ირაკლი ოქრუაშვილს დალის ხეობის დაკარგვაში ადანაშაულებენ

ირაკლი ოქრუაშვილს დალის ხეობის დაკარგვაში ადანაშაულებენ

„დალის ხეობა ირაკლი ოქრუაშვილის მიზეზით დაიკარგა. ოქრუაშვილმა მაშინ ყოფილი უმაღლესი მთავარსარდლის-მიხეილ სააკაშვილის დავალება შეასრულა. მის მიერ ხეობაში შეყვანილი 4 ათასამდე ქართველი ჯარისკაცი ადგილობრივ მოსახლეობას ატერორებდა“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში დალის ხეობის სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ლეო ჯაჭვლიანი.

მისი თქმით, დალის ხეობის მტრისთვის მშვიდობიანად ჩაბარებაში ოქრუაშვილმა მილიონები აიღო. მეტიც, სააკაშვილ-ოქრუაშვილის ტანდემს სურდათ, რაღაცნაირად ამ ტერიტორიის ირგვლივ განვითარებულიყო კონფლიქტი. ამ საქმეში ყველაზე თავგამოდებული იყო ოქრუაშვილი. ამიტომ სწორედ ოქრუაშვილმა და სააკაშვილმა უნდა დააბრუნონ დალის ხეობა მშვიდობიანად, როგორც თავის დროზე მშვიდობიანად დაუთმეს მტერს.

„შეიარაღებული ძალები არაკანონიერად იმყოფებოდნენ დალის ხეობაში, რადგან სამინისტროს შენაერთების ყოფნა აკრძალული იყო. ემზარ კვიციანი მათ გაეცალა და წავიდა იქიდან, ამის შემდეგ კიდევ ორი წელიწადი რატომ ამყოფებდნენ იქ 4 ათას ადამიანს, თუ ხალხის გამოწვევა არ უნდოდათ და რაღაც ინტერესები არ ჰქონდათ? ტყვია არ გავარდნილა ჩვენი მხრიდან, ისე ჩააბარეს ხეობა და ამის შემდეგ წამოვიდა ეს 4 ათასი კაცი, უამრავი ტყვია-წამლით, საწვავით, ტექნიკით, კვადროციკლებით. მათი გაკეთებული არაფერი მინახავს, გარდა იმისა, რომ ატერორებდნენ ხალხს. 80-კაციანი დასაჭერთა სია ჰქონდათ, ჩემი თამადობით, მაგრამ მე დამიცვა ჩემმა უფროსმა - ბადრი ბიწაძემ, წამომიყვანა წითელ ხიდზე, 5-6 თვის შემდეგ იქიდანაც დამითხოვეს. 6-სულიანი ოჯახი დაგვტოვეს თანხის გარეშე, მერე ხეობაც ჩააბარეს.

ამ 80-კაციანი სიიდან ზოგიერთები დაიჭირეს, თითქმის ყველა უკვე გამოსულია ციხიდან. ცნობილი ფაქტია, მფრინავი მინდია მაისურაძე სწორედ ოქრუაშვილის ბრძანებით ჰყავდათ დაჭერილი, რადგან მან კოდორის ხეობის დაბომბვაზე უარი განაცხადა და უკანონო ბრძანება არ შეასრულა. 50-მილიონიანი ქვეყანაა უკრაინა და ერთი ტყვია არ გასროლილა, საქართველოსხელა ნახევარკუნძული დათმეს, ჩვენ კი ხუთი დღე ვეომეთ რუსებს. ხეობაში გორაფის ტბასთან შეხვედრია ოქრუაშვილი ვიღაცებს, ვის შეხვდა და რაზე მოილაპარაკეს, არ ვიცი, ეს გამოიძიოს პროკურატურამ, ფაქტია, დალის ხეობა დაიკარგა“, -გვითხრა ლეო ჯაჭვლიანმა.

გენერალ-მაიორი და ყოფილი პოლიტპატიმარი ტრისტან წითელაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ქართველ ჯარისკაცებს არ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა. უბრალოდ, ირაკლი ოქრუაშვილმა ჩვენი ჯარისკაცები კი არ შეიყვანა დალის ხეობაში, არამედ -დამსჯელები და ზონდერები. ზონდერებისთვის კი არ არსებობს არც სამშობლო, არც ოჯახი, მათთვის მთავარი მხოლოდ და მხოლოდ პარტიულ-პოლიტიკური ნიშნით ქმედებებია.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, სწორედ ირაკლი ოქრუაშვილმა განახორციელა სადამსჯელო ოპერაცია ზონდერების ხელით. კოდორის ანუ დალის ხეობა, სამხედრო თვალსაზრისით, ყოველთვის პლაცდარმად ითვლებოდა და ამით შეგვეძლო გვეწარმოებინა გარკვეული სახის სამხედრო და პოლიტიკური მოლაპარაკებები რუსეთთან. ირაკლი ოქრუაშვილმა კი ოცნება აუსრულა რუსებს, ჩააბარა კოდორის ხეობა. ეს ხეობა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კი არ ჩააბარეს მტერს, არამედ - წინარე პერიოდში და ეს მოახერხა ოქრუაშვილმა. ეს მაშინ, როცა კოდორის ხეობა ორგანიზებული კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა და თავად კოდორელები აკონტროლებდნენ ამ ხეობას. ემზარ კვიციანი ამას ბრწყინვალედ ახორციელებდა, როგორც აფხაზეთთან მოლაპარაკებების კუთხით, ასევე, რუს სამშვიდოებოებთან მოლაპარაკების მხრივ. ირაკლი ოქრუაშვილის დანაშაულზე როცა ვსაუბრობთ დალის ხეობასთან მიმართებით, მასთან ერთად უნდა ვისაუბროთ მიხეილ სააკაშვილზე, გიორგი ბარამიძეზე, რომლებიც გუნდური პრინციპით ახერხებდნენ ამ ყველაფერს. რუსებისთვის ეს ტერიტორია ხელსაყრელი იყო, სამხედრო თვალსაზრისით სჭირებოდათ ეს სიმაღლე, რუსები მიხეილ სააკაშვილის გარეშე ამ შეთანხმებას ვერ განახორციელებდნენ“, - აცხადებს ტრისტან წითელაშვილი.

ამასთან, ადასტურებს, რომ ცნობილი მფრინავი მინდია მაისურაძე იმიტომ დასაჯეს, რომ მან არ ჩაატარა საჰაერო-სადამსჯელო ოპერაცია ქართველების წინააღმდეგ, რისი ბრძანებაც ჰქონდა მიღებული ოქრუაშვილის მხრიდან.

ყოფილი პოლიტპატიმრის თქმით, ოქრუაშვილმა მართლაც სადამსჯელო ოპერაციები განახორციელა ჩვენი ქვეყნის ისტორიული კუთხის წინააღმდეგ. თუმცა ეს არ ყოფილა შეცდომა, რეალურად, ირაკლი ოქრუაშვილმა ეს შეგნებულად გააკეთა და ამ ავანტიურისტულ ოპერაციაში სერიოზული ანაზღაურებაც მიიღო.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ტრისტან წითელაშვილი მიიჩნევს, რომ ოქრუაშვილი დღეს თავისუფლად კი არ უნდა დადიოდეს და პოლიტიკში მესამედ მობრუნებასა და არჩევნებში მონაწილეობაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, არამედ მან პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულის გამო.

სამხედრი ექსპერტი გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ დალის ხეობის მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებით აუცილებელია ობიექტური გამოძიების ჩატარება. ამისთვის უნდა შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც ზუსტად დაადგენს კოდორის პრობლემატიკის მიზეზებს.

„რა თქმა უნდა, ამ საქმეში ოქრუაშვილის უარყოფითი როლი იკვეთება. პირველ ეტაპზე გაუქმდა ბატალიონი „მონადირე“ და ქართულმა ძალებმა დაიკავეს ხეობა. შემდეგ კი მოხდა ამ ხეობის დათმობა. იმდროინდელ პოლიტიკურ ელიტასთან (სააკაშვილ-მერაბიშვილთან) ერთად, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებდნენ, ამ ნაწილში პასუხს აგებს ოქრუაშვილიც. სია შეიძლება ფართო აღმოჩნდეს. უმარტივესია ამ საკითხის შესწავლა- ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რა იყო მოტივაცია, არსებობს თუ არა შესაბამისი წერილობითი ბრძანებულება, რამდენად სწორადაა შედგენილი და არის თუ არა მასში ხარვეზები. საზოგადოებისთვის საჯარო უნდა გახდეს განკარგულების წერილობითი ფორმა; თუკი ასეთი წერილობითი ბრძანება არ არსებობს მაშინდელი უმაღლესი მთავარსარდლის, ქვეყნის პირველი პირის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, მაშინ რა მოხდა, იყო ეს თავნებობა თუ კონტროლიდან გამოსული ჩინოვნიკის თვითნებობა, რომ უბრძოლველად დაეტოვებინა ტერიტორია?! ამის შემდეგ უკვე არსებობს მეორე ეტაპი, უშუალოდ 2008 წლის მოვლენების შემდგომ, როცა კოდორის ხეობის ბრძოლის გარეშე დატოვება მოხდა. ამდენად, აქაც ორი ტიპის დანაშაული იკვეთება-სამხედროების დანაშაული, რომლებსაც ვალდებულება ჰქონდათ, ეს ტერიტორია დაეცვათ და უმაღლესი ელიტის დანაშაული. ამას კიდევ სხვა სამხედრო დანაშაულებიც ემატება-2004 წლის, 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულის ჩათვლით“, -აცხადებს გიორგი თავდგირიძე For.ge-სთან საუბარში.

ამასთან, იგი განმარტავს, რომ გამოსაძიებელია ადგილობრივი მოსახლების დაწიოკების ფაქტებიც, რასაც პირადად იგი ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს, რომ ქართულმა ჯარმა კოდორის ხეობაში ასეთი ქმედება ჩაიდინა. თუმცა გიორგი თავდგირიძე იზიარებს მოსაზრებას, რომ დაწიოკება, ანუ პოლიტიკური ნიშნით დაკავება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ხდებოდა.

„ვერ ვიტყვი, რომ კოდორის ხეობის მტრისთვის გადაცემის საქმეში ფული აიღეს. იმხელა დანაშაულია ჩადენილი, რომ ფულის აღებით დამძიმდება თუ არა ეს საკითხი, მნიშვნელობა არ აქვს. ამით არანაირად არ მსუბუქდება ის, რაც ჩადენილი აქვს სააკაშვილს, ოქრუაშვილს და მერაბიშვილს ამ გადაწყვეტილების მიღებით“, - განმარტავს გიორგი თავდგირიძე.