ქვეყნის დამბლა

ქვეყნის დამბლა

"ეს მთავრობა არ არის! ესაა ყველაფერსა და ყველას მოწყვეტილი ოლიგარქია"

"მთელი ქვეყანა "პირველი მოქალაქის" პერსონალურ იპოხონდრიათა მსხვერპლად იქცა"

საქართველო იქცა არაფრის მწარმოებელ, არაფრის მაქნის, დავრდომილ, ჩავარდნილ, დეპრესიულ საზოგადოებად _ ტაქსისტების, ტაშკენტის ქუჩის მეძავების, ვურდალაკებივით ჩასაფრებული ნაძირალა კერძო მევახშეებისა და ორლარიანი არყით ლოთაობის სამეფოდ!

არის კლანი, რომელიც დღენიადაგ იმითაა დაკავებული, როგორმე პოლიტიკური კინკლაობა მოიგოს "დაჭერებისა" და სასამართლოების გამო. ეს მთავრობა არ არის! ესაა ყველაფერსა და ყველას მოწყვეტილი ოლიგარქია, რომელიც დაშინებულია საკუთარი მომავლით და მეტი არაფერი აინტერესებს.

თუ მთავრობა ვერ სთავაზობს ვერანაირ პროექტს, მხოლოდ "დაჭერები" გამოსდის კარგად და მეტს არაფერს აკეთებს _ საბანკო სექტორიც ძღება ადამიანთა სისხლით!

იმის გასაგებად, რა მდგომარეობაშია ეკონომიკა და რამდენად აქვს ამა თუ იმ ქვეყანას პერსპექტივა, მხოლოდ GDP GROSS ან GDP PER CAPITA მშრალი ციფრები არ კმარა. არის ნიუანსები, რომლებიც ბევრად ზუსტად და უკეთ მეტყველებს, შეიძლება თუ არა ესა თუ ის ქვეყანა იქცეს "მწარმოებელ საზოგადოებად", მუშაობს თუ არა მასში "აღმძრავი მექანიზმი", რომელიც განვითარების ენერგიას განაპირობებს და, საერთოდ, გააჩნია თუ არა ამ საზოგადოებას მომავალი.

როგორი კრიზისიც არ უნდა დადგეს, ეს ფენომენი მაინც გამოსჭვივის ქალაქში მსუფევ საერთო ატმოსფეროში.

გამოდით დილით ადრე ლონდონის, ბერლინის, ვენის, ან თუნდაც თბილისივით პატარა ბრიუსელის ქუჩებში. ჰაერშივე იგრძნობა, როგორ მატულობს სისხამ დილიდან ენერგეტიკა, თანდათან ფართოვდება მშვიდი, მოწესრიგებული, მაგრამ მიზანმიმართული და პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანების ნიაღვარი _ "თეთრი საყელოებისა" და "ცისფერი საყელოების", ანუ საბანკო კლერკისა თუ მეტროს შემკეთებლის, გაზეთებით მოვაჭრისა თუ კაფეს მენეჯერის. ეს ენერგეტიკა მუდამ, თვით კრიზისის ფსკერზეც კი იმის მაჩვენებელია, რომ საზოგადოება არ გატყდა და აუცილებლად ამოვა ორმოდან.

ამ დროს რა ხდება თბილისში? მუდმივი ზლაზვნა, ჩამქრალი თვალები. რაც ყველაზე ნიშანდობლივია, "პიკის საათის" არარსებობა. უფრო ზუსტად, მუდმივი "პიკის საათია" და მანქანით ვერ გაივლი, რაც ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ეს არ არის ნორმალური ქვეყნის ნორმალური დედაქალაქი: ვენის მეტროსა თუ ქუჩებში ამ დროს ისეთი სიცარიელეა, შეგეშინდება, ჰიჩკოკის ფილმში გეგონება თავი. მაგრამ, როგორც კი 4 საათი მოახლოვდება, ისევ სიცოცხლითა და ენერგიით ივსება ყოველივე.

ხოლო "მუდმივი პიკის საათი", მუდმივი საცობები დილიდან საღამომდე, ზუსტად იმას მეტყველებს (პარადოქსი არ გეგონოთ), რომ ქვეყანა გაჩერებულია. კიდევ უარესი, დამბლადაცემულია, რაკი... საქართველოს დღეს მთავრობა არ ჰყავს!

არის კლანი, რომელიც დღენიადაგ იმითაა დაკავებული, როგორმე პოლიტიკური კინკლაობა მოიგოს "დაჭერებისა" და სასამართლოების გამო. ეს მთავრობა არ არის! ესაა ყველაფერსა და ყველას მოწყვეტილი ოლიგარქია, რომელიც დაშინებულია საკუთარი მომავლით და მეტი არაფერი აინტერესებს.

მიშა და მისი გუნდი ეკონომიკის ამოქაჩვასა და ქვეყნის ამოძრავებას სამობილიზაციო რესურსით ცდილობდა, ანუ ადეიშვილით, მისი ჯალათებითა და სახელმწიფო რეკეტით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათრახით აიძულებდა და გაფიცვების გამო(!) აპატიმრებდა კიდეც, როგორც ყბადაღებულ სინგაპურში. საბოლოოდ სრული კრეტინიზმი გამოვიდა, რადგან საქართველო სინგაპური არ არის, ქართველები კი ჩინელები ნამდვილად არ არიან, სამუშაოზე დაგვიანების გამო საჯაროდ გაწკეპლო.

დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს სისტემა გააუქმა, მაგრამ სანაცვლოდ ქვეყანას არაფერი შესთავაზა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ზუსტი ინდიკატორია მშენებლობის ტემპი: აქ ხომ საერთოდ გაყინული და ჩახავსებულია ყოველივე. არადა, ის თანხები, რაც გლეხებისთვის წალდ-ნიჩბის უფასოდ დარიგების იდიოტურ პროგრამაზე დაიხარჯა, სამშენებლო სექტორში რომ ჩადებულიყო, ამ სექტორის გამოცოცხლებას მაინც მიაღწევდნენ.

არც ერთი დოლარი, ჯერჯერობით, ეკონომიკის რეალურ სექტორში არ ჩადებულა. ჩვენი მილიარდერი თვითონ არ ხარჯავს არც ერთ ცენტს ინვესტიციებისთვის საკუთარ ქვეყანაში და სხვა რატომ ჩადებს ფულს ამ ქვეყნის ეკონომიკაში? ინვესტორები ხომ, პირველ რიგში, მას შეჰყურებენ?

"თანაინვესტირების ფონდი" სადღაც სარდაფშია შეყუჟული და რაღაც ფანტასმაგორიული პროექტებით გვკვებავს. მაგალითად, თბილისის მეორე სართულის შექმნით (ე.წ. "დაკიდებული თბილისის პანორამა"), რომელიც აშკარად განუხორციელებადი პროექტია _ იმდენი ლოგისტიკური, იურიდიული, ეკოლოგიური, სამართლებრივი და სიძველეთა დაცვითი პრობლემა ახლავს.

უსირცხვილოდ გვატყუებენ, თითქოს "100 საწარმოში" თურმე იგულისხმებოდა კიდევ 100 სავაჭრო ფირმა, რომელიც თურქეთიდან შარშანდელ შოკოლადს ჩამოიტანდა აქ გასაყიდად. ჩვენ ვერ მივხვდით, თორემ, როგორც ჩანს, მართლა ეს იგულისხმებოდა.

არადა აქვეა, ხელის გულზე დევს, ორჯერ ორი ოთხია, რომ თუნდაც მცირედი დახმარება სამშენებლო სექტორს, თუნდაც ერთი ბიძგი, რეალური საბანკო გარანტია, მით უმეტეს გრძელვადიანი სესხი და ის ეკონომიკის აღმძრავ მექანიზამდ იქცევა, სამუშაო ადგილებსაც შექმნის და სხვა დარგებსაც ამოასუნთქებს!

არ აკეთებენ. არ აკეთებენ ისევ და ისევ ჯიუტის ახირებისა და რაღაც პიროვნული წყენების გამო. ესე იგი, მთელი ქვეყანა "პირველი მოქალაქის" პერსონალურ იპოხონდრიათა მსხვერპლად იქცა და ამას უნდა ვუყუროთ კიდევ 20 წელი? კი მაგრამ, ეს ხომ ბევრად (ასჯერ, ათასჯერ!!!) უარესია, ვიდრე მიშას ვოლუნტარიზმი და აქეთ-იქით ხეთქება?! ასე ეს ქვეყანა, უბრალოდ, "ძილში გაიპარება".

არაფერს ისე არ სჭირდება "ლიდერშიპი", როგორც ეკონომიკას. არაფერს ისე არ სჭირდება მთავრობის თავდაჯერებულობა, მისი აქტიურობა, მუდმივი სიახლე და კრეატიულობა, როგორც დავრდომილ, სულმღაფავ ეკონომიკას.

ამ დროს კი, რა გვესმის მთავრობისგან? აშკარად დეგენერატებზე გათვლილი წყალწყალა პროექტი "ხრუშჩოვკების" დანგრევისა!

ვინ გიჟი დაგანგრევინებთ საცხოვრებელს (როგორი უბადრუკიც არ უნდა იყოს) და ვინ გიჟი გადავა მთავრობის ნაქირავებ ბინაში იმის იმედად, რომ 3-4 წლის შემდეგ იმ ნაქირავები ბინიდან გამოიყვანენ და ახალ ბინაში შეასახლებენ? რომ ვეღარ გადაუხადონ ბინის ქირა, მერე? კრიზისი რომ დაიწყოს? მორიგი გადატრიალება-რევოლუცია რომ მოხდეს?

და ეს მაშინ, როდესაც "ქართველი დენ სიაოპინი" მის მიერვე შერჩეულ პრეზიდენტს არ უსრულებს პირობას და არ ურემონტებს სარეზიდენციოდ ამერიკის საელჩოს ყოფილ შენობას კოლმეურნეობის მოედანთან, რის გამოც სახელმწიფოს მეთაური იძულებულია, საკუთარი სიტყვა დაარღვიოს და სააკაშვილის აგებულ "ცოდვის ბუდეში" ("ავლაბრის სასახლეში") გადავიდეს. აბა, როდემდე იჯდეს პრემიერ-მინისტრის ქვემოთ კაბინეტში, სახელმწიფო კანცელარიის მეათე სართულზე?

სამუშაო ადგილები კი არ მატულობს, იკლებს. ერთადერთი მზარდი სექტორი საბანკოა, რომელიც მოსახლეობის სისხლით, ესე იგი იპოთეკებით, ყადაღებითა და გაპროცენტებით იკვებება, მაშასადამე, საბოლოოდ, ათასობით ოჯახის ბინებიდან გამოყრითა და სამუდამოდ გაუბედურებით. აბა, როგორ შეიძლება გაჩერებულ და დამბლადაცემულ ქვეყანაში ბიზნესის დასაწყებად ბანკის ვალი გამოიტანო და ფინანსურ "პითონებს" ბინა ჩაუდო ხახაში?

მაგრამ ადამიანი ხომ იმედით ცოცხლობს. ადამიანი იმედია, ადამიანი ოცნებაა!!! იმედის გარეშე, ოცნების გარეშე, მომავლის შეგრძნების გარეშე მას არსებობა არ ძალუძს. ჰოდა, თუ მთავრობა ვერ სთავაზობს ვერანაირ პროექტს, მხოლოდ "დაჭერები" გამოსდის კარგად და მეტს არაფერს აკეთებს _ საბანკო სექტორიც ძღება ადამიანთა სისხლით!

საქართველო იქცა არაფრის მწარმოებელ, არაფრის მაქნის, დავრდომილ, ჩავარდნილ, დეპრესიულ საზოგადოებად _ ტაქსისტების, ტაშკენტის ქუჩის მეძავების, ვურდალაკებივით ჩასაფრებული ნაძირალა კერძო მევახშეებისა და ორლარიანი არყით ლოთაობის სამეფოდ!

ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ "მათი მიზანი ევრაზიული კავშირია". ეს განზრახვა რომ ჰქონდეთ, რაღაცაში მაინც უნდა იგრძნობოდეს, რაღაც გააზრებული (მისაღები თუ მიუღებელი, სწორი თუ არასწორი, გამართლებული თუ გაუმართლებელი) პოლიტიკა და ტენდენცია ხომ უნდა ჩანდეს, რაიმე პროექტები ხომ უნდა ხორციელდებოდეს, რაღაც ნაბიჯები ხომ უნდა იდგმებოდეს.

არადა, პრობლემა ისაა, რომ როდესაც მთავრობა არ არსებობს, როცა ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, ის არა მხოლოდ ევროპისკენ ვერ აიღებს გეზს და რეფორმებს ვერ განახორციელებს, არამედ საპირისპირო მიმართულებითაც ვერ წაიყვანს ქვეყანას.

უბრალოდ, იქნება სულ ასე: აშმორებული ჭაობი, აგრეთვე გაძვალტყავებული, დამბლადაცემული საზოგადოება ჩამქრალი თვალებითა და ჩუმი ხავილით, რომელიც ამ ჭაობში მუდმივად იძირება, თუმცა შვებისმომგვრელი სიკვდილი და ბოლომდე დახრჩობაც არ ეღირსება.