13 სექტემბერს, თბილისში, ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილი აქცია, რომელიც 4 ოქტომბრის საპროტესტო მსვლელობის რეპეტიციად იყო ჩაფიქრებული, მშვიდობიანად, მაგრამ უშედეგოდ დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ მსვლელობას პარლამენტისკენ მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა, აქციამ, ანალიტიკოსების შეფასებით, ოპოზიციის სისუსტე გამოკვეთა.
For.ge-თან საუბრისას, ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, 13 სექტემბრის მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ ოპოზიციას „ძალა არ აქვს“ და, შესაბამისად, 4 ოქტომბრის აქცია მასშტაბური არ იქნება.
13 სექტემბრის აქცია, რომელიც ოპოზიციური პარტიების მიერ იყო ორგანიზებული, ბოიკოტის მომხრეთა შორის არსებული შიდა უთანხმოების შედეგად ჩატარდა. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ოპოზიციური „რვიანის“ ზოგიერთი წევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „მშვიდობიანი რევოლუციის“ დაანონსება 4 ოქტომბერს, რის გამოც მათ„საკუთარი“ აქცია დაგეგმეს.
აქციის ორგანიზატორები მას „გადამწყვეტ ეტაპს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ ბრძოლა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნამდე გაგრძელდება, თუმცა რეალობა განსხვავებულია. როგორც ჩანს, ამ აქციით ოპოზიციამ ვერ შეძლო საზოგადოებაში არსებული უნდობლობა დაესრულებინა, რაც ბოლო წლების განმავლობაში, მათ მიმართ სულ უფრო მატულობს. მიუხედავად მნიშვნელოვანი ადამიანური და ფინანსური რესურსებისა, რაც ოპოზიციას გააჩნია, ისინი ვერ ახერხებენ ხალხის მობილიზებას და მასობრივ პროტესტს.
ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ოპოზიციამ უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების განწყობა. ხალხი არ არის მზად ისეთი ცვლილებებისთვის, რასაც ოპოზიცია სთავაზობს. მათი მოწოდებები ვადამდელი არჩევნების, თუ სხვა რადიკალური ნაბიჯების შესახებ, არ იწვევს იმ მუხტს, რაც წარსულში მსგავს აქციებს ახასიათებდა.
ამიტომ, მათი აზრით, 13 სექტემბრის აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიციას შორის აზრთა სხვადასხვაობაა, რაც მათ ერთიან სტრატეგიას უშლის ხელს. ეს შიდა დაპირისპირება პრობლემურია მათი მომავალი გეგმებისთვის, მათ შორის, 4 ოქტომბრისთვის. თუკი ოპოზიცია ვერ შეძლებს ხალხის ნდობის მოპოვებას და საერთო, სტრატეგიულ ხედვაზე შეთანხმებას, ისინი კვლავ ვერ მიაღწევენ წარმატებას.
პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიცია მთლიანად არის მოშლილი და ეს პირდაპირ აისახება რეიტინგებშიც. ოპოზიციის შიგნით განხეთქილებაა, ამის ფონზე, არავის უკვირს, რომ ხელისუფლების რეიტინგი მატულობს, ხოლო ოპოზიციის რეიტინგი რადიკალურად მცირდება. ამის ნათელი მაგალითი 13 სექტემბრის აქცია იყო. პრემიერის თქმითვე, რადიკალური ოპოზიციის დასუსტება არის ერთადერთი გზა, რომელიც ქვეყანას მიიყვანს დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისკენ.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-თან აცხადებს, რომ ოპოზიციას არ გააჩნია საკმარისი ძალა, საზოგადოების მასობრივად ქუჩაში გასაყვანად და არც პოლიტიკური ცვლილებებისთვის. მისი თქმით, 13 სექტემბრის აქციამ, რომელიც 4 ოქტომბრისთვის მოსამზადებელ ეტაპად იყო მიჩნეული, კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს ფაქტი.
„ამ აქციებს დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდები და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ოპოზიციას არ აქვს ის ძალა, რომელიც რევოლუციას იწყებს. მათ არ აქვთ ის მასშტაბი, რაც ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ უბიძგებს. ეს არ არის სპონტანური პროტესტი, როდესაც ხალხი ემოციებისგან თავშეუკავებლად, თავისი სურვილით გამოდის. ეს არის ორგანიზებული, ხელოვნურად შექმნილი აქციები, რაც სერიოზულ შედეგებს ვერ მოიტანს“, - აღნიშნავს მამრაძე.
მისივე აზრით, ოპოზიციის მიერ დაშვებული ერთ-ერთი, ყველაზე დიდი შეცდომა ამომრჩევლის შეფასებაა.
„ისინი ფიქრობენ, რომ ხალხი ისევ ისე მოიქცევა, როგორც წარსულში. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ საზოგადოება ბევრად უფრო გონიერი და კრიტიკულია. მათ უკვე იციან, რას წარმოადგენს ოპოზიცია ხელისუფლებაში. ხალხს ახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა, მათ ახსოვთ სააკაშვილის პრეზიდენტობა და მასთან დაკავშირებული მოვლენები. საზოგადოებას არ სურს წარსულის დაბრუნება“, - ამბობს ანალიტიკოსი.
მამრაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მოწოდებები და დაანონსებული მოქმედებები არ ემთხვევა რეალობას.
„როდესაც ხაბეიშვილი აცხადებდა, რომ სააკაშვილს ციხიდან თავად გამოიყვანდა, ეს ხმამაღალი დაპირება იყო, რომელიც არ შესრულდა. დანაპირების შეუსრულებლობა კი საზოგადოებაში ნდობას ამცირებს. სწორედ ამიტომ, როდესაც სააკაშვილი დააკავეს, არავინ გამოსულა ქუჩაში. არ იყო ის ემოციური მუხტი, რაც წარსულში, „ვარდების რევოლუციის“ დროს იყო, დღესაც, იგივე ტაქტიკა არ მუშაობს. ოპოზიციას აქვს ფული, ტელევიზიები, დასავლური მხარდაჭერა, მაგრამ ამ ყველაფრით მხოლოდ რამდენიმე ასეულ ადამიანს თუ შეკრებს, რომლებიც უმეტესად ისევ ის ადამიანები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში, ერთსა და იმავე აქციებზე დადიან. ისინი ვერაფერს მიაღწევენ, თუკი ხალხს არ დაარწმუნებენ, რომ მათი პრობლემების მოგვარება შეუძლიათ“, - მიიჩნევს მამრაძე.
ანალიტიკოსის აზრით, ოპოზიციის ძირითადი შეცდომა ის არის, რომ ისინი არ მუშაობენ საზოგადოების კონკრეტულ პრობლემებზე, რაც ადამიანებს აწუხებთ.
„ისინი კონცენტრირებულები არიან მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე და ცვლილებებს ცდილობენ მხოლოდ იმისთვის, რომ თავად მოვიდნენ ხელისუფლებაში. ეს ხალხისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. მათ სურთ რეალური ცვლილებები, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას გააუმჯობესებს. ოპოზიციას კი ეს არ ესმის, ან არ სურს გაიგოს და ამიტომაც არ აქვს მხარდაჭერა“, - მიიჩნევს მამრაძე.