პარლამენტში შალვა თათუხაშვილის საქმეზე მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის გამოსვლა ხმაურით წარიმართა და საბოლოო ჯამში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომის შეწყვეტით დასრულდა.
საათნახევრის განმავლობაში, კომიტეტის სხდომა უმცირესობა-უმრავლესობის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. თუ ირმა ნადირაშვილმა და ჩიორა თაქთაქიშვილმა ირაკლი შოთაძის გამოსვლა მაგიდაზე ხელის დარტყმით გააპროტესტეს, გია ჟორჟოლიანმა დათა ახალაიას მკვლელი უწოდა და სხდომის შეწყვეტა მოითხოვა.
ირაკლი შოთაძის მოხსენება სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, მას უმცირესობამ რამდენიმე კითხვა დაუსვა და დროის დიდი ნაწილი უმრავლესობისა და უმცირესობის წევრების ჩხუბს დაეთმო.
კომიტეტის სხდომაზე პირველი დაპირისპირების მიზეზი სხდომის ფორმატი გახდა. ნაციონალებმა თათუხაშვილის ვიდეომასალის ნახვა არ ისურვეს, მოგვიანებით კი, მათ „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ ამსახველი კადრების ჩვენებაც დაგმეს.
ხმაურის მიუხედავად, ირაკლი შოთაძემ თათუხაშვილის საქმის დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გამოძიების მიზანი იმის დადგენაა, პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე უკანონობას.
მისი თქმით, თათუხაშვილის გამოძიებას საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექცია აწარმოებს.
„გამოძიება შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების დღიდან არ შეჩერებულა. თათუხაშვილის გარდაცვალების დღიდან გვაქვს მცდელობები, რომ ოჯახის წევრები დავკითხოთ, მაგრამ ისინი უნდობლობას აცხადებენ და დაკითხვაზე არ ცხადდებიან. ამაში იმ ადამიანის ზეგავლენას ვხედავ, რომელიც პარალელურად არის დათა ახალაიას დამცველიც და რომლის ინტერესებშიც შედის ეჭვქვეშ დადგეს თათუხაშვილი ჩვენება“, - აღნიშნა შოთაძემ, რომელმაც თათუხაშვილის დაკითხვა გაიხსენა.
მთავარი პროკურორის მოადგილის ცნობით, თათუხაშვილმა პროკურატურას დაცვის დანიშვნა სთხოვა, მას დაცვა დაენიშნა და ის 24 თებერვალს კონსპირატიულ ბინაში იქნა გადაყვანილი, მაგრამ მან საკუთარი ნივთების აღების მიზნით, დაცვას საკუთარ სახლში მიყვანა სთხოვა.
„25 თებერვალს მისი საცხოვრებელ ბინაში გადაყვანა მოხდა, საიდანაც ის ფანჯრიდან გაიქცა. პროკურატურა მისი ადგილსამყოფელის გაგებას ცდილობდა. როგორც გაირკვა, ის სოფელ თელეთში იმყოფებოდა, სადაც მისი სახლია. მოგვიანებით მან განმარტა, რომ შიში ჰქონდა პროკურატურაში ახალაიას ახლობლები არ ყოფილიყვნენ და ამიტომ გადაწყვიტა საკუთარი თავი თავად დაეცვა“, - აღნიშნა შოთაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ თათუხაშვილის პოვნა ერთ-ერთ ბარში მოხდა, სადაც მას პოლიციამ ვინაობის დასახელება მოსთხოვა.
შოთაძეს ინფორმაციის საპასუხოდ, რომ თათუხაშვილი ფანჯრიდან გაიპარა, ირმა ნადირაშვილი გამოეხმაურა და კომიტეტის სხდომაზე ფოტომასალა წარადგინა, საიდანაც ირკვევა, რომ თათუხაშვილის კუთვნილი ბინის ყველა ფანჯარა გისოსებით არის აღჭურვილი.
„ამ სახლში უძრავი გისოსების გარეშე არცერთი ფანჯარა არ არის და მაინტერესებს, თათუხაშვილი რომელი ფანჯრიდან გადაიპარა? ექსპერიმენტი ჩავატაროთ - როგორ გაძვრებით ამ ფანჯრებიდან!“, - მიმართა შოთაძეს ნადირაშვილმა, რაზეც პროკურორმა უპასუხა, რომ თათუხაშვილის ფანჯრიდან გაპარვის თაობაზე საგამოძიებო ექსპერიმენტი არ ჩატარებულა და გამოძიება მის ჩვენებას დაეყრდნო.
ირმა ნადირაშვილმა შოთაძის დაზუსტებას ტყუილი უწოდა და მას შეახსენა, რომ გუშინ გამართულ პრესკოფერენციაზე შოთაძემ აღნიშნა, რომ თათუხაშვილის ფანჯრიდან გაპარვა გამოძიებით დადგინდა.
თანაგუნდელის მსგავსად, ირაკლი შოთაძეს კითხვებით პავლე კუბლაშვილმაც მიმართა და დაინტერესდა, გატარდა თუ არა რაიმე ღონისძიება დაცვის იმ წევრების მიმართ, რომელთაც დასაცავი პირი გაეპარათ.
„როცა ჟვანიას წევრს იმის გამო აკავებთ, რომ დასაცავი ობიექტი დატოვა, თათუხაშვილის დაცვის წევრებს, რა ბედი ეწვიათ? ამას გარდა, 24 თებერვლიდან 18 მარტამდე არცერთი ღონისძიება არ გაატარეთ, რომ ფანჯრიდან გაპარული თათუხაშვილი გეპოვათ? არ დაინტერესდით, ის ადამიანი სად იყო, რომელსაც საფრთხე ემუქრებოდა? იქნებ, თათუხაშვილი კი არ გაიპარა, ცუდმა ბიძიებმა გაიტაცეს და ეს არ გაარკვიეთ?“, - მიმართა შოთაძეს კუბლაშვილმა.
აღნიშნული კითხვების შემდეგ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ისევ ხმაური დაიწყო და ეკა ბესელიამ სხდომის მიმდინარეობა შეწყვიტა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანების ტრაგედიებით მანიპულირებს, რაც დაუშვებელია.
„სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების სახე წარმოჩინდა. მზად ვიყავით, რომ ყველა საკითხი განგვეხილა, მაგრამ მათ პოლიტიკური მასკარადის გამართვის უფლება არ მივეცით. თათუხაშვილის საქმეზე კომიტეტი მუშაობას პროკურატურასთან გააგრძელებს“, - განაცხადა ბესელიამ, რომლის მსგავსად, ირაკლი შოთაძე მიიჩნევს, რომ სხდომის გაგრძელება შეუძლებელი იყო.
მთავარი პროკურორის მოადგილის მოსაზრებით, ნაციონალები განსახილველ საკითხს არ ისმენენ, პირიქით, ყვირიან, ჩხუბობენ და ადამიანების მიმართ შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობენ.
„ფაქტია, რომ მათ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ აინტერესებთ. იმის შესაძლებლობასაც არ იძლევიან, რომ ადამიანმა კითხვებზე პასუხი გასცეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ვპასუხობთ, ისინი სხვა კითხვებზე გადადიან და ყვირიან. სამუშაო პროცესი ეს არ არის“, - განაცხადა შოთაძემ, რომელსაც ოპოზიციონერები აკრიტიკებენ.
გოკა გაბაშვილის განცხადებით, პროკურატურას საზოგადოების დარწმუნება სურს, რომ თათუხაშვილმა დაცვა მოითხოვა, შემდეგ მყარი გისოსებიდან გაეპარა და ამის შემდეგ, 25 თებერვლიდან 18 მარტამდე, ეს ადამიანი არ მოიკითხეს.
„მამამის რატომ არ უთხრეს, რომ შენი შვილი გატაცებული კი არ არის, ჩვენ გვყავდა წაყვანილიო? თურმე, ეს ადამიანი ტყეეში იყო, მერე მოკვდა. უნიჭობასაც აქვს საზღვარი, მათ შორის დანაშაულის დაფარვასაც! მკვლელობის შემდეგ, ასე ცინიკური საუბარი საზოგადოების შეურაცხყოფაა“, - განუცხადა for.ge-ს გაბაშვილმა, რომლის პათოსსაც იზიარებს გივი თარგამაძე.
საკითხზე საუბრისას თარგამაძე ყურადღებას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ამახვილებს.
„კომისიის შექმნას კომიტეტი ვერ ჩაანაცვლებს, რა დავალებაც არ უნდა იყოს პროკურატურის. სამწუხაროა, რომ ოთარ ფარცხალაძე მართავს არა მხოლოდ პროკურატურას, არამედ შეგვიძლია, ის პარლამენტის თავმჯდომარედაც მოვიაზროთ, რადგან დღის წესრიგს ის განსაზღვრავს. გუშინ, ფარცხალაძემ პლენარული სხდომის დღის წესრიგი გაწერა, დღეს კი კომიტეტის სხდომა დაგეგმა და მაშინ დაასრულა, როცა საჭიროდ ჩათვალა“, - განუცხადა for.ge-ს თარგამაძემ.
პავლე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი შოთაძემ მხოლოდ ორ კითხვას გასცა პასუხი და ისიც ტყუილი იყო, რომელიც სხდომაზევე გამოაშკარავდა.
„სამწუხაროა,უმრავლესობას იმის გამბედაობა არ ჰყოფნის, რომ პროკურორის მოადგილეს მიუთითოს სხდომაზე მსგავსი ტყუილებთ არ მოვიდეს. უმრავლესობის ბევრ წევრს იგივე კითხვები აწუხებს, უბრალოდ, ისინი ფარცხალაძისთვის კითხვის დასმას ვერ ბედავენ“, - დასძინა კუბლაშვილმა, რომლის გუნდსაც ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საქმის პოლიტიზირებაში ადანაშაულებს.
კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სინამდვილეში დეტალების გარკვევით არ არის დაინტერესებული.
„როცა გამოძიება დასრულდება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა დაიდება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ცხადია, შუალედურ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვით. იქნებ სწორედ ახალაიას არ აწყობდა ეს ადამიანი ცოცხალი, რომლის მიმართაც მან ჩვენება მისცა. საქმეზე ბევრი კითხვის ნიშანია და წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვით, რადგან არ მინდა, ვინმეს რაიმე დავაბრალო“, - აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ უმცირესობამ თათუხაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, მაგრამ საკითხი გუშინ, პლენარულ სხდომაზე ჩავარდა. შალვა თათუხაშვილი დათა ახალაიას, კერძოდ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე პორკურატურის ერთ-ერთი მოწმე იყო. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 24 მარტს გავრცელდა. ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა შალვა თათუხაშვილის ცხედრის ფოტოსურათებიც გაავრცელა, რომელზეც დაზიანებები აღინიშნება. არსებული ინფორმაციით, შალვა თათუხაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა. ოჯახის წევრების განცხადებით, მასზე, სასურველი ჩვენების მოპოვების მიზნით, გამომძიებლებისგან ზეწოლა განხორციელდა.