სამზადისი პოლიტიკური დესტაბილიზაციის ინსპირირებისთვის

სამზადისი პოლიტიკური დესტაბილიზაციის ინსპირირებისთვის

რადიკალური ოპოზიციის გეგმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია დიდი რაოდენობით მოსახლეობის ქუჩაში გამოყვანა. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ოპოზიციის ერთი ნაწილის მოსაზრებით, მარტივად შესაძლებელია 100 ათასი კაცის გამოყვანა, მეორე ნაწილის აზრით, ეს შეუძლებელია, ამიტომ აუცილებელია, რეგიონებიდან ხალხის ისე ჩამოყვანა, რომ ამას ოფიციალური სახე არ მიეცეს. ეს ნიშნავს, რომ მხარდამჭრები ორგანიზებულად უნდა ჩამოიყვანონ, მაგრამ შეუმჩნევლად. საბოლოდ შეჯერდნენ სწორედ იმაზე, რომ თბილისში, მხარდამჭერების მობილიზება 1 ოქტომბრიდან დაიწყოს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო არავის მისცემს საშუალებას, რომ  ქვეყანაში 90-იანი წლები დაატრიალოს, რასაც ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი გარე გულშემატკივრებით აპირებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ერთადერთი გზა, რაც რადიკალურმა ოპოზიციამ დაიტოვა, არის ექსტრემიზმი. ეს არის გარე მითითებების მიხედვით მოქმედების შედეგი.

„ერთი წელი გადის უკვე საპარლამენტო არჩევნებიდან. ქვეყანა შეაყრევინეს გარედან და დღემდე ვერ დადეს არჩევნების გაყალბების რამე, სანდო მტკიცებულება. შეგახსენებთ, არჩევნების დღემდე საერთოდ არ ჰქონდათ პრეტენზია, ან რამე მნიშვნელოვანი პრეტენზია წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, არჩევნების დღესაც არანაირი მნიშვნელოვანი პრეტენზია არ ჰქონდათ. მხოლოდ შედეგის გაგების შემდეგ დაიწყეს ფიქრი და იქაც ვერაფერი მოიფიქრეს, თქვეს, რომ რუსეთი ჩაერია, შემდეგ 5 დღე იფიქრეს და ხან გაჟონვა თქვეს და ხან, თურმე, ვიღაც ორჯერ იყენებდა პირადობის მოწმობას. ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა. აი, ამ ტყუილში ჩააგდებინეს მათმა უცხოელმა მფარველებმა თავი.

მინდა, გავაფრთხილო ის პარტიები და „ენჯეოები“, რომლებიც ამ ესკალაციაში არიან ჩართულები, გავაფრთხილო ის უცხოელები, რომლებიც ამ ფაქტს აკნინებენ და ნორმალურად მიიჩნევენ - პასუხისმგებლობა ნებისმიერი სახის ექსცესზე მათ მხრებზე იქნება. სახელმწიფო არავის მისცემს იმის საშუალებას, რომ აქ 90-იანი წლები დაატრიალოს, რასაც ახლა „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი გარე გულშემატკივრებით აპირებს. ვეღარავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, ჩუმად ვერცერთი უცხოელი იქნება, ამ შემთხვევაში. ყველას, ვინც ასეთ შიდა ტერორისტთან სალონურ ურთიერთობაშია, საჯაროდ ვკითხავთ, რა არის მათი პოზიცია და ყველამ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, რადიკალებმა იციან, რომ ქართველ ხალხში არ აქვთ ნდობა. ამიტომ, ისინი მხარდაჭერას ეძებენ ქვეყნის გარედან. ეს არის სწორედ სუვერენიტეტზე სრული უარის თქმა. ეს არის მონობის გაფორმება უცხო ქვეყნებზე.

„არავის უნახავს კანდიდატი ოპოზიციიდან, რომელიც მივა და ხალხს ეტყვის: აი, საბავშვო ბაღს გავაკეთებ, ან ასფალტს დავაგებ, ან რამეს გავაკეთებ. რატომ? იმიტომ, რომ მათ არაფერი აქვთ სათქმელი, რადგან იციან, ქართველ ხალხში მათ არ აქვთ ნდობა. ამიტომ, ისინი მხარდაჭერას ეძებენ ქვეყნის გარედან, ეს არის სწორედ სუვერენიტეტზე სრული უარის თქმა. ეს არის მონობის გაფორმება უცხო ქვეყნებზე, რასაც კარგად ხედავს ხალხი და ამის მიხედვითაც გააკეთებს არჩევანს“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ექსპერტის უსაფრთხოების საკითხებში, დავით კუხალაშვილის განცხადებით, რეალურად სახეზე გვაქვს ყველა ნიშანი იმისა, რომ ძალიან დიდი სამზადისია სახელმწიფოში, პოლიტიკური დესტაბილიზაციის ინსპირირებისთვის. მათ შორის, ანტიტერორიზმის მიმართულებით განხორციელებული ქმედებები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ვითარება არის რთული.

„ორი მიმართულებით უნდა განვიხილოთ ეს მიმართულება: ერთი ის, რომ შეიძლება უშუალოდ ჩვენი ქვეყანა გახდეს სამიზნე ტერორისტული აქტებისა და მეორე, მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც შედის იმ გარე და შიდა ძალების ინტერესებში, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, რომ პოლიტიკური დესტაბილიზაციით მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, საქართველოს ტერიტორია გამოყენებულ იქნას გარკვეულ გამტარად - ტრანზიტად და, ვთქვათ, ასაფეთქებელი ნივთიერება მოხვდეს რუსეთის ტერიტორიაზე. აი, ეს არის მნიშვნელოვანი ე.წ. პროვოკაციული ქმედება, რომელიც დაგეგმილია და ხორციელდება სპეცსამსახურების მეშვეობით“, - აცხადებს კუხალაშვილი.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ფაქტები დაფიქსირდება, პოლიტიკური დესტაბილიზაციის მომხრე ძალები ფიქრობენ, რომ მოხდება მნიშვნელოვანი დაპირისპირება საქართველოსა და რუსეთს შორის, რადგან პოლიტიკური დესაბილიზაციის მომხრე ძალებს არ სურთ გარკვეული სტაბილიზაცია ქართულ-რუსულ ურთიერთობებში.

„ეს არის ერთი დიდი წრე, რომლის შუაში ჩვენ ვართ და ვერ ვწყვეტთ ამ ჯაჭვს, რომელიც თავზე მოგვახვიეს კოლექტიურმა დასავლეთმა და შიდა დესტრუქციულმა ძალებმა. ვფქრობ, რომ ვითარება უკიდურესად შეიძლება გამწვავდეს 4 ოქტომბრის შემდგომ. როგორც გარე და შიდა ძალების ოფიციალური განცხადებებიდან ჩანს, შესაძლებელია, ეს იყოს ბოლო გაბრძოლება, რომლითაც ან შეეცდებიან ძალადობრივად ჩაიგდონ ხელისუფლება ხელში, ანდა შესაძლებელია, ყველაფერი ისე დასრულდეს, რომ ამ ტიპის ქმედებებით დააჩქარონ საკუთარი თვითლიკვიდაცია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, დავით კუხალაშვილი.