მთავარმა პროკურატურამ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად, დაწყებული გამოძიების საქმეში არსებული მასალები გაასაჯაროვა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში პროკურატურის მისამართით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებები კეთდება ბრალდებული ახალაიების ოჯახის წევრებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან.
პროკურატურა ამბობს, რომ ყოფილი ხელისუფლება მოტივირებულია ერთადერთი მიზნით, რომ ნებისმიერი გზებით და მეთოდებით მოახდინოს პროკურატურის დისკრედიტაცია, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში და დაეხმაროს ბრალდებულ ბაჩანა და დათა ახალაიებს, რათა გამართლებული იყვნენ წარდგენილ ბრალდებებში.
მიუხედავად იმისა, რომ თათუხაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება არ არის დასრულებული და ექსპერტიზის დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, რომელიც დაადგენს თუ რა გახდა სიკვდილის მიზეზი, რა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა გვამს, აჩვენებს მათი მიყენების ხერხს, ლოკალიზაციას და ხანდაზმულობას, გამოძიებამ ამ საქმის ახალი დეტალები გაასაჯაროვა.
როგორც გამოძიებით ირკვევა, 2014 წლის 24 თებერვალს, შალვა თათუხაშვილს პროკურატურიდან ტელეფონზე დაუკავშირდა გამომძიებელი და განუმარტა, რომ ის მოწმის სახით უნდა დაკითხულიყო ე.წ „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე, ვინაიდან იმ დროისთვის მას შს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აქტიურ ღონისძიებათა სამმართველოს (სპეცრაზმი) უფროსის ყოფილი მოადგილის თანამდებობა ეკავა.
იმავე დღეს, შალვა თათუხაშვილი ორ ადვოკატთან, ძმასთან და მეგობართან ერთად გამოცხადდა თბილისის პროკურატურაში. ის, რომ მოწმე თათუხაშვილი არ იმყოფებოდა მარტო და საკუთარი ნებით მივიდა თბილისის პროკურატურაში, დასტურდება შენობის ვიდეოთვალიდან ამოღებული ფირებით. დაკითხვა 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ორი ადვოკატის თანდასწრებით თათუხაშვილმა აღწერა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის ჩატარების დეტალები და კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია მძიმე დანაშაულში ამხილა. ის რომ ჩვენება ადვოკატების თანდასწრებით იქნა მიღებული, დასტურდება ასევე ორივე ადვოკატისგან მიღებული ჩვენებით, რომელსაც სხვა მასალებთან ერთად გამოძიებამ ჟურნალისტებს წარმოუდგინა.
სახელმწიფო ბრლადება ამბობს, რომ დაკითხვისას თათუხაშვილი ხშირად იმეორებდა, რომ ამ ჩვენების გამო შესაძლებელი იყო ახალაიების ოჯახს და გარემოცვას მისი სიცოცხლისთვის საფრთხე შეექმნათ, რისიც, როგორც თვითონ აღნიშნავდა, ეშინოდა. მან პროკურატურას მიღებული ჩვენების სანაცვლოდ მოსთხოვა მოწმის დაცვის პროგრამაში ჩართვა, სახელისა და გვარის შეცვლა და შესაბამისად, ახალი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
პროკურატურა პირველ ეტაპზე მოწმე თათუხაშვილს დათანხმდა ჩაერთო ის მოწმეთა დაცვის პროგრამაში და ამ მიზნით, შალვა თათუხაშვილისთვის მოხდა კონსპირაციული საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, ასევე დაენიშნა პირადი დაცვა. დაკითხვის დასრულების შემდეგ მოწმე თათუხაშვილმა ადვოკატებთან ერთად, დატოვა თბილისის პროკურატურის შენობა, რაც დასტურდება შენობის ვიდეოთვალიდან ამოღებული მასალით.
ამავე ფირზე ჩანს, რომ მოწმე თათუხაშვილს გარეთ ძმასთან და მეგობართან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანი ელოდებოდა. ასევე, ფირზე ფიქსირდება ისიც, რომ თათუხაშვილი მივიდა ძმასთან და გააფრთხილა მისი მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართულობის შესახებ. ამის შემდეგ მოწმე ჯდება შსს-ს მიერ მისი დაცვისთვის გამოყოფილ ოპერატიულ ავტომობილში და მიემართება კონსპირაციული ბინისკენ. ეს ფაქტიც, ისევე როგორც ყველაფერი ზემოთ ნათქვამი, აღბეჭდილია ვიდეოფირზე და საგულისხმოა ისიც, რომ არც ოჯახის წევრებს და არც ადვოკატებს, რომელთა თანდასწრებითაც ყველა მოქმედება განხორციელდა, არ გაუპროტესტებიათ.
25 თებერვალს, თათუხაშვილმა პირადი ნივთების აღების მიზნით, დაცვას მის საცხოვრებელ სახლში მიყვანა მოსთხოვა, საიდანაც გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. ამის შემდეგ მოწმე თათუხაშვილის მამამ, გოგი თათუხაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომ მისი შვილი პროკურატურას ჰყავდა გატაცებული და იყო დაკარგული, თუმცა ოჯახის არც ერთ წევრს შალვა თათუხაშვილის ძებნაზე სამართალდამცავი უწყებებისთვის არ მიუმართავს.
18 მარტს, ისანი-სამგორის პოლიციაში ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ღამის კლუბიდან შევიდა შეტყობინება, რომ ორი ნასვამი ახალგაზრდა არაადექვატურად იქცეოდა და პერსონალს აწუხებდა. ერთ-ერთი პირი, რომელიც ადგილზე მისულ რაიონულ პოლიციას დახვდა, სწორედ შალვა თათუხაშვილი აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, მოწმე თათუხაშვილი მეგობარ და თანასოფლელ გიორგი ა-სთან ერთად, ტაქსით გამთენიისას, 18 მარტს ღამის გასართობ დაწესებულებაში მივიდა, რასაც ახლომდებარე შენობის ვიდეოთვალიდან ამოღებული ფირიც ადასტურებს.
მას შემდეგ, რაც პოლიციამ გაარკვია, რომ შალვა თათუხაშვილი მოწმეთა დაცვის პროგრამაში იყო ჩართული, ის დაუყოვნებლივ ქალაქის პროკურატურაში გადაიყვანეს.
შენობის ვიდეოთვალიდან ამოღებული ფირების საშუალებით დგინდება, რომ შალვა თათუხაშვილი გადაადგილდებოდა მარტო, ყოველგვარი ფიზიკური ზეწოლის გარეშე. შენობის შიგნით დაფიქსირებულ ფირზე კი აღბეჭდილია ისიც, რომ მოწმე თათუხაშვილი ასევე მარტო მოძრაობდა პროკურატურის შენობაში და იმ დროისათვის და არც მანამდე მასზე არანაირი ფიზიკური ზეწოლა არ ხორციელდებოდა.
ქალაქის პროკურატურაში მოწმე თათუხაშვილისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა და დაკითხვა მოხდა. მან დაადასტურა 24 თებერვალს მიცემული ჩვენება და ასევე მისცა განმარტება, თუ სად და რა ვითარებაში იმყოფებოდა გაუჩინარების შემდეგ. მან განაცხადა, რომ ეშინოდა ახალაიების ოჯახის მხრიდან მოსალოდნელი ანგარიშსწორების და იმალებოდა ტყეში. დაკითხვის დასრულების შემდეგ, თბილისის პროკურატურის შენობის შიგნით განთავსებული ვიდეოთვალიდან ამოღებულ ფირზე ჩანს, რომ მოწმე საკუთარი ნებით და აბსოლუტურად უვნებელი ტოვებს შენობა.
„ამ ფაქტს პროკურატურა იმის გამო აღნიშნავს ხაზგასმით, რომ ახალაიების ოჯახის წევრები და თათუხაშვილის ოჯახის ადვოკატები აცხადებენ, თითქოს, სწორედ ამ დღეს აწამეს აწგარდაცვლილი შალვა თათუხაშვილი, ვიდეოფირზე დაფიქსირებული ფაქტი კი საპირისპიროს ადასტურებს. მოწმის წამების შემთხვევაში შალვა თათუხაშვილი ვერ შეძლებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და მითუმეტეს არ ექნებოდა ახლო და თავაზიანი ურთიერთობა გამომძიებლებთან. შენობიდან გამოსული შალვა თათუხაშვილი პირდაპირ მეუღლის სახლში მივიდა, რაც ასევე დასტურდება ქუჩის ვიდეოთვალებიდან უწყვეტ რეჟიმში ამოღებული ვიდეოფირით. თათუხაშვილმა თბილისის პროკურატურიდან ე.წ. სოკარის ბენზინგასამართ სადგურამდე იარა ფეხით, შემდეგ ტაქსიში ჩაჯდა და ჟვანიას მოედანზე მივიდა“, -აცხადებენ პროკურატურაში.
ამის შემდეგ მეუღლის ტელეფონიდან შალვა თათუხაშვილი დაუკავშირდა გამომძიებელ ძნელაშვილს და განუცხადა, რომ ახალი ტელეფონის აღებამდე მასთან დაკავშირებას პროკურატურა ამ ნომერზე შეძლებდა, მოგვიანებით თათუხაშვილი ურეკავს პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომელს ძმის ტელეფონიდან და იგივე შინაარსის ტექსტს ეუბნება. საგულისხმოა ის, რომ ოჯახის წევრები და ადვოკატები, ვინც შალვა თათუხაშვილის გაუჩინარების ამბავზე განცხადებებს აკეთებდნენ, შალვა თათუხაშვილის ოჯახში გამოჩენის შემდეგ აღარ გამოსულან და არ უთქვამთ, რომ ე.წ. გაუჩინარებული მოწმე გამოჩნდა.
20 მარტს, შალვა თათუხაშვილს ისევ ქუჩის ვიდეოთვალი აფიქსირებს ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმავე ღამის გასართობ დაწესებულებასთან, რაც ასევე დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით. 21 მარტს, შალვა თთუხაშვილი მიდის თელეთის პოლიციის რაიონულ განყოფილებაში და აცხადებს, რომ დაკარგა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა, რასაც ადასტურებს თათუხაშვილის მიერ დაწერილი განცხადებაც. აღსანიშნავია, რომ მისი გარდაცვალების მეორე დღეს მოწმე თათუხაშვილის მამა გოგი თათუხაშვილი სოციალური ქსელით აქვეყნებს სწორედ ამ დაკარგული მოწმობის ფოტოს, რასაც ტირაჟირებას უკეთებს ახალაიას მეუღლე.
„ნაციონალური მოძრაობის“ და ახალაიების ოჯახის წევრების განცხადებებს რაც შეეხევა, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეს გასცდა ყოველგვარ ზნეობრივ ზღვარს. მთავარი პროკურატურა ფიქრობს, რომ მოწმე თათუხაშვილის გარდაცვალების ფაქტით პოლიტიკური სპეკულირება ხდება, ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის და სანდრო გირგვლიანის საქმეების გადასაფარად. პოლიტიკური მიზნის მისაღწევად სანდრო გირგვლიანის საქმის ისე წარმოჩინებას ცდილობენ, თითქოსდა გირგვლიანზე ძალადობა კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებმა კი არა, მისმა მეგობარმა ბუხაიძემ განახორციელა, რაც სრული სიცრუეა.
რაც შეეხება ადვოკატების განცხადებას, იმასთან დაკავშირებით რომ შალვა თათუხაშვილის ჩვენება ერთადერთია ე.წ. ნავთლუღის საქმეში, მოგახსენებთ, რომ საქმეში არსებობს სხვა პირების არაერთი მამხილებელი ჩვენება, რომელიც თანხვედრაშია თათუხაშვილის ჩვენებასთან და ადასტურებს ახალაიას ბრალეულობას ამ საქმეში“, - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.