აქცია რუსთაველზე, რომელსაც ხელისუფლება არ იმჩნევს!

აქცია რუსთაველზე, რომელსაც ხელისუფლება არ იმჩნევს!

უკვე რამდენიმე დღეა, რაც რუსთაველზე, ყოფილი პარლამენტის წინ, ადამიანები ათენ-აღამებენ. იქ გამვლელი უთუოდ შეამჩნევს შენობაში შესასვლელ კიბეებზე გაკრულ ბანერებს წარწერებით: “დაუბრუნდეს ნაძარცვი ხალხს!” “ჩვენი ქონება სხვისდება!” “არ იქნება სამართალი _ არ იქნება მშვიდობა!”

ერთი კვირაა, რაც ხელისუფლება იმყოფება პოზიციაში, რომელსაც “არაფერი ესმის, ვერაფერს ხედავს და ვერაფერს გრძნობს.” ამ აქციას ქართული ტელესივრცეც იმ “ობიექტურ” ყურს მიღმა ატარებს, რომელიც ნელ-ნელა ეხშობა და საჭიროზე მეტად, გასართობი გადაცემების კეთებაზეა ორიენტირებული.

ფრიდონ მერებაშვილი _ პოლიტპატიმარი:

_ აქციის დაწყების დღიდან აქ ვარ. აგერ, ბანერებზეც წერია ჩვენი მოთხოვნები: “შეჩერდეს იპოთეკური გამოსახლებები,” “პოლიტპატიმრების მიმართ სამართლიანობა აღდგეს”… ჩვენ რომ გვცნო დღევანდელმა პარლამენტმა პოლიტპატიმრებად, ვიღაცამ ხომ გვაქცია ამად? რატომ არ სჯიან მათ? კი არ დასაჯეს, პირიქით, უმრავლესობა დააწინაურეს. რახან პოლიტპატიმრად მცანი, ე. ი. ტყუილუბრალოდ ვიჯექი ციხეში და ვინც დამიჭირა, მან ხომ უნდა აგოს პასუხი?

_ კონკრეტულად თქვენი საქმე რას ეხებოდა? რატომ დაგიჭირეს?

_ მე ვიყავი ირაკლი ოქრუაშვილის “ქართული პარტიის” ერთ-ერთი აქტივისტი. ერთ დღეს ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გავედი, როცა უცებ ჯიპებით მოვარდნენ, ამიყვანეს და მეუბნებოდნენ, ვითომ ვიღაც “რუსის ვანიას” უნდა მოეცა ჩემთვის იარაღი, რომელიც შემდეგ უნდა დამერიგებინა და ასეთი მამაძაღლობები… შვიდნახევარი წელი მომისაჯეს, კიდევ მპირდებოდნენ წლების დამატებას და, მთლიანობაში, 22 წელი უნდა მოეცათ.

_ მხოლოდ იმიტომ დაგაკავეს, რომ “ქართული პარტიის” აქტივისტი იყავით?

_ არ მომწონდა ყოფილი მთავრობის საქციელი, ყველაფერს არასწორად აკეთებდნენ და ერთ-ერთი ხელის შემშლელი ვიყავი. 2011 წლის 18 მაისს დამიჭირეს. სინამდვილეში, საბუთებში ჩაწერეს, რომ, თითქოს, 19-ში დამიჭირეს და ეს ერთი დღე, წარმოიდგინეთ, რას გავივლიდი იქ?!. შვილების გაუპატიურებით მემუქრებოდნენ, რომ ის მეღიარებინა, რაც არ ყოფილა! ეს აღიარება რომ ვერ მიიღეს, მერე “წამალი” გამიკეთეს და ჩამიდეს… უშუალოდ დათა ახალაია და სოსო თოფურიძე ღებულობდნენ ჩემს წამებაში მონაწილეობას! დენზე მაერთებდნენ და ისე მაწამებდნენ…

_ ახალაია და თოფურიძე თქვენი წამების ბრძანებას გასცემდნენ, თუ თავადაც მონაწილეობდნენ?

_ უშუალოდ მონაწილეობდნენ! “შენისთანები იმდენი გვყავს გასტუმრებულიო” და ასეთ რაღაცებს მეუბნებოდნენ… ჩემი საქმის პროკურორი ნათია სონღულაშვილი იყო, რომელიც დღეს დაწინაურებულია და რომელი სამართლის აღდგენაზეა საუბარი, ან ვისი იმედი უნდა მქონდეს?

 

რამაზ გაგნიძე _ პოლიტრეპრესირებული:

_ “ნაციონალების” დროს ორჯერ ვიყავი დაჭერილი და ორჯერვე წამართვეს სხვადასხვა სახის ქონება: ერთხელ ბიზნესი, ერთხელ ბინა. ჩემი ბიზნესის წართმევაში კონკრეტულად ერეოდნენ ქალაქის სასამართლო ადმინისტრაციის მაშინდელი ხელმძღვანელი, ვალერიან გავაშელი, რომელიც ისევ სისტემაშია და იუსტიციის საბჭოს მაშინდელი მდივანი, დღესდღეობით, ქალაქის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, ვალერი ცერცვაძე. რაც შეეხება ბინას, მის წართმევაში მომღერალი ლექს-სენი და, ასევე, კუდ-ისა და სოდ-ის რამდენიმე მაღალჩინოსანი ჩაერია.

_ მომესმა თუ სწორად გავიგე, რომ საკუთრების ხელყოფაში ლექს-სენს ადებთ ხელს?

_ დიახ, მომღერალ ლექს-სენზე ვამბობ, რომელიც დღეს იმ ჩემს დაკარგულ ბინაში ცხოვრობს!

_ რა შუაშია ლექს-სენი, როგორ ჩაერია ამ პროცესში? მართლა დავიბენი…

_ ოფიციალურად დამიბარეს სოსო თოფურიძესთან და იქ პირადად თოფურიძემ და კუდ-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მითხრეს, ლექს-სენი არის ჩვენი აგენტი და ეს კაცი იქნება შენს ბინაშიო! ეს ადამიანი აწარმოებდა ჩემ საწინააღმდეგო მთელ რიგ პროცესებს!

_ იქნებ, ცოტა ვრცლად ამიხსნათ, ამ მომღერალს რა კავშირი ჰქონდა ან თოფურიძესთან, ან თქვენთვის ჩამორთმეულ ბინასთან?

_ გეტყვით: ლექს-სენმა “ნაციონალების” ფულით იყიდა ჩემი ბინა, რომელსაც მე მართმევდნენ. ფაქტობრივად, ბინა უკვე წართმეული მქონდა და უგულავას მხრიდან ძალდატანებით უნდა გადამეფორმებინა. ცალკე თოფურიძე და ლექს-სენი მონაწილეობდნენ ამაში და ცალკე უგულავა, ზედამხედველობის სამსახურთან ერთად! ეს იყო შეკრული კონგლომერატი ჩემ წინააღმდეგ. დიღომში არის ავეჯის სახლი, გვერდზე ორსართულიანი მაღაზიაა, რომელიც მე მეკუთვნოდა, მეხუთე წელია ვცდილობ მის დაბრუნებას სასამართლოს საშუალებით და, ღმერთის წყალობით, მე მგონი, დავიბრუნებ.

_ დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან თუ ყოფილა რამე სახის გამოხმაურება? არავინ არ დაგკავშირებიათ?

_ არავითარი გამოხმაურება არ ყოფილა! არავის არ აინტერესებს არც პოლიტდევნილები, არც პოლიტპატიმრები, არც უსაფუძვლოდ ქონებაწართმეულები… ასეთი 350 ათასზე მეტი პირია, რომელთა უკან ოჯახები დგას, მაგრამ მთავრობიდან რეაქცია ნულია! ჩვენ შეიძლება გადავიდეთ შიმშილობაზე და ისე ნუ გააკეთებენ, რომ ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნა დავიწყოთ! მინდა დავამატო: გვაქვს ინფორმაცია, რომ 17 მაისს, ან მანამდე „ნაციონალებს” უნდათ თბილისში „მაიდნის“ მოწყობა და ამას ჩვენ არ დავუშვებთ! როგორც გამოვლენ, ისევე დავხვდებით!

_ იქნებ, ისინი სწორედ პროვოკაციის მიზნით აპირებენ გამოსვლას, რომ ზუსტად დაპირისპირება გამოიწვიონ? ამაზე არ გიფიქრიათ?

_ მაგათ ენაზე „მაიდანი“ დაკავშირებული არის კონკრეტულად „მოლოტოვის“ კოქტეილებთან, სნაიპერის შაშხანებთან, იარაღთან, ყუმბარებთან, ხალხისა და პოლიციელების დახოცვასთან, ანუ შეიარაღებულ გადატრიალებასთან! რახან „მაიდანი“ ვახსენე, ამას უკვე მარტო პროვოკაციის კი არა, კონკრეტულად სამოქალაქო ომის სუნი ასდის და ვიმეორებ: მათ ისევე დავხვდებით, როგორც თვითონ მოიქცევიან!“