პოლიტპატიმრები მანანა კობახიძის გადადგომას მოითხოვენ და მობილიზაციას აცხადებენ

პოლიტპატიმრები მანანა კობახიძის გადადგომას მოითხოვენ და მობილიზაციას აცხადებენ

პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებას, რომ ხელისუფლებამ სამართლიანობა უკვე აღადგინა, როცა 200-მდე პოლიტპატიმარი ციხიდან გამოუშვა, პოლიტპატიმარმა მიხეილ ცილიკიშვილმა "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე უპასუხა: "მანანა!!! შემაბრუნე ციხეში, დატოვე თანამდებობა და დავიწყოთ თავიდან, რას მოიგებ ვნახავთ... იმიტომ გამომიშვით, რომ დასავლეთისთვის დაგენახვებინათ, რამდენი პოლიტპატიმარი ჰყავდა სააკაშვილს და ისიც იმიტომ, რომ თქვენი მთავრობაში მოსვლა გაგემართლებინათ.... არ ამოიყვანეს ყელში ამდენი დაყვედრება, კაცოო?" 
როგორც პოლიტპატიმრები "ალიასთან" საუბარში აცხადებენ, მოძრაობა "ანტინაცი" 2 აპრილის 3 საათისთვის აცხადებს სრულ მობილიზებას პერმანენტულ საპროტესტო აქციაზე, რომელიც თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე (ძველი პარლამენტის შენობის წინ) მიმდინარეობს. ეს იქნება აქციის მე-8 დღე და პირველი პიკი. 


კონკრეტულად რას აპირებენ, ამის გასარკვევად "ალია" პოლიტპატიმრის სტატუსით განთავისუფლებულ მიხეილ ცილიკიშვილს ესაუბრა: 

- ბატონო მიშა, მანანა კობახიძის განცხადებაზე მძაფრი რეაქცია გქონდათ... 
- სამართლიანობა აღდგენილი არანაირად არ არის, სად ხედავს ამას კობახიძე? თუ მანანა კობახიძე ფიქრობს, რომ ჩვენი გამოშვებით მან  სამართალი აღადგინა, ძალიან ცდება. აქ მარტო კობახიძეზე არ არის საუბარი, საუბარია ასევე თეა წულუკიანზეც. ისიც ეგრე არ იქცევა? წულუკიანი გამოდის და იძახის, თანხა არ მაქვს და თქვენს საქმეებს ვერ განვიხილავო, ესე იგი მე მეუბნება, რომ შენ, მიშა და შენნაირებმა უნდა იაროთ წლების განმავლობაში შელახული ღირსებით, მოღალატის სტატუსით, უსამართლობის გრძნობითა და დამნაშავის საბუთითო. 
თუ არ ხარ გამართლებული, ესე იგი დამნაშავე ხარ. წელიწადზე მეტია უკვე, გარეთ ვარ და არავისგან არანაირი გამოხმაურება არ არის. ის მაინც გვითხრან, ბიჭებო, რამე ხომ არ გიჭირთო. ამის მაგივრად დადგა მანანა კობახიძე და იძახდა, ხომ გამოგიშვით და რაღა გინდათ მეტიო. 
- შვიდი დღეა აქციას ატარებთ და ხელისუფლებიდან არავინ მოვიდა, ამბავი რომ ეკითხა? წერილიც ხომ მისწერეთ მთავრობას... 
- არც პრემიერი შეგვხვდა და არც პარლამენტის თავმჯდომარე. წელიწადზე მეტი გავიდა და ჩვენთან შეხვედრა არავის მოუფიქრებია. ჯერ მარტო ის რად ღირს, მართლმადიდებლურ ქვეყნად ვითვლებით და პატრიარქი რომ შეგვხვდა, მუხლი არ მოგვაყრევინა, ნაწამები ბიჭები ხართო. პოლიტიკური პარტიებიდან ჩვენს მოსანახულებლად "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი იყო მოსული, პოლიტიკური მდივანი იყო მოსული. ერთი-ორჯერ კუკავამაც გამოიარა. 
- როცა ხელისუფლებასთან არაფერი ჭრის, უცხოურ ორგანიზაციებსა და საელჩოებს მიმართავენ ხოლმე. თქვენც ხომ არ მიმართეთ მათ? 
- პარლამენტსაც და ეუთოსაც მივწერე, მაგრამ საერთოდ პასუხი არ გამცეს. განხილვის სტადიაშიც კი არ არის ჩემი მინაწერი. 10 მარტს შევიტანე განცხადება, მომდევნო ათ სამუშაო დღეში პასუხი უნდა მომსვლოდა, მთლიანობაში დაახლოებით ორი კვირა სჭირდებოდა, ანუ 14 დღე, 24-25-ში პასუხი უნდა მიმეღო. პასუხი, რომ ვერ მივიღე, 26-ში მე თვითონ მივედი. აქ უკვე ლაპარაკი კარგ ან დამაკმაყოფილებელ პასუხზეც არაა. აბსოლუტური იგნორი გაგვიკეთეს პოლიტპატიმრებს. ამიტომაც დავსხედით პარლამენტის წინ, რომ ყურადღება მიგვექცია. ჯერჯერობით კიდევ ვუყურებთ სიტუაციას, გვაქვს მაგის მოთმინება. ვართ ჯგუფები, რომლებიც ისევ ისე შემართებით გავაგრძელებთ დაწყებულ საქმეს. ბოლომდე გავალთ, ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. 
დარწმუნებული ვარ, პარლამენტარები ნანობენ ჩვენს პოლიტპატიმრებად ქცევას, იმიტომ, რომ დიდი ჭირი აიკიდეს ჩვენი სახით. ჩვენ ის ხალხი ვართ, რომლებიც არ გავჩერებულვართ მიშას რეჟიმის დროსაც კი. არც ახლა ვაპირებთ გაჩერებას. მეტსაც გეტყვით, ზუსტად ვიცით, რომ ჩვენი გაპოლიტპატიმრება მიზანმიმართული თემა იყო, რათა ევროპისთვის დაენახვებინათ, რომ მიხეილ სააკაშვილი, ეს იყო რეჟიმი და რომ იმ რეჟიმს 200-მდე პოლიტპატიმარი ჰყავდა. ეს ახალ ხელისუფლებას პოლიტიკური ქულებისთვის სჭირდებოდა და ჩვენ გამოგვიყენა ამ თამაშში. როგორც გვითხრეს, ეკა ბესელია აპირებს ჩვენთან შეხვედრას. ევროკავშირის კონვენციის თანახმად, მე მეკუთვნის ეგრევე გამართლება და კომპენსაცია.  
- დაანგარიშებული გაქვთ, კონკრეტულად თქვენ რამდენი გეკუთვნით? 
- მე ქონების დაბრუნებაზე არ ვლაპარაკობ. მე ვსაუბრობ იმ ევროპული კონვენციის თანახმად, რომლის გამოც გვცნეს ჩვენ პოლიტპატიმრებად. ის კონკრეტული 60 ევრო ყოველდღე რომ ეკუთვნის პოლიტპატიმარს და უკანონოდ დაკავებულს, მაგაზე ვლაპარაკობ. მე, რომ გადავიანგარიშე, როგორც ნაწამებს, დღეში 100 ევრო მეკუთვნის, გამომივიდა 40 000. ზოგი ოთხი წელი იჯდა. რომ გადაიანგარიშო, ყველაზე დიდი, იმდენი ნამდვილად არ გამოდის, რასაც ეგენი მანქანებში ხარჯავენ. 
- რას აპირებთ ახლა? 
- 2 აპრილიდან, რომ გავალთ, უკვე დავსხდებით მე და რამდენიმე ადამიანი, რომლებთან ერთადაც იგეგმება ყველაფერი. დავსხდებით, დავილაპარაკებთ და დავგეგმავთ. გადავალთ უკვე შიმშილობაზე. 
- ეს გეგმა, ალბათ, ნაცნობია პარლამენტისთვის, სულ არაფერს გთავაზობენ, რომ ცოტა ხანს მაინც გაგაჩერონ? 
- ჩვენ არ გავჩერდებით უკვე. მთავრობამ და პარლამენტმა საქმეების გადახედვა უნდა დაიწყონ და დაიწყონ სამართლიანობის აღდგენა. ერთ-ერთი პუნქტი ჩვენი მოთხოვნებისა არის ის, რომ საქმეების გამყალბებელ პროკურორებს, მოსამართლეებსა და გამომძიებლებს შეუჩერონ უფლებამოსილება. არავინ არ გვაშუქებს, მედიასივრცეც დაგვიხურეს, რომ ხალხმა არ გაიგოს ჩვენი არსებობა და გარეთ გამოსვლების შესახებ, მივედით და აქცია მოვუწყვეთ "პირველ არხს". 10 წუთში შეგვხვდნენ, იქვეც გადაგვიღეს და ოპერატორიც გამოგვაყოლეს. ეს ამბავი მაშინ მოამბეში გაუშვეს, ახლა კი რამდენიმე ტოქშოუში ჩვენს ჩასმას აპირებენ. დავიწყებთ შიმშილობას და მერე მივყვებით გეგმას. 

"ალია" მთელი დღის მანძილზე ცდილობდა მანანა კობახიძესთან დაკავშირებას, რათა პოლიტპატიმრების პრეტენზიებზე მისი პასუხი მოგვესმინა, მაგრამ მან არ ჩვენს ზარებს და არც "მესიჯებს" არ უპასუხა.