სტრატეგია ,,ანაკონდა’‘ მოქმედებაშია, ანუ რუსეთის იმპერიის დასასრული

სტრატეგია ,,ანაკონდა’‘ მოქმედებაშია, ანუ რუსეთის იმპერიის დასასრული

ეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი გახდა ალენ დალესი, რომლის მეთაურობით შემუშავებულ იქნა სსრ კავშირის დაშლის გეგმა სახელწოდებით _ „ანაკონდა“. სტრატეგიის ძირითადი არსი ის იყო, რომ სსრ კავშირი, როგორც სახელმწიფო, უნდა გამქრალიყო არა ომის, არამედ თანდათან, სსრ კავშირის სრულ იზოლაციაში მოქცევისა და ეკონომიკური კრიზისის გამწვავების გზით. სწორედ ეს იყო სტრატეგია „ანაკონდას“ მოქმედების გამოხატულება და სწორედ ამან გამოიწვია 1989- 90 წლებში ჯერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კომუნისტური რეჟიმების დამხობა, ხოლო 1991 წლის დეკემბერში თავად სსრ კავშირის გაქრობა. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო სტრატეგია „ანაკონდას“ გეგმის მეორე ნაწილის განხორციელება _ რუსეთის იმპერიის დაშლა.    

რუსეთის იმპერიის კრახის პირველი ნიშნები უკვე 1995 წლის ბოლოსა და 1996 წლის დასაწყისში გამოჩნდა. 1996 წლის მაისში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში ბორის ელცინი უცილობლად წააგებდა კომუნისტების ლიდერ გენადი ზიუგანოვთან, რომ არა აშშ-ს მიერ გადმოგდებული მაშველი რგოლი _ აშშ-მ ბორის ელცინს, კრედიტის სახით, 100 მილიონი დოლარი მისცა, რომელიც ამ უკანასკნელმა, 1996 წლის აპრილში დაარიგა ხელფასების სახით და ჩააქრო მღელვარება, რითაც მოიგო კიდეც საპრეზიდენტო არჩევნები. პარალელურად, აშშ-ს ხელისუფლებამ იმავე პერიოდში 100-100 მილიონი დოლარი მისცა სვერდლოვსკის ოლქის გუბერნატორ ედ. როსელსა და სარატოვის ოლქის გუბერნატორ აიაცკოვს. ამით დაიწყო რუსეთის სახელმწიფოს სხეულში ნელი მოქმედების ნაღმების ჩადება, რომელთაგან ერთ-ერთმა იმავე 1996 წლის სექტემბერში იფეთქა. კერძოდ, სვერდლოვსკის ოლქის გუბერნატორმა ედ. როსელმა თავის ოლქში მიმოქცევისთვის დაბეჭდა საკუთარი ფული _ „ურალსკიე ფრანკი“. ამასთანავე, დაიწყო საუბარი ურალის დამოუკიდებელი რესპუბლიკის ჩამოყალიბებაზე.

ამგვარად, რუსეთის რღვევა ჯერ კიდევ 1996 წელს დაიწყო შიგ შუაგული რუსეთიდან _ ურალიდან, მაგრამ იმ დროისთვის ეს ჯერ ნაადრევი იყო. მორიგი ქარიშხალი რუსეთს 1998 წლის აგვისტოში დაატყდა, როდესაც ე.წ. შავ სამშაბათს რუსული რუბლი, ფაქტობრივად, ჩამოიშალა. კვლავ დაიწყო ფასებისა და უმუშევრობის ზრდა, მასობრივი მღელვარება. ბორის ელცინის მიერ ხელდასხმულმა ვლადიმერ პუტინმა გაპრეზიდენტებისთანავე შემოიკრიბა ,,კაგებეშნიკი’‘ ამხანაგები და გაგრძელდა რუსეთის სახელმწიფოს ძარცვა- გლეჯა უფრო გიგანტური მასშტაბებით. რუსეთის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 700 მილიარდ დოლარს აღწევს, საიდანაც 25% ყოველწლიურად საზღვარგარეთის, პირველ რიგში, აშშ-ს, ევროპის ქვეყნებისა და ოფშორული ზონების ბანკებში ილექება რუსი ოლიგარქ- ჩინოვნიკების ანგარიშებზე. რუსეთის სახელმწიფოს ეკონომიკური ძარცვის მაგალითების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, მხოლოდ ერთ, ყველაზე თვალსაჩინოზე შევჩერდები _ სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშები. თავდაპირველად, სოჭის ოლიმპიური სოფლის ასაშენებლად ხარჯთაღრიცხვა შეადგენდა 12 მილიარდ დოლარს, რომელიც ძალიან მალე გაორმაგდა და 24 მილიარდი გახდა, საბოლოოდ კი ოლიმპიური სოფლის მშენებლობა 52 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა. ეს თანხა გაცილებით მეტია, ვიდრე ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ოლიმპიური სოფლების ასაშენებლად რაც თანხები დახარჯულა, ერთად შეკრებილი. რით არა ჰგავს ეს ფაქტი კომუნისტების მიერ ბამის უაზრო მშენებლობას? ასეთი ფაქტი ათასობითაა.

2008 წლის გაზაფხულზე, რუსეთის პოლიტიკურ წრეებში დაიწყო საუბარი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობის თაობაზე. რუსული ჟურნალის „ნიუ თაიმსის“ რედაქტორმა ე. ალბაცმა ჩაატარა გამოკითხვა ყველა ცნობილ რუს პოლიტიკოსსა და პოლიტოლოგს შორის და ყველამ ერთხმად განაცხადა _ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა, პირველ რიგში, რუსეთს დაღუპავსო. რა თქმა უნდა, ამის შესახებ კარგად უწყოდნენ რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა და პრემიერ- მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა. მიუხედავად ამისა, მედვედევმა და პუტინმა 2008 წლის 25 აგვისტოს მაინც სცნეს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა. ზუსტად 3 დღის შემდეგ, 28 აგვისტოს, დამოუკიდებლობა მოითხოვა თათრეთმა, რომლის პრეზიდენტმა მ. შაიმიევმა მხოლოდ მას შემდეგ თქვა უარი დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე, რაც ყაზანში ჩავიდა აშშ-ს მაშინდელი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და მასთან მოლაპარაკებები გამართა. 2014 წლის 16 მარტის ყირიმის რეფერენდუმის მხარდაჭერით. ვლადიმერ პუტინმა საბოლოოდ დაასამარა რუსეთის ერთიანი სახელმწიფო. რუსი შოვინისტების სიშლეგე იქამდე მივიდა, რომ არა მხოლოდ ყირიმი მიიტაცეს, არამედ სევასტოპოლსაც მისცეს რაღაც „განსაკუთრებული სტატუსი“ და შეიძლება, დონეცკსა და ხარკოვსაც წაეპოტინონ. ალბათ ყველას აინტერესებს, თუ რა მოჰყვება რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების მიტაცების ამ მცდელობას.

დავიწყოთ ეკონომიკური კატასტროფით, რაც რუსეთს ელის: 1. პირდაპირი ზარალი, რასაც რუსეთის ბიუჯეტი ყოველწლიურად მიიღებს, ესაა 200 მილიარდი დოლარი, ეს მაშინ, როდესაც რუსეთის ბიუჯეტის შემოსავალი სულ 700 მილიარდი დოლარია, ხოლო სარეზერვო ფონდი 500 მილიარდი, მთლიანი შიდაპროდუქტი კი 2 ტრილიონი დოლარი (შედარებისთვის, აშშ-ს მთლიანი შიდაპროდუქტი 17 ტრილიონი დოლარია); 2. ყირიმის მიერთება რუსეთისთვის იგივეა, კაცი რომ წყალში იხრჩობოდეს და მაშველი რგოლის ნაცვლად, წისქვილის ქვა გადაუგდო. ყირიმის შესანახად რუსეთს გაუჩნდება მორიგი შავი ხვრელი, სადაც მრავალი მილიარდი დოლარი ჩაიკარგება. მაგალითისთვის საკმარისია რამზან კადიროვის რეჟიმიც, რომლის შენახვა რუსეთის ბიუჯეტს ყოველწლიურად 5 მილიარდი დოლარი უჯდება და, ძირითადად, კადიროვის ფუფუნების საგნებზე იხარჯება; 3. ყირიმის გამო რუსეთის სახელმწიფოს ყოველწლიურ პირდაპირ ზარალზე _ 200 მილიარდ დოლარზე (ბიუჯეტის შემოსავლების 34%) უკვე მოგახსენეთ. ახლა ვისაუბროთ არაპირდაპირ, მაგრამ რუსეთისთვის უფრო გამანადგურებელ ზარალზე, კერძოდ: ა) დაიწყო რუსული რუბლის დევალვაცია, რამაც 20%-ს უკვე გადააჭარბა; ბ) რუსეთში მოღვაწე უცხოელი ინვესტორები სასწრაფოდ აიკრეფენ გუდა- ნაბადს და დახურავენ საწარმოებს; გ) რუსეთში აღარ შემოვა უცხოური ინვესტიციები და მოწინავე ტექნოლოგიები, რომლებზეც დიდადაა დამოკიდებული რუსეთის ეკონომიკა (მაგალითად, რუსეთის საკვები პროდუქტის ბაზრის 30% იმპორტს უკავია, ხოლო სხვა დანარჩენ, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო პროდუქციას _ რუსეთის ბაზრის 55-დან 80%-მდე), თვით სამხედრო მრეწველობაც კი. დ) რუსეთიდან ყოველწლიურად გაედინება კაპიტალი, რომელიც მისი ბიუჯეტის 25%-ს შეადგენს და იგი თითქმის 175 მილიარდ დოლარს უტოლდება, ამ წლის დასაწყისიდან, პირველ ორ თვეში, უკვე 35 მილიარდი დოლარი გაედინა რუსეთიდან და ეს იმ პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა ნამდვილი ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ე) რუსეთის მოსახლეობამ დაიწყო ბანკებიდან რუსული რუბლის გამოტანა, უცხოური ვალუტის შესყიდვა და საზღვარგარეთ გატანა, რაც ბანკებს იძულებულს გახდის, გაყიდონ თავისი აქტივები, შესაბამისად, დაეცემა ფასები ამ აქტივებზე. ძალიან მალე დაიწყება რუსული ბანკების გაკოტრებაც; ვ) ყირიმის კრიზისის დაწყებიდან რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ რუბლის დევალვაციის შესაჩერებლად მხოლოდ ორ თვეში 17 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. მხოლოდ „გაზპრომის“ ზარალმა იანვარ- თებერვალში 12 მილიარდი ევრო შეადგინა. ყველა ამ დანაკარგმა, საფონდო ბირჟების ზარალთან ერთად, წლის დასაწყისიდან უკვე შეადგინა 100 მილიარდი დოლარი; ზ) წლიდან წლამდე იზრდება საბიუჯეტო რესურსების ხარჯვა ისეთ უაზრო პროგრამებზე, როგორიცაა სამხედრო შეიარაღება. პუტინმა უკვე გამოიგონა სამხედრო ხარჯების გაათმაგების ახლი მიმართულება, ე.წ. ვ კ ო („ვოენნო კოსმიჩესკაია ობორონა“). როგორ ტყუპისცალივით ჰგავს ვ კ ო კომუნისტების ს ო ი-ს პროგრამას? მხოლოდ სახელია სხვა. როგორც 40 წლის წინ ჩაითრიეს ამერიკელებმა კომუნისტები „ვარსკვლავეთის ომების“ პროგრამაში და სსრ კავშირის დაქცევის შემდეგ იგი არავის გახსენებია, ზუსტად ასევე აპირებს პუტინი სამხედრო კოსმოსური თავდაცვის პროგრამებში მილიარდების ჩაყრას და ამით რუსეთის ეკონომიკის დაქცევას; თ) პუტინმა, ფაქტობრივად, ჩამოაფარა „რკინის ფარდა“ რუსეთს და გარიყა დანარჩენი მსოფლიოსგან. თუკი სსრ კავშირს აქა-იქ მაინც მოეძებნებოდა „დამონებული მეგობრები“, 21-ე საუკუნის რუსეთი გარშემორტყმულია მხოლოდ მტრებით და მთელი მსოფლიო ჩასაფრებულია რუსეთის ბუნებრივი სიმდიდრეების გასაყოფ- დასატაცებლად; ი) რუსეთის ბიუჯეტი შემოსავლების 41%-ს (300 მილიარდამდე ევროს) იღებს ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობის გზით. ევროკავშირის მხრიდან სანქციების შემთხვევაში ყველაფერი ეს მირაჟი გახდება; ყოველივე ამის შემდეგ ისმის კითხვა: რა პოლიტიკურ შედეგებს მოუტანს რუსეთს ყირიმის ავანტიურა? რუსეთის ფედერაციაში 26 ავტონომიური რესპუბლიკაა, რომლებშიც მოსახლეობის უმრავლესობა არარუსია. მაგალითად, თათრეთში, რომელმაც ჯერ კიდევ 2008 წელს მოითხოვა დამოუკიდებლობა, რუსები მოსახლეობის მხოლოდ 39%-ია, ჩრდილოეთ კავკასიაშიც რუსები აბსოლუტურ უმცირესობაში არიან. ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში, ოფიციალური მონაცემებით, 2,5 მილიონი ჩინელი ცხოვრობს, არაოფიციალურად კი ორ-სამჯერ მეტი. ყირიმის ლოკალური რეფერენდუმი და სევასტოპოლის ტრაგიკომიკური „განსაკუთრებული სტატუსი“ უცილობლად მისცემს ბიძგს რუსეთის 60-მილიონიან არარუს მოსახლეობასა და მრავალმილიონიან ჩინელ მოსახლეობას დაიწყონ აქტიური ქმედებები დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.

რით არ ჰგავს რუსეთის იმპერიის აღდგენის პუტინისეული ეს მცდელობა 1988 წელს გორბაჩოვისეულ მცდელობას მოდერნიზებული საბჭოთა იმპერიის შესაქმნელად ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმების გზით? ერთი ერთში ჯდება სტრატეგია „ანაკონდას“ გეგმა: როგორც ეკონომიკური კრიზისის პროვოცირებითა და სსრ კავშირში მოკავშირე რესპუბლიკების აფეთქებით დაინგრა „ბოროტების იმპერია“, ზუსტად ასევე, რუსეთში მზარდი ეკონომიკური კრიზისის პროვოცირებითა და ავტონომიური რესპუბლიკების შიგნიდან აფეთქებით დაინგრევა რუსეთის იმპერიაც. მართალი იყო დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი მარგარეტ ტეტჩერი, როდესაც ამბობდა: „უსამართლობაა, რომ ერთი სახელმწიფო ფლობს ამდენ ბუნებრივ სიმდიდრეს, როდესაც მსოფლიოში ასეთი კრიზისია“. თავად რუსებიც აღიარებენ, რომ მთელი მსოფლიო ჩასაფრებულია მათი ბუნებრივი სიმდიდრეების მისატაცებლად და ეს სავსებით მოსალოდნელია, ვინაიდან ბუნებრივი სიმდიდრეების, სახნავ- სათესი მიწებისა და სასმელი წყლის ყველაზე დიდი მარაგი რუსეთშია. აშშ-ს პრეზიდენტის ჯიმი კარტერის ყოფილმა თანაშემწემ უსაფრთხოების საკითხებში და ცნობილმა პოლიტოლოგმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ ჟურნალისტების შეკითხვაზე, როგორ შეაფასებთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებსო, ხატოვნად უპასუხა: „ეს არის მსუბუქი საუზმე მსუყე სადილის წინ“. აშშ-მ უკვე დააწესა გარკვეული სანქციები რუსეთის ეკონომიკის საკვანძო სფეროების მიმართ ანუ რუსეთი უკვე გამზადებულია შესაჭმელად. რუსეთისთვის ახალი უზარმაზარი თავსატეხის _ ყირიმის გაჩენა და მის გამო მზარდი ეკონომიკური კრიზისი პირდაფჩენილს დატოვებს აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ლიდერებს, რადგანაც რუსეთს აღარაფერი ექნება მისაცემი ბიუჯეტზე ჩამოკიდებული ამ სეპარატისტული რეგიონებისთვის, რომელთა ლიდერები დროა, გონს მოეგონ, ახლავე გამოეცალონ დასაღუპად განწირულ რუსეთის იმპერიას და დაუბრუნდნენ დედასაქართველოს. საქართველოს ხელისუფლებამაც უფრო უნდა გაააქტიუროს კავშირი ოსებსა და აფხაზებთან, აგრეთვე ჩვენს მოძმე ჩრდილოეთ კავკასიელებთან, რადგანაც რუსეთის იმპერიის დაშლას უცილობლად მოჰყვება კავკასიის კონფედერაციის შექმნა, რომლის ბუნებრივი და ისტორიული ცენტრი საუკუნეების განმავლობაში საქართველო იყო. ესეც სტრატეგია „ანაკონდას“ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. დაბოლოს, უმწვავესი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რუსეთის ჯერ ავტონომიურ რესპუბლიკებში, შემდეგ კი თვით რუს მოსახლეობაში დაწყებული მღელვარება ყოველმხრივ უნდა გააღვივოს დასავლეთმა, რასაც უცილობლად მოჰყვება სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღლუმი რუსეთის 26 ავტონომიაში და რუსი შოვინისტები მიიღებენ იმას, რაც მიიღეს 1991 წლის დეკემბერში, რასაც ცნობილი რუსული ანდაზა ასე გადმოსცემს: „ზა ჩტო ბაროლის, ნა ტო ი ნაპაროლის“.