ნანუაშვილმა ზუსტად არ იცის, ზეწოლას ივანიშვილი ახორციელებდა თუ ღარიბაშვილი

ნანუაშვილმა ზუსტად არ იცის, ზეწოლას ივანიშვილი ახორციელებდა თუ ღარიბაშვილი

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საპარლამენტო ანგარიშში სხვა საკითხებთან ერთად, დიდი ჰესების მშენებლობაზეც საუბრობს. ომბუდსმენი საკუთარ ანგარიშში განსაკუთრებულ ყურადღებას ხუდონჰესს უთმობს და ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საკითხზე გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოზე ზეწოლაში პრემიერ-მინისტრსა და ვიცე-პრემიერს ადანაშაულებს.

„მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების საფუძველზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი ნებართვა, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები (პრემიერ-მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი) აკეთებენ საჯარო განცხადებებს ხუდონჰესის აშენების გარდაუვალობის შესახებ. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთება შეიძლება შეფასდეს, როგორც ზეწოლა გადაწყვეტილების მიმღებ ადმინისტრაციულ ორგანოზე“, - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

ხუდონჰესის თემასთან დაკავშირებით, უჩა ნანუაშვილს გადაცემა „რეზიუმეშიც“ დაუსვეს კითხვა, სადაც მან განაცხადა:

„ბოლომდე არ არის დასრულებული ამ საკითხის შესწავლა. ჩვენ ვსწავლობდით სხვა ჰესების საკითხებსაც, ეს ეხებოდა როგორც მშენებლობის კანონიერებას, ასევე მოსახლეობის კომპენსაციის საკითხებსაც. შესაბამისი რეკომენდაციები ეხება შესაბამის სამინისტროებს. პროცედურებში იყო აღმოჩენილი დარღვევები, მათ შორის იგულისხმება მშენებლობის ნებართვა, რომელიც ჯერ არ არის გაცემული“, - განაცხადა ნანუაშვილმა.

მაყურებლის მიერ დასმულ კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა ის ირაკლი ღარიბაშვილს, როდესაც პრემიერის მხრიდან ადმინისტრაციულ ორგანოზე ზეწოლაზე საუბრობდა, სახალხო დამცველმა განაცხადა:

„აქ საუბარია იმათზე, ვინც გააკეთა მსგავსი განცხადებები მტკიცებით ფორმაში - რომ ეს საკითხი არის გადაწყვეტილი და რომ ხუდონჰესი უნდა აშენდეს. მე როგორც მახსოვს, თუ სწორად მახსოვს, ეს იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ამჟამინდელი ენერგეტიკის მინისტრი“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.