ორ კვირაში გიგი უგულავას დააპატიმრებენ?

ორ კვირაში გიგი უგულავას დააპატიმრებენ?

"როგორც "ალიას" პროკურატურიდან სანდო წყარომ აცნობა, თბილისის უფლებაშეჩერებულ მერს, გოიგი უგულავას უახლოესი ორი კვირის განმავლობაში "დედაქალაქის განვითარების ფონდიდან" 48.18 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე დააპატიმრებენ, თუმცა მას პროკურატურა კიდევ ორ საქმეს, ე.წ. რიყის ტერიტორიისა და ტელე "იმედის" უკანონო გასხვისებას ედავება", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით ორ კვირაში გიგი უგულავას დააპატიმრებენ?

"როგორც წყარო ამბობს, მოსალოდნელი დაპატიმრების შესახებ უგულავასაც გაუგია და სწორედ მის გამო ყოფილა აგრესიული თავის განცხადებებში. სწორედ მას შემდეგ გამოჩენილა მის სიტყვებში ასეთი ტერმინები ივანიშვილის მისამართით: შიზოფრენიკი, უზნეო, ზებრას პატრონი და ა.შ. იმის მიუხედავად, რომ ივანიშვილი რამდენიმე თვეა პრემიერ-მინისტრი აღარ არის, უგულავას ყველგან მისი აჩრდილი ელანდება და ნებისმიერ თემას ივანიშვილს უკავშირებს. გამონაკლისი არც დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმა ყოფილა, სადაც უგულავამ განაცხადა, რომ მათ თანაგუნდელზე თავდასხმა ძალოვან უწყების ორგანიზებით მოხდა და ამ საქმის უკან ქვეყნის დე ფაქტო მმართველი ბიძინა ივანიშვილი დგას", - აღნიშნავს გამოცემა.

"ალიასთვის" ისიც ცნობილია, რომ უგულავა ივანიშვილის "შავ სიაშია" მიხეილ მაჭავარიანთან ერთად. ივანიშვილის სიძულვილის მიზეზი უგულავას მხრიდან ყოფილ პრემიერზე ჭორაობა გამხდარა. როგორც "ალიას" წყარომ განუცხადა, უგულავამ ივანიშვილი არაეთიკური სიტყვებით მოიხსენია, ყოფილ პრემიერს კი უგულავას "მეგობრებმა" ჩაუკაკლეს ნაჭორავებ-ნაგინები. ალბათ, გახსოვთ, ივანიშვილი ჯერ კიდევ პრემიერობის დროს ითხოვდა უგულავას უკანონობების შესახებ აქტიური ძიება დაწყებულიყო პროკურატურაში. წყაროს ინფორმაციით უგულავას თბილისის ბიუჯეტიდან დიდი თანხა აქვს მოპარული სხვადასხვა ობიექტების მშენებლობიდან, თუმცა ის ცალკე საქმეა, რომელსაც პროკურატურა აუცილებლად გამოიძიებსო", - წერს სტატიის ავტორი.

"გიგი უგულავას წინააღმდეგ წაყენებული საქმე ორ ეპიზოდს მოიცავს და ორივე მათგანი უკავშირდება სახელმწიფო სახსრების გამოყენებას "ნაციონალური მოძრაობის" სხვადასხვა ხარჯების დასაფარად 2011-2012 წლებში. იმავე საქმეზე ბრალდებები თბილისის მერიის ხუთ ყოფილ თანამშრომელს 2013 წლის ივნისში წაუყენეს. მართალია უგულავა მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს პოლიტიკურ დევნად და ფარსად აფასებს, მაგრამ თვითონ უკეთესად იცის რაც აქვს მიქარული და ამის გამო შეშინებულია. ამიტომ წინასწარ ქმნის ფონს და არც ერთ ტელე ეთერს არ ტოვებს, რომ არ განაცხადოს, "ნაციონალურ მოძრაობას" და მე გვებრძვიან და ამ ყველაფრის უკან ივანიშვილი დგასო. წყაროს თქმით, მას შემდეგ რაც უგულავას დააპატიმრებენ, აქტიურ ფაზაში გადავა იმ საქმეების ძიება, რომელიც ე.წ. რიყის ტერიტორიისა და ტელე "იმედის" გასხვისების გასხვისების საქმეს ეხება", - განაგრძობს გამოცემა.

"ალიასთვის" ისიც გახდა ცნობილი, რომ მთავარ პროკურატურაში აქტიურად მიმდინარეობს ძიება იმ საქმეებისა, სადაც დავით კეზერაშვილის ბრალეულობა იკვეთება. ბოლო დროს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი მმართველი პარტია საქართველოში პროვოკაციების მოწყობას გეგმავს და მთელი ამ "ომის" დასაწყისი დედაქალაქიდან იქნება. ჩვენი წყარო პროკურატურის გააქტიურებას კზერაშვილთან დაკავშირებით სწორედ "ნაციონალების" შავბნელ გეგმებს უკავშირებს. წყაროსვე თხოვნით არ ვწერთ დეტალებს, ვინაიდან შესაძლოა კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებამ ხელი შეუშალოს გამოძიების პროცესს", - დასძენს გამოცემა.