ცეცხლით ყველაზე ბევრი ადამიანის დახოცვიდან, 20 თებერვლიდან, ერთი დღის შემდეგ. მოგვიანებით პარლამენტმა მისი გადაყენების გადაწყვეტილება  მიიღო.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ვალენტინ ნალივაიჩენკომ ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კიევში, მაიდანზე მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების დროს უკრაინაში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის, ეფესბეს მუშაკები იმყოფებოდნენო:„პირველი საკითხი - 2013 წლის 20 დეკემბერს უკრაინის უშიშროების სამსახურის პოლიგონზე იმყოფებოდა რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის 26 მუშაკი. ჩვენ გვსურს ახსნა-განმარტება მივიღოთ მათ მიერ აქ გადადგმული ნაბიჯების, მათი რანგის და დავალებების შესახებ“. 

ნალივაიჩენკომ დასძინა, რომ, გამომძიებლების ვარაუდით, ეფესბეს წარმომადგენლები დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გახსნის პროცესში იყვნენ ჩართული: „2014 წლის იანვრის შუა მონაკვეთში უკრაინის უშიშროების სამსახურის პოლიგონზე იმყოფებოდა ეფესბეს ექვსი მუშაკი, რუსეთის მოქალაქეები. კიდევ ერთხელ ვსვამთ კითხვას - რას აკეთებდნენ აქ, რა დავალება ჰქონდათ, რა მზადდებოდა? გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ [რუსეთის მოქალაქეების] ჯგუფები, რომლებიც უკრაინის უშიშროების პოლიგონზე იყვნენ განთავსებული, მონაწილეობდნენ ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებაში“.

უკრაინის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ მახნიტსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი უწინდელი განცხადება უკრაინის აწ უკვე გაუქმებული სპეცრაზმის, „ბერკუტის“ წევრების დაპატიმრების თაობაზე. ისინი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნაში არიან ეჭვმიტანილნი: „სისხლისსამართლებრივი გამოძიების რამდენიმე მეთოდის გამოყენებით - მათ შორის, ფსიქოლოგიური და სიცრუის დეტექტორის გამოყენებით ფიზიოლოგიური დაკითხვის - ჩვენ დავადგინეთ პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მაიდანზე ადამიანებისთვის ცეცხლის გახსნაში. დღეის მონაცემებით, აწ უკვე დაშლილი სპეცრაზმის - „ბერკუტის“  - 12 წევრია დაკავებული და მიმდინარეობს გამოძიება“.

რუსეთი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, „მტკიცებულების უზარმაზარი რაოდენობა“ წინააღმდეგობაში მოდის უკრაინის მთავრობის განცხადებასთან, რომ კიევში დემონსტრანტებს ცეცხლი იანუკოვიჩის ერთგულმა სნაიპერებმა გაუხსნესო. „სნაიპერების შესახებ სიმართლის დადგენა გამჭვირვალედ უნდა მოხდესო“, - უთხრა ლავროვმა ჟურნალისტებს მოსკოვში.

მანამდე რუსეთის ეფესბეს წარმომადგენლებმა უარყვეს  მაიდანზე განვითარებულ მოვლენებში რაიმე ფორმით მონაწილეობა. „ეს ბრალდებები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სინდისზე იყოსო“, - უთხრა ეფესბეს პრესმდივანმა რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებს.

გასულ თვეში რუსეთმა გამოთქვა ვარაუდი, რომ უკრაინაში პოლიციას ცეცხლი პირველად ულტრანაციონალისტებმა გაუხსნეს. რუსეთის ვერსიით, ულტრანაციონალისტების მიზანი იყო უფრო მასშტაბური შეხლა-შემოხლის პროვოცირება, რომელიც შემდეგ იანუკოვიჩსა და კრემლში მის მხარდამჭერებს დაბრალდებოდათ.