"პარლამენტის სხდომაზე იმიტომ გავმწარდი, რომ "ნაციონალებმა " დაიწყეს საუბარი ისევ იმ ტონით, რომ თვითონ არიან უფრთო ანგელოზები, ახლა კი საქართველოში კატასტროფა ხდება, დევნიან თურმე - ერთი დეპუტატი გამოვიდა და თქვა, პატარა ბავშვებს დაემუქრნენო, რაზეც გავღიზიანდი კი არა, გავგიჟდი კინაღამ, ამან სულ მთლად გადამრია - 2012 წელს ჩემს სიძესა და შვილს რომ შეუვარდნენ დილის 7 საათზე, ჩემი ორი შვილიშვილი სახლში იყო. შეათრიეს კალაშნიკოვის ავტომატი ბინაში, რომელიც ოროთახიანია სულ. ბავშვებს გული გაუსკდათ, ტიროდნენ. საწოლის ქვეშ ვერ ტენიდნენ ავტომატს, შეამტვრიეს და ისე შეაგდეს შიგნით. მერე ვითომ აღმოაჩინეს ბინაში იარაღი. ეს ყველაფერი მოხდა ჩემი შვილიშვილების თვალწინ. დააკავეს ჩემი სიძე იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით", - აცხადებს მერობის კანდიდატი, პარლამენტარი გია გაჩეჩილაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გია გაჩეჩილაძე: "მივმართავ ხელისუფლებას - დაამთავრეთ რა, დაამთავრეთ ეს კონცერტი. მოვითხოვ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები"
"ეს ყველაფერი მოხდა ჩემს გამო - მე ვერ შემეხნენ, რადგან "ევროპელი მწვანეების" წევრი ვარ და სიძეს მიადგნენ. არასდროს გამომიყენებია ჩემი ოჯახური ამბები პოლიტიკური მიზნებისთვის, მაგრამ ისე გავღიზიანდი, რომ ვერ მოვითმინე და ვთქვი. თუ როგორ მებრძოდა წინა ხელისუფლება, მარტო ჩემი ოფისის ამბავიც კმარა გასახსენებლად. ახლა გამოდიან და ქვითინებენ სამართლიანობაზე. ეს არაა პოლიტიკური გუნდი, ესენი არიან კრიმინალური დაჯგუფების წევრები. მე ვერ ვუძლებ ნაციონალებთა ერთად ჯდომას პარლამენტის სხდომებზე. იშვიათად გამოვდივარ წყობიდან, 21 წელია პოლიტიკაში ვარ და ათასი რამ გადამხდენია თავს, ყველა პრობლემა ჩემზე გადავიდა, მაგრამ რაღაცას ხომ აქვს საზღვარი და ვერ ითმენ ადამიანი. არ ვარ ემოციური, მაგრამ ბავშვების ხსენებამ გამომიყვანა წყობიდან. ასე ემოციით რომ ვიყო, ამდენი ხანი პოლიტიკაში ვარ და ცოცხალიც არ ვიქნებოდი", - აღნიშნავს გია გაჩეჩილაძე.
"ახლა "ნაციონალები" წვალობენ, როგორმე თავი რომ გადაირჩინონ, ცდილობენ საზოგადოებას მათი დანაშაული დაავიწყონ. ქვეყანას პრობლემები შეუქმნეს, საზოგადოება გათელეს. ეგენი ვერაფერს მიაღწევენ სანამ ჩვენ ცოცხლები ვართ. პოლიტიკური პარტია კი არა კრიმინალები არიან. ამიტომაც ვითხოვ, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. საზოგადოებამ საბოლოოდ შეაფასოს ყველა პოლიტიკური სუბიექტი, ეს არის ახლა მნიშვნელოვანი და ვნახავ, როგორ მოხვდებიან ეგენი პარლამენტში. ახლა ნახავთ, რას იზამენ ადგილობრივ არჩევნებში. რაც შეეხება უმრავლესობას, არ ვიცი, ვინაა ამის მომხრე, რადგან საუბარი არ მქონია მათთან. მაგრამ იმდენად დამაინტერესა ახლა, რომ ვაპირებ დაველაპარაკო მათ - მეც მაინტერესებს მათი პოზიციები. დღეს დაძაბული სიტუაცია იყო და ფაქტობრივად, საუბარი ვერავისთან მოხერხდა. აუცილებლად გავახმოვანებ საუბრის შედეგს", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "თუ პარლამენტში ვერ მოხერხდა საკმაო რაოდენობის მხარდამჭერების მოგროვება, ხომ არ აპირებთ არასაპარლამენტო პარტიებთან ერთად გააგრძელოთ ვადამდელი არჩევნებისთვის ბრძოლა?" - პასუხობს:
"ჯერ ვერ გეტყვით. ისე, მგონი, არასამთავრობო სექტორი თუ ჩაერთვება ამ ამბავში, ძალიან კარგი იქნება, რადგან არასამთავრობოებს გაცილებით მეტი გავლენა აქვთ, ვიდრე წინა პერიოდში. ვნახოთ საზოგადოების განწყობაც".