დღეს 1 აპრილია და ვინც განწყობაზე იქნება, შეეცდება, მეგობარი უწყინარი ტყუილით გაამხიარულოს (თუ ამას მხიარულება ჰქვია). რომელიმე ტელევიზია და რადიო (ძირითადად, უცხოური), რაიმე საერთაშორისო ტყუილს მოიფიქრებს, მაგალითად, ისეთს, თავის დროზე იტალიურმა ტელევიზიამ დიასახლისებს სპაგეტის ხე რომ აჩვენა და მერე ნახევარი იტალია ამ ხის ნერგს ეძებდა, პირდაპირ ტოტებიდან რომ მოეკრიფა. მოკლედ, გაერთობა მსოფლიო და ერთი დღე დაკანონებული ტყუილით იცხოვრებს. ჩვენ კი ჩვენი ვიკითხოთ და ის ავხსნათ, რატომაა საქართველოსთვის ყოველთვის პირველი აპრილი და რატომ ჰგონია ხელისუფლებასა თუ უცხოელს, რომ ქართველები მუდმივად უნდა მოგვატყუონ?
დიადი საბჭოეთის დროს აღარ გავიხსენებ და იქიდან დავიწყებ, დამოუკიდებლობა რომ მოვიპოვეთ. გვიმტკიცებდნენ, საერთოდ არაფერი გვინდა, მხოლოდ ჩაი და ბორჯომი გვეყოფა თავის სარჩენადო, მაგრამ ქართული ჩაი, უბრალოდ, აღარ არსებობს, ბორჯომი კი ქართულ ეკონომიკას ვერ გასწვდა. მერე, მთელი დანაზოგი ბანკებში შეატანინეს ერსა და ბერს, აქაოდა, გაგიორმაგდებათო და მართლაც გაუორმაგდათ, თუმცა იმ ფულს უკვე კუპონი ერქვა და მთელი ერი მშიერ მილიონერად იქცა. მერე აბრეშუმის გზასა და აბრეშუმის ძაფზე მცოცავ მილიონობით დოლარს დაგვპირდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, აბრეშუმის ჭია სათანადოდ ვერ გამოვკვებეთ და ეს ტყუილიც თუთის ნაყოფივით მივირთვით, პატარა კურკები კბილებში რომ იჭედება და ნერვებს გვიშლის, მაგრამ მაინც ჯიუტად ვჭამთ - გემრიელია და იმიტომ. აბრეშუმის გზის ტყუილი კარგა ხანს გვეგემრიელა, მაგრამ მოწყენა იცის ყველაფერმა. მერე ბაქო- ჯეიჰანის ნავთობსადენი შემოგვაპარეს გუგულის კვერცხივით და ისე დახატეს, თითქოს მთელი ევროპა იმ ,,ტრუბაზე’‘ იქნებოდა დამოკიდებული, რომელსაც საქართველოში უნდა გაევლო, მაგრამ ოლოლო ჩვენ, ამ საქმიდანაც ვერ იხეირა ერმა (ვიღაცები დღემდე ხეირობენ, მაგრამ მოსახლეობა ამას ნაკლებად გრძნობს). მერე უკვე 9-წლიანი ტყუილების ეპოქა დაიწყო. ნაციონალურმა ხელისუფლებამ ტყუილი ხელოვნების დონეზე აიყვანა და ისე დახვეწა, კარგა ხანს ვცდილობდით რეალობისა და ილუზიის გარჩევას. პერიოდულად, უხილავ ტყუილებს ხილულიც ემატებოდა და ისეთი მოდელირებული ,,ქრონიკა’‘ გვაჭამეს, ნახევარი საქართველო ქვეყნიდან გარბოდა, მეორე ნახევარი სარდაფში, დანარჩენი კი შოკში იყო. ხელისუფლებამ ამაზე ბევრი იცინა, სხვა არაფერი გჯერათ და ეს როგორ დაიჯერეთო, მაგრამ ვერ ვისწავლეთ ჭკუა და ძალაა?!
ისე, ნაციონალურ ხელისუფლებას, მსოფლიოს მასშტაბით, უპრეცედენტო ტყუილის განხორციელება არ დასცალდა. ოცნების ქალაქი ,,ლაზიკა ოცნებადვე დარჩა, უფრო სწორედ, ეს პროექტი ,,ოცნებამ’‘ დაიწუნა და ისევ ძველ გზას დაადგა ანუ პატარ- პატარა ტყუილებით დაიწყო მოსახლეობის კვება. აქეთ ტარიფების განახევრებამ დალია ჩაილურის წყალი, იქეთ _ პენსიების უპრეცედენტო ზრდის მოლოდინმა და ყველაფერს საარსებო მინიმუმის მაქსიმუმამდე გაზრდის დაპირების დავიწყება დაემატა. ეს შიდატყუილების არასრული ჩამონათვალია და რადგან საკუთარი ხელისუფლება არ გვინდობს, უცხოელებმა რატომ უნდა დაგვინდონ! ყველაზე პერსპექტიულ ტყუილს _ საქართველოს ნატო- ში გაწევრიანებას ბოლო ბარაკ ობამამ მოუღო. თუ არ მოუღო, გვარიანად გადაწია ეს ამბავი და თან ისე გვარიანად, ჩემი გადასახედიდან რომ არ ჩანს და ცხრა მთასა თუ ცხრა ზღვას იქით რა ხდება, აბა, რა გითხრათ? ტყუილი გამოდგა ევროპელების დაპირება, რუსეთთან მარტო არ დაგტოვებთო, რადგან ისე მარტივად შეგვატოვეს 2008 წელს გამძვინვარებულ დათვს, თითქოს აინტერესებდათ, აბა, რა მოხდებაო. ამ ტყუილის მთელი სიმწარე და გემო ახლა გავიგეთ, როცა ევროპამ თუ აშშ-მ ყირიმის ,,მშვიდობიან ანექსიას’‘ ისეთი მშვიდობიანი აღშფოთება მოაყოლა, რუსეთის ხელისუფლებაც კი გაოცებული დარჩა, ცოტა მაინც გაგვიწიეთ წინააღმდეგობაო. ისე, თუ გახსოვთ, აგვისტოს ომის დროს ამერიკელების ხომალდმა, ჰუმანიტარული დახმარების სახით, წყალი რომ მოგვიტანა? ეს ტყუილი და დაცინვა არ იყო, ეს გახლდათ პირდაპირი მინიშნება, წყალსაც წაუღიხართო და აკი, წაგვიღო კიდეც. ამ სახალისო დღეს ნერვები ბოლომდე რომ არ მოგიშალოთ, წერტილსაც დავსვამ. თქვენ კი გახსოვდეთ, რომ ხვალ პირველი აპრილია და ახლობლებმა არ მოგატყუონ, თორემ ხელისუფლებისა და მსოფლიოსთვის საქართველოსთან მიმართებაში ერთი ჩვეულებრივი დღეა _ ტყუილით მეტი, ტყუილით ნაკლები... რა პრობლემაა, ჩვენ ხომ იმას ვიჯერებთ, რაც გვინდა რომ დავიჯეროთ.