"ყირიმის ანექსიის გამო დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ რუსეთს შეუჩერეს სამხედრო პროდუქციის მიწოდება, საფრანგეთს კი ორი `მისტრალის~ კრემლისთვის მიყიდვა ჯერ არ გადაუფიქრებია. შეიარაღების ექსპორტ-იმპორტზე რუსეთისთვის სანქციების დაწესება შეიძლება ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი ყოფილიყო კრემლზე ეკონომიკური ზეგავლენის მოსახდენად უკრაინის ყირიმის ანექსიის საპასუხოდ. გაეროს უშიშროების საბჭოს ასეთი სანქციის დაწესება თეორიულად შეუძლია, მაგრამ არა პრაქტიკულად, რადგან უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი _ რუსეთი, ბუნებრივია, ვეტოს უფლებას გამოიყენებს", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (№ 4, აპრილი, 2014) სტატიაში სათაურით "მისტრალებს" ფრანგები კრემლს მაინც მიჰყიდიან?!
"რუსეთმა 2013 წელს მსოფლიოში 13,2 მლრდ დოლარის შეიარაღება გაყიდა და მონაგებით თავისი არმია გააძლიერა, რომელმაც უკვე მოახდინა უკრაინისგან ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია. კრემლი 2020 წლისთვის ყოველწლიურად 50 მლრდ დოლარის შეიარაღების ექსპორტს აპირებს მსოფლიოში. საზღვარგარეთიდან რუსეთი ბევრად უფრო მცირე ღირებულების სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციას ყიდულობს. ორმა უცხოელმა ექსპორტიორმა - დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ ყირიმის დაპყრობის შემდეგ გადაწყვიტეს, შეაჩერონ კონტრაქტი მოსკოვთან. 2013 წელს დიდმა ბრიტანეთმა რამდენიმე რუსულ სამხედრო საწარმოსთან გააფორმა ხელშეკრულება ბრიტანული სნაიპერული შაშხანების, თვითმფრინავებისა და შვეულმფრენებისთვის გათვალისწინებული ნაწილების, ასევე სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალის რუსეთში ლიცენზიით წარმოების შესახებ. ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 80 მლნ გირვანქა სტერლინგს (დაახლოებით 133 მლნ დოლარს) შეადგენდა და მათი შეჩერება კრემლის დამპყრობლურ პოლიტიკაზე ბრიტანეთის პასუხია. თუმცა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ასევე შეაჩერა სამხედრო ექსპორტი უკრაინაშიც, თუმცა რა მიზეზით, ძნელი გასაგებია", - აღნიშნავს გამოცემა.
"გერმანულმა მხარემ ჯერ კიდევ 2011 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ნიჟეგოროდის ოლქის მულინოს პოლიგონზე საბრძოლო მომზადების ციფრული ცენტრის მშენებლობის თაობაზე, რისთვისაც გერმანულმა მხარემ 100 მლნ დოლარი უნდა მიიღოს. ამ ცენტრში რუს ტანკისტებს სროლისა და დაზიანების ლაზერული იმიტატორების გამოყენებით ამზადებენ. შეჩერებული ბრიტანული და გერმანული სამხედრო კონტრაქტები ზღვაში წვეთია იმ 1,2 მლრდ ევროსთან შედარებით, რომელიც რუსეთმა უნდა გადაუხადოს საფრანგეთს ორი სადესანტო შვეულმფრენმზიდ-დოკის "მისტრალის" აგებისთვის. მოსკოვმა უკვე გადაიხადა თანხის ნახევარი, როდესაც პირველი "მისტრალი" რუსული სახელწოდებით "ვლადივოსტოკი" 2013 წლის ოქტომბერში უკვე ჩაუშვეს ფრანგული გემთსაშენი ქარხნიდან წყალში და მისი რუსეთის მხარისთვის გადაცემა 2014 წლის შემოდგომაზე იყო დანიშნული", - დასძენს გამოცემა.
"მეორე "მისტრალი", სახელწოდებით "სევასტოპოლი", მშენებლობის სტადიაშია, თუმცა ამ ეტაპზე გარკვეული არ არის, გაბედავს თუ არა პარიზი მოსკოვის დასასჯელად "მისტრალების" მიყიდვის შეჩერებას. თუ პუტინი გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც ახლა აკეთებს, ჩვენ შეიძლება შევწყვიტოთ "მისტრალების" გადაცემა~, - განაცხადა 18 მარტს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და მოუწოდა დიდი ბრიტანეთის მთავრობას, გაუყინოს აქტივები ბრიტანეთში მომრავლებულ რუს ოლიგარქებს. პარიზში ხვდებიან, რომ "მისტრალების" ხელშეკრულების შეჩერებით ფრანგული მხარე ფინანსურად დაზარალდება, რადგან რუსეთი საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს მილიარდევროიანი ხელშეკრულების გაუქმების გამო. საფრანგეთის მუქარას "მისტრალების" გადაცემის შესაძლო შეჩერებაზე მოჰყვა რუსული მხარის პასუხი, რომ ასეთ სადესანტო ხომალდებს რუსულ გემთმშენებელ ქარხნებშიც ააგებენ, მაგრამ პარიზს დიდი ფინანსური ჯარიმის გადახდას მოსთხოვენ. ის, რომ პუტინის რეჟიმი მტაცებლურ პოლიტიკას არ შეცვლის, დღესავით ნათელია, ვნახოთ, გაბედავს თუ არა ოფიციალური პარიზი თავისი დანაქადის შესრულებას და შეუჩერებს თუ არა რუსეთს ნაყიდი "მისტრალების" მიწოდებას", - წერს სტატიის ავტორი.